საგადასახადო რეფორმა თუ შეღავათი

ემზარ ჯგერენაია

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა 2008 წლიდან საგადასახადო განაკვეთების დაწევისა და ზოგიერთი გადასახადის ადმინისტრირების გამარტივების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2008 წლიდან მოგების გადასახადი 20 %-ის ნაცვლად 15% გახდება, საშემოსავლო გადასახადი გაერთიანდება სოციალურთან და გახდება 12% + 20% (შეწონილი 29.6%) – 25%.
სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ადმინისტრირება უკვე გამარტივდა და საგადასახადოში ერთიანი ფორმა ბარდება.
რას ველით აქედან? მოგვცემს ეს ეფექტს მოვიზიდოთ ინვესტიციები და წარმოება, თუ დასაქმება გავზარდოთ. როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, თავისი უამრავი ხარვეზით და შემდგომი მარეგულირებელი ინსტრუქციებით (რაც მთლიანობაში მაინც დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს) ფინანსთა სამინისტრომ ეფექტურობად წარმოაჩინა, რომ “კერძო ინვესტიციები გაიზარდა 39%-ით, მშპ – 9.4-ით, საგადასახადო შემოსავლები – 2-ჯერ, ახლად რეგისტრირებული გადამხდელების რაოდენობა – 31%-ით”
რამდენად არის ეს საგადასახადო კოდექსის დამსახურება? ალბათ ნაკლებად, რადგან ინვესტიციებში ძირითადად ბაქო-ჯეიხანის მაჩვენებელი და ყაზახური ინვესტიციებია, რაც პირდაპირ კავშირში არ არის საგადასახადო კოდექსთან და კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტი. საგადასახდო შემოსავლების ზრდა პოლიტიკურ ნებასთან და გამკაცრებულ ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული და არა გამარტივებულ კოდექსთან და მშპ-ის ზრდაც ძირითადად ამითაა განპირობებული. რაც შეეხება ახალ ფორმებს, გადამხდელთა ზრდა კოდექსის ზოგი მუხლის დამსახურებაა და არა ბიზნესაქტიურობის ზრდისა.
რატომ ვუსვამთ ხაზს ამ გარემოებებს? იმიტომ, რომ მიგვაჩნია ამ პროექტში მთელი რიგი საკითხები დასაზუსტებელია. კერძოდ, როგორი იქნება ბიუჯეტური მოწყობა ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ბიუჯეტს შორის. მოგების გადასახადის შემცირება, რომელიც 425 მილიონი იყო, ვის ხარჯზე იქნება- ადგილობრივის თუ ცენტრალურის? ალბათ არ იქნებოდა ურიგო თუ ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობთ და ბიუჯეტის შემოსავლები მოგვცემს საშუალებას მოგების გადასახადი გაგვეხადა ნული – როგორც ეს ესტონეთშია და დივიდენდზე გადასახადი გაგვეხადა 25%. ეს კაპიტალიზაციას შეუწყობდა ხელს და შექმნიდა ბევრ ახალ სამუშაო ადგილს, ეს ნამდვილად იქნებოდა მოტივაცია ინვესტირებისათვის მისი თანამედროვე გაგებით.
სოციალური გადასახადის რეფორმირებისა და საერთოდ არსებული სოციალური დახმარების, საპენსიო ფონდის და ა.შ. რეფორმირების საკითხი უმწვავესად დგას, რადგან ცხადია არ შეუძლია სახელმწიფოს 900 ათას პენსიონერს მისცეს თუნდაც მინიმალური ხელფასის – 120 ლარის ან საარსებო მინიმუმის ტოლ ფასი პენსია. ეს, ერთის მხრივ, არ აკმაყოფილებს პენსიონერებს, მეორეს მხრივ, მძიმე ტვირთად აწევს სახელმწიფოს, ასეა ლტოლვილებისა და უმწეოეების საკითხიც. ბუნებრივია, ერთადერთი გამოსავალი კერძო საპენსიო ფონდებისა და სადაზღვევო მედიცინაზე გადასვლაა. რატომ არ ვითარდება ეს სფერო? იმიტომ, რომ ამ მიზნით გაწეული ხარჯები არ ითვლება დანახარჯებში და ასევე არ ნაწილდება სოციალური გადასახადი სახელმწიფო და კერძო ფონდებში.სანამ ასეთი სიტუაცია იქნება, ზემოთ ხსენებული პრობლემები ვერ დარეგულირდება. გასაგებია ეს ყველასათვის, უბრალოდ ამ პროექტში როგორაა ეს ასახული და მისი სტრატეგიული ლეიტმოტივი რა არის, როცა აერთიანებენ საშემოსავლოს და სოციალურ გადასახადებს.
– რატომ ვაუარესებთ ჩვენ იმ ხალხს მდგომარეობას, რომლებიც არ იხდიან სოციალურ გადასახადს? მაგალითად, უცხოურ საელჩოებსა და ორგანიზაციებში, პროექტებში დასაქმებული ხალხი, ქონების იჯარით გამცემი ხალხი, რომლებიც მარტო საშემოსავლოს გადასახადს იხდიან, რას ვერჩით მათ? ამ კითხვაზე ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ დროებით 2-3-წლიანი შეღავათები გაეწევათ იმ ხალხს, მაგრამ შემდგომ მოიხსნება შეღავათები და დღევანდელი 12%-ის ნაცვლად ისინი 25%-ს გადაიხდიან.
ვფიქრობ, ეს საკითხი დამატებით შესწავლას მოითხოვს.
საინტერესოა ვნახოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგადასახადი სქემები, რომელიც მოგვაწოდა ფინანსთა სამინისტრომ (იხ. ცხრილი).
საინტერესოა ბალტისპირეთის ქვეყნების საგადასახადო სქემა, რომელიც მიმართულია მსხვილი ბიზნესის განვითარების და ინვესტიციის მოზიდვისაკენ, აზერბაიჯანისა კი – მხოლოდ გადასახადების მოკრეფისაკენ. რაც შეეხება თურქეთს, იქ საერთოდ არ არის განხილული ის შეღავათები, რაც აქვს მსხვილ ინვესტორს განსაკუთრებით ტურისტულ და ტექნოლოგიურ სფეროში. ამიტომ ჩვენი საგადასახადო სქემა სერიოზულად შეღავათიანი უნდა იყოს, რომ ინვესტორისათვის ბრძოლაში გავიმარჯვოთ, წავართვათ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ინვესტორი მეზობლებს და შემოვიტყუოთ აქ. ამასთან სქემას თუ ვცვლით, კონტექსტურად უნდა შევცვალოთ, რათა მიღწეულ იქნას რეფორმის მიზანიც და შედეგიც, სავარაუდო სცენარიც შევქმნათ – როგორც პესიმისტური, ისე ოპტიმისტური, როცა ჩვენ ვამბობთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე 2010 წლამდე (იხ. სქემა).
მშპ-ს ზრდაზე საუბრისას უპრიანი იქნებოდა მსოფლიო ბანკის პროგნოზებიც გადაგვეთვალიერებინა და პესიმისტური სურათიც გვენახა. რატომ? იმიტომ, რომ იქნებ სხვა უფრო მორგებული სცენარი შეგვექმნა, მაგალითად- სოციალური და საშემოსავლო გადასახადი 2008 წელს 25% გაგვეხადა და 2009 წელს – 20%, 2010 წელს – 18%. მოგების გადასახადი – 0, დივიდენდის – 25% 2008 წელს და 20% – 2009 წელს. კერძო საპენსიო ფონდებში და სადაზღვეო კომპანიებში გადარისცხული თანხა ხელფასის30 %-ის ოდენობით, ჩაითვალოს ხარჯებში და ა.შ.
მგონია ღირს ამ თემებზე დისკუსია, რათა მართლა მივიღოთ სერიიოზული საინვესტიციო და დასაქმების ეფექტი, ფისკალურთან ერთად.

1

2

3