სახელმწიფო კრედიტის როლი და ფუნქციები სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებაში
მ. ჭინჭარაული
თანამედროვე საფინანსო მეცნიერებაში, თავისი წინააღმდეგობრივი ბუნების გამო, დიდი ადგილი უჭირავს ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ კატეგორიას, როგორიცაა სახელმწიფო კრედიტი.
შეუძლებელია არ დავეთანხმოთ იმას, რომ შეცდომები ფულად-საკრედიტო და, რაც მთავარია, საბიუჯეტი პოლიტიკაში სახელმწიფოს უქმნის დამატებით პრობლემებს. მაგრამ ეკონომიკურ პოლიტიკაში იშვიათადაა შესაძლებელი ტექნიკური შეცდომების თავიდან აცილება, როდესაც სტარატეგია მოიცავს მთელი ეკონომიკური სტრუქტურის სრულ რეფორმირებას, აქ იგულისხმება ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო სფეროებიც. სამწუხაროდ, ეკონომიკურ მეცნიერებაში ჯერ არ შემუშავებულა ისეთი პოლიტიკა, რომელსაც არ ახლავს უარყოფითი მხარეები.
სასარგებლო იქნებოდა სახელმწიფო კრედიტის პრობლემისათვის ნაკლებად კრიტიკულად შეგვეხედა და გაგვეანალიზებინა ამ კატეგორიის შესაძლებლობები ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრისას, მოგვეძებნა შედარებით რაციონალური გადაწყვეტილება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო კრედიტი არის ფულადი ურთიერთობების ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება სახელმწიფოსა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის, რომლის დროსაც სახელმწიფო შეიძლება გამოვიდეს მსესხებლის, გამსესხებლის ან გარანტის როლში. შესაბამისად, სახელმწიფო კრედიტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფულადი სახსრების გადანაწილება მთლიანად ეკონომიკის მოთხოვნილებების შესაბამისად და ამა თუ იმ მიმართულების სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის გააზრებული მხარდაჭერა. სახელმწიფო კრედიტის წყაროს წარმოადგენს შესაბამისი ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილის დამტკიცებისას გაითვალისწინება აუცილებელი სახსრები კრედიტის დაფარვისათვის ან ვალის პროცენტისათვის, ხოლო წყაროებში – ის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია ბიუჯეტის გასავლების დასაფარავად.
ჩვენს სტატიაში შემოვიფარგლებით სახელმწიფო კრედიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – სახელმწიფო სესხების განხილვით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ეკონომიკის განვითარების მიზნისათვის საჭირო ფუნქციების გამოყენება. ფინანსთა სამინისტროს შექმნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა სახელმწიფო კრედიტი, სახელმწიფო სესხი და მათი გავლენა სახელმწიფო ეკონომიკაზე.
სახელმწიფოს შექმნასთან ერთად წარმოიქმნა მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ დაფინანსებას, ამან სტიმული მისცა ისეთ ფინანსურ კატეგორიებს, როგორებიცაა – გადასახადები და ბიუჯეტი. სახელმწიფოებრიობის განვითარებასთან ერთად ფართოვდებოდა სახელმწიფოს ფუნქციები, გადასახადები არ იყო საკმარისი და სახელმწიფომ დაიწყო სესხების აღება.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სახელმწიფო ფინანსებში სესხების როლის განსაზღვრისადმი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა, რომელიც მწვავედ განიხილებოდა ბოლო წლებში. თუკი მეცნიერ-ეკონომისტთა ერთი ნაწილი (აღარაფერს ვამბობთ პოლიტიკოსებზე) სესხებს განიხილავს როგორც განსაკუთრებით ნეგატიურ მოვლენას და მოუწოდებენ ყველას, სრულად განაცხადონ უარი ბიუჯეტის გასავლების სესხით დაფარვაზე, მეცნიერთა მეორე ნაწილი (მათი აბსოლუტური უმრავლესობა) თვლის, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია გარკვეულ პერიოდში დამატებითი სახსრების, სესხების სახით, გამოყენების გარეშე.
ეკონომიკური განვითარების დისპროპორცია ინდუსტრიულად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში (ეს ეხება ასევე გარდამავალ ეკონომიკის ქვეყნებსაც), შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკის შექმნაში, სტრუქტურული რეფორმების გატარებაში, საგადასახადო და საბიუჯეტო სფეროების რეფორმებში საკმაოდ დიდია.
ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას თავისი კორექტივები შეაქვს ამა თუ იმ ფინანსური კატეგორიის შესაძლო ეფექტურ გამოყენებაში. სახელმწიფო კრედიტი ასრულებს დანაზოგების გადანაწილების ფუნქციას, მარჯვე ხელში მოხვედრისას ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, ექსტრემალური ამოცანების გადაწყვეტას, სტრუქტურულ გარდაქმნას და ფინანსური სისტემის გაჯანსაღებასაც კი.
