ახლა ნავთობთან ერთად ხორბალიც ძვირდება

მსოფლიო ეკონომიკის აზიური ენდშპილი

ივლისის თვეში მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სიახლეები იყო: – ნავთობის ფასის აწევა 75 დოლარზე ზევით. ექსპერტთა აზრით, აგვისტოში ის იმოძრავებს ამპლიტუდით – 76-71 დოლარი ბარელზე;
დიდი 8-იანი საწვავის დაზოგვას ცდილობს
დიდი 8-იანის შეხვედრაზე მდიდარმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ სატრანსპორტო საწვავზე მოთხოვნის შესამცირებლად მოქმედებას დაიწყებენ, მაგრამ ბუშის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში გამარჯვებული აღმოჩნდა, რადგან აშშ-ის მანქანებისა და სატვირთოების მხრიდან ამ მხრივ დიდ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.
დიდი 8-იანის ყოველწლიურ სამიტზე სანკტპეტერბურგში საუბრობდნენ, რომ მსოფლიოს ნავთობის 2/3-ს სატრანსპორტო სექტორი იყენებს და მისი საწვავის მოხმარება საერთო ენერგომოთხოვნას უსწრებს. ენერგოკომუნიკეში ჩაიწერა, რომ სატრანსპორტო სექტორს განსაკუთრებულ ყურადღებს მიაქცევენ, თუმცა დოკუმენტში არაფერი ჩაწერილა სატრანსპორტო საწვავის მაღალი სტანდარტების შესახებ, რაც კარგ სიახლეს წარმოადგენს ბუშის ადმინისტრაციისათვის, რომელიც საწვავის ფართო მოთხოვნის წინააღმდეგია, რადგან შიშობს, რომ წარმოებაში შემოვა ნაკლებად უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები და შედეგად მანქანის მწარმოებლები ფინანსურად დაზარალდებიან. რამდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ აშშ-ის სატრანსპორტო საწვავის სტანდარტები მსუბუქად გაზარდა.
ენერგოექსპერტები და გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საწვავის მოხმარების შესამცირებლად ერთადერთი გზა არსებობს – გაიზარდოს საწვავის სტანდარტები, რადგან ბენზინის მოხმარება აშშ-ის ნავთობის დღიური მოთხოვნის თითქმის 40%-ს შეადგენს, რაც დღეში 21 მლნ. ბარელს უახლოვდება. GRACE Policy Institute-ის პრეზიდენტი, რომელიც დიდი 8-იანის შეხვედრაზე ალტერნატიული საწვავის საკითხებში მონაწილეობდა, სტანდარტების შესახებ აცხადებს, რომ ეს ფაქტიურად კომპრომისული დოკუმენტია.
აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომხმარებელი ქვეყანაა, ამერიკელები ყველაზე დიდ სატვირთოებს ატარებენ და ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ ფასს იხდიან. ამერიკელი მძღოლები ხშირად ჩივიან ბენზინის სიძვირის გამო – 3 დოლარი ერთ გალონზე, მაგრამ ეს ევროპელი მძღოლების მიერ გადახდილი თანხის თითქმის ნახევარს შეადგენს. საწვავის მაღალი სტანდარტების ნაცვლად, დიდი 8-იანის ენერგოკომუნიკე მომხმარებლებს ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისაკენ მოუწოდებს, მათ შორისაა დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი. ბუშის ადმინისტრაცია თავის ენერგოგეგმაში სწორედ მსგავს ზომებს მიესალმება. კომუნიკეში ასევე შედის ადმინისტრაციის პოლიტიკა, განავითარონ უფრო მეტი ბიოსაწვავი და აწარმოონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მომავალში ალტერნატიულ საწვავს მოიხმარენ.
