განიავებული ჩაის ეკონომიკა და დასაქმების უებარი რეცეპტი
ნინო არველაძე
საქართველოს ბაზარი წლიურად 50 მილიონი დოლარის ჩაის მოიხმარს. აქედან დღეს 99% უცხოურ საქონელს უჭირავს, რომელიც, მიუხედავად ნორმალური შეფუთვისა, საგრძნობლად დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ქართული ჩაი. სკეპტიკოსებმა გაამყარეს აზრი, რომ საქართველოში ჩაის წარმოების დრო გავიდა, რომ ჩვენი ჩაი არ არის სათანადო ხარისხის, რაც სიცრუეა, თანაც ბოროტი სიცრუე.
კენია, სადაც ჩაის ბუჩქი პრველად სამოცდაათიან წლებში გააშენეს, როგორც მიმწოდებელი ქვეყანა, დღეს უკევე მოწინავე პოზიციებზეა; მეორე, – მართალია, ქართული ჩაის ტანინი არ არის ცეილონის დონის, მაგრამ სურნელებითა და სხვა თვისებებით ის არ ჩამოუვარდება სხვა ანალოგს, ზოგჯერ პირიქით; მესამე, – დღეს მსოფლიოში მხოლოდ კუპაჟირებული ჩაია ხმარებაში და ამ შემთხვევაში ქართული ჩაი შეუცვლელია; დაბოლოს, – ჩვენ გვაქვს უნიკალური, ადრე შექმნილი ქონება ჩაის პლანტაციების სახით, რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოყავს უცხოელი სპეციალისტები. მის გაშენებას დღეს 4 მილიარდის ინვესტიცია არ ეყოფოდა. ამასთან ერთად, იმ ეწერმიწა და რუხ ნიადაგებზე, სადაც ჩაი ხარობს, არაფერი იხარებს, ის მიწები გამოუყენებლი დარჩება და, უმუშევრობისა და დაბალი ცხოვრების დონის პირობებში, საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან დარგს დავკარგავთ. სად არის გველეშაპის თავი და რატომ ვანიავებთ ასეთ განძს?
როგორც ხედავთ, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელმაც ჩაის დარგის წარმომადგენლების გულში იმედის ნაპერწკალი გააღვივა. ისინი გულდაწყვეტით აღნიშნავენ, რომ ე.წ რუსეთის ბლოკადა პირველად ქართული ჩაის აკრძალვით დაიწყო, მაგრამ მომხდარზე ყურადღება არც მაშინ და არც სხვა პროდუქტების აკრძალვის შემდეგ არ გამახვილებულა. ჩაის დარგის მწარმოებლები, რა თქმა უნდა, დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, მაგრამ ისინი აქაც მოკრძალებულობით გამოირჩევიან და სახელმწიფოს მხრიდან სიტყვიერ დახმარებაზეც კი თანახმანი არიან.
ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ჩაის წარმოება პიკზე იყო. მას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 10%-მდე ეჭირა და ეს ფაქტი ხშირად სიმღერების ტექსტებშიც ხვდებოდა. იმპერიის დაშლის შემდეგ, სხვა მრეწველობების მსგავსად, ჩაის მრეწველობაც უკიდურეს კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დღემდე გამოსავალს ეძებს. დეგრადაციის შედეგად დღეს მეჩაიეობის დარგის შესაძლებლობები მხოლოდ 10-15%-ით გამოიყენება. ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში ჩაის ფოთლის კრეფა 9.6-ჯერ შემცირდა, მზა პროდუქტის გამოშვება კი 8.2-ჯერ. თუ ქვეყანა 70-80 წლებში საექსპორტოდ 100-200 ათას ტონა ჩაის აწარმოებდა, 2004 წლისთვის ჩაის წარმოებამ 6.7 ათასი ტონა შეადგინა. უკვე დროა, გარდასულ ჟამთა დანანებით გახსენებას მოვეშვათ და ჩაის დარგის აღორძინებისთვის რეალური ნაბიჯები გადავდგათ. დილეტანტიც კი დაინახავს, რომ ქართული ჩაის ექსპორტს საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, მაგრამ ჯერ მისი დახმარება და მისაღები საინვესტიციო გარემოს შექმნაა საჭირო.
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ თენგიზ სვანიძეს.
– ბატონო თენგიზ, თუ შეიძლება გვითხარით, როგორ აფასებთ ჩაის კულტურის პოტენციალს საქართველოში, როგორც ნიადაგებისა და კადასტრის კუთხით, ისე თვით ჩაის ნაყოფის ხარისხისა და მოსავლიანობით და მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ადგილის კუთხით?
– თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ნათელია, რომ ქვეყანა ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. არის გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ წარმატება ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების წინ წამოწევას. ერთ-ერთ ასეთ დარგად ჩაის დარგს მივიჩნევ და ავხსნი, თუ რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას. საკმაოდ ახლო წარსულში ჩაი იყო ერთ-ერთი დარგი, რომელიც, როგორც ეკონომიკურად, სოციალურად, დასაქმებისა და საექსპორტო პოტენციალის კუთხით, უპირველესი წარმატებული დარგი გახლდათ. მას სოფლის მეურნეობის ნაწილსა და ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში თითქმის 10% ეკავა, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. უზარმაზარი იმპერია მხოლოდ ქართულ ჩაიზე იყო დამოკიდებული, მისი რესპუბლიკების თითქმის 95%-ი ქართული ჩაით მარაგდებოდა. ამით მინდა აღვნიშნო, რომ გასაღების ბაზარი პრობლემას არ წარმოადგენდა. იმ დროს საქართველოში ჩაის წარმოება ყოველწლიურად იზრდებოდა, რადგან იზრდებოდა მოთხოვნა, პროდუქციის 97%-ი ექსპორტზე მოდიოდა და ძირითადად მას საბჭოთა ქვეყნები მოიხმარდნენ, 3%-ი კი შიდა მოხმარებისთვის რჩებოდა. თუ ამ ყველაფერს ციფრებში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ პიკის პერიოდში მოიკრიფა 600 000 ტონა ფოთოლი, ანუ ამ ციფრის პროდუქციაზე გადაყვანისას 120-125 ათას /ტ პროდუქციას მივიღებთ. უკანასკნელი 3-4 წლის მანძლზე იკრიფება 20-24 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი, რაც 5-6 000 ტონა პროდუქციას უტოლდება.
– ამ პროდუქციის ხარისხის შესახებ რისი თქმა შეიძლება?
– რა თქმა უნდა, ხარისხი მისაღები არ იყო, მაგრამ ბაზარზე ამ ხარისხის პროდუქციაზე იყო მოთხოვნა, შესაბამისად ხდებოდა მიწოდებაც. ანუ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაის დარგი და მთელი მისი ინფრასტრუქტურა აწყობილად მუშაობდა. მართალია, მაშინ არ იყო საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ საბჭოთა კავშირის სახით არსებობდა მუდმივი და გარანტირებული ბაზარი, იყო წარმოების საშუალებები. 120-125 000ტ პროდუქცია ჩაის უზარმაზარი მასა იყო და მას უზარმაზარი შემოსავლებიც მოჰქონდა. უხეშად რომ ვთქვათ, მთელი დასავლეთი საქართველო, სადაც ჩაი მოდის, ამ კუტურის აშენებულია, მეჩაიეობის რაიონები უმდიდრესები იყვნენ. ესენია: ქვემო იმერეთი, გურია, სამეგრელო, ქვემო აჭარა, აფხაზეთი.
– თქვენ რას მიიჩნევთ ჩაის წარმოების ბიზნესის დაშლის კონკრეტულ მიზეზად?
– ამ პერიოდში დაახლოებით 65 000 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ვითვლიდით. არსებობდა 160-მდე ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკა თავისი ინფრასტრუქტურით, საქართველოში ხდებოდა ჩაის დაფასოება, იყო მექანიკური საწარმოები, რომლებიც ამ ფაბრიკებს ემსახურებოდნენ და აგრეთვე მობილური, ჩაის საკრეფი ტექნიკა. ეს იყო ძალიან განვითარებული და ინდუსტრიული დარგი. ბაზრის რღვევას, რა თქმა უნდა, მყისიერად მოჰყვა ბაზრის დაკარგვა, მოიშალა კავშირები და ამის გამო შეუძლებელი გახდა ქართული ჩაის მიწოდება. 1990-91 წლებში კი ბაზარი მთლიანად დაიკარგა და ჩაი სახელმწიფოებრივი ან მსხვილი ბიზნესის სფეროდ აღარ მიიჩნეოდა. ბაზრის დაკარგვამ თავისთავად გამოიწვია წარმოების გაჩერება, ამ უკანასკნელმა კი ჯარიმები საგადასახადოში, ქონების გადასახადების გადაუხდელობა. ეს ყველაფერი დააწვა ფაბრიკებს, რომლებიც განადგურების პირას აღმოჩნდნენ. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს, მოხდა ჩაის ნაშთების დატაცება, მოპარვა, ფაბრიკების ნგრევა, ჯართად ჩაბარება და ა.შ. იმ პერიოდში განადგურდა თითქმის ყველა წარმოება, მაგრამ ეს განსაკუთრებით ჩაის შეეხო, რადგან ეს დარგი ომის ეპიცენტრში მოხვდა.
