საქართველოს მართვის ეკონომიკური მოდელი 2007 წელს
რედაქციისაგან
ყველას აინტერესებს რა მოხდება 2007 წლის საინვესტიციო ბაზარზე და საერთოდ ეკონომიკაში, არის თუ არა რაიმე ეკონომიკურ ლოგიკას დაქვემდებარებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათ შორის ინფლაცია და რა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რასაც შეუძლია წინ წაწიოს ეკონომიკა 2007 წელს.
თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადრე არსებული, აღიარებული ეკონომიკური თეორია და სქემა გადაფასდა. მსოფლიოში უკიდურესად გაიზარდა ინტეგრაციის და გლობალიზაციის ხარისხი და ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მთელი სიმძიმე კაპიტალის მოძრაობასა და საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციაზე გადავიდა. ამასთან სერიოზულად გაიზარდა ენერგომატარებლებისა და მაღალი ტექნოლოგიების ბაზრების ზეგავლენა მთლიანად ეკონომიკის განვითარების ტემპებზე. ამასთან ეს ორივე დარგი მეტად კაპიტალტევადი ხდება ახალ გამოგონებათა თუ ტრანსპორტირების და მოპოვების გაძვირებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა ბიძგი მისცა მსოფლიოში არნახულ გიგანტურ შერწყმებს და ზესახელმწიფოებრივი კორპორაციების წარმოშობას. თუმცა ისინი შეიძლება სულ არ იყვნენ თავისი ეკონომიკური ინტერესებით ზესახელმწიფოებრივი – პირიქით, მეტად ნაციონალურები არიან, მაგალითად, ეკუთვნიან წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებს, მათი ფუნქციონირების გეოგრაფიისა და ასევე აქციონერთა ინტერნაციოინალიზაციის მიუხედავად . რა კავშირი აქვს ამ ტენდენციას საქართველოს მაკროეკონომიკასთან?
საქართველოს ეკონომიკის წინაშე რამდენიმე ტრივიალური პრობლემა დგას:
– წარმოების, განსაკუთრებით საექსპორტო წარმოების ზრდა. ეს ყველასათვის ნათელია, მით უმეტეს, 2006 წლის 3.2 მილიარდიანი სავაჭრო ბალანსის დეფიციტისა.
მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში კერძო საკუთრების გამართული ფუნქციონირება და მისი სრული ინტეგრირება დასავლეთის ბაზართან ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია საჭიროა ბევრი სხვა ფაქტორის დარეგულირება, კერძოდ, სახელმწიფო მმართველობის რეფორმირების სფეროში დაწყებული საკუთრების საკითხის გადაწყვეტა, რადგან აქ კერძო საკუთრების ფენომენს ჯერ კიდევ არა აქვს პრიმატი და ეს მეტად შემაფერხებელი ფაქტორია, მეორე, აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების მაღალი კულტურა და მიუკერძოებლობა, მესამე, ბიუროკრატიის შემცირება ლიცენზირებისა და დერეგულირების საკითხში, სტანდარტიზაციისა და სერთიფიცირების სისტემის სრულყოფა, საერთაშორისო მარკეტინგულ და პიარ სიტუაციებში ფონის შექმნა, ოპტიმალური მაკონტროლებელი რგოლების და სტრუქტურების შექმნა, ასევე მისაღები საგადასახადო გარემოს და ქვეყნის მასშტაბით სტაბილიზაციასთან ერთად ინფრასტრუქტურის საკითხების მოგვარება.
ეს საკითხები არ არის ეკონომისტებისათვის და ჩვენი დასავლელი ექსპერტებისათვის უცხო და არც მათი შესრულების ვადებია განათლების რეფორმის და კვალიფიციური შრომითი რესურსების ბაზრის შექმნასთან ერთად უცნობი, მინიმუმ 10 წელი სრული პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ანუ 2015 წლამდე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვადა მყარი ეკონომიკური სისტემის შესაქმნელად, რეფორმების სრულყოფილად და სრული ტემპით ჩატარების პირობებში. სხვა საკითხია იმ გარდაქმნების აუცილებლობა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ერთ რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას – რითი უნდა იარსებოს ამ დროის მანძილზე ქვეყანამ, რომ შეინარჩუნოს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ინფლაციის მისაღები დონე ბიუჯეტის აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად და შიდა და გარე უსაფრთხოების თუ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ანუ რა ფორმულით მართავს ქვეყანას ხელისუფლება?
