მსოფლიო ეკონომიკას 2007 წელს ვარდნა ელოდება
რედაქციისაგან
მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2006 წლის ბოლოს რეკორდულ მაქსიმუმს – 5.1% მიაღწევს და 2007 წელს კი 4%-მდე დაეცემა. ეკონომიკის ზრდის შემცირება დაიწყება აშშ-დან. პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შემცირდება მშენებლობა, სამუშაო ადგილების ზრდის და მრეწველობის ზრდის მაჩვენებლები. მეტად არასახარბიელო პროცესები განვითარდება იაპონიაში, სადაც ზრდამ შეადგინა 0% და აზიის ქვეყნებში – ჩინეთის გარდა 1.4-1.9%.
2007 წლის ძირითადი ორიენტირები იქნება:
– სუსტი დოლარი, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში უმნიშვნელო გამყარების მიუხედავად, მაინც სერიოზულად გაუფასურდა 2006 წლის განმავლობაში;
– სირთულეები აშშ-ის ეკონომიკაში, ნოემბერ-დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებლის დამაკმაყოფილებელი დონის და პროგნოზთან მიმართებაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად. ამასთან სამშენებლო ბიზნესის ზრდის მაჩვენებელი სავალალოდ ეცემა, რაც 2007 წელს სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. სამრეწველო წარმოების ზრდის მაჩვენებელი, წლის ბოლოს წარმოების დადებითი ტენდეციების მიუხედავად, კვლავ რეკორდულად დაბალ დონეზე იქნება;
– სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და სავაჭრო ბალანსის სავალალო სიტუაცია და ბიუჯეტის არნახული დეფიციტი საფრთხეს უქმნის ვალუტის კურსს და ეკონომიკის ზრდას;
– ევროპის ეკონომიკის ზრდა ევროს არნახული გამყარების მიუხედავად დოლარის მიმართ და ამასთან დაკავშირებული საექსპორტო პრობლემები;
– ნავთობის ფასების ცურვა 55-65$ ფარგლებში ბარელზე, ეს ტენდენცია მომდევნო წელსაც შენარჩუნდება;
– ლითონზე, ფერად ლითონებზე და ძვირფას მეტალებზე ფასების მაღალი დონის შენარჩუნება, ძირითადად ჩინეთის მოხმარების ზრდის ხარჯზე;
ბანკ “მორგან სტენლის” ანალიტიკოსთა აზრით, მომავალ წლებში განმეორდება 1978-86 და 1997-2000 წლის მოვლენები, როდესაც მოთხოვნა და ფასიც დაეცა. ყველა პროგნოზით, მომავალ წლებში – 2011 წლამდე დღეში 11.5 მილიონი ბარელით გაიზრდება და ამ შემთხვევაში ნავთობის მიწოდება თუ მხოლოდ 8.6 მილიონი ბარელით გაიზრდება, ფასი 70 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო თუ მიწოდება დღეში 12 მილიონით გაიზრდება, მაშინ ფასი 40 დოლარი გახდება.
მოხმარების ზრდაზე 2007 წელს ძირითადად იმოქმედებს ჩინეთის მოხმარების ზრდა, რაც ყოველ წელს იზრდება და ის მესამე ადგილზეა აშშ-ის და ევროგაერთიანების შემდეგ. მისი მოხმარება დღეში 7 მილიონ ბარელს მიუახლოვდა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2007 წელს 16%-ით გაიზრდება, ასევე მოსალოდნელია ინდოეთში ნავთობის მოხმარების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპეკმა შეამცირა ნავთობის მოპოვება ჯამში 2 მილიონი ბარელით დღეში, ეს არ იქონიებს დიდ გავლენას ნავთობის ბაზარზე. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ანგოლა შეიერთა კარტელმა, მისი გავლენა მსოფლიო ნავთობის ფასებზე მაინც მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი – ოპეკის წევრები მსოფლიო მოპოვების 30 % -ს აკონტროლებენ, მათი ზეგავლენა დღითიდღე მცირდება, რადგან მისი წევრები მუდამ არღვევნ შეთანხმებას. ამასთან პროამერიკული საუდის არაბეთი, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშეა კარტელში და ირანი, რომელიც ამერიკის ძირითადი მოწინააღმდეგეა, ბუნებრივია, ერთნაირ პოლიტიკას ვერ განახორციელებენ. ამას ემატება ჰუგო ჩავესი და ბოლივია. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ნავთობი გაიაფდება, ამ დარგში ინვესციტიები არ იქნება მიმზიდველი და მოპოვება შემცირდება. აქედან გამომდინარე, ძირითად მომხმარებლებს არ აწყობთ ფასის დაგდება, რადგან ისინი ძირითადი ინვესტორები არიან.
ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ მომხმარებლებსაც და მომპოვებლებსაც აწყობთ ნავთობზე მაღალი ფასი. ეს არის იმის გარანტი, რომ 2007 წელს ნავთობზე ფასები არ შემცირდება.
ერთადერთი აქ არის ის, რომ ნავთობის ფასების გამო არნახულად გაძლიერდა რუსეთი და ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებასაც. უფრო მეტიც, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა 2007 წელს უფრო მეტად დაიძაბება, ვიდრე ეს იყო ცივი ომის ხანაში. მაგრამ ამ კომპანიის წარმოების ეკონომიკური ძალა აშშ-ის არა აქვს და ალბათ არც სურვილი ექნება 2007 წელს და ამიტომაც ნავთობის ფასი 55-65 შორის იმოძრავებს. ამას ჩინეთიც დაეხმარება, რომლის ეკონომიკა სულ უფრო ენერგოტევადი ხდება და ამით თვითონვე უბიძგებს ფასების ზრდას.
