ინვესტორის მეგზური
თათა თორია
უცხოეთში მოგზაურობისას თუ აქ, საქათველოში უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას მუდამ ისმება მათ მხრიდან კითხვები, რომელიც ძირითადში ეხება ელემენტარულ საკითხებს, საქართველოში ბიზნესის წარმოების ნორმატიულ საკანომდებლო ბაზას. როგორ უნდა გავხსნა არარეზიდენტმა ფირმა, როგორ მივიღო ტენდერში მონაწილეობა რა ეკონომიკური კანონები და რეგლამენტებია საქათველოში და ა. შ.
ამან გვიკარნახა შემოვიღოთ მუდმივი რუბრიკა – ინვესტორის გიდი, სადაც მივაწოდებთ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებულ ბიზნეს სიტუაციაზე ინფორმაციას და წესებს თუ როგორ დაიწყონ დააწარმოონ ბიზნესი აქ, როგორ მოახდინონ ინვესტირება საქართველოში დამოუკიდებლად ზედმეტი ლობირების გარეშე.
საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად მთელი რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. თუმცა სანამ ფირმების სარეგისტრაციოდ საჭირო მოთხოვნებს შევეხებოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საწარმოთა შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები არსებობს:
ინდივიდუალური საწარმო; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი. საწარმოთა აღნიშნული ფორმები, გარდა ინდივიდუალურისა, იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და მათ რეგისტრაციას სასამართლო ანხორციელებს.
საწარმო, როგორც სუბიექტი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება კი აქვს ერთ-ერთ პარტნიორს. პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, ვალდებულნი არიან, ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. ასევე პირი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას, სასამართლოში ტოვებს ხელმოწერის ნიმუშს.
განცხადება სასამართლოში საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით შეიტანება. ის უნდა შეიცავდეს – საფირმო სახელწოდებას (ფორმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს; საქმიანობის საგანს; მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ. ასევე, ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, დაბადების ადგილს, თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს. იმ შემთხვევაში თუU დამფუძნებელი იურიდიული პირია მის საფირმო დასახელებას და რეგისტრაციის მონაცემებს.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გარდა, კომანდური საზოგადოებისთვის დამატებით საჭიროა, განცხადებაში მიეთითოს ყოველი კომანდიტის მიერ შესატანი თანხის ოდენობა და საბუთი, ვინ რამდენი შეიტანა. შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის შემთხვევაში კი საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ. ასევე, ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი; ყოველი დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დოკუმენტები ყოველი დირექტორის დანიშვნისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.
საზოგადოების განცხადებას თან ერთვის შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი (არაფულადი შესატანით დაფუძნებისას);
ფულადი შესატანი, საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას, ნებისმიერ ვალუტაში შეიძლება დაითქვას ან შესრულდეს. შესატანის ნახევარი წესდების ხელმოწერისთანავე უნდა დაიფაროს, თუ წესდება უფრო მეტის შეტანას არ ითვალისწინებს.
სავალდებულო კაპიტალის ოდენობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის სულ ცოტა 2000 ლარს უნდა შეადგენდეს. ხოლო სააქციო საზოგადოებისთვის 15000 ლარს.
აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში სასამართლო ვალდებულია, საწარმო გაატაროს რეგისტრაციაში, შემდეგ კი გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
რეგისტრირებული საწარმო-ორგანიზაციების ან მეწარმე ფიზიკური პირების ბიუჯეტთან ურთიერთობას საქართველოს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.
კოდექსის მიხედვით იურიდიულ პირთა საქმიანობა შემდეგი გადასახადებით იბეგრება: მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, სოციალური გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, აქციზი.
მოგების გადასახადით იბეგრება – საქართველოს საწარმო; უცხოური საწარმო, რომელიც თავის საქმიანობას ქვეყანაში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ანხორციელებს და შემოსავლებს ქვეყანაში არსებული წყაროდან იღებს; ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნები.
საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, დასაბეგრი მოგება. რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და გამოქვითვების თანხებს შორის.
არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას ქვეყანაში, დივიდენდებისა და პროცენტის შემთხვევებში, გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება.