– თქვენ რას მიიჩნევთ გამოსავალ გზად და დაახლოებით რა დროს მოითხოვს ჩაის წარმოების ბიზნესის აღდგენა?
– 1997 წლიდან ნელ-ნელა ჩაცხრა სამოქალაქო ომის ტალღა, სახელმწიფომ ამ დარგისთვის იმდენად დაიწყო ზრუნვა, რამდენადაც ეს შეეძლო და დაიწყო მცირე თანხებით მისი დაფინანსება, რამაც გარკვეულწილად შეინარჩუნა ეს დარგი და გამოჩნდა იმის დამადასტურებელი კონტურები, რომ დარგის გადარჩენა შესაძლებელი იყო. შემდეგ შემოვიდა ინვესტორი, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა. საუბარია მარტინ ბაუერზე. მისმა დიდმა ინვესტიციამ დარგი ნაწილობრივ ფეხზე დააყენა და მისი რეაბილიტაცია მოახდინა. ყველა პერიპეტიის გათვალისწინებით, ჩვენ ვითვლით და გამოდის, რომ დარგში, აფხაზეთის გარდა, არის 37-40 000 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. დანარჩენი კი ამოიძირკვა, მოუვლელობის გამო გახმა ან მოხდა მისი სხვა კულტურით შეცვლა. დღეისათვის ექსპლუატაციაში არის ამ პლანტაციების 15-20%, პლანტაციების დანარჩენი ნაწილი გაველურდა ან გადაიზარდა, რომელსაც მიხედვა სჭირდება, 17-20 000 ჰექტარი ასე თუ ისე ექსპლუატაციაშია და კაცის ხელი ეტყობა. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩაის ფაბრიკებზეც. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოხდა დარგის პრივატიზაცია, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი ძალიან ცუდად ჩატარდა. მართალია საწარმოს გაუჩნდა მეპატრონე და ზოგი მათგანი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, მაგრამ ზოგი ნულოვან აუქციონზე გაიყიდა, ზოგი ვაუჩერებით, ამიტომ ჩაის ფაბრიკები ისეთმა ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში, რომელთაც ამ ფაბრიკების ყიდვისთვის თითქმის არაფერი დაუხარჯავთ. იაფად ნაყიდი ქონება კი ადვილი გასანიავებელია. ყველაფერთან ერთად ახალ მეპატრონეებს ამ ფაბრიკების ასამუშავებლად არც სახსრები გააჩნდათ და არც გამოცდილება, ეს ეხება ბაზრის მოძიებასაც და მარკეტინგულ მუშაობასაც. პრივატიზაციის შემდგომ ჩაის ფაბრიკები მხოლოდ მეპატრონეების ამარა დარჩნენ. იყო ერთ-ორი საწარმო, რომელიც მუშაობდა 10-15%-იანი დატვირთვით.
– ქართული ჩაი თუ არის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ხარისხის კუთხით და რა მოცულობის ექსპორტის წარმოება შეიძლება დღეს?
– ქართულ ჩაის თავისი ბაზარი იმ ხარისხის პროდუქციითაც კი დიდი ჰქონდა და მუდამ ჰყავდა თავისი მომხმარებელი. თუმცა არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, რომ ჩაის მთლიანი პროდუქტი დაბალი ხარისხის იყო, მაგრამ ძირითადი მასა არ წარმოადგენდა უმაღლესი ხარისხის ჩაის, რადგან ორიენტაცია რაოდენობაზე იყო აღებული. მაგალითად, ერთ ჰექტარ პლანტაციაზე წესით, როდესაც ხორციელდება სამი ან ოთხჯერადი კრეფა, წლის განმავლობაში უნდა იკრიფებოდეს მაქსიმუმ 2,5-3 ტ ფოთოლი, პიკის პერიოდში კი იკრიფებოდა 12-15 ტონა ჩაის ფოთოლი. ცხადია, მიღებული პროდუქცია ხარისხიანი ვერ იქნებოდა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მას თავისი მომხმარებელი ჰყავდა და მასზე დღესაც კი ნოსტალგიაა იმ ადგილებში, სადაც ქართულმა ჩაიმ ვერ აღიდგინა საკუთარი ბაზარი. სხვათა შორის, რუსეთის ბლოკადა პირველად ქართულ ჩაის შეეხო, მაგრამ ამ ფაქტზე ყურადღება არც პრესაში გამახვილებულა და არც ბიზნესმენთა გამოსვლებში. ალბათ, ამის მიზეზად შეიძლება ჩაის დღევანდელი დაბალი საექსპორტო პოტენციალი მივიჩნიოთ, მაგრამ საუბარი იყო ციტრუსზე, მწვანილზე და ღვინოზე, თუმცა არავინ ახსენებდა ჩაის. როგორც კი რუსეთში ქართული ჩაის შეტანა