საქართველო – უღარიბესი ქვეყანა ვალების გარეშე (მომავალში)
ლანა ებრალიძე
შვიდეულის გენუას კონფერენციის წინ ინგლისის მთავრობამ საქართველოს ღარიბი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ვალების ჩამოწერა მოითხოვა. ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოში. ერთნი თვლიან, რომ ქვეყნის სტატუსის შეცვლა უღარიბესიდან სიღატაკემდე დააფრთხობს ისედაც არარსებულ ინვესტორებს და განვითარებას შეაფერხებს. მეორენი ამტკიცებენ, რომ ვალების სიმძიმე არ მისცემს ქვეყანას განვითარების საშუალებას და არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათ მომსახურებას შეუძლებელს გახდის, რაც ქვეყნის დეფოლტად გამოცხადების რეალურ შანსს აძლევს თავის უარყოფითი შედეგებით.
და მაინც ვინ არის მართალი და რა სჯობს – ვიყოთY უღარიბესი სტატუსით 3 მლრდ. საგარეო ვალის გარეშე, თუ გვერქვას განვითარებადი და ვალებში ვიხრჩობოდეთ? საგარეო დავალიანების პრობლემა უაღრესად აქტუალურია საქართველოსათვის, რის გამოც ამ პრობლემის მოგვარება აღიარებულია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად, მსოფლიო მეურნეობებში სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებელ წინამძღვრად.
წარმოქმნილმა საგარეო დავალიანებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის წინსვლას და არ უნდა გახდეს თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის შეზღუდვისა და პოლიტიკური დეზორიენტაციის საფუძველი. საჭიროა საინვესტიციო პროგრამების მიზნობრივი და ეფექტიანი დაფინანსება, რაც მიღწეული უნდა იქნეს შიდა დანაზოგების სრული გამოვლენის საფუძველზე. ასეთ პირობებში მაქსიმალურად შეიზღუდება საგარეო ვალების ზრდის შესაძლებლობები.
მრავალი ექსპერტი აღიარებს, რომ სახელმწიფომ თავისი საკუთარი ძალისხმევით უფრო მეტი სარგებლობა უნდა მიიღოს წარმოების გაფართოების ღონისძიებიდან, ვიდრე საგარეო ვალების აღებით.
საგარეო დავალიანების პრობლემა განსაკუთრებით იმის გამო გამწვავდა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო მიღებული კრედიტების მიზნობრივი გამოყენება. როგორც წესი, აღებული ვალები გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გადიდებისათვის და შიდა ბაზრის საქონლით გაჯერებისათვის, ხოლო საქართველოს მიერ აღებული კრედიტები მიმართული იყო უმწვავესი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრისაკენ, რის გამოც ღირდა კრედიტის მისაღები პირობების მიღწევა. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები მიმართული იყო ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისა და ვალუტის კურსის დამტკიცებისაკენ. ამ მიზნით აღებული კრედიტების საერთო თანხამ 293,76 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ვალის 16,22%, აღებული კრედიტების მნიშვნელოვანი ნაწილი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების იმპორტს მოხმარდა, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირისა და საწვავის შეძენას, რითაც მათში მოხერხდა დაძაბულობის შენელება.
საქართველოს საგარეო ვალები გაუჩნდა არსებული ეკონომიკური კავშირების მოშლის, წარმოების მოცულობის მკვეთრი დაცემის, ექსპორტის შემცირების და იმპორტის გადადების გამო.
საქართველოს საგარეო ვალის მასშტაბები და სტრუქტურა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანას მისი მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა 1998-2002 წლებში უნდა განეხორციელებინა. რეალურად საგარეო დავალიანებამ 2001 წ 1 იანვრისათვის 1. 544. 879 705 აშშ. დოლარი შეადგინა (ასათვისებელი თანხების გათვალისწინებით. საგარეო ვალი 2, 039 მლრდ აშშ დოლარის ტოლია). ყველაზე დიდი კრედიტორები არიან:
მსოფლიო ბანკი – 519, 327 მლნ. აშშ. (33,6%)
თურქმენეთი – 393,567 მლნ. აშშ დოლარი (25,5%)
სავალუტო ფონდი – 325,402 მლნ. აშშ. (21%)
რუსეთი – 179,266 მლნ. აშშ (11,6%)
ევროგაერთიანება – 103, 697 მლნ აშშ დოლ. (6,75) რუსეთისა და თურქმენეთის ვალის სიდიდე დასაზუსტებელია.
“პარიზის” კლუბთან მოხერხდა ურთიერთშეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც საგარეო ვალები რესტრუქტურიზებულია. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში არცთუ სახარბიელო რეპუტაციის ქვეყანა არასაიმედო პარტნიორის იმიჯს დაიმკვიდრებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური კრიზისისა და სეკვესტრირებული ბიუჯეტისა, უნდა მოხერხდეს ვალის დაფარვა.