ნავთობს მიჰყვება გაზი და მასზე ფასი ევროპისათვისაც იქნება 300-340 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე, ასევე საქართველოსათვის – 230-250 დოლარი. გაზისმიწოდების 25%-ს ევროპაში რუსეთი აკონტროლებს, უფრო მეტიც, ძირითადი მილსადენებიც მის ხელშია და ის ცდილობს კარტელის შექმნასაც. აქედან გამომდინარე, არც გაზის ფასების დაცემაა მოსალოდნელი. ასე რომ, 2007 წელი ძვირი ენერგომატარებლების წელი იქნება
მსოფლიოში ძვირფასი ლითონების ფასი მაღალ ნიშნულზე იქნება შენარჩუნებული. 2007 წელს ძირითადი ექსპერტების პროგნოზებია:
ოქრო – 600-650 დოლარი უნციაზე;
პლატინა – 1100-1125 დოლარი უნციაზე;
პალადიუმი – 320-344 დოლარი უნციაზე.
ძვირფასი ლითონების ფასის ასეთ მაღალ დონეზე შენარჩუნება დაკავშირებულია დოლარის ფასის ზრდასთან და ნავთობის ფასთან.
გლობალიზაცია: მომდევნო ტალღა
მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2007 წელს
როგორი იქნება მსოფლიო 25 წლის შემდეგ?
წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ეკონომიკის მთავარ წარმმართველ ძალას განვითარებადი ქვეყნები ფლობენ.
წარმოიდგინეთ ისეთი მსოფლიო, სადაც მსყიდველობითუნარიანობა განვითარებად ქვეყნებზეა დამოკიდებული – საშუალო კლასის წარმომადგენელ 1.2 მლრდ ადამიანზე.
გარდა ამისა, წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც დღეში ერთ დოლარზე ნაკლებშემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა 1.1 მლრდ-დან 550 მლნ-მდე შემცირდა და განვითარების ასეთ საფეხურზე მსოფლიო ბანკი აკეთებს მოხსენებას თემაზე: “2007 წლის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები: გლობალიზაციის მომდევნო ტალღის მართვა.”
განვითარებადი ქვეყნების ზრდა
მოხსენების ძირითადი ავტორი და სავაჭრო ურთიერთობების დეპარტამენტის ეკონომიკური მრჩეველი რიჩარდ ნიუფარმერი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები მიმდინარე ტენდენციის ლოგიკური გაგრძელებაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდა პროგრესს განიცდის, მისი შენარჩუნება კი ხანგრძლივი ვადითაა მოსალოდნელი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს თიმერი აცხადებს, რომ მათი გათვლების თანახმად, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა მიმდინარე წელს 7%-ით გაიზრდება, ხოლო 2007-2008 წლებში კი 6%-ს გადააჭარბებს, რაც ორჯერ მეტად აღემატება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპს. თიმერი დასძენს, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების მაღალ ტემპში ზრდა უკვე მესამე წელია შენარჩუნებულია და მოსალოდნელია მათი გაძლიერებაც, რაც ბევრი ქვეყნის აქტიურობით არის გამოწვეული და არ არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სწრაფი განვითარების შედეგი.
სიღარიბესთან ბრძოლის პროგრესები
რიჩარდ ნიუფარმერის აზრით, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალის მფლობელნი სწორედ განვითარებადი ქვეყნები გახდებიან. მას დამამტკიცებელ საბუთად მსოფლიო ბანკის გათვლები მოჰყავს, სადაც 2030 წლისთვის მსოფლიო ვაჭრობაში განვითარებადი ქვეყნების წილი თითქმის 50%-ს მიაღწევს, რაც მიმდინარე წლის მონაცემებთან შედარებით (30%), შთამბეჭდავი მაჩვენებელია, ხოლო განვითარებადი ქვეყნების წილი მსოფლიო მშპ-ში შესაძლოა 60% გახდეს, რის საფუძველსაც მსყიდველობითუნარიანობის გამოთვლები იძლევა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 25%-დან 8%-მდე შემცირდება უკიდურესი სიღარიბის დონეც. გამწვავებული მდგომარეობაა არაკვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ური დადუში აცხადებს, რომ არაკვალიფიციური მუშაკები მუდმივად პრობლემებს აწყდებიან, რაც მათ დასაქმებასა და ხელფასებს ეხება.
თუ გლობალური მასშტაბებით განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობის დონე შემცირდება, შეიძლება ქვეყნების შიგნით უთანასწორობის პრობლემამ იჩინოს თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა გამონახოს გზები იმ მუშაკების დასახმარებლად, რომლებიც შეიძლება არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მათ ახალ პირობებთან ადაპტაცია არ გაუძნელდეთ.
აფრიკა საფრთხეში
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მაჩვენებლები ბოლო ხანებში გაუმჯობესდა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ გლობალიზაციის მომდევნო ტალღაზე გადასვლა განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს გაუჭირდებათ. მონაცემების მიხედვით, რეგიონში 2006 წელს ზრდამ 5.3% შეადგინა, ხოლო სიღარიბის მასშტაბები მცირდება, მაგრამ წინსვლის საერთო დონე კვლავ ძალიან დაბალია. მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ახალგაზრდების სიჭარბე მიგვანიშნებს, რომ აფრიკის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი უცვლელი დარჩება, გათვლების მიხედვით კი აფრიკის ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 2030 წლისთვის შეიძლება გაორმაგდეს.
მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება
მოხსენებაში გამოკვეთილადაა აღნიშნული, რომ გლობალური ეკოლოგიური საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ზრდისა და გლობალიზაციის შედეგად მიღებულ კეთილდღეობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. გამოყოფილია სამი სფერო – კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილება, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა და მსოფლიოში თევზის მარაგების კლების წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს.