აიკრძალა, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მასზე მოთხოვნა გაჩნდა. მეორე მაგალითი, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს ძირითადად შავ და მწვანე ჩაის ვაწვდიდით, იმ წლებში, როდესაც ეს ბაზარი დაიკარგა და საქართველოდან ჩაი აღარ გადიოდა, შუა აზია ქართული ჩაის გარეშე დარჩა და ეს ნიშა ჩინეთმა დაიკავა. ჩინური ჩაი ჩვენს მწვანე ჩაიზე ხარისხიანია. შუა აზიელები დღეში 40-50 ფინჯან ჩაის მიირთმევენ, ჩინურ ჩაიში კი, ქართულთან შედარებით, გაცილებით მეტი ტანინია, რის გამოც ჩინური მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ვინაიდან, ქართული ჩაი უფრო მსუბუქია, ამიტომ მასზე ცენტრალურ აზიაში შედარებით დიდი მოთხოვნაა. შემდეგ, დაახლოებით 2000 წლიდან, ნელ-ნელა ეს ბაზრები აღდგნენ, ჩინური ჩაი დღესაც უფრო ხარისხიანია და უფრო იაფიც ღირს, მაგრამ მომხმარებელი ქართულს ამჯობინებს. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ გემოვნური თვისებებით ქართული მწვანე ჩაი არც ერთი ქვეყნის წარმოებულ ჩაის არ ჩამოუვარდება. ამით ვამტკიცებ, რომ ქართულ ჩაის ყოფილ საბჭოთა კავშირის ბაზარზე დამკვიდრება არ გაუჭირდება. ქართული ჩაის ექსპორტი ხორციელდება თურქმენეთში, უზბეკეთში, შუა აზიის სხვა რესპუბლიკებში, უკრაინაში.
– ევროპის ბაზარზე რას გვეტყვით?
– ქართული ჩაი იყიდება პოლონეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში და სხვა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავთ სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ჰოლანდიელია. იგი უკვეთავს ე.წ წვრილ ჩაის, მას გამონაცერსაც ეძახიან, რისგანაც ერთჯერად პაკეტებში მოთავსებული ჩაი მზადდება, მაგრამ ვერ ხდება პროდუქციის იმ რაოდენობით დამზადება, რაც დამკვეთს სურს, რადგან მეწარმეებისა და დამკვეთის ურთიერთობები არ არის მოწესრიგებული. ამასთან, ენერგომატარებლების გაძვირებასთან დაკავშირებით, გაიზარდა ჩაის თვითღირებულება და დაინტერესებაც დიდი არ არის. 2000-3000 ტონა პროდუქცია დაახლოებით 12 000 ტონა ფოთოლია, რომელიც ხალხსაც დაასაქმებს, ანუ ჩვენს ჩაის ამერიკაშიც საკუთარი ნიშა უჭირავს.
– რას გვეტყვით ჩაის გადამამუშავებელი მრეწველობისა და ტექნოპარკის შესახებ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
– ყველაფერი ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რაც სოფლის მეურნეობასა და პლანტაციებში არსებობს. დღესაც კი ფაბრიკებში 50-60-იან წლებში შექმნილი მანქანა-დანადგარებით მიმდინარეობს ჩაის გადამუშავება. ეს დანადგარები ენერგოტევადობით გამოირჩევიან და ამიტომ მათ მეტი ხარჯები სჭირდებათ, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩაის თვითღირებულებას აწვება. ცივილიზებულ, კლასიკური მეჩაიეობის ქვეყნებში ჩაის საშრობი ღუმელი 1 ტონა პროდუქციის გასაშრობად მოიხმარს 300 გრ საწვავს, რომელიც, ვთქვათ, არის მაზუთი. ჩვენთან კი, იგივე მანქანა, იგივე რაოდენობის გასაშრობად ერთ კგ მაზუთს მოიხმარს, ანუ იხარჯება 3-ჯერ მეტი. იგივე ეხება ელექტროენერგიასაც. რაც უფრო დიდია მანქანა, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს. დავაკვირდეთ, საქართველოში სოფლის მეურნეობის რომელი დარგი აღორძინდა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და მისი საშუალებით გამოუშვა ხარისხიანი პროდუქცია, მაგალითად, ლუდი, კოკა-კოლა, ნაყინი და ა.