საფინანსო დანაშაული, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკული შედეგები და ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა
მ. კორძაძე
საფინანსო დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა კატეგორიას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული დანაშაული – გადასახადისათვის თავის არიდება;
დიდი ოდენობით გადასახადის განზრახ თავის არიდებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით – ხუთ წლამდე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია : ა) არაერთგზის, ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ხუთიდან რვა წლამდე.
დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ოცდახუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება სამოცდათხუთმეტი ათას ლარს.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი იქნება დაკისრებული ძირითადი თანხა.
დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები, ვინაიდან ადგილი აქვს ბიუჯეტში გადასახადების გადაუხდელობის ფაქტებს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება გადასახადებისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებაში. /გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დამალვა, აღრიცხვის უქონლობა, ხარჯების არასწორად აღრიცხვა ან რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა და სხვ./
სუბიექტური მხრივ დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის სუბიექტი კი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი – მეწარმე.
ზემოაღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად მოიაზრებიან ძირითადად მეწარმე ფიზიკური პირები
– გადამხდელები. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი იურიდიულ პირს, როგორც დანაშაულის სუბიექტის ფორმას არ ითვალისწინებს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება აღნიშნული ფორმა.
გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულში ბრალდებულის მიმართ დგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა. აღკვეთის ღონისძიების სახეებმა ცვლილებები განიცადა, რომელთაგან გავრცელებულია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა.
პატიმრობა გამოიყენება იმის მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს, კერძოდ, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალეულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.
დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფობის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.
აღკეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი:
პროკურორს ან პროკურორის თანხმობით, გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია, ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე.
აღსანიშნავია ცვლილებები პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 4 თვეს და გამოითვლება დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
გირაო არის ფულადი თანხა, მოძრავი ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს, სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს თანხის ნაცვლად შეტანილი მოძრავი ქონება შესანახად გადაეცემა საქმის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე ნაკლები.
პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.
თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულში ბრალდებულის მიმართ, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის გამოიყენება მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა ფაქტობრივად იშვიათად თუ დგება.
ისმის კითხვა: დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად ამოღებული ყველა დოკუმენტის არსებობისას /საგადასახადო, საბუღალტრო თუ საბანკო მასალები/, რომლებიც დანაშაულის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენენ, აუცილებლობას წარმოადგენს თუ არა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება, როდესაც სავსებით დასაშვებია სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა?
გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულში ბრალდებულის /საწარმოს დირექტორის ან მთავარი ბუღალტრის/ მიმართ პატიმრობის გამოყენების დროს ადგილი აქვს ისეთი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტებს, როგორიცაა საწარმოს დალუქვა, დოკუმენტების ამოღება და სხვა, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების აკრძალვასთან, რის შედეგადაც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პატიმრობით კვლავ ფერხდება მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესები.
ამასთან, მნიშვნელოვანია და სიახლეს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე /პრიმა/ მუხლის არსებობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო, კერძოდ, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან.
აღნიშნულის პრაქტიკაში განხორციელებას საფინანსო დანაშაულთან მიმართებაში სერიოზული სირთულეები ახლავს, კერძოდ თანამშრომლობა არ ფორმდება არსებული წესის დაცვით, ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის უშუალო ხელშეწყობა რიგ შემთხვევაში არ ითვლება დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნად და სხვა.
ამრიგად, საფინანსო დანაშაული, სხვა დანაშაულებისაგან განსხვავებით, სპეციფიკურობით ხასიათდება, რომელთა მიმართებაში ასევე სპეციფიკურია, როგორც აღკვეთის ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მოთხოვნები.