ინფლაცია კვლავ ემუქრება
მსოფლიო ეკონომიკას
მსოფლიო ეკონომიკას კვლავ ინფლაციური ზემოქმედება ემუქრება. ამ დასკვნის საშუალებას იძლეოდა გასულ კვირას ჩატარებული FOMC Fed-ის სხდომის შედეგების ანალიზი, ასევე ინფლაციური მონაცემები ევროზონიდან. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ფასების ზრდის ტემპი მიუღებლად მაღალ დონეზე რჩება და მიუხედავად ენერგომატარებლებზე ფასის ვარდნისა, ინფლაცია კვლავ იზრდება. ამ შემთხვევაში ევროპის ცენტრალური ბანკი არასახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ერთის მხრივ, ფასები მატულობს, ეკონომიკის აღმავლობის ფონზე კი გზა ეხსნება განაკვეთების ზრდას. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების დიფერენცირებული შევიწროება ევროპასა და აშშ-ის შორის, იწვევს ევროს სწრაფ ზრდას დოლართან მიმართებაში, ეს კი სწრაფად და ნეგატიურად მოქმედებს ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე. ამ პირობებში ევროპის ცენტრალური ბანკი უნდა შეებრძოლოს ინფლაციას, მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ ზრდას და ამასთან არ დაუშვას ევროს გამყარება, რაც არც ისე იოლია. ფედერალური სარეზერვო სისტემა უფრო იოლი ამოცანის წინაშე დგას: სუსტი დოლარი – ეს უბედურება არ არის, ეკონომიკა – დამაკმაყოფილებელია, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა – ისევ და ისევ ძირითად ამოცანად რჩება.
მაკროეკონომიკური სიახლეები –
ახალი ამბები
აშშ: ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში დატოვოს წლიური 5,25% -ის დონეზე. 24-25 ოქტომბრის სხდომაზე FOMC მა ასევე ცვლილებების გარეშე დატოვაovernightის საბაზო პროცენტული განაკვეთი.
წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები აშშ-ში 2006 წლის ნოემბერში არ შეცვლილა. ეს მონაცემები გამოაქვეყნა აშშ-ის შრომის სამინისტრომ. დაზუსტებული მონაცემებით, ამა წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასებმა გარდა საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასებისა, 0,5%-ით იკლო.
2006 წლის ოქტომბერში აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 8,4 %-ით შემცირდა სექტემბრის თვესთან შედარებით და 58,9 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები გამოაქვეყნა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ. ანალიტიკოსები სავაჭრო ბალანსის დეფიციტის უფრო მნიშვნელოვან – 63 მლრდ დოლარამდე შემცირებას ვარაუდობდნენ. აშშ-ის იმპორტის მოცულობამ ზემოაღნიშნულ პერიოდში 182,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 123,6 მლრდ დოლარი.
ევროზონა: დაზუსტებული მონაცემებით, ერთიანი ევროპული ვალუტის ბრუნვის ზონაში ინფლაციამ 2006 წლის ნოემბერში, წლიური გამოთვლებით, 1,9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი აღემატება ადრე გამოქვეყნებულ მაჩვენებელს – 1,8%-ს. 2005 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონე ევროზონაში 2,3% უდრიდა.
სამრეწველო წარმოების მოცულობა ერთიანი ევროპული ვალუტის (ევროს) ბრუნვის ზონაში 2006 წლის ოქტომბერში 0,1 %-ით შემცირდა სექტემბერთან შედარებით. 2006 წლის ნოემბერში, აგვისტოსთან შედარებით, სამრეწველო წარმოება ევროზონაში 1,1 %-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც აგვისტოში ეს მაჩვენებელი ივლისთან შედარებით, 1,6 %-ით გაიზარდა.
იაპონია: იაპონიაში სამრეწველო წარმოების მოცულობა, წლიური გაანგარიშებით, 2006 წლის ოქტომბერში 1,6 %-ით გაიზარდა. ეს მონაცემები შედარებით მაღალია, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ისინი ელოდებოდნენ ოქტომბრის მონაცემების 0,4 %-მდე შემცირებას. წარმოება იაპონიაში 2006 წლის სექტემბერში 0,7 %-ით შემცირდა, აგვისტოში კი 1,8 %-ით გაიზარდა.
იაპონიის საგადასახადო ბალანსის პროფიციტი 2006 წლის ოქტომბერში, წლიური გაანგარიშებით, 5,2%-ით გაიზარდა და 1.515 ტრლნ იენი (12,97 მლრდ დოლარი ) შეადგინა. ოქტომბრის თვეში ექსპორტის მოცულობა 7 %-ით გაიზარდა, პირველ რიგში, იაპონური ავტოინდუსტრიის დახმარებით. ოქტომბრის მონაცემებით, იმპორტი 17,1 %-ით გაიზარდა. შეგახსენებთ: 2006 წლის სექტემბერში იაპონიის საგადასახადო ბალანსის პროფიციტი 9,4 %-ით გაიზარდა და 2,02 ტრლნ იენი (17,18 მლრდ დოლარი) შეადგინა.
დიდი ბრიტანეთი: 2006 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში, 2005 წელთან შედარებით, საწარმოო ფასები 1,8%-ით გაიზარდა. 2006 წლის ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ფასები არ შეცვლილა. ოქტომბერში ფასები, წლიური გამოთვლების მიხედვით, 1,7%-ით გაიზარდა.
საცალო გაყიდვების მოცულობა დიდ ბრიტანეთში 2006 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა. 2005 წლის ნოემბერთან შედარებით, საცალო გაყიდვების მოცულობა ამა წლის ნოემბერში 3,2 %-ით გაიზარდა. დაზუსტებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2006 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა.
2006 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ნოემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 2,7 %-ით გაიზარდა. 2006 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ინფლაციამ დიდ ბრიტანეთში 2,4 % შეადგინა.
ჩინეთი: სამრეწველო წარმოების მოცულობა ჩინეთში 2006 წლის ნოემბრის მონაცემებით, 14,9%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ციფრს – 793,6 მლრდ იუანს (101 მლრდ დოლარი) უდრის. 2006 წლის იანვრის თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით სამრეწველო წარმოების მოცულობა ჩინეთში, 2005 წელთან შედარებით, 16,8 %-ით გაიზარდა.
