რას გვიმალავს და რას გვეუბნება საქართველოს შესახებ საერთაშორისო რეიტინგები

ალექსანდრა ლალიაშვილი

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყნებში ბიზნეს კლიმატს აფასებს. ჟურნალ ”ფორბსის” რეიტინგში – ”საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისათვის” (Best Countries ფfor Business) საქართველომ 50-ე ადგილი დაიკავა. ”საქართველოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსი და თხილი; მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას; ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, ლითონის, დანადგარებისა და ქიმიკატების მცირე ინდუსტრიული სექტორის წარმოებას.
ქვეყანა მისთვის საჭირო ბუნებრივი აირისა და საწვავის თითქმის მთლიანად იმპორტირებას ახორციელებს, თუმცა სერიოზული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, რის შედეგადაც ელ. ენერგიაზე მოთხოვნას თითქმის სრულად აკმაყოფილებს”, – წერს გავლენიანი გამოცემა.

ფორბსის ინფორმაციით, საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა.

”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების გაძლიერების სტრატეგიის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ევროპასა და აზიას შორის ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაზის, საწვავისა და სხვა პროდუქტების ტრანზიტის თვალსაზრისით”, – ვკითხულობთ ”ფორბსის” მასალაში.

გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2006-2007 წლებში 10%-იან ზრდას აღწევდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უხვი რაოდენობის გამო. თუმცა, აღნიშნული ზრდა შენელდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ.

”ეკონომიკამ გაჯანსაღება 2010-12 წლებში შეძლო, როცა 4%-იანი ზრდიდან 6%-მდე ავიდა, მაგრამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის ლოკომოტივის როლს ასრულებს, ომამდე დაფიქსირებულ რაოდენობას აღარ დაბრუნებია. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელიც მაღალია – 15%-ზე მეტი. ქვეყანა იმედებს თავის ლიბერალური ეკონომიკის კურსის შენარჩუნების, რეგულაციების, გადასახადებისა და კორუფციის შემცირების გზით მეტი ინვესტიციების მოზიდვაზე ამყარებს ჰიდროენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ტექსტლის წარმოების დარგებში”, – დასძენს გამოცემა.

რეიტინგი 145 ქვეყანას მოიცავს. მათ შორის: რუსეთი 91-ე ადგილს, მეზობელი აზერბაიჯანი – 67-ე ადგილს, ხოლო სომხეთი – 64-ე ადგილს იკავებენ. რეიტინგის პირველ ათეულს ირლანდია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, დანია, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, კანადა, ნორვეგია და ნიდერლანდები იკავებენ.

რეიტინგში ყველაზე დიდ წარმატებას საქართველომ 2011 წელს მიაღწია, როცა 11 ნაბიჯით წინ წაიწია და 50-ე ადგილზე მოხვდა. 2012 წელს საქართველოს რეიტინგში პოზიციები არ გაუუმჯობესებია.

2013 წლის რეიტინგი 2012 წლის ეკონომიკურ მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემებს კი საერთაშორისო კვლევითი და სარეიტინგო ორგანიზაციებიდან აგროვებს. მათ შორისაა, Heritage Foundation, World Economic Forum, Transparency International, Freedom House, World Bank, Central Intelligence Agency და Property Rights Alliance.

Doing Business 2014

კვლავ მყარია საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის რეიტინგში. ბოლო ანგარიშში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-8-ე ადგილს იკავებს. ეს არის რიგით მეთერთმეტე რეიტინგი, რომელსაც მსოფლიო ბანკი ამ სათაურით აქვეყნებს. როგორც ბანკის ანგარიშშია მოცემული, 11 წლის წინ განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ბიზნესის კეთების მხრივ ვითარება საგანგაშო იყო. მაგრამ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქვეყნების უმრავლესობაში ვითარება სასიკეთოდაა შეცვლილი. განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობა ნელ-ნელა იხვეწება და უთანაბრდება მაღალგანვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებს.
მსოფლიო ბანკის მიმდინარე წლის ანგარიშში განსაკუთრებითაა ხაზგასმული ის ფაქტი, რომ გაცილებით გამარტივებულია ბიზნესის კეთება არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების, არამედ ადგილობრივი მეწარმეებისთვის.

თუმცა, საინტერესოა, რამდენად აისახება საქართველოს რეიტინგები ინვესტიციების მაჩვენებელში. ფაქტია, რომ საქართველოს ბოლო პერიოდის საინვესტიციო მაჩვენებლებში, საამაყო ბევრი არაფერია.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის III კვარტალში 239 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის II კვარტალის მაჩვენებელს 3 პროცენტით, ხოლო 2012 წლის III კვარტალის მაჩვენებელს 20 პროცენტით აღემატება. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი უკლია 2011 წელს და წინა წლებში არებული მაჩვენებლის გამეორებას.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2011-2013 წლებში.
ცხრილი #1 ასახავს საინვესტიციო ნაკადების კვარტალურ დინამიკას 2011-2013 წლებში. წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის III კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 551 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

1

მართალია, საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება ადვილია, მაგრამ რა ხდება იმ რეიტინგებში, რომელიც ბიზნეს კლიმატის შეფასებას სხვა ფაქტოერბის მიხედვით ახდენს? მაგალითისათვის, K2K News 2012 წლის რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში 15 ყველზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის სიაში ვერ მოხვდა. ინვესტიციების ჩადების კუთხით ბიზნესისთვის ყველაზე მიმზიდველ ქვეყნებად გამოცემამ დაასახელა: პირველ ადგილზე ჩინეთი; მეორე – აშშ, მესამე – ინდოეთი. შემდეგ პოზიციებს იკავებენ – ბრაზილია, პოლონეთი, გერმანია, ავსტრალია, მექსიკა, კანადა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ვიეტნამი, საფრანგეთი, თურქეთი, ჩილე და რუსეთი. რეიტინგის შედგენისას გამოცემამ რამდენიმე ეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის, ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ და სხვა მონაცემები გამოიყენა. რეიტინგი შედგენილია ინვესტიციების გლობალურ ფინანსურ ბაზარზე გადასატანად და ინვესტიციების დივერსიფიკაციისთვის ქვეყნების რისკის მიხედვით.

სპეციალისტთა შეფასებით, ჩინეთში ინვესტორებისთვის მიმზიდველია შანხაის საფონდო ბირჟა, ასევე მიმზიდველია პირდაპირი ინვესტიციები მსხვილ სტრატეგიულ საწარმოებში და მცირე ბიზნესში; აშშ ინვესტორებისთვის საინტერესოა პორტფელური ინვესტიციები; ინდოეთში პირდაპირი ინვესტიციები მცირე ბიზნესში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში და ენერგეტიკაში;
ბრაზილიასა და პოლონეთში საინტერესო პორტფელური ინვესტიციები ბრაზილიური და პოლონური კომპანიების აქციებში; გერმანიაში მიმზიდველია ინვესტიციები სტრატეგიულ და მაღალტექნოლოგიურ წარმოებებში; ავსტრალიაში – პირდაპირი ინვესტიციები მცირე და საშუალო ბიზნესში, ტურიზმის, ტექნოლოგიების და სერვისის სფეროში; მექსიკაში – პირდაპირი ინვესტიციები მცირე ბიზნესში; კანადაში – პორტფელური ინვესტიციები კანადური კომპანიების აქციებში და პირდაპირი ინვესტიციები ტურიზმის და მომსახურების სფეროში; არაბეთის გაერთიანებული ემირატები – პირდაპირი ინვესტიციები ინფრასტუქტურაში და მაღალტექნოლოგიებში; ვიეტნამი – პირდაპირი ინვესტიციები ტურიზმში და მსუბუქ მრეწველობაში; საფრანგეთი – პირდაპირი ინვესტიციები მცირე და საშუალო ბიზნესში; თურქეთი – პირდაპირი ინვესტიციები ტურიზმში, უძრავ ქონებაში, მომსახურების და ტელეკომუნიკაციების სექტორში; ჩილეში – პორტფელური ინვესტიციები ადგილობრივი კომპანიის აქციებში, ფონდებში; რუსეთში – ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, პირდაპირი ინვესტიციების ნედლეულის მოპოვების და წარმოების სექტორში.

2

ამ ჩამონათვალში არსადაა საქართველო, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით კვლავ არ გააჩნია კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, რითაც ის უცხოელი ინვესტორების მიზიდვას შეძლებს.

3

ამჟამად საქართველოს 185 ქვეყანას შორის მე-8-ე ადგილი უჭირავს მსოფლიო ბანკის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს რეიტინგის თანახმად. ამ თვალსაზრისით, ის წინ უსწრებს დიდი ოცეულის (G20) სამ ქვეყანას. ეს აღსანიშნავი მიღწევაა ქვეყნისათვის, რომელმაც მხოლოდ 22 წელია რაც თავი დააღწია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ეკონომიკას. თუმცა, ის, რაც საქართველოს ხდის უცხოური ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყანად, არის მისი ”ინვესტორების დაცვის” კრიტერიუმების მაღალი რეიტინგი, რითაც ის წინ უსწებს ისეთი საერთაშორისო ინვესტორებისათვის მრავალმნიშვნელოვან წარმატებულ პროექტს, როგორიცაა ჩილე, საუდიის არაბეთი და ტაივანი. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მოცემულ კატეგორიაში, ვიდრე ბევრ მსხვილ განვითარებულ ქვეყანას _ იაპონიას, ნორვეგიას და შვედეთს.

საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა მზაობა, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, რისთვისაც დააარსა ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომელსაც დაეკისრა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობის გაორმაგება 2 მილიარდ დოლარამდე. თუმცა ეს გეგმა საკმაოდ ამბიციურია, ის არავითარ შემთხვევაში არ არის არარეალისტური, რადგანაც რიგმა ინვესტორებმა უკვე გამოხატეს დაინტერესება. უფრო მეტიც, ეს ინვესტიციები დიდწილად იქნება კონცენტრირებული იმ სექტორებზე, სადაც საქართველოს წარმატების ისტორია აქვს: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი.

ჰიდროელექტროენერგია – სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ჰიდროელექტროენეტგიაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებს სრული პოტენციალის მხოლოდ ნაწილს. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნისა და მეზობელ თურქეთში გამუდმებული ელექტროდეფიციტის მიზეზით, ამ სექტორის პრივატიზაციით დაინტერესდნენ რიგი უცხოელი ინვესტორები.

ტრადიციული ენერგეტიკა – იყო დრო, როცა საქართველო აწარმოებდა 20000 ბარელ ნავთობს დღეში, რომელიც ამოღებული იყო ზემო იურული პერიოდის ქანებიდან. თუმცა, საბჭოთა კავშირის პირობებში მენეჯმენტში დაშვებული შეცდომების გამო, ქანების ამ შრის პოტენციალი თითქმის მთლიანად ამოიწურა. ასე რომ, აუცილებელია ახალი ჭაბურღილები სხვა ქანებიდან ნავთობის მოსაპოვებლად. საქართველოს რთული გეოლოგიური ფორმაციების გამო მსხვილი ინვესტორები წარსულში ერიდებოდნენ ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სფეროში. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მსგავსი გეოლოგიური ფორმაციებში ჭაბურღილების დაყენების წარმატებულმა პრეცედენტმა მომავალ ინვესტორებში ინტერესი გააღვივა. უფრო მეტიც, მოპოვებული ნავთობის ევროპის ბაზარზე (100 დოლარი/ბარელი) გაყიდვის პოტენციალის გათვალისწინებით, არსებობს მნიშვნელოვანი დადებითი მხარეების საკმარისი რაოდენობა, რათა გადაწონოს პოტენციური რისკები.
სოფლის მეურნეობა _ საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტიზაცია ინვესტიციების თვალსაზრისით და რიტორიკას ინვესტორებისათვის მიმზიდველი ფინანსური შეღავათებიც დაურთო.

ტრანსპორტი – საქართველოს ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე აძლევს მას საშუალებას, გახდეს აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ცენტრი. თუმცა უკანასკნელ წლებში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ხარვეზები ამ ინფრასტრუქტურაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გააქტიურება საკმარისია შემდგომი ინვესტიციების წასახალისებლად. გარდა ამისა, იგეგმება აზერბაიჯანიდან ევროპისაკენ მიმავალი მილების მშნებლობა და, როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, იქცეს წამყვან რეგიონულ ცენტრად.

საინვესტიციო საწარმოო პრობლემები საქართველოში

იმ ფაქტორებთან ერთად, რაც საქართველოში საწარმოო პროცესს მიმზიდველს ხდის, არის მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელიც ჯერ კიდევ დიდად უშლის ხელს ქვეყანაში წარმოების განვითარებას. მათ შორის: ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, ინოვაციების სიმცირე და შესაბამისი სამეწარმეო უნარებისა და განათლების დაბალი დონე.

4

მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც საქართველოში მეწამეობის განვითარებას ეხება (საუბარია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე), ნათქვამია, რომ, გამოკვლეულ საწარმოთა 62%-ის დამფუძნებელი ერთი ადამიანია, მათგან 20%-ია ქალი. კვლევაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური დარგების საწარმოების დამფუძნებელთა დიდი ნაწილია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მფლობელი, სხვა შემთხვევაში დამფუძნებლები, ძირითადად, განათლების უფრო დაბალი საფეხურით ხასიათდებიან. საწარმოთა დამფუძნებლების განათლების საერთო დონის მიხედვით საქართველო ჩამორჩება სომხეთის მაჩვენებელს. საქართველოში საწარმოთა დაამარსებლების 44%-ს ბაკალავრის დიპლომა აქვს, 32%-ს ტექნიკური განათლება.

5

გამოკვლეულ კომპანიაში დასაქმებულების საშუალო რაოდენობა 12 კაცია, ყველაზე მეტი 220 დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 90%-ს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არანაირი მარკეტინგული კვლევა ბაზართან დაკავშირებით არ ჩაუტარებია და არც მომავალში აპირებს, მაშინ როცა სომხეთში კომპანიების 50% ბაზარში შესვლამდე ბაზრის საფუძვლიან კვლევებს ატარებს. როგორც მცირე მეწარმეთა გამოკითხივიდან ირკვევა, საქართველოში მათთვის მთავარი პრობლემებია საბაზრო რისკებთან და ტექნიკურ რისკებთან დაკავშირებული გაურკვევლობები და დასაქმებულთა კვალიფიკაციის დაბალი დონე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 7%-მა თქვა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში ცდილობდა რაიმე ინოვაცია დაენერგა ბიზნესის წარმოების დროს. სომხეთში კი ეს მაჩვენებელი 67%-ია. ინოვაციების დანერგვა კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნომერ პირველი წინაპირობაა.

საქართველოსათვის ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. საქართველოში დამფუძნებელთა 90% ბიზნესს საკუთარი სახსრებით იწყებს, მხოლოდ 20% იწყებს საქმიანობას სრულად ბანკის ან ბანკისა და საკუთარი სახრებით ერთად. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საგადასახადო სისტემის სირთულე. მეწარმეებს უჭირს ცვლილებებისთვის თვალის დევნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხოლოდ 2011 წელს საგადასახადო კოდექსში 285 ცვლილება შევიდა, 2012 წელს კი 135. ამიტომაც ურჩევენ ექსპერტები მთავრობას მეტ სტაბილურობას საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებაში.

ნებისმიერ საერთაშორისო კვლევაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს კვლევას ეხება, განათლების დაბალი დონე ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად სახელდება. საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას კერძო სექტორის განვითარების პრობლემა. 2003-2011 წლებში საქართველოს მშპ-ს ზრდის 60-70% ვაჭრობაზე მოდის. მაღალია უმშევრობის დონეც, რომელიც აჭარბებს როგორც მეზობელი ქვეყნების უმეტესობის დონეს, ისე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელს 7%-ს.
დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორისაა. ფორმალურად დასაქმებულია სამუშაო ძალის მხოლოდ 30%. თვითდასაქმებულია 64%. ამასთანავე, ”უმუშევართა შორის აბსოლუტური უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს. მაგრამ ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მიუხედავად, აღინიშნება სამუშაო უნარების და კომპეტენციის დაბალი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი უფსკრულია განათლების სისტემასა და რეალურ სექტორის საჭშიროებებს შორის” – ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ ანგარიშში.

საქართველოში ძალიან მაღალია ეკონომიკის არაფორმალური სექტორის წილიც. 2002 წელს საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მშპ-ს მთლიან მოცულობაში 67.3% იყო, მაშინ როცა ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 23%-ს შეადგენდა. მართალია, 10 წლის მანძილზე არაფორმალური ეკონომიკის წილი შემცირდა 2010 წელს 22%-იან მაჩვენებლამდე, ეს მაინც არასახარბიელო მაჩვენებელია. ამჟამად საქართველოში მცირე მეწარმეთა რიცხვი დაახლოებით 85 000-ია. თბილისში თითოეული ასეთი ბიზნესმენის დაქვემდებარებაში საშუალოდ 7-მდე, ხოლო რაიონებში 4-მდე თანამშრომელი საქმიანობს. ყურადსაღებია, რომ ზემოთ ნახსენები 85 000 მეწარმიდან 35 000 იხდის გადასახადებს. რიცხვებს შორის ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ”ჩრდილოვანი” და ”რუხი” ეკონომიკის არსებობაა.

ამასთანავე, ექსპერტთა შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის სერიოზული პრობლემა იყო, რამაც უცხოური ინვესტიციების შემცირებას ასევე შეუწყო ხელი. ეკონომიკის სამინისტრო ელოდება ინვესტიციების ზრდას ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეკონიმიკის ახალი მინისტრის აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება 30-ზე მეტ ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ”იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელიც გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით, წინა ხელისუფლებამ 32 ქვეყანასთან შეაჩერა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეს ქვეყნები დღეს ელოდებიან მოლაპარაკების განახლებას”.

რიგ პრესტიჟულ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების მიუხედავად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში საწარმოო განვითარების კუთხით კვლავ ბევრი პრობლემაა. შეძლებს თუ არა ”ქართული ოცნების” მთავრობა ახლა უკვე ერთპიროვნული მმართველობის პირობებში აღნიშნული პრობლემების მოგვარებას და არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას?