სანქციები-ბერკეტი თუ ფორმალობა?

გიორგი ელიზბარაშვილი

რუსეთის ინტერვენციიდან 9 წლის თავზე, თბილისიდან 9977 კილომეტრის მოშორებით ოვალურ კაბინეტში ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ახალ სანქციების უწესებს ჩვენს ჩრდილო მეზობელს. 9 წლის წინ არსებობდა თბილისის დაცემის საფრთხე, მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ ამ პერიოდში პრობლემები თავად რუსეთსაც შეექმნა.

სანქციებზე ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა ადრეც. ადამიანთა მცირე ჯგუფი მაშინაც კი თუ რომელიმე სისხლის სამართლის დამნაშავეს ანგარიშს გაუყინავდნენ სიხარულით ცას იყვნენ აი ახლა კი დაიჩოქებს რუსეთიო, უმეტესობას კი არაეფექტურად მიაჩნდა და მიაჩნია ბოლო 3 წლის მანძილზე გატარებული ღონისძიებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ძლიერ დასუსტდა, თუმცა კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდნენ ყოფილი კოლონიები. სწორედ მაშინ მოახერხა რუსეთმა ძალადობრივი გზით საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დიდი ნაწილის ოკუპაცია. ბევრმა ვერც მაშინ გაიგო და არც ახლა იცის იმ საშინელებების შესახებ რაც მაშინ საქართველოში ტრიალებდა. ჩეჩნეთში 50 000 ბავშვი დაიღუპა. მივამატოთ დნესტრისპირეთი და ყარაბაღი. საკმარისია? საკმარისზე მეტია. დასავლეთს რომ მაშინ მეტი გონიერება, პრინციპულობა გამოეჩინა დღეს რეალური მსოფლიო პოლიტიკური რუკა სხვანაირი იქნებოდა. აღტკინებამ რომ სსრკ უსისხლოდ დაიშალა დიდხანს გასტანა. რამდენად უსისხლო იყო 9 აპრილი და ანალოგიური სისხლისღვრა ბაქოსა და ვილნიუსში ცალკე თემაა კიდევ. მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 22 წლით ადრე აფხაზეთში 2 ქართული სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, არანაირი სანქცია, ან საერთაშორისო გამოძიება. არავინ დასჯილა. დღეს ბევრი დასავლეთელი მაღალჩინოსანი აღიარებს 2008-ში გაზაფხულზე საქართველოსთვის რომ MAP მიგვეცა ომი არ მოხდებოდაო, ისინი ასევე აღიარებენ ომის მერე რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის სანქციები და შეშფოთება-აღშფოთებას გავცდენოდით უკრაინის ომს მაინც ავიცილებდით თავიდანო. ყირიმის ანექსიის შემდეგ ვიღაც დაფიქრდა დასავლეთში შემდეგი ჩვენ არ ვიყოთო და გადადგეს რაღაც ტიპის ნაბიჯები მაგრამ არცთუ ისე ხალისით. ახლაც აშშ-ს სანქციებს ბოლომდე ცოტა თუ შეუერთდება.

საქართველოს 9 წლის წინ ყველაზე დიდი თანადგომა გამოუცხადეს ლიტვამ, პოლონეთმა, უკრაინამ… იმ ქვეყნებმა რომლებმაც იცოდნენ რას წარმოადგენდა რუსული ჩექმა. დასავლეთ ევროპას კი უკვე დიდი ხანია ომი აღარ უნახავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულებს შვილთაშვილები ჰყავთ, მათ ომზე წარმოდგენა აქვთ წიგნებიდან, ეკრანიდან, კომპიუტერული თამაშებიდან. სამაგიეროდ მიეჩვივნენ კომფორტს, მაღალ შემოსავლებს, მზრუნველობას, სუფსიდია-შეღავათებს. შეიძლება არც არაფერი აკეთო, მაგრამ მაინც შეძლო ნორმალური ცხოვრება. ამის დათმობა კი არ სურთ ცოცხალი თავით. თავის დროზე ჩერჩილმა განაცხადა „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის, თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს.“ ამ სიტყვების თქმიდან მოკლე პერიოდში მესამე რაიხის ავიაციამ დაიწყო კუნძულის მასირებული დაბომბვა. თავის დროზე ჰიტლერი არ შეაჩერეს ვენაში, არ შეაჩერეს პრაღაში და მიიღეს ტანკები პარიზში. „ისტორია საუკეთესო მასწავლებელია ყველაზე ცუდის მოსწავლეებით“ ინდირა განდი. ყოფილი კოლონიზატორის სიტყვების მსგავსად ყოფილი კოლონიის შემდგომი მეთაურის სიტყვებიც ჭეშმარიტებაა.