ინგლისში ფასებს ვარდნა არ სურთ
დეკემბერში ინგლისის ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით გაიზარდა. ეს გამოიწვია ბოლო დროს ქვეყანაში ფასების საერთო დონის მნიშვნელოვანმა ამაღლებამ, მაგრამ ინფლაცია არ თმობს პოზიციებს: ნოემბერში მისი ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ ზღვარს. ეს ქვეყნის მონეტარულ ხელისუფლებას იძულებულს გახდის საპროცენტო განაკვეთები მომავალი წლის დასაწყისში გაზარდოს.
ნაციონალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ დიდ ბრიტანეთში ამა წლის ნოემბერში 2,7 % შეადგინა.
1997 წლის იანვრიდან ეს არის ინფლაციის ტემპის მაქსიმალური მაჩვენებელი.
ინგლისის ბანკის ბოლო სხდომაზე რაჩელ ლომაკსი და დევიდ ბლენჩფლაუერი განაკვეთის ზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ გამოქვეყნებული მონაცემები კომიტეტის ამ წევრებსაც შეაცვლევინებს პოზიციას. თუ ინფლაციის ტემპი არ შემცირდება ინგლისის ბანკის მიერ დადგენილ ზღვრამდე, მომავალი წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთმა შეიძლება მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომელზეც აშშ-ის overnight-ის განაკვეთია.
ინფლაცია კვლავ ხელს უშლის ფედერალურ სარეზერვო სისტემას
ფედერალური სარეზერვო სისტემა დაჩქარებულად რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მონეტარული პოლიტიკის სფეროში არ ითვალისწინებს. აშშ-ში პროცენტული განაკვეთი უკვე მეოთხეჯერ რჩება უცვლელი. ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარეები აღიარებენ, რომ ამ დროისთვის ამერიკის ეკონომიკა უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ერთი თვის წინ. ამ ვითარებაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება 2007 წლის პირველ კვარტალში სულ უფრო სარწმუნო ხდება. მონეტარული პოლიტიკის გამწვავებაში “შეყოვნება”, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის კომიტეტმა გადაწყვიტა, უკვე 4 სხდომის მანძილზე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ანალიტიკოსები მოუთმენლად ელიან სხდომის შედეგების კომუნიკეს, რომელშიც მინიშნებული მაინც იქნება აშშ-ის მონეტარული ხელისუფლების შემდეგი მოქმედებები. კომიტეტმა წინა კვირას გამოქვეყნებულ შედეგებში მიუთითა ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე, რაც ძირითადად უძრავი ქონების ბაზრის გაყინვამ გამოიწვია. ამასთან აღსანიშნავია, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ამასთან ამერიკის ეკონომიკის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ის ტემპი მცირდება. ბოლო მონაცემებით, ლიდერი ინდიკატორების ინდექსი ოქტომბრის თვეში, წლიური გამოანგარიშებით, 1,0%-ით შემცირდა ISM წარმოების სფეროში – 49,5-მდე (50 ქვემოთ, რაც ქვეყნის საწარმოო სექტორის ვარდნაზე მეტყველებს). რაც შეეხება დასაქმების სფეროს, ახალი სამუშაო ადგილები გაიზარდა მომსახურების სფეროში, ხოლო წარმოების სექტორში ის შემცირდა.
თუ აშშ-ის ეკონომიკის გაუარესება 2006 წლის ბოლომდე ასეთივე ტემპით გაგრძელდება, ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული გახდება პირველ კვარტალშივე დაიწყოს განაკვეთების შემცირება, საფასო სტაბილურობის შენარჩუნების რისკის მიუხედავად. ანალიტიკოსების აზრით, მომავალ წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი შემცირდება, კერძოდ, 2007 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 50 პუნქტით შემცირდება, რის შემდეგაც მესამე კვარტალში განაკვეთი ისევ 50 პუნქტით შემცირდება.
აშშ: ინფლაციამ იკლო, რისკი რჩება
აშშ-ში ინფლაცია მცირდება, მაგრამ ანალიტიკოსები არ ჩქარობენ ოპტიმისტური დასკვნების გამოტანას. ინფლაციის ზრდა, თავისუფალი რესურსების თანდათანობით გამოლევა და ინფლაციის დიდი დამოკიდებულება ნავთობის ფასზე, საინფლაციო ზემოქმედების სფეროში მნიშვნელოვან რისკს ქმნის.
ნოემბერში ინფლაციის შემცირება, როგორც წინა თვეში, ბევრად განპირობებულია ელექტროენერგიაზე, ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნით. ელექტროენერგიაზე ფასი 0,2 %-ით შემცირდა, წინა თვეში კი – 7 %-ით, ნოემბერში ბენზინზე ფასი 1,6 %-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ის 11,1 %-ით იყო შემცირებული.
გარდა ამისა, ნოემბერში ასევე ფასები შემცირდა ტანსაცმელზე, ავტომანქანებზე და ავიობილეთებზე, რამაც ხელი შეუწყო ინფლაციის შემცირებას.
ევროზონაში ინფლაციამ კვლავ თავი წამოყო
ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაწყვიტა პოზიტიური მონაცემების ზოლი ევროზონის ინფლაციური “ფრონტიდან”. ოქტომბერში სწრაფი შემცირების შემდეგ სამომხმარებლო ფასის ინდექსი კვლავ გაიზარდა, უახლოეს თვეებში მონაცემები კვლავ გადალახავს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაშვებულ ზღვარს.
მსოფლიო ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასების მნიშვნელოვანმა კლებამ ევროზონაში ინფლაციის ტემპების შემცირება გამოიწვია. ბოლო დროს ფასები “შავ ოქროზე” არ ისწრაფვის მაქსიმალური მაჩვენებლისაკენ, რაც დამამშვიდებლად უნდა მოქმედებდეს ინვესტორებზე და მონეტარულ ხელისუფლებაზე. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს, უახლოეს თვეებში მოდუნება არ მოუწევს.
ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა, წლიური გამოთვლებით, ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. ამ დროისთვის პირველ პლანზე წამოიწია ინფლაციის მაჩვენებლის ტემპების ზრდის პრობლემები, უკვე მესამე თვეა ეს მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია. ძირითადი კომპონენტები, რომლებიც წლიური გაანგარიშებით, მეტად იზრდება, არის უძრავი ქონება (3,6%), განათლება (3,5%) და კვების პროდუქტები (3,1%), იმ დროს, როცა ფასები ყველაზე ნაკლებად იზრდება კომუნიკაციის სექტორში (-2,7%) და ტრანსპორტზე (0,8%). ეს მონაცემები მეტყველებს ევროზონაში ისეთი არასასურველი მოვლენის არსებობაზე, როგორიცაა განმეორებითი ინფლაცია.
მართალია, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ვერ აჭარბებს ევროპის ცენტრალური ბანკის უმაღლეს ზღვარს, მაგრამ ის სწრაფად მიიწევს მაღლა და უკვე დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2,0% -ზე ზევით აიწევს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ელექტროენერგიაზე ფასი დავარდა, ინფლაციური რისკი მაინც არ გამქრალა. ნავთობზე ფასის დაცემამ 2006 წლის აგვისტოსა და ოქტომბრის შუალედში ინფლაცია 2%-ზე დაბლა დასწია. მაგრამ ეს დროებითია, ევროზონაში სიტუაცია ფასებთან დაკავშირებით მხოლოდ 2008 წელს გამოსწორდება.
ეკონომიკური განვითარების ტემპების ზრდის გამყარებას, რასაც ასე მოელოდა ევროზონის საფინანსო ხელისუფლება, თან ახლავს უარყოფითი მხარე – ევროზონაში ფასების საერთო დონის ამაღლება, ეს იძულებულს გახდის ევროპის ცენტრალურ ბანკს გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთების ზრდა მომავალი წლის დასაწყისში. მაგრამ, უკვე წლის მეოთხე კვარტალში ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპი შეიძლება შემცირდეს. 2007 წლის დასაწყისში ეკონომიკური განვითარების ტემპის შემცირება და ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთების გაზრდა გამოიწვევს ევროზონაში ინფლაციის შემცირებას მომავალი წლის მესამე კვარტალში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაზარზე არ ექნება ადგილი რაიმე ექსტრაორდინალურ შემთხვევას.
საგარეო ვაჭრობა აშშ-ის ეკონომიკას დაეხმარება
აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ოქტომბერში ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. დეფიციტის შემცირება იმპორტირებულ ნავთობზე ფასების ვარდნამ და მასზე საგარეო მოთხოვნილების ზრდამ გამოიწვია. დეფიციტის შემცირება აშშ-თვის მოულოდნელობა არ არის. დასუსტებული დოლარის კურსი და მოთხოვნათა გაძლიერებული ზრდა ევროპიდან და აზიიდან დადებითად მოქმედებს ამერიკულ ექსპორტზე, იმ დროს, როცა იმპორტის ზრდა მცირდება ნავთობის მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის ცვლილების გამო.
საინტერესოა ის, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შემცირდა აშშ-ის ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის ფონზე, რომელიც მექსიკას გაუსწრებს და კანადის შემდეგ აშშ-ის მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდება.
ჩინეთი, რომელსაც არ სურს სავალუტო ბაზრის ლიბერალიზაცია და ნაციონალური ვალუტის გამყარება, უკვე დიდი ხანია აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკას იმსახურებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინეთთან დეფიციტის ზრდა აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოს ზრდის პრობლემის მოგვარების სერიოზული ბარიერია.
ამასთან დოლარის ეფექტური კურსის რეალური ინდექსი უკვე საკმარისად შემცირდა იმისთვის, რომ შევაჩეროთ ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული განსხვავების ზრდა.
სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დინამიკა უახლოეს თვეებში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ნავთობის კოტირების მოძრაობაზე და თუ ნავთობზე ფასმა არ იმატა, დეფიციტის შემცირება გაგრძელდება.
აშშ-ის ეკონომიკაში ეს გამოიწვევს სუფთა ექსპორტის ზრდას, წარმოების სეგმენტის გაძლიერებას და 2006 წლის IV კვარტალში მშპ-ის ზრდის დაჩქარებას.
აშშ-ის სააქციო ბაზარი ახალ რეკორდებს ხსნის
აშშ-ის საფონდო ბაზარმა დეკემბერში წარმატებით დაიწყო საქმიანობა. ეს 11 დეკემბერს გამოქვეყნებული გაყიდვების მონაცემებს არ ეხება. ნავთობზე ფასის ვარდნა და ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთების ზრდის პერსპექტივების არარსებობა საფონდო ბაზრის ინტერესებში შედის. რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობის სასაქონლო მარაგებს, ოქტომბერში ის წინა თვესთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა. ამ მარაგების ზრდა, რომელიც დადებითად მოქმედებდა ქვეყნის მშპ-ის დინამიკაზე, ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს ასრულებს, რამდენადაც საბითუმო გაყიდვების დინამიკა უარყოფითი რჩება ასევე წლის IV კვარტალში. ოქტომბერში საბითუმო ვაჭრობა შემცირდა 0,5%-ით. კოეფიციენტი, რომელიც ასახავს მარაგებისა და გაყიდვების ურთიერთკავშირს, 1,18-დან 1,2-მდე გადიდდა. თუ არ გაიზარდა სამომხმარებლო მოთხოვნა, მარაგების გადაჭარბებული არსებობა ახალი შეკვეთების შემცირებას გამოიწვევს.
მიუხედავად სუსტი დოლარისა, აშშ-ში მაინც ყურადღება გამახვილებულია ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაგრამ 2007 წლის დასაწყისიდან ფედერალური სარეზერვო სისტემა კრედიტზე პროცენტის დონეს დაწევს, რაც წარმოების ზრდის სტიმული იქნება.
EURO/USD
ამერიკული ვალუტის კურსი უახლოესი ორი წლის მანძილზე დაბალი იქნება, სანამ აშშ-ის საგადამხდელო დეფიციტი არ დაიწყებს კლებას.
პროგნოზები გლობალური ეკონომიკის შესახებ
მყარია ევროზონის ეკონომიკაც, რომელსაც სამაგალითო სამომხმარებლო და წარმოების აქტიურობით ახასიათებენ. ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით ზრდის, 2007 წელს საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მაჩვენებელი 3.75%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი ნელდება, პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო მშპ ზრდას განაგრძობს. იკვეთება მსოფლიო ინფლაციის ზრდის კონტურებიც. იაპონიის ბოლო სამი თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დეფლაციის ფაზა დამთავრდა და ცორე ინფლაცია 0-ს აღემატება. ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ზე მაღალია და 2007 წელს მისი ზრდის რისკიც ნათლად სჩანს. გაერთიანებული სამეფოს ინფლაცია ინგლისის ბანკის მიზნის თანახმად, 2%-ს დაუბრუნდება, მაგრამ 2007 წელს ის კვლავ აიწევს. ჩინეთის დაბალი ხელფასები ინფლაციას ჯერ კიდევ ებრძვის, თუმცა ფულის მასის ზრდა ფასების აწევის საშიშროებას იწვევს.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ნავთობზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, 2006 წლის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 54%-ია და ამ ბაზრის მდგომარეობა მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაუმჯობესდება.
ახლა კი ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროგნოზებს გაგაცნობთ:
აზია
2006 წელს აზიის ეკონომიკა იზრდება, რაც საერთაშორისო ეკონომიკაზე დადებითად აისახება. რეგიონის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს 7.2% იქნება, 2007 წელს კი – 7%, რაც 2005 წლის შედეგს (7.4%) ჩამორჩება. 2007 წლისთვის აზიის მშპ-ის მცირე კლებას ინდუსტრიული ქვეყნებიდან ნაკლები მოთხოვნითა და ნავთობის მაღალი ფასებით ხსნიან.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა განვითარებადი აზიისთვის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია, ხოლო მთავარი ინდუსტრიული ეკონომიკების მოსალოდნელი ზრდა კი მსოფლიო ვაჭრობის შესაბამისად მოხდება. აზიის ეკონომიკა მსოფლიო ელექტრონული სექტორის განვითარებიდანაც მიიღებს სარგებელს. რეგიონის ეკონომიკის ზრდა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება სამი ქვეყნის: ჩინეთის, ინდოეთისა და კორეის ეკონომიკას. მათი ეკონომიკების საერთო ჯამი რეგიონის შემოსავლის 66%-ს შეადგენს.
2006 წლისთვის ნავარაუდებია სამხრეთ აზიის მშპ-ის 7.5%-იანი ზრდა. ბანგლადეშის, ინდოეთისა და Pპაკისტანის მზარდ ექსპორტს რეგიონის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ჩინეთი
(დაამუხრუჭებს თუ ვერ დაამუხრუჭებს?)
ინვესტიციების მაღალი დონისა და წარმატებული ექსპორტის მეშვეობით ჩინეთის ეკონომიკა კვლავ სწრაფად იზრდება – 10.2%-ით, ჩინეთის მთავრობის მიზანი ეკონომიკის ზრდის შენელებაა, ამიტომ მთავრობა ეკონომიკის ხელახალ დაბალანსებას შეეცდება, რადგან ის ცდილობს ეკონომიკის ზრდა ექსპორტსა და ინვესტიციებზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს, მაგრამ ჩინელები სტაგნაციისა და დეფლაციის პრეცენდენტის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფენ. მისი მშპ 2007 წლისთვის 9%-ზე მაღალი იქნება. მსოფლიო ბანკი ჩინეთის მთავრობას მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების გაძვირებას ურჩევს და იმ რისკზე მიუთითებს, რაც ჩინეთის საბანკო სისტემას ინვესტიციების ზრდის გამო შეიძლება დაემუქროს.
ინდოეთი
(გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაცია)
ინდოეთს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა აქვს. BRIC ქვეყნებს შორის (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი), ინდოეთს აქვს პოტენციალი აჩვენოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი მომდევნო 50 წელიწადში. 2013 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით ჩინეთს გაუსწრებს. სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინდოეთის მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულზე 13 წელიწადში გაორმაგდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ინდოეთის ეკონომიკა 8.3%-ით გაიზრდება. უკვე სამი წელია მისი ეკონომიკა ერთ-ერთ მზარდ ერთეულად მიიჩნევა მსოფლიოში, რომლის წყაროდაც წარმოებისა და მომსახურების სექტორის სწრაფ გაფართოებას მიიჩნევენ. საშუალო ფენის მზარდი შემოსავალი მანქანებზე, სახლებსა და სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნის მატებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ეკონომიკამ ნავთობის მაღალ ფასებს, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის შენელებას და ბაზრის სერიოზულ “ნისლებს” გაუძლო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ინდოეთის კომპანიებს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ უბიძგებს და მათ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ინდოეთის ინფლაციის მაჩვენებელი 2006-2007 წლებისთვის საშუალოდ 5-5.5% იქნება.
იაპონია
(მსოფლიოს მესამე ეკონომიკა)
იაპონიას სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მესამე ეკონომიკა აქვს. 2006 წელს იაპონიის მშპ 2.5%-ით გაიზრდება, 2007 წელს კი – 2%-ით, კლება აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებით იქნება გამოწვეული, ამიტომ იაპონური ვალუტა აშშ დოლარის მიმართ გამყარდება. ხუთი წლის მანძილზე პირველად იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, იაპონიაში გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი, ხოლო კორპორატიული მოგება და ბანკის კრედიტის მზარდი ბრუნვა შიდა მოთხოვნის გაზრდის მიზეზი იქნება.