შ.? სახელმწიფოს ყოველწლიურად აქვს გამოყოფილი 2-3 მლნ ლარი ჩაის დარგისათვის. რა თქმა უნდა, ამ თანხამ თავის საქმე გააკეთა და დარგი არ დაიკარგა, მაგრამ ეს იმას გავს, როდესაც ადამიანი აგონიაშია და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, მაგრამ ვერც გამოჯანმრთელებას ახერხებს და არც კვდება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ხელმძღვანელების შეცვლასთან ერთად ყოველწლიურად იცვლებოდა ამ თანხების მიზნობრიობა, ხან პლანტაციებს ექცეოდა დიდი ყურადღება, ხან ექსპორტის წახალისებას და ახალი ბაზრის მოპოვებას. ყველა მეთოდი კარგი იყო, მაგრამ გამოყოფილი თანხა იყო მცირე, ბიუჯეტში მუდამ ფულის ნაკლებობა აღინიშნებოდა და ყურადღება პირველ რიგში პრიორიტეტებს ექცეოდა, რომელშიც ჩაი ვერ ხვდებოდა. გამოყოფილი თანხა კი ადრესატამდე დაგვიანებით აღწევდა, არ იყო დროული და საკმარისი, თუმცა, სიმცირის მიუხედავად, შეიძლებოდა მისი უფრო ეფექტიანად გადანაწილებაც. მიმაჩნია, რომ საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არსებული წარმოების ცივილიზებულ წარმოებად გადაქცევისთვის უნდა გამოვიყენოთ, ანუ უნდა შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს თანადაფინანსებით უნდა მოხდეს. სახელმწიფომ გამოყო გარკვეული თანხა, რომელსაც აძლევს ბიზნესმენს ისეთი საწარმოს შესაქმნელად, სადაც იქნება თანამედროვე ჩაის გადამამუშავებელი ხაზი და შესაძლებელი გახდება ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება, მოხდება მცირე რაოდენობით ენერგიის დახარჯვა. ამ შემთხვევაში პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება. გამოყოფილი თანხის ნაწილი შენობის მოსაწესრიგებლად უნდა დაიხარჯოს და ის კვების ობიექტს უნდა დაემსგავსოს, ანუ სახელმწიფომ უნდა გამოყოს გარკვეული თანხა, მაგრამ მას ბიზნესმენმაც თავისი წილი უნდა დაამატოს. თანადაფინანსების გარეშე, სახელმწიფო დახმარების მიღების შემთხვევაში, საქმე ან არ გაკეთდება, ან უგულოდ გაკეთდება. თავის ფულის ჩადების შემთხვევაში კი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მის წარმატებით დაბოლოებას ყოველთვის ეცდება. ამიტომ, სახელმწიფოსგან, ფულის გამოყოფის შემთხვევაში, ყველა ტენდერი თანადაფინანსების პრინციპით უნდა განხორციელდეს.
– დაახლოებით რა თანხაა საჭირო ჩაის მრეწველობის ასაღორძინებლად და თუ შეიძლება მისი ერთდროულად გამოყოფა?
– ეს დიდი თანხაა, მაგრამ ვიტყოდი, რომ მისი ერთდროულად გამოყოფა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, რადგან მთელი დარგის ერთდროულად აღორძინება შეუძლებელია. ამასთან, ამ შემთხვევაში შეიძლება მოიკრიფოს 120 000 ტონა ჩაის ფოთოლი, რაც 30 000 ტონა კარგი პროდუქციაა, მისი ბაზარი კი დღეს არ გვაქს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ყოველწლიურად უნდა გამოყოს ის თანხა, რომელიც მიზნობრივად დაიხარჯება. კარგია ამ თანხით პლანტაციის რეაბილიტაცია, მაგრამ ყველაზე კარგი არ არის. ამ თანხით უნდა მოხდეს ტექნოპარკის გადაიარაღება. ხსნა ეტაპობრივ დახმარებაშია. დღეს მსოფლიოში არის ტენდენცია, სადაც ჩაის წარმოება მოხმარებას ჩამორჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც კლასიკური მეჩაიეობის ქვეყნებად ითვლებიან – ინდოეთსა და თურქეთში. აქ წარმოება მოხმარების მსგავსად არ იზრდება, ამიტომ შიდა მოხმარების ხარჯზე მცირდება ამ ქვეყნების საექსპორტო პოტენციალი, ეს მდგომარეობა კი ჩვენნაირი ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ანუ, მსოფლიოში შეიძლება ჩაის დეფიციტი შეიქმნას და თავისთავად გვარდება ჩაის ბაზრის პოვნისა და გასაღების პრობლემაც. კლასიკური ქვეყნების მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო არ ეხმარება ჩაის დარგს. შუა აზიაში ყოფნისას ქვეყანაში ვნახე არგენტინული და