სინდისის დასამშვიდებლად ადამიანები იგონებენ 1000 მიზეზს ჩადენილი ბოროტებისა თუ სიმხდალის გასამართლებლად. არაოფიციალურად ახლაც საუბრობენ რუსეთი თუ ბოლომდე გავამწარეთ და დასაკარგი აღარაფერი დავუტოვეთ ბირთულ ომს დაიწყებსო. სრული აბსურდი. ასეთი იდეა შეიძლება მხოლოდ ჩრდილო კორეის შეშლილ ლიდერ მოუვიდეს თავში. რომის იმპერია ეკონომიკური სიძლიერის ფონზე ფართოვდებოდა, ინდუსტრიის აღმასვლამ მისცა საშუალება ბრიტანეთს ჰყოლოდა კოლონიები 5 კონტინენტზე, ეკონომიკური აღმასვლის შემდეგ დაიწყო ომი ჰიტლერმა. როცა რუსეთი კრიზისს განიცდიდა პატარა ჩეჩნეთიც კი დე ფაქტო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. რაც მეტად გაძლიერდება ეკონომიკურად რუსეთი მით მეტი საფრთხე იქნება მეზობლებისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. იყო დრო როცა ბრიტანეთში, ბუკინგემის სასახლეში ბუხარი არ დაანთეს, ხალხს ცივა და შია სირცხვილიაო. დღეს „გაზპრომს“ ვერ შელევიან. არ სურთ ძვირ თხევად გაზსა და ელექტროენერგიაში დამატებითი ფულის გადახდა. მეტიც თუ 2015 წელს „გაზპრომის“ წილი ევროპულ ბაზარზე 31%-ს შეადგენდა 2016 წელს 34%-მდე გაიზარდა.

1

ევროკავშირმა 2015 წელს სულ მოიხმარა 402 მილიარდი კბმ ბუნებრივი აირი. ევროკავშირის არაწევრი კიდევ 10 ქვეყანა მოიხმარს დამატებით 131 მილიარდ კბმ-ს.