ცენტრალური აზია
(ავამაღლოთ ცხოვრების დონე)
2006 წელს ცენტრალური აზიის მშპ 10.9% იქნება, 2007 წელს კი – 9.8%. რეგიონში მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი 7.9%-ია.
სომხეთში შეინიშნება შემოსავლების ზრდა და სიღარიბის კლება. 2006-2007 წლებში ქვეყნის მშპ 7%-ია, მცირდება ინფლაციის მაჩვენებელიც.
2005 წელს აზერბაიჯანს უპრეცენდენტო მშპ ჰქონდა – 26.4%. 2006 წელს კი ის 30.5% იქნება, რომლის მთავარ წარმმართველ ძალასაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი წარმოადგენს. მომავალ წელს აზერბაიჯანის მთავარი ცვლილება ინფლაციის კონტროლი და ეკონომიკური ბაზის დივერსიფიკაცია იქნება.
ამბიციური სტრუქტურული ცვლილებებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ფონზე ყაზახეთის ეკონომიკა და ცხოვრების დონე უმჯობესდება. 2006-2007 წლების მშპ საშუალოდ 8.5%-ია, მის ეკონომიკაშიც მთავარ როლს ნავთობი თამაშობს. 2007 წელს მთავრობა ეცდება პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა და საშუალო საწარმოები აქციოს.
ყირგიზეთის რესპუბლიკის მშპ 2006 წელს 5%-ია, 2007 წელს კი – 5.5%. ტიტების რევოლუციის შემდეგ მთავრობის სამი ძირითადი მიზანია: ცხოვრების დონის ამაღლება, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება და კორუფციის აღმოფხვრა.
ტაჯიკეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 8%-ით, 2007 წელს კი 6%-ით გაიზრდება.
თურქმენეთის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ექსპორტის ფონზე 5%-ით გაიზრდება, 2007 წელს კი – 7%-ით.
ორი წელია შთამბეჭდავად იზრდება უზბეკეთის ეკონომიკა, აქ ლომის წილი კი სოფლის მეურნეობასა და საგარეო ვაჭრობაზე მოდის. 2006-2007 წლების მშპ საშუალოდ 6%-ია. მთავრობა მთელი რიგი რეფორმების გატარებას ეცდება, მათ შორის კერძო სექტორშიც.
რუსეთი
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკის შემდგომი ზრდა ბუნებრივი აირისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული.
მიმდინარე შიდა მოთხოვნამ ენერგეტიკის სფერო კიდევ უფრო დაძაბა, “მას ახლა საშინლად სჭირდება ინვესტიციები” – სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა 2006 წლის დეკემბერში რუსეთის ეკონომიკის შესახებ მოხსენების დროს მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა რუსეთში ჯონ ლითუაქმა და აღნიშნა, რომ პრობლემის წამოწევას ყველა ეკონომისტი გრძნობდა, მაგრამ ის ახლა ყველაზე აქტუალურია, რადგან შიდა მოთხოვნა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7%-ს მიაღწევს. ამ მონაცემებით, მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრიეს მოსაზრება გაახმოვანა, რომელიც აცხადებს, რომ ეკონომიკა წელს 6.8%-ით გაიზრდება, რაც მის წინა პროგნოზს (6.6%) აღემატება, ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 6.5% იქნება, ხოლო 2007 წელს მისი ნიშნული 8%-ს მიაღწევს.
რუსეთის მთავრობის გეგმა – გაზარდოს ბუნებრივი აირის შიდა ფასი, რუსეთს ვერ დაეხმარება, თუ გაზპრომი დამოუკიდებელ მწარმოებლებს გაზს არ მიაწვდის. ლითუაქი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკმა რუსეთს დამოუკიდებელი გაზსადენის შექმნა ადრეც შესთავაზა. იგი დასძენს, რომ რუსეთს მეორე საუკეთესო ვარიანტიც შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დამოუკიდებელ გაზის მწარმოებლებს გაზსადენის დაახლოებით 16%-ს “მიუძღვნიდა” და მართავდა მათ. მსოფლიო ბანკს იმედი აქვს, რომ რუსეთის მთავრობა მათ წინადადებას გაითვალისწინებს. რუსებმა შიდა მრეწველებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფების გაზრდა გადაწყვიტეს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის ევროპულ ტარიფზე დაახლოებით 40%-ით ნაკლები იქნება.
რუსეთმა ყოველ წელს 1 მლნ-ით უნდა გაზარდოს სამუშაო ძალა და სტიმული მისცეს ქვეყანაში მიგრაციას, რათა აინაზღაუროს მისი მუშახელის შემცირება, სხვა შემთხვევაში ეკონომიკის ზრდის ტემპს შენელების საფრთხე შეექმნება.
მიმდინარე წლის პირველ სამ მეოთხედში უცხოური ინვესტიციები 55%-ით გაიზარდა და 10.3 მლრდ დოლარს მიაღწია, ლომის წილი კი ენერგეტიკაზე, ტრანსპორტირებაზე, უძრავ ქონებასა და მომასახურებაზე მოდის. მსოფლიო ბანკი რუსეთის მთავრობას მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მრეწველობის განვითარებას ურჩევს, მაგრამ აფრთხილებს, რომ განსაზღვრული სექტორებისა და კომპანიების თანადგომა შესაძლოა კორუფციის წყაროდ იქცეს.
ამერიკის შეერთებული შტატები
(2007 წლის სიურპრიზი)
ენერგომატარებლებისა და სამშენებლო ბაზრის აქტივობის შემცირების გამო 2007 წლისთვის ეკონომისტები აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას წინასწარმეტყველებენ. მათი ვარაუდით, 2007 წელს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზრდება, რაც 2005 წლისა (3.2%) და 2004 წლის (3.9%) შედეგებს ჩამორჩება.