– ხორბლის მოსავლის 2006-2007 წლების ცუდი პროგნოზი (ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვალვების გამო წელს სერიოზულად ნაკლები მოსავალი იქნება და მსოფლიო თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს რუსული და უკრაინული ხორბლით. გაიზრდება არა მარტო მთლიანად ხორბლის ფასი, არამედ კონკრეტულად რუსული ხორბლისაც, რომელიც საქართველოს ძირითადი მომწოდებელია. აქედან გამომდინარე, როგორც ადრე ვივარაუდეთ, 2006 წლის მე-3 მე-4 კვარტლებში და 2007-ის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის და, შესაბამისად, პურის ფასი გაიზრდება);
– აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებლები;
– ჩინური იუანისათვის მათი თავისუფლების მიცემა, რაც გამოიწვევს მის გაძვირებას და დასავლეთისათვის სავაჭრო ბალანსის პრობლემას მეტნაკლებად დაარეგულირებს;
– ინდუსტრიულ ქვეყნებში იაპონიის გარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე დაბლა დაფიქსირება და ინფლაციის ტემპების მატება, ამასთან, ევროპაში უმუშევრობის დონის კლება, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კლება, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%. უმუშევრობის დონე აშში 4.6%-ია, იაპონიაში 4.2%;
– აშშ ფედერალური სისტემის განცხადება, რომ შეიძლება ჯერჯერობით თავი შეიკავონ სააღრიცხვო პროცენტის გაზრდისაგან (ცხრილი ნომერი 2), რამაც თვის ბოლოს ისევ დაწია დოლარის კურსი ძირითადი ვალუტების მიმართ და თვის ბოლოს 1.2734 იყო ევროს მიმართ.
ანალიტიკოსთა აზრით, დოლარი აგვისტოს ბოლოს კიდევ დაეცემა, რასაც ხელს უწყობს ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებაც წინა პერიოდთან შედარებით. ამიტომ დოლარი აგვისტოს ბოლოს 1.9% -5.8 %-ით დაეცემა, რადგანაც ევროპელი და იაპონელი იმპორტიორები, რომლებიც დოლარის ძირითადი შემსყიდველები არიან, შვებულებაში მიდიან;
– მნიშვნელოვანია ასევე ოქროს ფასის ვარდნა, რომელიც ამერიკული ბირჟის ჩOMEX-ს მონაცემებით, მერყეობს 640-640 დოლარს შორის უნციაზე. ბირჟის ანალიტიკოსთა აზრით, სექტემბერ-ოქტომბერში მოსალოდნელია ამ ფასის აწევა;
– ასევე საშუალო და გრძელავდიან ობლიგაციებზე შემოსავლიანობის დაცემა (იხ ცხრილი #3).
– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი რვიანის შეხვედრაზე იყო რუსეთის იმედების გაცრუება ჭთO-ში წევრობასთან დაკავშირებით, ასევე, ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებს შორის დისბალანსის მოხსნა. რვა მთავარი ინდუსტრიული ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ჩიხში შესული მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის სურვილს, გასწიოს კონსულტაციები შეთანხმების მიღწევის მიზნით. ასევე ემხრობიან ღარიბი ქვეყნებისთვის სავაჭრო ბარიერების მოხსნას. თუმცა გარკვეულად არაფერი თქმულა ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრაზე დიდი რვიანის ლიდერებთან. ორივე ლიდერი დაჟინებით მოითხოვს, მოლაპარაკებებში ჩაიდოს მდიდარი ქვეყნების კონცესია, რათა მათ ღარიბი ქვეყნების მიერ წარმოებულ ფერმის პროდუქტებზე სავაჭრო ბარიერები შეამცირონ. მაგრამ ორი ქვეყანა დიდი 8-იანის ზეწოლას თავად განიცდის, – მათ ბარიერების შემცირებას იმპორტირებულ მზა პროდუქტებზე სთხოვენ. ევროკავშირის ანონიმური წარმომადგენელი ამ ქმედებას ცეცხლზე ნავთის დასხმას უწოდებს და დაძენს, რომ ეს პასკალ ლამისთვის კონსულტაციების შესახებ არა მხოლოდ მანდატის მიცემას, არამედ თარიღის დათქმასაც ნიშნავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ვაჭრობის პროგრესის გზებს ეძებს და დასძინა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა ტრადიციული პროდუქტების იმპორტზე ბარიერები უნდა შეამცირონ, აგრეთვე უნდა შეწყდეს სახელმწიფოს დონეზე ექსპორტების სუბსიდირება. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას აპირებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მისი და აშშ-ის მოლაპარაკებები შეწყდა. აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც რუსეთს გარიგება ჯერ არ დაუდვია, თუმცა აშშ-დან ღორისა და ძროხის ხორცის იმპორტის შესახებ მოლაპარაკებები სანიტარიული ინსპექციის საკითხზე შეუთანხმებლობის საფუძვლით ჩაიშალა. რუსმა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გარიგებაზე ხელის მოწერა ოქტომბერში მოხდება.
რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის შესახებ მოლაპარაკებებში კრახი განიცადა
სანკტპეტერბურგში დიდი 8-იანის შეხვედრას ცივი ელფერი დაჰკრავდა. პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დაბლოკა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაცინვით განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს ამერიკის მსგავსი ძალადობრივი დემოკრატია, რომელსაც ის ერაყში ახორციელებს.
ხუმრობითა და ერთმანეთის ქილიკით ორმა პრეზიდენტმა განსხვავებული აზრები არც ახალი ამბების კონფერენციაზე ლიბანის აფეთქებების შესახებ კომენტარისას დამალეს. ბუშმა განაცხადა, რომ ყველაფერი ჰეზბოლას საჯარისო დაჯგუფებაზეა დამოკიდებული, პუტინმა კი ისრაელის ძალის გამოყენება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ძალადობა დაუშვებელია და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
დიდი 8-იანის სამიტის დაწყებამდე ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ორი საათით შეხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი საუბარი ირანისა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ბირთვული იარაღის, ისრაელისა და მაჰმადიანი პარტიზანების დაჯგუფებებს შეეხებოდა. საუბრის დაწყებისას შესამჩნევი გახდა სწრაფი ხელის ჩამორთმევა და მცირე სითბო.
დამუნჯებული კრიტიკა
კინკლაობის მიუხედავად, ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე არ იგრძნობოდა ის დაძაბულობა და ბრაზი, რომელიც 17 თვის წინ ბრატისლავას შეხვედრაზე ვერ დაიმალა, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და ბრალი დემოკრატიისგან უკან დახევაში დასდო. მძიმე შეხვედრის შემდეგ ბუშმა დაასკვნა, რომ პუტინის საჯარო კრიტიკას შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა მან რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე წინადადება მაინც შესთავაზა.
ახალი ამბების კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ინსტიტუციონალური ცვლილებები მსოფლიოს ისეთ ნაწილში განახორციელოს, როგორიც ერაყია და სადაც თავისუფალი პრესა და რელიგიაა. ბუშის განცხადების თანახმად, მან პუტინს უთხრა, რომ მის ხალხს რუსეთის მხრიდან სწორი არჩევანისგაკეთების იმედი აქვს. ეკლებით გაჯერებულ პასუხში პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ გულწრფელობის შემთხვევაში აღიარებს, რუსებს ნამდვილად არ სურთ ერაყის მსგავსი დემოკრატია, რასაც ბუშის გაწითლება და წარუმატებელი ღიმილი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი “ჯვაროსნულ ომებში” მონაწილოებას არ მიიღებს.
გამძლე მოლაპარაკებები
პუტინის სურვილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებაა. აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მის გაწევრიანებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, ბუშმა კი პუტინს იმედები გაუქარწყლა.
მოლაპარაკებების შესახებ ბუში აცხადებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება კონგრესისთვის მისაღები უნდა იყოს. ამერიკის მხარის განცხადებით, მოლაპარაკებებმა ვერ გადაჭრეს პრობლემა, რომლებიც ამერიკული ძროხისა და ღორის ხორცზე რუსეთის ბარიერებს შეეხებოდა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შეთანხმებას რამდენიმე თვეში მიაღწევენ. აქ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებიც დაემატა, რომელიც რუსეთის მხრიდან სრული სავაჭრო ემბარგოს პირობებში არანორმალური და ამ ორგანიზაცის წევრობის კანდიდატი ქვეყნისათვის შეუფერებელია. კერძოდ, რუსეთს სურს, ღია სავაჭრო ქვეყანა იყოს და ამ დროს საქართველოს სავაჭრო ომს უცხადებს.