ნებისმიერი გამოცდილი დასავლელი ეკონომისტის აზრით, ეს გზა, რომელიც შეავსებს გარკვეულწილად ამ გარადამავალ პერიოდში ქვეყნის მოთხოვნებს სავალუტო ნაკადებზე და პროვოცირებას გაუკეთებს ადგილობრივი წარმოების ზრდას, არის გარე ინვესტიციები. ესეც ურთულესი საკითხია, რადგან წარმოების სფეროში და მით უმეტეს ტურიზმში და სოფლის მეურნეობაში, რაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მსოფლიო რეიტინგული ინვესტორები ასე იოლად არ მოდიან. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას კურსი აღებული აქვს:
1. მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობასა და მართვაზე;
2. პრივატიზაციის გზით სახელმწიფოს ხელში არსებული და არაეფექტურად მართვადი ქონების უცხოელებზე გაყიდვა-პრივატიზაციაზე;
3. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე და, რაც ყველაზე მთავარია, ინიცირებაზე;
4. ბინათმშენებლობისა და საერთოდ მშენებლობის, გზების მშენებლობასთან ერთად, განვითარების ხელშეწყობაზე და ინიცირებაზე, უცხოელ კომპანიებთან ერთად;
5. საბანკო სექტორებში უცხოელების შემოსვლისათვის ხელშეწყობაზე და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე;
6. ისეთი საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელშეწყობაზე როგორიცაა ბაქო-ჯეიხანი, შახდენიზის გაზსადენი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ტრანსკავკასიური მაღალგადამცემი ხაზები რუსეთიდან თურქეთისაკენ და ა. შ.
ეს არის ექვსი უდიდესი არხი, საიდანაც 2007 წელს სავალუტო ნაკადები შემოვა. ამას ემატება შრომითი რესურსებიდან კაპიტალის იმპორტი, ანუ იმ მოქალაქეების გზავნილები, ტრანსფერები, რომლებიც უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან აქედან სავარაუდოდ 550-600 მილიონი დოლარი შემოვა წინა წლის დინამიკიდან გამომდინარე.
2007 წლის საინვესტიციო გეგმა
1. ელექტროკავშირის (ყაზახების მიერ შეძენილი) რეგიონებში საჰაერო ხაზების გაყვანისა და თბილისში ტექნიკური გადაიარაღებისათვის – 80 მილიონი დოლარი;
2. მთაწმინდის პარკის რეკონსტრუქციისათვის პატარკაციშვილის პროექტით პირველ ეტაპზე 60-მილიონიანი ინვესტიციაა გათვალისწინებული;
3. “ჭიათურ-ზესტაფონის მანგანუმის” რეკონსტრუქციისათვის 100 მილიონი ინვესტიციაა გათვალისწინებული;
4. ტრანსკავკასიური ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რუსეთი-საქართველო-თურქეთის გადამყვანი ტრანსფორმატორისათვის ახალციხეში 120 მილიონიანი, რითაც ერთიანი ენერგობლოკი იქმნება. პროექტი ორწლიანია, ჯამში მილიარდი დოლარი დაჯდება;
5. 2007 წელს ყაზახი ინვესტორები 200 მილიონს დებენ სასტუმრო კომპლექსებსა და მთლიანად ინფრასტრუქტურაში;
6. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის რეკონსრტრუქცისათვის – 200 მილიონი;
7. “პატარა იურმალის” მშებლობისათვის ბიძინა ივანიშვილის მიერ ურეკში, 100 მილიონიანი ინვესტიციაა გათვალისწინებული, ნავმისადგომებით, საკონცერტო დარბაზებითა და სასტუმროებით;
8. კუვეიტის პროექტით გორამდე ავტობანის მშენებლობისათვის – 60 მილიონი;
9. ყაზგაზის ჯგუფი – გაზის სექტორის გადაიარაღებისა და ლიკანის რეკონსტრუქციისათვის 70 მილიონს ითვალისწინებს;
10. ყაზახური ჯგუფი “ალიანსის” – მშენებლობაში: პურის მოედანი, იპოდრომი, ქობულეთში, ბათუმში ინტურისტის გვერდით ახალი სასტუმროს აშენება – 60 მილიონიანი პროქტები;
11. საბანკო ინვესტიციები: ბანკ “რესპუბლიკას” – ჰიპოთეკური კრედიტი 30 მილიონიანი ხაზი, “ბტა ბანკი” – კრედიტი 50 მილიონი და 10 მილიონი საწესდებო და არაპირდაპირი გზით, ქართულ ფირმებზე – 20 მილიონი, თი-ბი-სი-ს ახალი ხაზი – 30 მილიონი, “ტაო” ბანკში აგრიკოლეს კრედიტი – 20 მილიონი;
12. ქალაქის სამშენებლო ბიზნესში – 50-70 მილიონი, შინდისის, ტაბახმელის პროექტის ჩათვლით;
13. მილენიუმის პროგრამით 150 მილიონი გაზსადენის რეკონსტრუქციისა და სამცხე-ჯავახეთში გზების მშენებლობისათვის;
14. ბაქო-ჯეიჰანის შემოსავალი – 50 მილიონი;
15. წვრილი ინვესტიციები – 50 მილიონი.