2007 წლის სიურპრიზად ეკონომისტები აშშ-ის ეკონომიკის ზრდის შენელებას ასახელებენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ეს ტენდენცია არ შეინიშნება. ექსპერტები აცხადებენ, რომ 2006 წელს ნავთობზე მაღალი ფასის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაინც გაიზარდა.
2005 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 5.1% იყო, მიმდინარე წელს ის სავარაუდოდ 4.6% იქნება, ხოლო 2007 წელს კი – 4.7%. 2007-2008 წლებისთვის მომხმარებელთა დანახარჯების ნიშნული 2.6% იქნება, ხოლო ხელფასები კი ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. მოსალოდნელია აშშ-ის ბიზნესზე მოთხოვნის ზრდა, რაც გლობალურ ეკონომიკაზე აისახება.
ევროპა
(სტაბილურობა და რისკის საშიშროება)
2006 წელს დაგეგმილია ევროკავშირის ეკონომიკის 2.3%-იანი და ევროსივრცის 2.1%-იანი ზრდა. ამ მხრივ მთავარი ორიენტირი ინვესტიციების გაზრდაა. 2007 წელს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი შედარებით დაბალია – 2.2% ევროკავშირისთვის და 1.8% ევროსივრცისთვის. 2006-2007 წლებში ევროკავშირში 3 1/2 მლნ სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობენ, რომლის საშუალებითაც 2004 წლის 9%-იანი მაჩვენებელი 2007 წლისთვის 8.2%-მდე შემცირდება. ნავთობის ფასების მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურია და ის 2% აღემატება, ხოლო ნავთობი ეკონომიკის ზრდას მთავარ საშიშროებას უქმნის.
გერმანია
(სტაგნაციური პერიოდი)
გერმანიის მშპ 2006 წელს 2.3% იქნება, 2007 წელს კი -1.4%. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ეკონომიკას სტაგნაციის პერიოდი ელის. დასაქმების მაჩვენებლისა და მომხმარებელთა დანახარჯების ზრდას მხოლოდ 2007 წლის მეორე ნახევრისთვის ელიან. გერმანიის ეკონომიკას საფრთხე აშშ-ისა და სხვა წამყვანი ეკონომიკების ბაზარზე უძრავი ქონების აქტივობის შენელებისგან ემუქრება. ამ ფაქტმა შეიძლება შეანელოს გლობალური ეკონომიკის განვითარების ტემპიც.
2006 წელს გერმანიის საზოგადოებრივი დეფიციტი მშპ-ის 2.4% იქნება, მომავალ წელს კი -1.4%. მიმდინარე წლის ინფლაცია 1.1%-ია, მაგრამ დღგ-ის გაზრდის გამო 2007 წელს მოსალოდნელია მისი ზრდა.
საფრანგეთი
(მომხმარებლები კვლავ ხარჯავენ)
2006 წელს საფრანგეთის მშპ 2.5% იქნება, მომხმარებელთა დანახარჯების ინდექსი კი დაახლოებით 3%-ს შეადგენს. საფრანგეთის ეკონომიკის მთავარი გასაღები სწორედ მომხმარებელთა დანახარჯებია. ქვეყანაში გაგრძელდება უმუშევრობის მაჩვენებლის კლება, რომელიც 9%-ია, ხოლო 2007 წლისთვის კი მის 8%-მდე შემცირებას ვარაუდობენ. მართალია, უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე 16 თვეა კლებისკენ მიდის, მაგრამ კვლავ ძალიან მაღალია – 25 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 21.6%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 2.7%-ია, 2007 წელს კი 2.3% იქნება.
გაერთიანებული სამეფო
(მომსახურების სექტორი კვლავ აქტიურია)
მიმდინარე წელს გაერთიანებული სამეფოს მშპ 2.3%-ია, 2007 წელს კი – 2.7%. მომდევნო ორი წლის მანძილზე გაგრძელდება გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ზრდა, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 2% იქნება, თუმცა ენერგომატარებლების სიძვირის გამო იქმნება მისი ზრდის საშიშროება. ცენტრალურ ბანკს იმედი აქვს, რომ ინფლაციის კონტროლის მიზნით საპროცენტო განაკვეთების გაზრდა არ მოუწევს. ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, 2007 წლის I მეოთხედში მომხმარებელთა დანახარჯები 2.5%-ს მიაღწევს, მეორე ნახევარში კი შემცირდება. 2006 წელს 1%-ით იზრდება მრეწველობის სექტორი, 2007 წელს კი – 0.7%-ით.
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის უმსხვილესი ნაწილი მომსახურების სექტორია, პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ის 2.7% იქნება, 2007 წელს კი – 2.8%.
საქართველო
(რუსეთის არ გვეშინია)
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკური სანქციები საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე მკვეთრად არ აისახება და 2007 წელს დაგეგმილი მშპ – 7.5% მიუღწეველი მიზანი არ არის.
ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი კი დასძენს, რომ 2007 წელს სახელმწიფოს საგარეო ვალი 2.97 მლრდ ლარი იქნება, 2006 წელს კი ის 3.1 მლრდ ლარია. მისი პროგნოზების თანახმად, 2007 წელს ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი კვლავ 6%-ია და ამტკიცებს, რომ ენერგომატარებლების ფასის ზრდის მიუხედავად, რაც რუსეთის მხრიდანაა მოსალოდნელი, ის 8%-ს არ მიუახლოვდება.
2007 წლის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ინფლაცია, ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები და ლითონების გაძვირება იქნება. ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდის ტემპი ოდნავ დაეცემა, მაგრამ იმდენად არა, რომ სერიოზულად იმოქმედოს უმუშევრობაზე.
<br