საწარმოები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, მიმდინარე გადასახადის თანხები ბიუჯეტში გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით შეიტანონ. მხოლოდ შემდეგი ოდენობით:
1. არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%;
2. არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%;
3. არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25%;
4. არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25%
გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მიმდინარე გადასახადებს არ იხდის.
საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 20%-ით. გადასახადის დაფარვის თარიღად კი კალენდარული წელი ითვლება.
შემდეგი გადასახადი, რომლითაც დასაბეგრი ოპერაცია და იმპორტი იბეგრება, ესაა დამატებითი ღირებულების გადასახადი.
პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100000 ლარს აღემატება, ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად.
დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურებისა და იმპორტის შემდეგი სახეები – ფინანსური მომსახურების გაწევა; ეროვნული და უცხოური ვალუტის, ფასიანი ქაღალდების მიწოდება და იმპორტი; განძეულობის, ჩამორთმეული ან უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოსთვის მემკვიდრეობით მიღებული საქონლის მიწოდება და იმპორტი; ფიზიკურ პირთა მიერ საქონლის იმპორტი იმ ლიმიტზე ნაკლები ოდენობით, რომელიც დადგენილია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებისთვის; “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი. ასევე გაზისა და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის/მომსახურების მიწოდება; საქონლის ტრანზიტი, რეიმპორტი და დროებით შემოტანა; რეექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი; საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარ-ფაბრიკატების, აგრეთვე ტარა-შესაფუთი მასალის იმპორტი, ფაქტობრივად, ექსპორტირებული მზა პროდუქციის მოცულობის ფარგლებში; საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო საწარმოების მიერ სამუშაოს შესრულება ან მომსახურეობის გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც საქართველოს სახელმწიფო ალმებით ცურავენ; საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი; ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;
დიაბეტური პურის მიწოდება და იმპორტი; ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი აირის იმპორტი და მიწოდება.
ნულოვანი განაკვეთით კი იბეგრება შემდეგი ოპერაციები: საქონლის ექსპორტი, კონკრეტულად კი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება; მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება; საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო-სანავიგაციო, სადისპეტჩერო და საინფორმაციო მომსახურება; ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიციო მომსახურება; აეროპორტების და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება; საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები.
დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის 18% – ს. მის საანგარიშო პერიოდად კალენდარული თვე ითვლება.
დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამი. დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხებს შორის.
ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია – საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციაზე, დასაბეგრ იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებულ იქნება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისთვის.
გადასახადის შემდეგი სახეა აქციზი. მისი გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში თავის მიერ წარმოებულ საქონელზე; პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში თავის მიერ განხორციელებულ იმპორტზე; პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს თავის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე.
აქციზით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია და საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტი. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) საქართველოში წარმოებული საქონლისთვის, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გასაყიდი საქონლის მიმართ, საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით განისაზღვრება (აქციზისა და დღგ-ის გარეშე).
იმპორტირებული საქონლისთვის კი – საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი მოსაკრებლებისა და გადასახადების თანხის ჯამით. (დღგ-ის და აქციზის გარეშე); შავი და ფერადი ლითონების ჯართისთვის – ჯართის წონით; ალკოჰოლური სასმელებისთვის – მათი მოცულობით; თამბაქოს ნაწარმისთვის – ნაწარმის რაოდენობით; ნავთობპროდუქტებისთვის – მათი წონით(მოცულობით); მსუბუქი ავტომობილებისთვის – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;
აქციზის განაკვეთი დიფერენციერებულია საქონლის სახეების მიხედვით. მის საანგარიშგებო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე.
საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები აქციზური მარკის შეძენისას გადაიხდიან აქციზს და აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით.
საქონლის იმპორტისას ან შავი და ფერადი ლითონების ექსპორტისას აქციზის გადახდევინებას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები.
აქციზური საქონლის ექსპორტი იბეგრება ნულოვანი განაკვეთით გარდა შავი და ფერადი ლითონების ექსპორტისა.
