რატომ აწევენ ბანკები საპროცენტო განაკვეთებს
მაკა ღანიაშვილი
დღეისათვის ქართულ ეკონომიკაში ყველაზე დინამიურად განვითარებად სფეროდ კვლავ საბანკო სექტორი რჩება. ექსპერტთა შეფასებით, ომის შემდგომ შექმნილ მძიმე ვითარებას ბანკებმა წარმატებით გაართვეს თავი და არ არის გამორიცხული, მომდევნო რამდენიმე წელიწადი საბანკო სფერო კვლავ ლიდერად დარჩეს ქართულ ეკონომიკაში. ამ დროისთვის სექტორის მომგებიანობა დაახლოებით 300 მილიონია. რის ხარჯზე აღწევენ ბანკები ამ მაჩვენებელს?
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ქართული ბანკების შემოსავლების უმთავრესი წყაროა. მაგალითად, იპოთეკური სესხები საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. რუსეთში კომერციული ბანკები იპოთეკური სესხებს წლიურ 11-12.5%-ში გასცემენ, უკრაინაში 17-20%-ად, სომხეთში იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 12%-დან იწყება და 26%-მდე ადის, აზერბაიჯანში კი 11-13%-ს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხებს 9 ბანკი გასცემს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 22%-მდე მერყეობს. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში იპოთეკურ კრედიტებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი არც ისე დაბალია.
გარდა ამისა, 2011 წელს ბანკებმა გაამკაცრეს ბიზნესთან ურთიერთობის წესები. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროს, ბანკები თითქმის არ აკრედიტებენ ბიზნეს-საქმიანობის ისეთ სახეებს, რომელიც მაღალი რისკის მატარებელნი არიან (მაგალითად, სოფლის მეურნეობა). შედეგად, ნაღდი ფულის მოძრაობა ბაზარზე შემცირებულია, რასაც ლოგიკურად მივყავართ ბიზნესის მოცულობის შემცირებამდე.
თუმცა იმ მოსაზრებას, რომ ბანკები მოგებას მაღალი პროცენტების ხარჯზე აღწევენ, არ იზიარებს ექსპერტთა ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ, მართალია, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტორის მოგებას მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს და რომ ბანკები ეკონომიკის სხვა დარგებს არ აკრედიტებენ. მათი შეფასებით, საბანკო სისტემის შემოსავლები გაიზარდა როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდის შედეგად. მაგალითად, საბანკო სექტორის მოგების სარეკორდო მაჩვენებელზე გასვლაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილის შემცირებამ. ბანკების საკრედიტო პორტფელში მთელი წლის მანძილზე მცირდებოდა ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, ამ ეტაპისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,5% იყო. ბოლო 1 წლის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი 24-25%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავლები თითქმის 30%-ით, ყველა საკრედიტო პროდუქტის მიხედვით. ეს ეხება როგორც სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებს, ასევე იპოთეკურ სესხებს და განვადებებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს საბანკო სისტემამ 2010 წლის ბოლოსთვის თითქმის მთლიანად დაძლია 2008-2009 წლებში წარმოქმნილი პრობლემები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა სუბიექტურ (ცალკეული ბანკებისათვის სხვადასხვა) მიზეზებთან ერთად, გამოწვეული იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომით და მსოფლიო საფინანსო კრიზისით. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემამ 2008 წელი დაამთავრა აქტივების 1-მილიარდიანი ვარდნით და 215 მლნ ლარის ზარალით, ასევე 2009 წელი დასრულდა 65 მლნ ლარის ზარალით. მაშინდელი პრობლემების დაძლევა შესაძლებელი გახდა დონორების მხრიდან გამოყოფილი ფართომასშტაბიანი დახმარებით.
2011 წელი საბანკო სისტემისთვის დინამიური ზრდის პერიოდია. ბოლო არააუდირებული მონაცემებით, წლის განმავლობაში აქტივები თითქმის 20%-ით გაიზარდა და 12 მილიარდ 679 მილიონი ლარია, წმინდა მოგება – 323 მილიონი. კარგი ზრდაა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტებში, გაცილებით წინმსწრები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით. საბანკო სისტემა ამ ეტაპისთვის აკმაყოფილებს მდგრადობის და საიმედოობის ნორმატივებსა და კოეფიციენტებს.
ს.ე. – “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია საბანკო სისტემაში შერწყმა-გაერთიანების პროცესი. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ ასე მოხდება, რით იქნება იგი განპირობებული?