ახლა ვნახოთ წარმოება იმავე გეოგრაფიულ არეალში. ევროკავშირი მოიპოვებს მხოლოდ 120 მილიარდ კბმ-ს. ანუ 29.85%-ს. საბედნიეროდ ევროპას სხვა რესურსიც გააჩნია ნორვეგია 109 მილიარდი კბმ და ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე ალჟირი 45 მილიარდი კბმ. (82-დან 37 შიდა მოხმარებაა) ასევე უკრაინა 20 მილიარდი, აზერბაიჯანი 29 მილიარდი. უშუალოდ ევროპა პლიუს ალჟირი მოიპოვებენ მოხმარების 65%-ს. ზუსტად ამ დეფიციტს ავსებს გაზპრომიც. უცნაურია როცა ნორვეგია ახდენს 100 მილიარდ მეტრ/კუბზე მეტის ექსპორტს და მისი მეზობელი შვედეთი ასევე ახლოს მყოფი ფინეთი თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ყატარული გაზის წილი მცირეა, ასევე მცირეა ირანული და ამერიკული გაზის წილიც. ახლა ნამდვილად არაა ყატარის მიმართ პრეტენზიების წაყენების დრო, არც ირანის მიმართ. მართალია ირანი თითქმის სრულად ითვისებს საკუთარ გაზს, მაგრამ ყატარს საექსპორტოდ რჩება კიდევ 120 მილიარდი კბმ. გასათვალისწინებელია შუა აზიის რესურსიც კერძოდ უზბეკეთის მოპოვება შეადგენს 61 მილიარდ კბმ-ს, მოხმარება 43-ს რჩება 18 თავისუფალი. თურქმენეთის მოპოვება 76, მოხმარება 30 ესეც დამატებით 46. აზერბაიჯანი 29 და 11. დაგეგმილია შაჰ-დენიზის მეორე და მესამე ფაზები კარგია, მაგრამ არასაკმარისი. შუა აზიის ქვეყნებთან წლების წინ რუსეთმა კაბალური ხელშეკრულებები გააფორმა და დღეს როცა რუსეთი მოიპოვებს 150 მილიარდი კბმ-ით მეტს ვიდრე მოიხმარს ახდენს 34 მილიონი მ3-ის იმპორტს. გასათვალისწინებელია რეზერვებიც. ირანის, ყატარის, აზერბაიჯანის, ერაყის, ალჟირის, ქუვეითის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების მარაგები 120 ტრილიონ კბმ-ს აღემატება. ინვესტიციები მოპოვების ზრდაში, ახალი მარაგების აღმოჩენაში უნდა ჩაიდოს. გასათვალისწინებელია ფიქალის გაზის პოტენციალიც. ყველაზე უფრო იმედისმომცემია ევროპის დაინტერესება ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში. რაც უფრო მეტი ენერგოეფექტური შენობა იქნება, უფრო მეტი მზის პანელი, ჰესი თუ ქარის ელექტროსადგური მით შემცირდება გაზპრომზე პოლიტიკური დამოკიდებულება.

მაგრამ „გაზპრომით“ არც იწყება და არც მთავრდება ყველაფერი. რაც არ უნდა იყოს რუსეთი დიდი ბაზარია 140 მილიონი მაცხოვრებლით და 1.28$ ტრილიონიანი ეკონომიკით PPP დათვლით 3.4$ ტრილიონით. სანქციებითა და ვაჭრობის შეზღუდვით რუსეთთან ერთად ზარალდება ევროპაც. ევროპული კომპანიები და მასში დასაქმებული პირები. გარდა ამისა რუსეთში მრავლადაა დასავლური კომპანიების საწარმოები, ოფისები საპასუხო სანქციებისას ზარალდებიან ისინიც. მეტ-ნაკლებად სერიოზული სანქციები რუსეთს 2014 წლიდან დაუწესეს. მშპ-ს ზრდა ჯერ 0.7%-მდე დაეცა იმავე წელს, 2015-ში დაიკლო 2.8%-ით, ხოლო 2016 წელს კიდევ 0.2%-ით. ამავე პერიოდში ნავთობის ღირებულება 107$-დან 49$-მდე შემცირდა. 2016 წლის იანვარში 30$-საც ჩამოსცდა, ზუსტად მაშინ დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა, სავალუტო ჯიხურებში 90-საც. ასეთი დრამატული კლება არ გამოუწვევია მხოლოდ ჩინეთის მოხმარების შემცირებას და გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის კლებას მას თან ერთვოდა ირანისთვის სანქციების შერბილება და აშშ-ს მიერ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმება. რომ არა ოპეკის შეთანხმებული მოქმედებები ფასი შესაძლოა 40 ან 35 დოლარზე დაბალი ყოფილიყო ისევ, რაც კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებდა რუსეთს. 1986 წელს ნავთობის ფასი 27$-დან 14$-მდე დაეცა და 1990 წლამდე 17$-ს არც ასცდენია. მაშინდელი 14$ ამჟამინდელ 31$-ს უტოლდება. ასეთმა კლებამ დააჩქარა სსრკ-ს დანგრევა. 1998 წელს ფასი 19-დან 12 დოლარამდე დაეცა დღევანდელი 18$ რამაც ასევე დააჩქარა რუსეთის დეფოლტი. ალბათ ყველას გვსმენია ის წუწუნი რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ჩვენც გვაზარალა გადმორიცხვები შემცირდაო. ექსპორტი შემცირდაო 2015-16 წლებში, ინვესტიციები შემცირდაო… ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როცა რუსეთის ეკონომიკა 7-8 პროცენტით იზრდებოდა წელიწადში, დოლარი 23 რუბლი ღირდა და ნავთობი 140$ აი ზუსტად მაშინ განახორციელა მეზობელმა ინტერვენცია. რამაც დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციისა და მსხვერპლის გარდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები მოგვიტანა. ბევრად ბევრად მეტი ვიდრე შემცირებული გადმორიცხვები.