ჯამში ინვესტიციები იქნება 1 მილიარდ 300 მილიონი; მოქალაქეების ტრანსფერი უცხოეთიდან – 600 მილიონ დოლარი; ექსპორტი – 1 მლრდ. სულ სავალუტო შემოსავლები საგადამხდელო ბალანსში – 3 მილიარდ დოლარამდე.
აქედან გამომდინარე, 2007 წელს ლარის კურსი სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების სიმყარის პირობებში დღევანდელ დონეზე დარჩება.
ფულზე მოთხოვნა გაიზრდება ისევე, როგორც მიწოდებაზე 14-18%-ით და შენარჩუნდება ინფლაციის რისკი 9-12%-ის დონეზე. ამ ზემოჩამოთვლილი პროექტებიდან გამომდინარე, მთლიანი შემოსავლის ზრდის ტემპი შენარჩუნდება 7-9% დონეზე მთელი 2007-2008 წელს, თუ, რა თქმა უნდა, მმართველობითი ხარჯები შემცირდება ბიუჯეტში და ქვეყანა შეძლებს დაიწყოს საპენსიო და ჯანდაცვის სფეროს რეფორმირება.
�
მყარ ლართან დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს. ელემენტარული ეკონომიკური თეორიის მიხედვით მისი ასეთი სიმყარე ხელს უშლის ექსპორტის განვითარებას.
მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ჩვენი ექსპორტის სტრუქტურიდან ჩანს, რომ მასში სუფთა გადამამუშავებელი წარმოების წილი მეტად მცირეა და თუ არის, ისიც იმპორტულ ნედლეულზეა დამოკიდებული, როგორც აზოტის შემთხვევაში. ამიტომ ამ სუსტ საექსპორტო სისტემას მყარი ლარი დიდ ზარალს არ აყენებს, სამაგიეროდ ის ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოების განვითარებასა და სტიმულირებას. აქაც ეკონომისტებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, არსებული სტერეოტიპებისა და საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. სინამდვილეში საქართველოს შიდა წარმოების 80% დამოკიდებულია უცხოურ ნედლეულზე (პურის წარმოება, ენერგეტიკა, ცხიმები და ნახშირწყლები ბურღულეულთან და შაქართან ერთად,
წვენების წარმოებაც კი, რძის და რძის პროდუქტების წარმოებასთან ერთად) რომ არაფერი ვთქვათ მშენებლობაზე. იაფი იმპორტი მათ უიაფებს წარმოებას, რადგან მთავარი შემადგენელი კომპონენტი ფასწარმოქმნაში იმპორტული წარმოებისაა. არავინ თქვას იმდენ ჭარხალს ვაწარმოებთ ან ხორბალს, რომ აგარის ქარხანა და ჩვენი წისქვილკომბინატები დავტვირთოთ ან კარაქის და ხორცის წარმოება სრულყოფილად ავამოქმედოთ. ამ მხრივ სერიოზული სტიმული უნდა იყოს, რამაც უნდა განაპირობოს, თავშივე ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების სერიოზული ზრდა და კონკურენციის პირობებში მსოფლიო ბაზარზე მისი გასვლა.
ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, შედეგს გამოიღებს ადგილობრივ წარმოებაში 3-5 წლის შემდგომ და ალბათ ლარის გაცლითი კურსი უნდა მიეხმაროს ექსპორტის ზეაღსვალს იმ დონემდე რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მისაღები იყოს ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის, ხოლო ეს პერიოდი ინვესტიციების მოზიდვით ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. მაკროეკონომიკური სტაბილურობით ქვეყანამ უნდა შეძლოს ფუნქციონირება და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
საკვებ პროდუქტებზე 2007-2008 წლებში ფასების ზრდა საშუალოდ 3-6 პროცენტით არის მოსალოდნელი, ბევრ ძირითად პროდუქტზე, მაგალითად, პურზე, ასევე რძის პროდუქტებზე და ბურღულეულზე ფასები საერთოდ არ შეიცვლება. თუმცა ასევე უმნიშვნელოდ მოიმატებს პენსიების და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შემოსავალი. ინფლაციამ 2007 წლის იანვრის თვეში, 2006 წლის იანვართან შედარებით 12 %-ს მიაღწია ხოლო 2006 წლის დეკემბერთან შედარებით (10.9) – 6%-ს. საერთო ჯამში თუ ექსპერტულ გათვლებს გამოვიყენებთ, 2002 წლის იანვრიდან 2007 წლის იანვრამდე ცხოვრება საშუალოდ 31,2%-ით გაძვირდა.
ექსპერტული გათვლებით, ინფლაციის მორიგი მაღალტემპიანი ზრდა ისევ აპრილ-ივნისზე მოდის ხოლო შემდგომ, ისევ დასტაბილურდება და საერთო ჯამში შარშანდელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება.
თითქმის უცვლელი იქნება ამ პერიოდში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი, საბანკო დეპოზიტების დონე წლიურად 9-11% იქნება, ფულზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო სამშენებლო და სავაჭრო სფეროში, ხოლო საბანკო კრედიტის საშუალო წლიური მაჩვენებელი 15-20%-ია.
სამშენებლო სფეროში ფასების ზრდა შეჩერდება 2006 წლის დეკემბრის დონეზე და სპეკულაციურ აჟიოტაჟს შეცვლის სტაბილური პერიოდი. წლის ბოლოს მოსალოდნელია სამშენებლო ბიზნესში სტაგნაცია, რადგან მასში საკმაოდ დიდი ოდენობით ინვესტიცია ჩაიდო და ბაზარი გაჯერდა, მათ შორის სპეკულაციურიც. ეს ზოგ საბანკო ინსტიტუტს ლიკვიდურობის პრობლემას შეუქმნის და მათ მოუხდებათ უცხოეთის საბანკო ქსელიდან თანხების მოზიდვა. საერთოდ ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს საფინანსო ბაზრის სტაბილურობაზე, თუმცა არის კორეის სინდრომის წარმოქმნის საშიშროება. კორეაში კრიზისი დაიწყო არა სახელმწიფო მმართველობის გამო, არამედ კერძო ფირმების მიერ იმაზე უფრო დიდი დოზით ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, ვიდრე ამას ბაზარი ითხოვდა. ამან განაპირობა ვალდებულებების კრიზისი, რომელიც შემდგომ მთელს სამხრეთ კორეას გადაედო.
ჩვენი აზრით, საქართველოში ამ თვალსაზრისით 2007-2008 წელს კიდევ არის რეზერვები.
ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეკონომიკის მართვის მოდელი ასეთია:
– ინვესტიციების მოზიდვით სავალუტო დეფიციტის დაფარვა და სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკაში;
– იაფი იმპორტის შენარჩუნებით იმპორტულ ნედლეულზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისება და მისთვის გარდამავალ 5-6-წლიან პერიოდში წამახალისებელი ფორმის მიცემა, რათა მან შეძლოს მძლავრი საწარმოო ფონის შექმნა და საექსპორტო პოტენციალის სერიოზულ ბაზად გადაქცევა.
ჩვენი აზრით, უახლოეს 5-10 წელიწადში რთულია მოიძებნოს მეტად ქმედითი ეკონომიკური თეორიული გამოსავალიც კი ამ ტრანზიტულ პერიოდში.