პარლამენტი ქონების გადასახადში ცვლილებების შეტანის შესახებ პაკეტს განიხილავს
თათა თორია
ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტის დავალებით მოამზადა პაკეტი საგადასახადო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ეს კანონპროექტი პარლამენტში ახლა იხილება და ქონების დაბეგვრაში შეღავათების შეტანას ითვალისწინებს. შეღავათი 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანებზე ვრცელდება. იგეგმება ქონების გადასახადის ვადების გამარტივებაც.
საკანონმდებლო ბაზა ქონების დაბეგვრის შესახებ დახვეწას რომ მოითხოვს, ამას არავინ უარყოფს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ბატონი ლაშა გოცირიძის თქმით, პრაქტიკამ საკანონმდებლო სფეროში გარკვეული ხარვეზები წარმოაჩინა, კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების სფეროში. იურიდიული პირების გადასახადების ადმინისტრირება უფრო უკეთ წარმოებს, ვიდრე ფიზიკური პირებისა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სერიოზული შემოსავალი შემოვიდა ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან.
კანონმდებლობის დახვეწას და ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ უკვე პარლამენტში განსახილველად გაიტანა. ბატონი ლაშა გოცირიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ფიზიკური პირი თავად მოახდენს ქონების დეკლარირებას. ამასთან, გამარტივდება გადასახადის გადახდის ვადებიც. მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადებზე სხვადასხვა ვადებია დაწესებული. პროცესის უფრო გამარტივებისათვის, ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ ორი ვადის შემოღებას გეგმავს: საწარმოები ქონების გადასახადს 15 ივნისამდე გადაიხდიან, ხოლო ფიზიკური პირები – 15 ნოემბრამდე. მიწის გადასახადის გადახდაც აღნიშნულ თარიღამდე მოხდება.
გარდა ამისა, პრაქტიკულად ერთი მოდელი გავრცელდება ავტომანქანებზე, იახტებზე, თვითმფრინავებზე, შვეულმფრენებსა და არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადებზე, ანუ თუ ოჯახის წლიური გადასახადი 40000 ლარს აღემატება, ის აღნიშნულ ობიექტებზე გადასახადის გადამხდელად ჩაითვლება.
რაც შეეხება მანქანებს, რომელთა ხნოვანებაც 6 წელს აღემატება, ქონების გადასახადი გაუქმებულია. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2005 წლის 1 იანვრიდან შევიდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საგადასახადო უწყებების მხრიდან დაუდევარი მოქმედების გამო, წელიწადნახევრის განმავლობაში მძღოლები მათზე დაკისრებულ გადასახადს – 5 ლარს მაინც იხდიდნენ.
ბატონი ლაშა გოცირიძის თქმით, მძღოლებს საგადასახადო დეპარტამენტში გახსნილი აქვთ ბარათები და მათ ვინც აღნიშნული გადასახადი ამა წლის 15 ნოემბრამდე გადაიხადეს, ბარათზე თანხის ზედმეტობა აესახებათ, შემდეგ კი თავიანთი სურვილისამებრ ან სხვა გადასახადში ჩაეთვლებათ ან ეს თანხა ბიუჯეტიდან დაიფარება.
როგორც ბატონმა ლაშამ აღნიშნა, წინადადება ავტომფლობელთა შეღავათიანი დაბეგვრისა და გადასახადის ვადების გამარტივების შესახებ, პარლამენტმა მოიწონა, ამდენად მოსალოდნელია კონსესუსის მიღწევა და პროექტი დამტკიცდება.
მოქმედი კანონმდებლობით ქონების გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში აქვს ობიექტი, რომელიც ამ გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება, ასევე, კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივად ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა).
ქონების გადასახადით იბეგრება საქართველოს საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებები და არამატერიალური აქტივები, მიწის გარდა.
უცხოური საწარმოსთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ქვეყნის ტერიტორიაზე რიცხული ქონება, გარდა მიწისა, ორგანიზაციებისთვის – კი მის ბალანსზე რიცხული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენება (გარდა მიწისა).
ქონების გადასახადით ასევე იბეგრება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა.
აღნიშნული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონება, ასევე, საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი), იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები.
საქართველოს ან უცხოური საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადით იბეგრება მათ საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე კოდექსით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
ქონების გადასახადზე მოქმედებს შემდეგი განკვეთები:
საწარმოს ძირითად საშუალებებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ კაპიტალურ დაბანდებებზე, არამატერიალურ აქტივებზე, უცხოური საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე რიცხულ ქონებაზე, ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ან ქონების ნაწილზე, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენება, გადასახადის განაკვეთი საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1% შეადგენს. ის წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულებით გაიანგარიშება.
ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%-ის ოდენობით განისაზღვრება და აქტივების ღირებულებისა და ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით გაიანგარიშება.
აქტივების ღირებულებაში მათი შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟის და დადგმის ხარჯები შეიტანება, ასევე სხვა ხარჯები, რომლებიც მათ ღირებულებას ზრდის, გარდა გადახდილი მოსაკრებლებისა და საბაჟო გადასახადისა.
ძირითადი საშუალებები კი, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარებიან, შემდეგი ნორმების მიხედვით ჯგუფდება:
უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა, გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შემდეგი ოდენობით განისაზღვრება:
– კალენდარული წლის განმავლობაში 40 000 ლარიდან 60 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05%-ითა და არა უმეტეს 0,2%-ით იბეგრებიან.
– 60 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები კი – არა ნაკლებ 0,2%-ით და არაუმეტეს 0,8%-ით.
– 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახები უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,4%-ს და არა უმეტეს 0,8%-ს იხდიან.
საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია მსუბუქი ავტომობილის სახეობის ძრავის მოცულობისა და ხნოვანების მიხედვით იახტებზე, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზეც გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია სატრანსპორტო საშუალებების სახეობისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით:
რაც შეეხება მიწის გადასახადს, საქართველოს და უცხოური საწარმოსთვის ან ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და მიწის ხარისხის მიხედვით. დგინდება წელიწადში 1 ჰა-ზე გაანგარიშებით, ლარებში.
კოდექსის მიხედვით გამოიყოფა საქალაქო (სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები და ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის არსებული მიწები.
საქალაქო ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე გადასახადები მოცემულია:
ბუნებრივ სათიბებსა და საძოვრებზე განსაზღვრულია განაკვეთები:
ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისთვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
აღნიშნულ მიწებზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეიძლება გაზრდილი ან შემცირებული იქნას არა უმეტეს 50%-ით.
საქართველოს ან უცხოური საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის ან ფიზიკური პირისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარს შეადგენს.
იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კაზინოებით, აზარტული დ სხვა სათამაშო ბიზნესით არიან დაკავებულნი, შემდეგი გადასახადებია დაწესებული:
ა) კაზინოს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – თვეში 300 ლ.
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – თვეში 50 ლ.
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – თვეში 300 ლ.
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე – თვეში 2000 ლ.
გადასახადები შემდეგი წესით გაიანგარიშება:
ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადასახადი, გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა, ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით გაიანგარიშება და ორ თანაბარ ნაწილად გადაიხდება, არა უგვიანეს საანგარიშო წლის 15 ივლისისა და 15 ნოემბრისა.
საგადასახადო ორგანო ფიზიკურ პირს საანგარიშო წლის 1 მაისამდე შესავსებად უგზავნის ქონების გადასახადის დეკლარაციას. ფიზიკური პირი მას ავსებს და შესაბამის საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის 1 ივნისამდე წარადგენს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარზე) და გადაიხდება საანგარიშო წლის 15 ნოემბრამდე.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. აღნიშნული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით. ზონის საზღვრების დადგენა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე ხდება, დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ამტკიცებენ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების წარდგინებით.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 2 თანაბარ ნაწილად, 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე გადაიხდება.
შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე პირის საკუთრებაშია, გადასახადი ცალ-ცალკე ნაგებობებისთვის, თითოეული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად გადაიხდება.
საქართველოს საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითად საშუალებებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ კაპიტალურ დაბანდებებზე და არამატერიალურ აქტივებზე, საქართველოს ტერიტორიაზე რიცხული უცხოური საწარმოს ქონებაზე, ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული ქონებასა და ქონების ნაწილზე, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენება, ფიზიკური პირების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადი დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით მიმდინარე გადასახადების სახით გადაიხდება და ბიუჯეტში თანაბარ ნაწილებად, ყოველკვარტლურად ჩაირიცხება, არა უგვიანეს კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. აღნიშნულ ობიექტებზე გადასახადის გადამხდელ საგადასახადო ორგანოებს ქონების გადასახადის შესახებ გაანგარიშებას გასული წლის მიხედვით საანგარიშო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს.
ავტომანქანებზე გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო შეტყობინებას საანგარიშო წლის 1 აგვისტომდე წარუდგენენ, ხოლო გადასახადის გადახდა საანგარიშო წლის 15 ნოემბრამდე ხდება. იგივე ვადები მოქმედებს იახტებზე, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე გადასახადის გადახდისას.
რაც შეეხება საურავის ოდენობას გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში, ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,07% შეადგენს.
ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40000 ლარს; 2007 წლის 1 იანვრამდე ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება; მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად საქმიანობასთან, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტულ და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. აგრეთვე მიწის გადასახადისგან არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობი; ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა; მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები; საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები; ორგანიზაციის ქონება, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა; ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გამოყენებული ქონება; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული მიწებისა; ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისთვის; ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით ან სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით და პარკებით, ოკეანერიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებით და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ნაკვეთებისა; ქალაქის წყალსაცავებითა და მათი აკვატორიებით დაკავებული ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის; ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები; სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისთვის, ელექტროსადგურების, სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად; ქურთის, ერედვისა და თიღვის თემები, სოფლები ავნევი და ნული – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის, აგრეთვე ნავსადგურებისთვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის; ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50%-ით; სამედიცინო საქმიანობისთვის გამოყენებულ სამედიცინო დაწესებულებათა ქონება, გარდა მიწისა; სამედიცინო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან; მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისთვის და ფინანსდება ბიუჯეტიდან; მიწის ნაკვეთები, სადაც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის; სამონადირეო მეურნეობის მიერ დაკავებული მიწები.
აღნიშნული საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი მის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობა-ნაგებობას იჯარით გასცემს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.