2014 წელს სანქციების პირველ ტალღას შეუერთდნენ ევროკავშირი, ნორვეგია, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია მათ იმ პირებს რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიაში აუკრძალეს თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა. ცხადია ეს არ შეხებია ორგანიზატორებს და ბრძანების გამცემებს. იმავე წლის აპრილის ბოლოს სანქციების მეორე რაუნდის მეშვეობით დაბლოკეს 17 რუსული კომპანიის ბიზნესტრანზაქციები და გააფართოეს პერსონალურ სანქციათა პირების წრე. თუმცა მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რასაც 298 ადამიანი შეეწირა სანქციები კვლავ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ამ ტერორისტული აქტის შემდგომ ემბარგო დაწესდა რუსეთთან ენერგო და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდა იმისა რომ საფრანგეთმა აღარ მიჰყიდა 2 „მისტრალი“ რომლითაც თურმე 40 წუთში გაანადგურებდნენ ფოთის პორტს, ასევე იმიტომაც რომ რუსეთს ენერგოსაბადოების უდიდესი ნაწილი ციმბირში აქვს, მოპოვებას სჭირდება რთული ტექნოლოგიები, რასაც თავად ვერ აწარმოებს. თუ სანქციები არ მოიხსნა რამდენიმე წელიწადში რუსეთს უკვე მართლა სერიოზული პრობლემები შეექმნება. იაპონიამ აკრძალა ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტი. სანქციები დაუწესდა 5 რუსულ ბანკს „სპერბანკი“, „ვთბ,“ „გაზპრომბანკი,“ „როსსელხოზბანკი.“ სანქციებს შეუერთდა შვეიცარია და ავსტრალია. იმავე პერიოდში საპასუხო სანქციები დააწესა რუსეთმა და აკრძალა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. ალბათ ბევრს ახსოვს კადრები როგორ ნადგურდება მშიერი ადამიანების თვალწინ აკრძალული პროდუქცია. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთმა აკრძალვის ნაწილი რამდენიმე კვირაში გააუქმა, სავარაუდოდ ქვეყნის შიგნით გაჩენილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. იმავე წლის სექტემბერში კვლავ გაფართოვდა სანქციები რომლებიც შეეხო „როსნეფტს,“ „გაზპრომნეფტს,“ „ტრანსნეფტსა“ და „კალაშნიკოვს.“ ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ რუსეთში ნავთობის საბადოებზე დაზვერვასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება. რიგ რუსულ კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა ტექნოლოგიებზე და 3 თვეზე მეტი ვადის ფინანსურ რესურსზე.
შედეგად გარდა ზემოთ აღნიშნული ეკონომიკური ვარდნისა და რუბლის გაუფასურებისა დაეცა საფონდო ბირჟის ინდექსებიც და ექსპორტიც. გაუარესდა თითქმის ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი.