ი.კ. – მე არ ვიცი რის საფუძველზე საუბრობს ბატონი ბუცხრიკიძე, თუმცა არ გამოვრიცხავ მსგავს მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ სისტემაშემქმნელი ბანკები ქმნიან საბანკო სისტემის აქტივების 80%-ს, დანარჩენი ბანკები შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ ყველა ამ მცირე ბანკში წარმოდგენილია უცხოური საფინანსო ინსტიტუტი. ამიტომ არ გამოვრიცხავ იყოს გაერთიანების ტენდენციები, რომელსაც ზოგადად იწვევს საბანკო სექტორის კონკურენციის ზრდა. ყველა ეს ბანკი აკმაყოფილებს მდგრადობის და საიმედოობის იმ ნორმატივებსა და კოეფიციენტს, რაც დაწესებული აქვს ცენტრალურ ბანკს.
ს.ე. – ქონების დაყადაღებისას ადრე პრიმატი ენიჭებოდა ბანკს, ახლა ეს ნორმა შეიცვალა. რა გახდა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი და როგორ აისახება ეს ბანკებზე?
ი.კ. – ზუსტად ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს ცვლილება. თუმცა მახსოვს საბანკო ასოციაცია ერთი წლის წინ საკმაოდ აქტიურობდა, როცა განიხილებოდა საკითხი პრობლემური გირაოს შემთხვევაში ვის უნდა მინიჭებოდა პრიმატი – საგადასახადოს თუ ბანკს და გარკვეული კომპრომისები მაშინ მიღწეულ იქნა. ბუნებრივია, ეს ცვლილება მეტნაკლებად ყველა ბანკზე მოახდენს გავლენას, გამომდინარე იქიდან, თუ სად გაჩნდება გირაოსთან დაკავშირებული პრობლემები.
ს.ე. – 2011 წელი საბანკო სექტორმა დაახლოებით 300 მილიონიანი მოგებით დაასრულა, რის ხარჯზე აღწევენ ბანკები მოგების ამხელა მაჩვენებელს?
ი.კ. – ეს მაჩვენებელი მიღწეულია აქტივების ზრდის და, პირველ რიგში, საკრედიტო პორტფელის ზრდის ხარჯზე. საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთები სესხებზე და ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ რესურსის სიძვირით. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციაც, წლის პირველ ნახევარში ჩვენთან თითქმის 14%-იანი ინფლაცია იყო. იზრდება სამომხმარებლო სესხების მოცულობაც (თუ დავეყრდნობით გაზეთ “რეზონანსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ყოველი 100 მომხმარებლიდან, შეთავაზების შემთხვევაში, ასივემ აიღო სამომხმარებლო სესხი). გარდა ამისა, ბანკებს მაღალი აქვთ საკომისიო მარჟები სავალუტო ოპერაციებზე, სალაროს ოპერაციებზე, პლასტიკურ ბარათებზე და ა. შ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკომისიოები არის შესამცირებელი, თუმცა ამ განაკვეთებს საბაზრო ეკონომიკა, კონკურენცია უნდა არეგულირებდეს.
ს.ე. – ჯეროვნად აკრედიტებენ თუ არა ქართული ბანკები დღეს ეკონომიკას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს ბანკებს არ შეუძლიათ მეტი რისკის გაწევა ბიზნესის განსავითარებლად ქვეყანაში?
ი.კ. – ქართული ბანკები აკრედიტებენ იმ დარგებს, რომელიც ასე თუ ისე მუშაობენ. ეს არის ვაჭრობა, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა. უზარმაზარი პოტენციალია სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჯერჯერობით ათვისებული არ არის და ეს არ არის მარტო ბანკების პრობლემა, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკის პრობლემა. სოფლის მეურნეობის სექტორისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები. ამ თვალსაზრისით, კარგი პროგრამის განხორციელება დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, რომელმაც აგროსექტორის დაკრედიტებისთვის გარკვეული მოცულობის თანხები გამოუყო ქართულ ბანკებს.
ს.ე. – ევროზონის კრიზისი რამდენად აისახება საქართველოზე? მოსალოდნელია თუ არა საპროცენტო განაკვეთების ზრდა მიმდინარე წელს?
ი.კ. – ბუნებრივია, გავლენას მოახდენს. ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სექტორი საკმაოდ არის ინტეგრირებული შესაბამის გლობალურ პროცესებსა და ინსტიტუტებში. ევროზონის სავალო კრიზისი ნეგატიურად აისახება პირველ რიგში იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ ევროკავშირში. კრიზისის პირობებში, ევროზონაში (და მთლიანად, ევროკავშირში) ისინი მიიღებენ ნაკლებ შეკვეთებს, კონტრაქტებს და, ცხადია, ექსპორტის მოცულობა შემცირდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტში ევროზონის წილი 1/6-ზე ნაკლებია.
გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი რუსეთზე. ამ ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების 40% და მშპ-ის 40-45% ფორმირდება გაზის და ნავთობის გაყიდვიდან, რომლის დიდი ნაწილი მოდის ევროკავშირზე. პრობლემაა ისიც, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიდან მათი ოჯახის წევრები საქართველოში დახმარებებს ფულადი ტრანსფერების სახით ღებულობენ. ჯამურად, მარტო 2011 წელს მსოფლიოდან ასეთმა შემოსულობებმა საქართვე-ლოში 1268 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომლის თითქმის 55% რუსეთზე მოდის. კრიზისის გავლენა ამ მხრივ იქნება ასეთი შემოსულობების შემცირება როგორც რუსეთში, ასევე ევროკავშირში (მაგ., საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიდან.
საქართველოს ბანკების უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებზე დამოკიდებულების ხარისხი საკმაოდ მაღალია. 19 ბანკიდან 18-ში უცხოური ინსტიტუტია წარმოდგენილი, ხოლო სისტემაშემქნელი ბანკების ხუთეულში დამოკიდებულების ხარისხი, პირველ რიგში, საერთაშო-რისო საფინანსო ინსტიტუტებზე, კიდევ უფრო მაღალია. ამ ინსტიტუტების შესაძლებლობები კი, დღეისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ევროზონის სავალო კრიზისის დიდი ხნით გაგრძელება საქარ-თველოს საფინანსო ბაზარზე საფინანსო რესურსებს შეამცირებს. მაღალი რისკებისა და საპრო-ცენტო განაკვეთების გამო გაიზრდება ბანკებისთვის საკრედიტო რესურსების ფასი. ხოლო საფინანსო რესურსების წყაროებზე ხელმიუწვდომლობა საკრედიტო ორგანიზაციებს აიძულებს, მეტი დეპოზიტი მოიზიდონ შიდა ბაზარზე, რასაც საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოჰყვება. ზოგადად, არ იქნება საკმარისი ლიკვიდური რესურსები სექტორის ზრდის გასაგრძელებლად და სა-ბანკო სისტემამ შეიძლება დაიწყოს ზრდის დამუხრუჭება.
თუმცა, მეორე მხრივ, გასულმა 2-3 წელმა საქართველოს საბანკო სისტემას კრიზისთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება დაუგროვა და, ხატოვნად რომ ვთქვათ, “ინსტიტუციური იმუნიტეტიც” კი გამოუმუშავა. დღეისთვის ბანკებს საკრედიტო პორტფელიც უკვე გაწმენდილი აქვთ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემური აქტივებისაგან.
საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები
2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 16 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 44.9 მლნ ლარით, ანუ 0.4%-ით გაიზარდა და 11.9 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17%-ია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81.8% შეადგინა. 2011 წლის ნოემბერი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ თვის შედეგებით 55.5 მლნ ლა-რი, ხოლო წლის დასაწყისიდან 290.3 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 80%-ს მიაღწია.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 2011 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით, ანუ 41 მლნ ლარით გაიზარდა და გასული წლის პირველი დეკემბრისათვის 7.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3%-ით, ანუ 69.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5%-ით, ანუ 28.5 მლნ ლარით შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 825.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6%-ით ანუ 46.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.2%-ით ანუ 39.5 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.9% ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.6%-ით ანუ 12.1 მლნ ლარით შემცირდა და 2.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8% შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის 833.2 მლნ ლარით განისაზღვრა (1.2%-ით ანუ 10.0 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.4% მოდის მშენებლობაზე, რაც 482.6 მლნ ლარია (3.2%-ით, ანუ 15.7 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.1% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2011 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.3%-ით ანუ 40.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და გასული წლის პირველი დეკემბრისათვის 3.1 მლრდ ლარს მიაღწია.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის 5.3 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 155.5 მლნ ლარით ანუ 3%-ით ნაკლებია გასული წლის პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების კლებას 119.1 მლნ ლარით (5.8%-ით) და ვადიანი დეპოზიტების კლებას 37.1 მლნ ლარით, ანუ 1.2%-ით. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 66.3% შეადგინა – 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8% შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.4%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 74.2%, ხოლო ევროს წილმა 20.6% შეადგენა.