ერთადერთი წარმატებული სფერო ეროვნული ბანკი – ეროვნული ატრიბუტი
მათე მელია
მსოფლიო ეკონომიკას საფინანსო მაგნატები განაგებენ, რომელთა ერთიანობის მწვერვალი ბანკებია. აქედან გამომდინარე, ბანკთა ბანკები (ანუ ეროვნული ბანკები) მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მესაჭეები არიან. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0,5% ცვლილებით აცილებული კრიზისი. ყველა ბანკი ინსტიტუტია და მას ლიდერი მართავს. ვინ არიან მსოფლიოში ბანკთა ბანკების მესაჭეები და როგორ ეწერება მასში საქართველოს ეროვნული ბანკი.2000 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის მეტად რთული იყო.
არანაკლები (თუ გაცილებით მეტი) შეიძლება ითქვას საქართველოზე: გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის არ გაზრდილა. წინა წელთან შედარებით მისმა ნომინალურმა მოცულობამ 6 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 30-50% ჩრდილოვან ეკონომიკაზე მოდის. შემცირდა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მაჩვენებელი და გაიზარდა საგადასახადო ბალანსის დეფიციტი. წინა პერიოდთან შედარებით იმატა დაუსაქმებელთა რაოდენობამ. როგორც ეროვნული ბანკის 2000 წლის წლიურ ანგარიშშია მოცემული “სახელმწიფო ფინანსების მართვაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო გასული წლის განმავლობაში” “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონმა ცვლილება ორჯერ განიცადა: ივლისში განხორციელდა ბიუჯეტის დაახლოებით 22%-იანი სეკვესტრი, ხოლო დეკემბერში მასში დამატებითი შესწორების შეტანა გახდა საჭირო. საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების და ხარჯების გეგმური მაჩვენებლები განისაზღვრა, შესაბამისად, 695,1 მლნ. და 992,6 მლნ. ლარით.
სეკვესტრის მიუხედავად, ბიუჯეტის სრულად შესრულება მაინც ვერ მოხერხდა.
საგადასახადო შემოსავლების 437,8 მლნ. ლარიდან 255 მლნ. ლარი მოდის მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის დაბეგვრიდან, დანარჩენი – იმპორტის დაბეგვრაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში წარმოება ღრმა კრიზისშია და საგადასახადო ტვირთის გამო იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტმა 203,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან, 134,8 მლნ. ლარი ეროვნულმა ბანკმა დააფინანსა.1 სახელმწიფო ვალმა 2000 წლის ბოლოსთვის 4,2 მლრდ. ლარი ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 68% შეადგინა. წლის დასაწყისიდან საშინაო ვალი 154 მლნ-ით გაიზარდა, ძირითადად, მთავრობის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხის ხარჯზე. 2000 წელს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტმა 228,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ჯართის გატანის და რუსული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციის ხარჯზე მოხდა. იმპორტი წინა წლებთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, როცა ცალკეულ მნიშვნელოვან მუხლებს თუ განვიხილავთ, ნავთობპროდუქტების და სიგარეტის ლეგალური იმპორტის მაჩვენებლები 3-4-ჯერ შემცირდა.
მიუხედავად ზემოთ მოცემული რთული ვითარებისა, “2000 წელს საქართველოს სამომხმარებლო ფასების დონე 6,4%-ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 6,9%-ით გაიზარდა, რაც პოსტსაბჭოურ პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, წინა წლების შესაბამისი მაჩვენებელი 10,9%-ს და 9,5%-ს შეადგენს”2 . გრძელდება მკაცრი ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც, როგორც ეროვნული ბანკის ლიდერებს მიაჩნიათ, “საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის, ჩამოუყალიბებელი საფინანსო ბაზრის, დოლარიზაციის და კორუფციის მაღალი დონის და საბიუჯეტო კრიზისის პირობებში ფასების სტაბილურობის” ერთადერთი მექანიზმია. ეროვნულმა ბანკმა 2000 წელი 391,2 მლნ. ლარის სარეზერვო ფონდით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 19,1 მლნ. დოლარის, ხოლო წმინდა საერთაშორისო აქტივების 40 მლნ. დოლარის შემცირებით დაამთავრა. გასული წლის განმავლობაში მიიღო 67 მლნ. ლარი მოგება და მთავრობა 135,5 მლნ. ლარით დააფინანსა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, “უცხოური ვალუტის დეპოზიტების ჩათვლით (M3) 618,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 39,5%-ით აღემატება 1999 წლის ბოლო მაჩვენებელს. ანალოგიურმა მაჩვენებელმა M2 აგრეგატისთვის (ფართო ფული უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გარეშე) შესაბამისად, 382,1 მლნ. და 33,5% შეადგინა. ბანკების სადეპოზიტო ბაზა 104 მლნ. ლარით გაიზარდა, საიდანაც 79 მლნ. სავალუტოა”.
როგორც ვხედავთ, იზრდება ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი, იკლო საპროცენტო განაკვეთებმა. 6-დან 12 თვემდე ვადიანი სესხებისათვის ისინი დაახლოებით 6% პუნქტით შემცირდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შარშან საკრედიტო ბაზარზე 44 მლნ. ლარზე მეტი რესურსი შეიძინა, რაც მთელი შენაძენის 61% იყო. წლის განმავლობაში ჩატარდა 20 რეპო აუქციონი რომლებზეც დადებულ გარიგებათა საერთო მოცულობამ 10,3 მლნ. ლარი შეადგინა.
წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 109,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ 1994-2000 წლებში ეროვნული ბანკის მიერ ფინანსთა სამინისტროზე გაცემული სესხების ოდენობა 773,7 მლნ. ლარს უდრის.
ეროვნული ბანკი გასულ წელს აგრძელებდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სავალუტო ბაზარზე თავის აქტიურ ოპერაციებს.
საბანკო ზედამხედველობის სისტემა სულ უფრო იხვეწება. საქართველოს კომერციული ბანკების სისტემა მეანაბრეებისათვის უფრო საიმედო ხდება. 2000 წლის მეორე ნახევარში დაინერგა კომერციული ბანკის CAMEL-ის სისტემით გარესაბანკო შეფასება, რომელიც წარმოადგენს CAMEL-ის სისტემის მოდიფიცირებულ ვარიანტს. გასულ წელს 9 კომერციულ ბანკს გაუუქმდა ლიცენზია და 28 ბანკი შემოწმდა, რომლებსაც მიენიჭათ CAMEL-ის სხვადასხვა რეიტინგი.
“2000 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წმინდა მოგებამ სებ-ის ორგანული კანონით შეადგინა 65,6 მილიონი ლარი (1999 წელს 51,1 მილიონი ლარი), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კი 74,9 მილიონი ლარი (1999 წელს 42,3 მილიონი ლარი)”.3
შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი მანაგაძე რეალური ლიდერია და ამართლებს ქვეყნის პირველი ბანკირის სახელს. საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში შეძლო სრულად ერთადერთი ატრიბუტული ინსტიტუტის – ეროვნული ბანკის ჩამოყალიბება. მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური სიახლეებისა, მანაგაძის გუნდი უძლებს ზეწოლას და საქართველოს ეროვნული ბანკი ჯიუტად შეჰყავს მსოფლიო ცივილიზაციის პირველ ბანკთა სიაში, სადაც პროფესიონალები საქმიანობენ. ალბათ, შესაძლებელია ყველამ მსაგვს შედეგებს მიაღწიოს, ე.ი. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ პროფესიონალიზმს შეუძლია.
3 საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, 2000 წ.