ყოველივეს დასაძლევად საჭიროა ფინანსური სახსრების მოზიდვა მძლავრი ტრანსნაციონალური კომპანიებიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და მაღალგანვითარებული ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან. მოზიდული ფინანსური სახსრების არამიზნობრივი და არაეფექტური გამოყენება, როგორც წესი, იწვევს საგარეო დავალიანების ზრდას და, შესაბამისად, საგარეო დავალიანების პრობლემის გამწვავებას.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ საგარეო დავალიანების პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს მოცემული კონკრეტული ქვეყნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური თანამშრომლობით, პრობლემა მოგვარდება ცივილიზებული მიდგომებისა და პრინციპების გამოყენებით. ამჟამად აპრობირებული და ადაპტირებულია რამდენიმე საერთაშორისო სისტემა, რის მეშვეობითაც ხორციელდება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია, პროცენტების გადახდა, ახალი საგარეო ვალების აღება და სხვა.
რადგან ამჟამად საგარეო ვალმა საქართველოში უკვე თითქმის 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქციის ნახევარზე მეტს და ექსპორტის მოცულობის გაორმაგებულ სიდიდეს უტოლდება. ასეთ პირობებში ეკონომიკური კრიზისის დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საგარეო დავალიანების პრობლემის სრულფასოვანი მოგვარებისათვის საქართველომ უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
– საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში მიღებული მიდგომით უნდა განხორციელდეს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია, ურთიერთობის რეგულირება მოვალე ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
– მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ახალი საგარეო ვალების აღება თუნდაც საუკეთესო საკრედიტო პირობებით;
– საჭიროა საინვესტიციო პროგრამების მიზნობრივი და ეფექტიანი დაფინანსება, რითაც მიღწევადი იქნება შიდა დანაზოგების გამოვლენა;
– ყველანაირად სტიმულირებულები უნდა იყვნენ ადგილობრივი მწარმოებლები, რაც გაზრდის ექსპორტის მოცულობას, გააუმჯობესებს საგადასახადო ბალანსს და შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ფინანსურ საშუალებებზე, ასევე ლარის სიმყარე უზრუნველყოფილი იქნება არა უცხოური ინექციებით, არამედ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალით.
მიუხედავად ზემოჩამოთვლილი ღონისძიებებისა, მაინც ნაკლებია შესაძლებლობა, საქართველომ შეძლოს იმ შიდა და საგარეო ვალების მომსახურება, რომელიც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 75%-ია. ამრიგად, საგადასახადო შემოსავლების აბსოლუტური მოცულობა წლობით კლებულობს. ექსპორტის მოცულობას თუ არ ჩავთვლით, ჩართიც ემატება. არადა, შიდა ვალების მომსახურებისთვის საქართველოს დამატებით 120-130 მლნ. ლარი სჭირდება, ხოლო საგარეო ვალების მომსახურებისთვის 200-250 მლნ. ეს ჯამში იმდენია, რამდენიც (450 მლნ.) შარშან საგადასახადო შემოსავალი სულ ბიუჯეტში. ე.ი. ქვეყანაში უნდა გაორმაგდეს საგადასახადო შემოსავლების მოცულობა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ქვეყანა ვერ განვითარდება ახალი საგარეო ვალების მიღების გარეშე.
აქედან გამოსავალი ერთია, რადგანაც საქართველოს სახელმწიფოს ვალების წარმოშობა ხდება არა უშუალოდ ჩამოყალიბებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ, არამედ: ა) რუსეთის შემთხვევაში ეს არის გაუგონარი ძალადობა და თავს მოხვეული ვალი, როცა საბჭოთა კავშირის ქონება არ განაწილებულა ვენის კონვენციის თანახმად და ჩვენ გვაღიარებინეს (ან ჩვენმა გამოუცდელმა და არაკომპეტენტურმა მთავრობამ ზეწოლით აღიარა); ბ) თურქმენეთის შემთხვევაში ქვეყნის ენერგეტიკული კოლაფსისგან გადასარჩენად ყველანაირ კაბალურ პირობებზე დავთანხმდით დიდი ხნის განვადებით გაზის მიღებაზე ჩვენი სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში, როცა არც მთავრობა იყო, არც კანონი და არც სახელმწიფო; გ) თურქეთის შემთხვევაში ეს იყო კაბალური კრედიტი ქვეყანაში ხორბლის შემოზიდვაზე და ვითომ ბიზნესის განვითარებისთვის და ა.შ.
დღეს საქართველო უღარიბესი ქვეყანაა, ის არამც და არამც არ შეიძლება იყოს განვითარებადი ქვეყნების რიცხვში როგორც ისრაელი, თურქეთი…
ამიტომ ერთადერთი გადარჩენა ვალების ჩამოწერაა. ამ მხრივ, ინგლისის მთავრობის ინიციატივა საქართველოს გადარჩენისაკენ და მომავალი აღორძინებისაკენ არის მიმართული. ვალების ჩამოწერით ჩვენ ყველაფერს ნულიდან, ძნელად, რთულად, მაგრამ ტვირთის გარეშე დავიწყებთ.
გენუადან საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო.