წვრილმანი გასამრჯელოს ინსტიტუტი
ავთანდილ ჩიტიძე
არც ისე დიდი ხნის წინ, სოციალისტურ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში მომსახურებისათვის ზედმეტი გასამრჯელოს “ჩაევიეს” გადახდა მიუღებლად ითვლებოდა. საბჭოთა გამყიდველი ან სხვა მომსახურე პერსონალი გვარიანად გამოგლანძღავდათ, თუ მას ხურდას დაუტოვებდით ან მის მომსახურებაში ზედმეტს გადაიხდიდით. რუსულ ლექსიკონში სიტყვა “ჩაევიეს” შემდეგი განმარტება აქვს: თანხა, რომელიც გადაიხდება პატარ-პატარა მომსახურებისათვის, მაგალითად, ჩაის მიტანისათვის.
სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი რუსული სახელწოდებაც. ვრილმან გასამრჯელოს გარკვეულ წრეებში უხეშ ტონად თვლიან. თუმცა, მასზე უარს, ალბათ, არასდროს იტყვიან: მიმტანები, მძღოლები, პორტიეები და სხვანი. წვრილმანი გასამრჯელო არის წამახალისებელი პრემია, რომელსაც უხდიან პიროვნებას დამატებითი მომსახურებისათვის ან გაწეული სამსახურის კარგად შესრულებისათვის. წვრილმანი გასამრჯელოს ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში დიდად არის გავრცელებული. მიუხედავად ამისა, მაინც იქმნება დისკუსიები თემაზე: რამდენად სწორია, როდესაც ადამიანი ზედმეტად იხდის ფულს? ამ ინსტიტუტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ წვრილმანი ზედმეტი გასამრჯელო კორუფციის წყაროა, მეორენი კი თვლიან, რომ წვრილმანი გასამრჯელო ადამიანს თავის პროფესიას აყვარებს და ცდილობს, რაც შეიძლება კარგად, ხარისხიანად შეასრულოს თავის თავზე დაკისრებული ამოცანა.
ქართველებს განსაკუთრებით მოგვწონს წვრილმანი გასამრჯელოს გადახდა, ამის ბრწყინვალე მაგალითია ფილმ “მიმინოში” მოყვანილი ეპიზოდი, როდესაც მიზანდარი 6 კაპიკიან კაკაოს იღებს და 10 კაპიკს იხდის, თან ამატებს, ხურდა საჭირო არ არისო. ქართველი მამაკაცის ხასიათში ფულის ფლანგვა და მომსახურებისათვის ზედმეტის გადახდა საკმაოდ მყარად ზის. ამ თვისებამ განსაკუთრებული გასაქანი ისევ და ისევ საბჭოურ პერიოდში ჰპოვა. მოსკოვში ჩასული ქართველი მამაკაცები რესტორანში შესვლისთანავე ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ. რუსი მიმტანები კი დიდი მონდომებით ემსახურებოდნენ ქართველ მომხმარებლებს, რადგან მათ საკმაოდ სოლიდური ფულადი საჩუქარი, ანუ “ჩაევიე” გარანტირებული ჰქონდათ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წვრილმანი გასამრჯელოს ინსტიტუტის ფუძემდებლები ქართველები არიან. მას ფეხი ევროპაშიც მყარად აქვს მოკიდებული. ხშირად დიპლომატებსაც უხდებათ ამ, ერთი შეხედვით, არასასიამოვნო ჟესტის გაკეთება. და მაინც, ხშირად საქმიანი მამაკაცების წინაშე დგება გაურკვეველი სიტუაცია, საჭიროა თუ არა წვრილმანი გასამრჯელოს გადახდა, ხომ არაა რომელიმე ქვეყანაში ამის გაკეთება ეთიკას მოკლებული?
წვრილმანი გასამრჯელო ორმაგ დატვირთვას ატარებს. ერთი მხრივ, როცა იხდით დამატებით გასამრჯელოს ხაზს უსვამთ, რომ კმაყოფილი ხართ მომსახურებით. მეორე მხრივ, გსურთ, ხაზი გაუსვათ თქვენს გულუხვობას, რომ ხელქვეითები ფეხქვეშ დაგეგონ. ეს ჟესტი სათავეს მე-18 საუკუნიდან იღებს. თუმცა, რაიმე ოფიციალური ცნობები ისტორიაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის სამეფო კარზე ყოველთვის იყო მიღებული. ამა თუ იმ მონას დავალების შესრულების შემდეგ დამატებით, წამახალისებელ გასამრჯელოს უხდიდნენ. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ წვრილმანი გასამრჯელოს ინსტიტუტი ბევრად ადრეულ საუკუნეებში ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. თუ შაჰი კმაყოფილი იყო ამა თუ იმ მონის მოტანილი ამბით ან დავალების შესრულებით, მაშინ იგი ოქროს ქისით ასაჩუქრებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კვეთდა. საქართველოში მაჰმადიანთა თარეშისა და ბატონობის პერიოდში ეს ჩვევა ჩვენს სამეფო კარზეც დამკვიდრდა. იმ განსხვავებით, რომ ცუდი ინფორმაციის მოტანის შემთხვევაში თავს არ კვეთდნენ, უბრალოდ, თვალებს უბრიალებდნენ.
თანამედროვე მამაკაცი ვალდებულია, რესტორანში, სასტუმროში, ავტოგასამართ სადგურზე, ავტოსადგომებსა და სხვა ამგვარ ადგილებში მომსახურებისათვის წვრილმანი ზედმეტი გასამრჯელო გადაიხადოს. ის კატეგორია, რომელსაც ზედმეტ გასამრჯელოს უხდით, აღების დროს უხერხულობას სულაც არ განიცდის.
წვრილმანი გასამრჯელოს
გადახდის წესები
ზედმეტი საფასურის გადახდა შეიძლება სამრეცხაოშიც მოგიხდეთ, სადაც გაქათქათებულ თეთრეულს გახვედრებენ. არ არის მისი გადახდა საჭირო სტიუარდესებთან ურთიერთობისას, სხვადასხვა დაწესებულებებში რეგისტრაციის გავლისას, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. ასევე ამგვარი გადასახადის გადახდაზე უარი შეიძლება თქვათ კაფეში, მუსიკოსების მომსახურებაში და ასე შემდეგ. თუ მეგარდერობე დაგეხმარათ პალტოს ჩაცმაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ზედმეტი უნდა გადაუხადოთ დამატებითი მომსახურებისათვის. საერთოდ ზედმეტი, დამატებითი გადასახადის გადახდა მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივაა. ქალის მხრიდან ამგვარი ჟესტი მიუღებელია. ამიტომ თუ თან მანდილოსანი გახლავთ, წვრილმანი გასამრჯელოს გადახდა თქვენ მოგიწევთ. თუ თქვენ ბევრს მოგზაურობთ, გაითვალისწინეთ იმ ქვეყნების წესები, სადაც მიდიხართ, რადგან ის, რაც ჩვენს ქვეყანაშია მიუღებელი, შეიძლება რიგ ქვეყნებში შეურაცხმყოფელიც იყოს.
როდის არ უნდა გადაიხადოთ
ზოგიერთ სიტუაციში, თუ თქვენ გულუხვობას გამოიჩენთ და წვრილმან გასამრჯელოს გადაიხდით, შეიძლება დაცინვის ობიექტი გახდეთ. თუ რესტორანში არ მოგეწონათ მომსახურე პერსონალის ყურადღება და მათი მომზადებული კერძი, შეგიძლიათ ისინი წვრილმანი გასამრჯელოს გარეშე დატოვოთ. თუ არ ხართ კმაყოფილი სასტუმროში პორტიეს მომსახურებით, მაშინ შეგიძლიათ, რომ წვრილმანი გასამრჯელოს გადახდის ნაცვლად მას საჩივრის წიგნი მოსთხოვოთ.
წვრილმანი გასამრჯელო სასტუმროებში
პორტიეს ავტომობილიდან ბარგის გადმოტანაში უცხოეთში 1 დოლარი უნდა მისცეთ. ტაქსის გამოძახებაში მომსახურების ფასს ემატება 50 პროცენტი. ასევე ერთი დოლარის გადახდა მოგიწევთ, თუ შვეიცარმა კარი გაგიღოთ ღიმილით. ბელმენს (მორიგე, რომელიც თქვენს თხოვნას ასრულებს) ტაქსის გამოძახებაში ერთი დოლარი უნდა გადაუხადოთ.