ამასთანავე, არც თუ ისე აბსურდულად გამოიყურება სახელმწიფო სესხების კრიტიკა, ვინაიდან, მის გაუაზრებელ და არამიზნობრივ გამოყენებას მივყავართ ფინანსურ კრიზისამდე.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბიუჯეტის გასავლების 20-30%-ზე მეტი (სსრკ-ს დაშლის შემდეგ) ფინანსდებოდა სახელმწიფო სესხებისა და, შესაბამისად, ყველაზე უსაფრთხო ბაზრებზე მაღალი განაკვეთების ხარჯზე, რის გამოც ფინანსურმა სისტემამ უარი თქვა ეკონომიკის დაფინანსებაზე.
თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ესოდენ გაზრდილია ფინანსური ტექნოლოგიები, ფულს გააჩნია დიდი შესაძლებლობა, იპოვოს რაციონალური გამოყენება: მოთხოვნა-მიწოდება ფინანსურ რესურსებზე ფორმირდება დაინტერესებულთათვის ადვილად მისაწვდომ ტექნიკურ რეჟიმში. თუ ინვესტორების მიერ გამოყოფილი ინვესტიციები მკაცრად არ მიემართებიან ეკონომიკაზე, უნდა ვეძებოთ ძირეული მიზეზები. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სასესხო ექსპანსია (როგორც მოცულობით, ასევე განაკვეთებით) სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს პირდაპირი ინვესტიციებისათვის, მაგრამ ეს არ არის კატასტროფულად სავალალო. ეკონომიკა მზად უნდა იყოს ინვესტიციების მისაღებად, უნდა არსებობდეს მოთხოვნა ფულზე და, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა იყოს ფულის ფასი.
სახელმწიფოსა და მონეტარული ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ასეთი სახით ააგოს საბიუჯეტო პოლიტიკა, რათა სახელმწიფოს სესხებმა არ გადააჭარბოს რაციონალურ დონეს და სახელმწიფო ვალის პროცენტი შეესაბამებოდეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.
მაგალითებისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება: 2004 წლის მაისის თვის მონაცემებით, შეზღუდეს რა დეფიციტი, პროცენტი სახელმწიფო ვალის ბაზარზე ასე თუ ისე უკვე შეესაბამება ეკონომიკას, მაგრამ ინვესტიციების მხრივ მაინც არ არის საქმე კარგად (თუმცა ძვრები შეინიშნება). ეკონომიკა მზად უნდა იყოს ინვესტიციების “ხელახალი გადახარშვისათვის”, რისთვისაც საჭიროა სტრუქტურული რეფორმები. ჩვენს შემთხვევაში მასშტაბური სტრუქტურული რეფორმებისათვის საჭიროა არა მარტო სახელმწიფოს ნება, არამედ სახელმწიფოს ფინანსური რესურსებიც. როგორც წესი, ცუდი ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემა მოითხოვს რეფორმას. ამ მიზნების განხორციელებისათვის სახსრების გამოყოფა სრულიად გამართლებულია მხოლოდ სახელმწიფო კრედიტის ინსტრუმენტების გამოყენებით, მაგრამ მთავარია, როგორ გამოვიყენოთ ისინი. თუკი სესხის მოზიდვა, უპირველეს ყოვლისა, მოხდა ეკონომიკურად დასაბუთებულ ჩარჩოებში და საშუალებები წავიდა ეკონომიკის სტრუქტურულ, საბიუჯეტო სფეროს და საგადასახადო რეფორმებზე, რამდენიმე წლის შემდეგ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მოცულობა, შემცირდება სახელმწიფო გასავლები და სახელმწიფო შეძლებს ვალის დაფარვას მომდევნო წლების განმავლობაში.
საჭიროა ყურადღება მიექცეს სახელმწიფო კრედიტის კიდევ ერთ ფუნქციას, რომელიც სცდება ეკონომიკის ჩარჩოებს. პრინციპში, სახელმწიფო კრედიტს შეუძლია ეკონომიკა აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლად, შესაძლებელია პოზიტიური გადაწყვეტილებებისაც კი. არც თუ შორეულ წარსულში საქართველომ იწვნია სამოქალაქო ომის სიმწარე, როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ასევე, გამოცადა ომის შემდგომი პერიოდიც და ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული კრიზისების დაძლევას უნდება. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა, მაშინდელ მთავრობას რომ არ მიემართა სახელმწიფო ვალისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალის მცირე ნაწილი მოხმარდა ბიუჯეტის ხარჯებს.