2
წყარო worldbank.org

2014-2017 წლებში სანქციები 6-6 თვით ხანგრძლივდებოდა და დროდადრო ახალსაც ამატებდნენ. ხშირად კი გამოვიდოდა ვინმე და მის მოხსნაზე იწყებდა ლაპარაკს, მაშინ როცა აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარები არაა გაყვანილი, ყირიმზე აღარაფერს ვამბობ. ოლანდი 2 წლის წინ ამტკიცებდა რომ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია არ სურდა არგუმენტად კი ამ უკანასკნელის სიტყვები მოჰყავდა ასე მითხარიო. ქვეყანას რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელმოწერილ დოკუმენტებს უგულებელყოფს, თურმე სიტყვაზე უნდა ვენდოთ.

რუსეთის ეკონომიკა შემცირდა, მაგრამ არა დრამატულად. 3 წლის წინ როცა სანქციები ყოველ კვარტალურად მკაცრდებოდა ბევრი ქილიკობდა, რითი ემუქრებიან რუსეთს, შიმშილით? იმ ქვეყანას რომელმაც ლენინგრადის ალყას გაუძლო და არ დაეცაო. კი რუსეთი ის ქვეყანაა რომელმაც თავის ხელით გადაწვა მოსკოვი 2 საუკუნის წინ, რომელმაც გადაიტანა საშინელი შიმშილობა გასული საუკუნის 20-იან წლებში 5 მილიონი დაღუპული, გადაიტანა ლენინგრადის ალყა. კანიბალიზმის გამოვლინებით მაგრამ მაინც. სახმელეთო მხრიდან გერმანიის ჯარი არ აძლევდა ქალაქის მცხოვრებლების გასვლის ნებას გაყინულ ნევას კი „ენკავედეს“ უფრო სასტიკი არმია სდარაჯობდა. მოიგეს მეორე მსოფლიო ომი, მერე რა რომ 15 რესპუბლიკიდან ომს 11 მილიონი ჯარისკაცი შეეწირა 4 წელიწადში 2-ჯერ მეტი ვიდრე გერმანელი ჯარისკაცი 6 წელიწადში, რომელიც სსრკ-ს გარდა ბრიტანეთსა და ამერიკასაც ებრძოდა. ქართველების 10% დაიღუპა, ოკუპირებული საფრანგეთიდან კი მხოლოდ 1.5%. ადამიანთა სიკვდილი ვისთვის ტრაგედიაა, ვისთვის სტატისტიკა. თავად ადამიანი ვისთვის უმაღლესი ქმნილება, ვისთვის საშუალება. ავტორიტარულ ქვეყანაში რთულდება სანქციებით მიზნის მიღწევა. გზავნილები „დასავლეთი გვებრძვის“ „აშშ-ს ჩვენი დაჩოქება სწადია“ რუსეთში კვლავ მუშაობს. ადამიანები გაღარიბდნენ, მაგრამ ითმენენ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. კრემლსაც მართალია დაძაბულობის ახალი კერები აღარ შეუქმნია, მაგრამ მოპოვებულის დათმობასაც არ გეგმავს.

ზოგჯერ მოვისმენთ, სანქციებმა უბრალო ადამიანები დააზარალა ვისაც კავშირი არ ჰქონია სამხედრო დანაშაულებთანო. გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბეო. შინაარსი სწორია მოტივი მცდარი. უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავში და დონბასში. უდანაშაულო ადამიანები ცხოვრობდნენ გორისა და სენაკის კორპუსებში. ისინი არ გაღარიბებულან ისინი დაიხოცნენ. უდანაშაულო ადამიანებს იტაცებენ ყოველკვირა გორის სოფლებიდან, ახლა უკვე სამეგრელოდანაც.

