დასაქმების ახალი სისტემა საქართველოში
ნინო არველაძე
გასულ წელს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ “კავკასიისა” და თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მიერ ჩატარდა “განათლებისა და დასაქმების ფორუმი 2005”. მასში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი სტუდენტი და უმუშევარი ახალგაზრდა. გასაუბრების შემდეგ 500 სტუდენტიდან უმრავლესობამ სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირება გაიარა და დასაქმდა.
მიმდინარე წლის 20, 21 და 22 ოქტომბერს, თსუ-ის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა “განათლებისა და დასაქმების ფორუმი 2006”. ამჯერად პროექტის ორგანიზატორმა სბგც “კავკასიამ” დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს სიახლე შესთავაზა – შეიქმნა დასაქმების მსურველი ახალგაზრდების CV მონაცემთა ბაზა, რომლითაც მომავალში დაინტერესებული კომპანიები ისარგებლებენ.
20 ოქტომბერს მოეწყო განათლების ფორუმი, სადაც სტუდენტებსა და სწავლის გაგრძელების მსურველებს დაახლოებით 40 საერთაშორისო თუ ადგილობრივი საგანმანათლებლო და სატრეინინგო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ მათ მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებს და სურვილისამებრ მიეღოთ მონაწილეობა სასურველ მათგანში.
“განათლებისა და დასაქმების ფორუმი 2006” “ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების პილოტური პროგრამის” დასკვნითი ეტაპია. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის (USAID SME Support Project) ფარგლებში, რომლის შემსრულებელიც საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსია (IESC).
განათლების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ “კავკასიის” აღმასრულებელი დირექტორი სერგი ბარამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სატრეინინგო და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ აიმაღლონ ცოდნა და მიეცეთ დასაქმების რეალური შანსი.
განათლების ფორუმის შესახებ ისაუბრა USAID-ის “მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის” წარმომადგენელმა ირინა სალუქვაძემ. მან აღნიშნა, რომ პროექტი, უპირველეს ყოვლისა, ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შემქნას უწყობს ხელს, ხოლო “განათლებისა და დასაქმების ფორუმი 2006” სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. ირინა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აპირებენ, რომლის შედეგადაც დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება უფრო მეტ სტუდენტს ექნება.
21 ოქტომბერს კი დაახლოებით 40 მოწვეული ბიზნესკომპანია დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. სტუდენტები კომპანიების დასაქმების კრიტერიუმებსა და ვაკანსიებს გაეცნენ, შეავსეს ანკეტები და ჩააბარეს CV-ები. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაეარათ რეგისტრაცია 2006-2007 წლის სბგც “კავკასიის ” ბიზნესისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრეინეინგებში მონაწილეობის მისაღებად, რათა მომავალში შეძლონ მოთხოვნილი დასაქმების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თსუ-ის რექტორმა გია ხუბუამ აღნიშნა, რომ განათლება წარმატების ძირითადი საშვია. მან სტუდენტებს მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა და დასძინა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად.
ფორუმი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ უნივერსიტეტის გარდა სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც მონაწილეოდნენ. პირველ რიგში საქართველო-ამერიკის უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ ეს კავშირი ბიზნესის უმაღლესი სკოლა არის საქართველოში განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და სტუდენთა სწავლების დონის ამაღლებისათვის, რადგან ეს კავშირი აძლევს საშუალებას უმაღლეს საწავლებლებს, დაეყრდნონ არა მარტო საერთაშორისო გამოცდილებას, არამედ ადგილობრივი ბიზნესის მოთხოვნებს, სადაც დასაქმდებიან ძირითადად ჩვენი სტუდენტები. ამიტომ, სტუდენტების დონეზე დიალოგი მომავალ დამქირავებელთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს დასაქმებაც გადამწყვეტი იქნება მომავალი სპეციალისტების ფორმირებაში, რომლებსაც შეუძლიათ, პრაქტიკაში შეამოწმონ ლექციებზე მიღებული ესა თუ ის თეორიული ცოდნა.
საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ ინაიშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს და მასში მონაწილე კომპანიებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ უმუშევრობის აღმოფხვრა ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მან საქართველოში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ კადრების პროფესიოლი მომზადება ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
ფორუმზე მოწვეულმა სხვა სტუმრებმა კარიერის წარმატებულობისა და დასაქმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და დასაქმების მსურველ სტუდენტებს წარმატებები უსურვეს.
ფორუმზე ტრეინინგგავლილ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
22 ოქტომბერს ტრეინინგავლილმა სტუდენტებმა კომპანიებს საკუთარი ბიზნესპროექტები წარუდგინეს. რამდენიმე მოწონებულმა პროექტმა დაფინანსება მიიღო. სტუდენტთა დასაქმების თემა ჩვენთვის მეტად ახალია საქართველოს შრომის ბაზარზე და, ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, ეს სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენს შემდეგ ნომერში ყველას ვიწვევთ ამ თემაზე სადისკუსიოდ.