ირანული ჩაი, რომლებიც ქართულ ჩაის უწევენ კონკურენციას, მათი ხარისხი კი ვიზუალური თვალსაზრისით ჩვენი ჩაის იდენტურია. თუმცა ჩვენს ჩაის ორგანოლეპტიკით ვერ შეედრება, იგი თურქულ, ირანულ და არგენტინულ ჩაის ბევრად ჯობს. გადამუშავების ტექნოლოგია და ტრადიციები ჩვენ მათზე უფრო მეტი გვაქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ჰავისა და ნიადაგის თავისებურებებიც თამაშობს. ვიეტნამში დღესაც ჩვენი სპეციალისტების გაშენებული ჩაია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის პროდუქციამ ბაზარზე შემოაღწია და ეს სახელმწიფო დახმარების ხარჯზე მოხდა, რომელიც სუბსიდირებას ახორციელებს და გარე ბაზარს აფინანსებს. ბაზარში არგენტინული ჩაის ფასი 40 ცენტი იყო, რაც მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯია, მას პრაქტიკულად სახელმწიფო აფინანსებს, ხდება ბაზარზე შესვლა და მისი დაკავება, შემდეგ კი ფასების აწევა. ყველა სახელმწიფოს აქვს ბაზარზე შეღწევის პრინციპები, მათ შორის, თურქეთსა და ირანს. ეს პრინციპები ჩვენს სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს. ხშირად გავიგონებთ ფრაზას, როდემდე შეიძლება არსებობდეს დარგი, რომელსაც მუდამ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდესო, მაგრამ ჩვენს დარგს პირველ წლებში აუცილებლად სჭირდება დახმარება, სხვანაირად იგი ვერ გაიმართება და ამას ცალსახად ვაცხადებ, ჩვენთან ინფრასტრუქტურა და ბიზნესი ისე არ არის განვითარებული, რომ დარგმა საკუთარ თავს მიხედოს. დარგის დაღუპვას კი სავალალო შედეგები მოჰყვება. სახელმწიფოს მხრიდან ჩაის დარგის დახმარების შემთხვევაში კი ჩაის კულტურას ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. ამ ეტაპზე ეს დარგი მხოლოდ ეკონომიკა არ გახლავთ, მის აღორძინებას მოჰყვება ხალხის დასაქმებაც, აი რა არის მიზეზი, თუ რატომ აფინანსებენ მას სხვა სახელმწიფოები.
– რა შედეგები მოჰყვება დარგის გაუქმებას?
– საქართველოში ამჟამად ჩაის პლანტაციას 40 000 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგული უჭირავს. ვთქვათ, მისი გაუქმების შემთხვევაში გადაწყდა ამ პლანტაციების ამოძირკვა, მაგრამ ეს 2-3-ჯერ მეტ თანხას მოითხოვს, ვიდრე მისი მოვლა. ეს პლანტაციები ძირითადად წითელმიწა ნიადაგზეა გაშენებული, სადაც სხვა კულტურა პრაქტიკულად არ მოდის, ალტერნატივად მიიჩნიეს თხილი. თურქეთშიც დაიწყეს თხილის გაშენება, მაგრამ იქაც კვლავ ჩაის პლანტაციებს უბრუნდებიან, რადგან იმ მიწაზე თხილი კარგად ვერ ხარობს. ანუ, ჩაის პლანტაციების გაუქმების შემთხვევაში, მიწის ძირითადი ნაწილი უსარგებლო ხდება. ყველაფერთან ერთად, ჩაის ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს და ეროზიასა და მეწყერს უშლის ხელს. შარშან აჭარლებმა ერთ-ერთ მეურნეობაში ჩაის პლანტაციები ამოძირკვეს და მიწა სამოსახლოდ გაიხადეს, მაგრამ წვიმების შემდეგ მეწყერმა ყველაფერი გაანადგურა. არ შეიძლება მეცნიერული შესწავლის გარეშე გადაწყვეტილებების ხელაღებით მიღება. პლანტაციების მოუვლელობისა და თავის ნებაზე მიშვების შემთხვევაში ეს პლანტაციები გაუვალ ტყედ გადაიქცევა, მაგრამ ისინი ძირითადად დასახლებულ რაიონებშია მოთავსებული, რაც მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის და მათ მიგრაციას გამოიწვევს. დღეს ჩაი საქართველოსთვის კარგი გაგებით “ჭირია”, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში უფრო დიდ “ჭირად” იქცევა, მიხედვისა და მოვლის შემთხვევაში კი სიკეთედ, შემოსავლისა და ხალხის დასაქმების წყაროდ მოგვევლინება. აქ უკვე ნამდვილი არჩევანის წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, სახელმწიფო სწორ გზას აირჩევს, ამის იმედს პრეზიდენტის სიტყვები მაძლევს, რომელმაც განაცხადა, რომ დოტაციის შემთხვევაშიც კი, თუ მას დიდი რაოდენობის ხალხის დასაქმება და საექსპორტო შემოსავლების შემოტანა შეუძლია, სახელმწიფო მაინც უნდა დაეხმაროს მას და ააღორძინოს. ამას მოჰყვა პარლამენტის 30 ივნისის დადგენილება, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ბატონი ედვარდ სურმანიძის ძალისხმევით მომზადდა. რა საკითხებზეც მე ვისაუბრე, ეს მხოლოდ პრობლემათა მცირე ნაწილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შიდა ბაზრის დაცვაა. სუპერმაკეტში ხშირად ვნახავთ ათასნაირ ჩაის პროდუქციას, არავინ იცის მათში რა ყრია. ერთ დროს პოლონეთიც კი ჩაის ფალსიფიცირებაზე იყო გადასული. საქართველოში გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია შემოდის. ჩაის იმპორტის აკრძალვა რომ გამორიცხულია, ეს ნათელია. იმპორტზე გადასახადებს ვაიაფებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი შემოვიტანოთ. ეს განსაკუთრებით ერთჯერად ჩაის ეხება, რომლებშიც საღებავებს იყენებენ, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამჯერად საქართველოს ჩაის ასოციაციის სახელით ვსაუბრობ, შიდა ბაზრისთვის რამდენჯერმე ვცადეთ ჩაის გაკეთება, ძალიან კარგი ჩაიც გამოუშვეს, მაგრამ მათ შესაბამისი რეკლამა არ ჰქონდათ და ქართული მენტალიტეტის გამოც, რომ ქართული არ ვარგა, ეს პროდუქცია ძნელად იყიდებოდა. ყველაფერს კი თვითღირებულება აქვს, ერთ კგ კარგად შეფუთული ერთჯერადი ჩაი დაახლოებით 12-14 ლარი ჯდება, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით კი ზოგოერთი იმპორტირებული ჩაი კილოგრამი 12 ცენტად შემოდის. ცხადია, ეს კონტრაბანდა იყო, რომელიც შემცირდა, მაგრამ ახლა ფალსიფიკაციის პრობლემამ იჩინა თავი. ჩვენი ნატურალური ჩაი კი მათ კონკურენციას ვერ უწევს, რადგან ძვირია. ამიტომ, ქართველი მეწარმეებისთვის შიდა ბაზარი პრაქტიკულად დაკარგულია, სამწუხაროდ, გამოსავალს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ფალსიფიცირებული პროდუქცია შემოტანის დროს უნდა შემოწმდეს და, როგორც ჯანმრთელობისთვის საშიში, დაიბლოკოს. ჩვენთვის შიდა ბაზარი დაახლოებით 2500-3000 ტონაა. ეს რომ ქართულმა ჩაიმ დაიკავოს, რისი ღირსიც ის ნამდვილად არის, ქართული წარმოებისთვის დიდი მოგება იქნება. თუ მოხდება საწარმოების გადაიარაღება, პლანტაციები საკმარისი რაოდენობითაა, რომ დარგში საქმე აეწყოს. ავაღორძინოთ ეს დარგი ისე, რომ ქართველი მოსახლეობა თურქეთში არ წავიდეს, სადაც ათას დამცირებასა და შეურაცხყოფას იტანს. ამხელა დარგი არსებობს და არ არსებობს არც კერძო და არც სახელმწიფო ორგანო, რომელიც მას უპატრონებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ მოიძებნება არათუ ორგანო, არამედ ერთი სპეციალისტიც არ არის, რომელიც დაკავებული იქნება უშუალოდ ჩაის საკითხებით.
– რა შეიძლება ამ გულგრილობის მიზეზად მივიჩნიოთ?
– ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. პარლამენტის დადგენილების შემდეგ იმედი გამიჩნდა, გავლენა პრეზიდენტის სიტყვებმაც იქონია და ვნახოთ, რა სტრატეგიას შეიმუშავებს მთავრობა. თუმცა ჩემი საუბრის მიზანი არ არის მხოლოდ სახელმწიფოსკენ საშველად მიმართული და არ გვინდა მხოლოდ მის იმედზე ვიყოთ. ეფექტიანი დახმარება სიტყვითაც არის შესაძლებელი. უნდა ჩამოყალიბდეს კოორდინაციისა და რეგულირების ისეთი რგოლი, სადაც დაინტერესებულ მეწარმეს პასუხს გასცემენ.
– რამდენი ხანია, რაც ჩაის მრეწველობას ყურადღება აღარ ექცევა?