მხოლოდ სანქციები რუსეთს წელიწადში 40$ მილიარდი უჯდება, ნავთობზე შემცირებული ფასი კი დამატებით 100$ მილიარდი. როგორც ჩანს ეს არასაკმარისია. და აი ახლა აშშ-მ რუსეთს ირანსა და ჩრდილო კორეას ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ორივე პალატამ თითქმის ერთხმად დაამტკიცა. სანქციების მოხსნის ან შერბილების უფლება აღარ ექნება პრეზიდენტს კონგრესის ნებართვის გარეშე. დოკუმენტში პირველად თანაც რამდენჯერმე ნახსენებია საქართველო. მიზეზებში თუ რატომაც მკაცრდება სანქციები უკრაინასა და სირიაში განხორციელებულ ქმედებებთან ერთად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებაცაა დასახელებული. შეზღუდვები გაძლიერდა ენერგო კომპანიებზე, ასევე სანქციების ქვეშ მოექცა რკინიგზა, სავაჭრო ფლოტი, მეტალო-ინდუსტრია. დოკუმენტში აღნიშნულია რუსული რბილი ძალაც, საქართველოში პრორუსული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაც. რუსეთი მხილებულია მრავალი ხელშეკრულების დარღვევაში მათ შორის 6 პუნქტიანი შეთანხმება, მინსკის ხელშეკრულება, ბუდაპეშტის მემორანდუმი, ჰელსინკის აქტი, შეთანხმება ღია ცის შესახებ.