დროთა განმავლობაში, თუ გავატარებთ მყარ პროცენტულ პოლიტიკას, პრაქტიკა გვიჩვენებს და მივიღებთ არადეფიციტურ ბიუჯეტს, შევზღუდავთ სესხებს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს გასატარებელი რეფორმები საბიუჯეტო სფეროში, საგადასახადო სისტემაში, სახელმწიფო გასავლებში, რაც საკმაოდ მძიმე სოციალურ ამოცანას წარმოადგენს. ამჟამად ჩვენი მთავრობის ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო გასავლების რეფორმისაკენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს რეფორმა არ ითვალისწინებს უბრალოდ ბიუჯეტის ხარჯების მუხლობრივ შემცირებას მოსახლეობის ხარჯზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო კრედიტი ვერ გააქტიურებს თავის ბუნებრივ ფუნქციას, ვერ შეძლებს ვერანაირ სტიმულირებას, რამდენიმე წელს შეეჯახება არაერთ პრობლემას. ამიტომ, სწორად მიგვაჩნია, სახელმწიფო კრედიტი უნდა იყოს ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტთაგანი, რომელსაც ფლობს სახელმწიფო და მისი კვალიფიციური ჩართვის გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია ამოცანის გადაჭრა.
სახელმწიფოსათვის კიდევ ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შიდა და საგარეო ვალების თანაფარდობა, მათი გავლენა ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე. თუ ქვეყანა არ არის მდიდარი საკუთარი კაპიტალით, მის აუცილებლობას განიცდის როგორც სახელმწიფო, ასევე მრეწველობა, მაშინ არ არსებობს სიტუაციიდან სხვა გამოსავალი, გარდა უცხოური კაპიტალის მოზიდვისა, მაგრამ თუკი ეს უცხოური კაპიტალი მიემართება სამამულო მრეწველობის განვითარებისაკენ, მაშინ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მოგებული რჩება, რამეთუ უცხოელი ინვესტორი საკუთარი კაპიტალის ბედით დაინტერესებული იქნება, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე პოლიტიკური გართულებების დროსაც.
სახელმწიფო საგარეო ვალის წარმოქმნა ხდება უცხო სახელმწიფოს მთავრობისაგან, საერთაშორისო სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან და უმსხვილესი ბანკებისაგან კრედიტის აღებით, ასევე, მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების განთავსებით და, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო საფინანსო ხელშეკრულებების მიხედვით, გარანტიებისა და ვალდებულებების მიცემით.
სახელმწიფო კრედიტის ხარჯზე ძირითადად იფარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ეკონომიკურად დამღუპველია სახელმწიფოსათვის და რამაც საქართველო მიიყვანა ფინანსურ კრიზისამდე, ამიტომ ეს მეთოდი უნდა იქცეს ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მხოლოდ ერთ-ერთ მეთოდად.
საზოგადოდ, ვალის მართვის სისტემა მიეკუთვნება ტექნიკურ პრობლემას, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროცენტო გასავლების ოპტიმიზაციისათვის, ვალების გასტუმრების გრაფიკებისათვის და იძლევა ვალის გაიაფების საშუალებას. ეს პრობლემები აქტუალურია იქ, სადაც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი საგარეო ვალი, მისი მართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და მოითხოვს განსაკუთრებულ უნარსა და ცოდნას.
დაბოლოს, ვალის მართვის სისტემა არის რთული კომპიუტერული პროგრამა და იურიდიული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღწერს ვალის მიღებას და გადაწყვეტილების შესრულების პროცედურას. ვფიქრობთ, განსაკუთერებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ამ ამოცანის გადაწყვეტა. ხოლო საკითხი, ვინ მართავს ვალს – ფინანსთა სამინისტრო, თუ სპეციალური სააგენტო, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაა და არ მოითხოვს თეორიულ გააზრებას.
ვალის პრობლემა რთული, პოლიტიკურად მგრძნობიარეა, მოითხოვს ჯანსაღ აზრს და ემყარება მხოლოდ ძლიერ საფინანსო-საკრედიტო სისტემას. საერთოდ, სავალო პოლიტიკა არის საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ნაწილი და რეფორმირება უნდა მოხდეს ერთროულად.
საქართველო, როგორც სხვა პოსტკომუნისტური ქვეყანა, იყენებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რის გამოც ვიმედოვნებთ, რომ ის ჩვენ დაგვეხმარება. საბოლოო ჯამში, კრიზისი შიდა ვალის ბაზარზე ნაწილობრივ გადაწყვეტილი პრობლემაა, შედარებით რთულია საგარეო ვალის კრიზისის დაძლევა. ჩვენ გვაქვს ამ კრიზისების დაძლევის პერსპექტივები და ვიმედოვნებთ, რომ მათ ხელიდან არ გავუშვებთ.