– 1997 წელს არსებობდა სახელმწიფო კომერციული გაერთიანება “საქჩაისუბტროპიკი”, მისი გაუქმების შემდეგ ძირითადი შრომა ინვესტორზე, მარტინ ბაუერზე იყო გადასული, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა ამ დარგის გადასარჩენად. ამჯერად ყველამ მოინდომა და შევქმენით ჩვენი ასოციაცია. პარლამენტის დადგენილების შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, ქართული ჩაი ექსპორტზე გავა და საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
კოკი ცეცხლაძე: – საქართველოში ჩაის შიდა ბაზრის მოცულობა 45-50 მლნ. ლარს შეადგენს, რომელიც იმპორტითაა გაჯერებული. ამჟამად კონტრაბანდის საკითხი მოგვარებულია და იმედი გვაქვს, რომ ქართული ჩაი შესაფერის ადგილს დაიკავებს ბაზარზე. ექსპოტრის ჯამური ციფრი უახლოეს 3 წელიწადში შეგვიძლია გვქონდეს 50 მლნ. დოლარიანი ბრუნვა. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით, ჩაის დარგში ინვესტიციების მოცულობა ერთ-ერთი უდიდესია. მაგრამ არც ერთში წარმატებული მაგალითი არ არის, რასაც ობიექტურ მიზეზებს ვერ დავაბრალებთ. ეს ერთადერთი დარგია, რომელიც ბიუჯეტიდან პირდაპირ სუბსიდირდებოდა, მაგრამ ამ პროცესს სხვადასხვა სამინისტროები განკარგავდნენ, ყველა საჭიროდ თვლიდა მისი ფორმატი შეეცვალა. ექსპორტის სუბსიდირებისას ჩაის ექსპორტი 7-8 მნლ დოლარამდე გაიზარდა. მიმაჩნია, რომ დარგი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიების გამოყოფაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ როდესაც ფული გამოყოფილია, იგი სწორად უნდა დავხარჯოთ. ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის შემდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკმა მეჩაიეებს გამოგვიცხადა, რომ ჩვენ მისი სურვილისამებრ დახარჯვას ვაპირებდით, რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. სოფლის მეურნეობის მისამართით საყვედურის სახით უნდა ვთქვა, რომ ღობე დიდი ფუფუნებაა, მსოფლიოში შეღობილი ჩაის პლანტაცია არ არსებობს, ჩვენთან კი ამისთვის 450 000 ლარი ამისთვის დახარჯეს. ეს იგივეა, შიშველმა კაცმა ზამთარში რომ არმანის ჰალსტუხი იყიდოს. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მთავარია ფული სწორად გადანაწილდეს. ასევე ვაცხადებთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ენერგეტიკულად გვაქვს, 1 ტონა მაზუთი 4 00 დოლარი ღირს, ანუ ჩვენი ტექნიკის პირობებში 1კგ ჩაის წარმოების ენერგეტიკული დანახარჯი 40 ცენტია. უცხოური ტექნიკის პირობებში კი ეს მისი 25%-ია. ჩემი აზრით, საჭიროა საინვესტიციო ფონდის შექმნა. თვითონ კომპანია უნდა იყოს დაინტრესებული მაღალი მოსავლის მიღებაში. ჩაის დამუშავებას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, მისი მოწყვეტის შემდეგ 18 საათში გადამუშავებაში უნდა გაუშვა და ეს პროცესი მომდევნო 12 საათში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნედლეული გაფუჭდება. ამიტომ აქ გადამუშავების მრეწველობასა და სოფელს შორის ყველაზე მაღალი ინტეგრაციაა. მოხდა ხელოვნური გათიშვა. ფული ისეთ ვინმეს უნდა მისცენ, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს ამ დარგს და რა სჭირდება მას ამჟამად. ორი წლის წინ ჩვენ თვითონ ვამბობდით, რომ ნუ მისცემენ ფულს მეჩაიეებს, მისცენ მეღვინეებს ან სხვა დარგს, რადგან ამ სახით მოცემული ფული შედეგს ვერ მოიტანდა. ისედაც ბევრი პრობლემა არსებობს და მათი ხელოვნურად შექმნა საჭირო აღარ არის. ეს დარგი აუცილებლად მოიტანს 50 მლნ დოლარს, რა თქმა უნდა, თუ მას დავეხმარებით. თხილი სერიოზული და წარმატებული მიმართულებაა, ბოლო წლებია თხილის გაშენებაზე სპეციალური შესწავლები და კვლევები მიმდინარეობს. 1 ჰექტარი ჩაის ამოძირკვა დიდ თანხებს უკავშირდება, ამას გარდა ჩაის კულტურის 80% გაშენებულია ისეთ ნიადაგებზე, რომლებიც ეროზიას ექვემდებარება, ამიტომ იქ ჩაის განადგურება გარდაუვალი მეწყერის ტოლფასია. უკიდურესობა ყოველთვის დამღუპველია და ეს არ უნდა დავივიწყოთ. საბედნიეროდ, ქართველ სპეციალისტებს შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩაის დარგის აღორძინებაზე და ამისთვის საკმარისი ცოდნა გაგვაჩნია.