თუ ვაჭრობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს, ვაჭრობის შეზღუდვა ყველას მდგომარეობას აუარესებს. 3 წლის მანძილზე იზარალა ევროპამაც, უფრო ნაკლებით, მაგრამ ეს უფრო ნაკლები მაინც რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. აშშ-ს ახალი სანქციების შედეგად ასევე ზარალდება ევროპაც, ამიტომ ლამის მთელი კონტინენტი მას სკეპტიკურად შეხვდა. კომფორტი და უსაფრთხოება ყოველთვის არაა თავსებადი, კარგი იქნება თუ ევროპას ეს სიტყვები რეალობად არ ექცევა. სსრკ-ს მიმართ დასავლეთელი ლიდერებიდან ყველაზე უფრო ადეკვატური ჩერჩილი გახლდათ. სწორედ მას სურდა ჩანასახშივე მოეშთო ბოლშევიკური სიგიჟე. იყო კიდეც ამის მცდელობა, მაგრამ მის მოწოდებებს არ აჰყოლია პირველი მსოფლიო ომით გადაღლილი ევროპა. აკი შემდეგ უკვე 1949 წელს დანანებით აღნიშნა „ბოლშევიზმის ძირშივე მოხრჩობა ენით აუწერელი სიკეთე იქნებოდა კაცობრიობისთვის.“ იშვიათად მსმენია ასეთი ჭეშმარიტება, მაგრამ დაგვიანებით ნათქვამი. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ს ჰქონდა ბირთული იარაღი, სსრკ-ს არა. აშშ მზად იყო მისი გამოყენებისთვის თუ საბჭოთა ტანკები დასავლეთ ევროპისკენ დაიძვრებოდა, მაგრამ კულტურულად დადუმდა აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაციის შემხედვარე. ბერლინის ბლოკადა გადალახულ იქნა, მაგრამ მხოლოდ ძველი სტატუსკვო აღდგა. დასავლეთი სამარცხვინოდ გაჩუმდა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერლინის აჯანყების ჩახშობის შემხედვარე, არაფერი უთქვამს როცა წითელი არმიის ტანკებმა 3000 უნგრელი შეიწირეს 1956 წელს და პრეზიდენტი იმრე ნადი ჩამოახრჩეს, ალბათ იმავე წელს თბილისში დახვრეტილი მიტინგის შესახებ 1 აბზაციანი ცნობა თუ იყო რომელიმე გაზეთის ბოლო გვერდზე. სიტყვიერ დაგმობას არ გასცდენია პრაღაში შეჭრაც 1968 წელს, სსრკს დაშლის შემდეგ საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ბოლოს უკრაინა. ერთადერთი ღირსეული პასუხი მიაგეს 1980 წელს როცა ავღანეთში ინტერვენციის შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას. 2018 წელს რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბოიკოტით გარდა იმისა რომ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დახარჯულ 12 მილიარდი დოლარის უაზრო ხარჯად გადაქცევაა შესაძლებელი, პრესტიჟის ამბავიცაა. 1936 წელს ჰიტლერმა შეარბილა თავის პოლიტიკა ოლიმპიადის დროს, ყირიმის ანექსია ზუსტად ოლიმპიადის დასრულების შემდეგ განხორციელდა. რა მოხდება მსოფლიო ჩემპიონატის ჩავლის შემდეგ. ეს ჯერ მხოლოდ კრემლის კედლების მიღმა უწყიან. ბოიკოტი უფრო პოლიტიკური დემარშია და დასავლეთს ეკონომიკურად ნაკლებად აზარალებს. შესაძლებელია უფრო შორს წასვლაც, რაზეც მხოლოდ თეორიულად სჯობს ლაპარაკი, რადგან ამ ეტაპისთვის დასავლეთი მზად არაა მისი მიღებისთვის. ეს რადიკალური ნაბიჯი SWIFT-ის (Society World-Wide International Financial Telecommunications-ბანკთაშორისი მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ფინანსური სისტემის გაერთიანება) გათიშვაა. ამ არხის საშუალებით ხდება საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები. 11 ათასამდე საფინანსო ორგანიზაცია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში, ძირითადად ბანკები ახორციელებენ 6 მილიონზე მეტ ტრანზაქციას დღე-ღამის განმავლობაში საუბარია ჯამში 6 მილიონზე მეტ ტრანზაქციასა და 6$ ტრილიონზე მეტ თანხაზე. რამდენიმე წლის წინ ასეთი სანქცია დაადეს ირანს და მერე ისევ მოუხსნეს. თუ გადავხედავთ თუნდაც გასული 26 წლის ისტორიას ადვილად აღმოვაჩენთ რომ მსოფლიოსთვის რუსეთი ირანზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ფაქტია, რომ რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა არის უარესი ვიდრე სანქციებამდელი. არსებული სანქციები მართალია რაიმე განსაკუთრებულ როლს ვერ თამაშობენ, მაგრამ მათ გარეშე შესაძლოა მომხდარიყო უარესი. სანქციების გამკაცრებას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული შედეგი, მართალია ამით ნაწილობრივ ზარალდება დასავლეთიც და საქართველოც, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში. ევროპის უსაფრთხოებისთვის სუსტი რუსეთი სჯობს. XV საუკუნიდან მოყოლებული იმპერია ოთხივ მიმართულებით ფართოვდება, დროა წერტილის დასმის. სამარცხვინოა ზოგიერთი ევროპული კომპანიის ქმედება მაგალითად SIEMENS-ის, რომელმაც გაზის ტურბინები ყირიმს მიაწოდა. გაზის ტურბინა არაა ავტომობილი ან სმარტფონი, რომ გამოუშვა და ვერ გაიგო მყიდველის ვინაობა, ის კონკრეტული ობიექტისთვის მზადდება და არცოდნით თავის მართლება უბრალოდ უადგილოა. რუსეთი რომ საქართველოს მტერია მოსაზრება კი არა მოცემულობაა. აქსიომაა და არა თეორემა. მტერი კი სუსტი ნამდვილად უკეთესი სანახავია. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პირველი აუცილებელი პირობა საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებაა, ხოლო მეორე რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური დასუსტება. ახალმა სანქციებმა შეიძლება შეამციროს ფულადი გზავნილები და ტურისტები რუსეთიდან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სასიკეთოდ იმუშავებს.

ბიბლიოგრაფია
www.forbes.ge
www.bloomberg.com
www.worldbank.org
www.europa.eu