აქციზის გადასახადისგან კი გათავისუფლებულია: ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელები; ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი; აქციზური საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე; საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავის იმპორტი საბაჟო ორგანოებისთვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე; “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი და მიწოდება.
რაც შეეხაბა სოციალურ გადასახადს, მის გადამხდელად ითვლება: დამქირავებელი; საწარმო/ორგანოზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გაწეულ მომსახურებას საგასახადო ორგანოში გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს უნაზღაურებს; მეწარმე ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას.
დაბეგვრის ობიექტია ხელფასი. სოციალური გადასახადის განაკვეთი კი დაბეგვრის ობიექტის 20%-ს შეადგენს. გადამხდელის მიერ აღნიშნული გადასახადი გაიანგარიშება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მონაცემები საგადასახადო ორგანოებს წარედგინება.
საგადასახადო სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქონების გადასახადს. საქართველოში ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე: საკუთრებაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი; კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
საქართველოს ან უცხოური საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: საკუთრებაში არსებული მიწა; სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადის განაკვეთი საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1%-ს შეადგენს.
ზოგადად, ასეთია ის საგადასახადო მოთხოვნები და დაბეგვრის განაკვეთები, რომლებსაც საქათველოს საგადასახადო სისტემა ითვალისწინებს.
რაც შეეხება საქართველოში საბანკო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, უნდა აღინიშნოს, რომ სრული პასუხისმგებლობა საბანკო ლიცენზიების გაცემაზე ეროვნულ ბანკს ეკისრება.
საბანკო ლიცენზიის მიღების მსურველი პირი ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს წერილობით. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს: სასამართლოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები; ინფორმაცია ბანკის მმართველებისა და ხელმძღვანელების კვალიფიკაციის, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ; ბანკის ცნობა გაცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ბიზნეს-გეგმა, სადაც სხვა ასპექტებთან ერთად მინიშნებული უნდა იყოს მისი საქმიანობის სახეობა და სტრუქტურული ორგანიზაცია; ბანკის თითოეული პარტნიორის(აქციონერის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი(იურიდიული პირის ადგილსამყოფელი) და საქმიანობა ან პროფესია, რომელიც ფლობს აქციების 5 და მეტ პროცენტს, მისი ოდენობის მითითებით; ასევე ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია ძირითადი კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, ბანკის სათაო დაწესებულებებისა და ფილიალების ადგილ-სამყოფელის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად კომერციულ ბანკებს განუსაზღვრავს განცხადებული და განაღდებული კაპიტალის მინიმალურად აუცილებელ ოდენობას, ასევე ხელშეუხებელი კაპიტალის და რეზერვების შექმნის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკებს ლიცენზიები მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ განაღდებული კაპიტალი განცხადებულის არანაკლებ 50%-ს შეადგენს, მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი წაყენებული მოთხოვნების აუცილებელი დაცვის პირობით. საზედამხედველო (საწესდებო) კაპიტალის მინიმალური ოდენობა კი 12 მილიონი ლარით განისაზღვრება.
არც ერთ ბანკს არ აქვს უფლება, შეამციროს თავისი კაპიტალი და რეზერვები პაის(აქციების) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე.
ბანკი უფლებამოსილია, ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის არა უმეტეს 20%-ის შესაბამის წილს, თუ მისი წილი არ აღემატება თავად ამ ბანკის ხელშეუხებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15%-ს.
რაც შეეხება უცხოეთის ბანკის შვილობილ ორგანიზაციებს და მათ ფილიალებს, ლიცენზიები მხოლოდ მაშინ გაიცემა, როდესაც ბანკი უფლებამოსილია, სათაო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები.
უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო ლიცენზიები განუსაზღვრელი ვადით გაიცემა, თუმცა მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. ლიცენზიებისთვის მოსაკრებელს კი სპეციალური კანონი განსაზღვრავს, რომელიც ყველა ბანკისთვის ერთიანია და ეროვნული ბანკის შემოსავალში ირიცხება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზირების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობის მიღების დღიდან, არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს.