ნაბუკოს მესაფლავეები

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა 3 აპრილს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაზსადენ “თეთრი ნაკადის” პროექტში თანამონაწილეობის შესახებ. სულ მალე იმავე მემორანდუმს რუმინეთი და უკრაინაც მოაწერენ ხელს. მანამდე კი, მარტის მიწურულს, რუსეთის დედაქალაქში გაფორმდა მემორანდუმი “გაზპრომსა” და აზერბაიჯანის წარმომადგენელს შორის “გაზპრომის” მიერ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის შესახებ. პარალელურად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრანტინი აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზსადენის პროექტი “თურქეთი-საბერძნეთი-იტალია” (TGI) ბევრად სჯობია “ნაბუკოს” პროექტს, რადგან მისი განხორციელება უფრო მოკლე ვადებშია შესაძლებელი.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ “ნაბუკოს” პროექტი პრიორიტეტული აღარაა არც ევროპისთვის და არც პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებისათვის, როგორც ეს ადრე, ერთი შეხედვით ჩანდა? მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არც აქამდე შეინიშნებოდა აღნიშნული პროექტისადმი სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკოსთა ნაკლებობა?
2-3 აპრილს თბილისში ნავთობის, გაზის, ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას, საქართველოს მთავრობის გარდა ნავთობისა და გაზის სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მათ შორის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც კონფერენციაზე მსჯელობდნენ, სწორედ “თეთრი ნაკადის” პროექტის მნიშვნელობა იყო. კონფერენციის ფარგლებში, 3 აპრილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და “თეთრი ნაკადის” მაგისტრალის მშენებელი კომპანიის White Stream Pipeline Company Limited-ის თავმჯდომარემ რობერტო პირანიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოსა და White Stream Pipeline Company Limited-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი პირველია “თეთრი ნაკადის” პროექტთან დაკავშირებით. შემდეგი მემორანდუმი რუმინეთისა და უკრაინის მთავრობებთან გაფორმდება, რომლებიც ასევე პროექტის მონაწილეები არიან. “თეთრი ნაკადი” სხვანაირად ცნობილია, როგორც საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის გაზის მაგისტრალი. ექსპერტების ვარაუდით, პროექტი დაახლოებით 12-18 თვეში უნდა განხორციელდეს.
“თეთრი ნაკადის” საშუალებით გაზი მიეწოდება კასპიის ზღვიდან საქართველოს, საქართველოდან, შავი ზღვის გავლით, რუმინეთსა და უკრაინას, შემდეგ კი უკვე ცენტრალურ ევროპას. თავდაპირველად მაგისტრალი წელიწადში 8 მილიარდ კუბმეტრ გაზს გაატარებს, რომელიც აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოზე მოპოვებული გაზით მომარაგდება. მოგვიანებით კი შესაძლებელი გახდება “თეთრი ნაკადის” ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში წყალქვეშ დამატებითი მილი ჩაიდება და გაზსადენის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 24-32 მილიარდ კუბმეტრამდე გაიზრდება.
როგორც საქართველოს მთავრობის წევრები აღნიშნავენ, “თეთრი ნაკადი” მხოლოდ დამატებითი რესურსია გაზის ევროპამდე მიწოდებისათვის და არ შეიძლება მისი განხილვა “ნაბუკოს” ალტერნატივად. ეს სიტყვები რეალობად იქცევა თუ მხოლოდ სურვილად დარჩება, უახლოეს წლებში გამოჩნდება. “ნაბუკოს” პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა აზერბაიჯანულ მხარესაც ხშირად უწევს. ამის მიზეზი კი, აღნისნულ რუსულ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი გახდა.
“გაზპრომი” და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ 2010 წლიდან “გაზპრომისათვის” აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს წარმართავდნენ “გაზპრომის” თამჯდომარე ალექსეი მილერი და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. რუსული მხარისათვის გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, 2010 წლიდან დაიწყება აზერბაიჯანი-რუსეთის საზღვარზე. შემდგომი მოლაპარაკებების დროს აგრეთვე განიხილება ეკონომიკური მიზანშეწონილობა და ვარიანტები ბუნებრივი აირის გაცვლითი ოპერაციების შესახებ.
აღნიშნული მოლაპარაკების გამართვაზე მილერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 2008 წელს ბაქოში იმსჯელეს. 2009 წლის თებერვალში ალიევმა “გაზპრომის” წინადადებას გაზის შესყიდვის შესახებ “მიმზიდველი” უწოდა. უახლოეს ხანებში ერთობლივად ჩატარდება ბაქო-ნოვო-ფილის 200 კილომეტრიანი გაზსადენის ტექნიკური ინსპექცია და მოდერნიზაცია.
“გაზპრომთან” მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, გამოთქვა ეჭვი, რომ ილჰამ ალიევს აღარ აინტერესებს “ნაბუკოს” ევროპული პროექტი და, გამორიცხული არ არის, ევროპული გაზსადენის ნაცვლად რუსეთთან დაკავშირებულ გაზსადენს მიანიჭოს უპირატესობა. ბევრი ექსპერტის აზრით, “გაზპრომსა” და აზერბაიჯანულ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება ზრდის ალბათობას, რომ “ნაბუკო” გაზის გარეშე დარჩეს.
თუმცა მოსკოვიდან დაბრუნებულმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი კვლავ დაინტერესებულია ევროპული პროექტით და მოლაპარაკებებს აწარმოებს პროექტში მონაწილე მხარეებთან. მართალია ბუდაპეშტის კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ალიევმა მხარი დაუჭირა “ნაბუკოს”, თუმცა “გაზპრომისაგან” განსხვავებით, ევროკავშირს არც ეს შეთანხმება გაუფორმებია წერილობით აზერბაიჯანთან და ევროპულ მხარეს დღემდე არ გააჩნია დოკუმენტურად დასაბუთებული გარანტიები რეგიონის გაზმომპოვებელი ქვეყნების მხრიდან აირის მიწოდების შესახებ. ასეთ პირობებში კი სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რჩება.
“ნაბუკოს” ევროპაშიც ბევრი უყურებს სკეპტიკურად. “გაზსადენის პროექტი “თურქეთი-საბერძნეთი-იტალია” (TGI) ბევრად “სჯობია” ნაბუკოს პროექტს, რადგანაც მისი განხორციელება უფრო მოკლე ვადებშია შესაძლებელი”, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრანტინიმ. მინისტრი იმედოვნებს, რომ მალე პროექტის ყველა მონაწილესთან გაფორმდება ხელშეკრულება, რაც განხორციელების ვადებს უფრო დააჩქარებს. შეგახსენებთ, რომ TGI ჯერ კიდევ 2006 წელს აღიარა ევროკავშირმა პრიორიტეტულ პროექტად. თGI ევროპას გაზით კასპიის რეგიონიდან, ნაწილობრივ აზერბაიჯანიდან, შეავსებს, რომელიც იტალიაში საქართველოს, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით მოხვდება. გაზსადენის ინაუგურაცია 2007 წელს გაიმართა, მისი დასრულება კი 2012 წლისათვის არის ნავარაუდევი. მისი საწყისი გამტარუნარიანობა იქნება 11.5 მილიარდი კუბმეტრი წელიწადში.
გახდებიან თუ არა “თეთრი ნაკადი”, “გაზპრომ”-აზერბაიჯანის მემორანდუმი და TGI “ნაბუკოს” “მესაფლავეები”, ეს ალბათ მალე გამოჩნდება; მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ საქართველოსათვის მთლადGგარკვეული და დალაგებული მდგომარეობა არც გაზის შიდა ბაზარზეა. კვლავ გრძელდება ხმაური “ყაზტრანსგაზ თბილისის” გარშემო.
“ყაზტრანსგაზ თბილისში” დანიშნულმა დროებითმა მენეჯერმა გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიმართ არსებული 80 მილიონიანი ვალის ამოღება დაიწყო. როგორც “ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, დროებით მენეჯმენტს დავალიანების ამოღების კონკრეტული ვადა და გრაფიკი არ გააჩნია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დავალიანების დაფარვა ვადაზე ადრე დამთავრდა, ყაზახური მხარე კომპანიაში მართვის უფლებას დაიბრუნებს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას “ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ყაზახური მხარე აპროტესტებს და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
“ყაზტრანსგაზი” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას მაღალი დონის ხელშეკრულებების დარღვევაში ადანაშაულებს და მას საერთაშორისო სასამართლოში ჩივილით ემუქრება. კომპანიის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ 16 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ დაამტკიცა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება “ყაზტრანსგაზ თბილისში” საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ეს კი, განცხადების თანახმად, “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე მოხდა. “ყაზტრანსგაზი” აღნიშნავს, რომ კომპანიაში 100 მილიონი დოლარი ჩაიდო, რეგიონში კი რთული ეკონომიკური ვითარებაა და მომხმარებელი დროულად არ იხდის აირის ღირებულებას, ამის მიუხედავად, გაზის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება და “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. “ამ ეტაპზე სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზ თბილისი” იღებს ზომებს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერებისა და იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება ადრე დადებულ ხელშეკრულებებს, მათ შორის ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მთავრობათშორის შეთანხმებებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. კომისიის ცნობით, ამ ღონისძიების გატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა, მათ შორის 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ყაზმუნაიგაზი” აცხადებს მზადყოფნას, გაყიდოს თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანია, თუ მოხდება ქსელში განხორციელებული ინვესტიციების “კომპენსირება”. “შარშან შემოდგომაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავყიდოთ “თბილგაზი”, – იტყობინება ყაზახეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ყაზმუნაიგაზის” ხელმძღვანელის, კაირგელდი კაბილდინის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 25 მარტს ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “ყველაფერი, რისი შეძენაც შეიძლება, შეიძლება გაიყიდოს კიდეც – აქ მხოლოდ ფასს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ გავყიდოთ იმ პირობით, რომ მოხდება “ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩვენი ინვესტიციების, ვალების დაფინანსების და ფინანსური დახმარების კომპენსირება”.
“ყაზმუნაიგაზი” “ყაზტრანსგაზის” ერთადერთი აქციონერია. მისმა ინვესტიციებმა თბილისის გაზის გამანაწილებელ ქსელში კომპანიაში შესვლის შემდეგ (2006 წ.) 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. “ყაზტრანსგაზის” სათაო ოფისში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ ყაზტრანსგაზ თბილისი უკვე გასაყიდადაა გამოტანილი. “კომპანიამ განაცხადა იმ პირობების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება კომპანია გაიყიდოს. კონკრეტულ მყიდველზე საუბარი არ არის და, შესაბამისად, ამ საკითხზე არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თანაც იოლი არაა ისეთი სერიოზული კომპანიის მოძებნა, რომელიც “ყაზტრანსგაზ თბილისს” იყიდდა”, – აცხადებენ სათაო ოფისში.
ამასთანავე, “თბილგაზის” შეძენის ინტერესს არ მალავს “სოკარ ჯორჯია” მართალია, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია ამ ეტაპზე არ აპირებს თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის შეძენას, თუმცა არ გამორიცხავს მომავალში მოვლენათა ამგვარ განვითარებას იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გაზის ბაზარზე საკუთარი ინტერესები გააჩნია. ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს მეთაურმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც საქართველოში გაზის მთავარი მიმწოდებელია, მომავალშიც აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.
რაც შეეხება თავად “სოკარს”, ის საქართველოს ბაზარზე 2006 წლის ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც კომპანია “სოკარ ჯორჯია” დაარსდა. მას შემდეგ “სოკარმა” საქართველოში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მისივე ინფორმაციით, მათ საქართველოს ბიუჯეტში 2007 წელს 100 მილიონი, ხოლო 2008 წელს 172 მილიონი ლარი გადარიცხეს. “სოკარის” გაზის ღირებულება საქართველოს გაზის სადისტრიბუციო ბაზრის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის “თბილგაზისთვის”, 1000 კუბურ მეტრზე 167 დოლარს შეადგენს, ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის კი – 143 დოლარს.
თუმცა “სოკარის” მიერ “ყაზტრანსგაზ თბილისის” შეძენა საქართველოს შიდა ენერგობაზარს აუცილებლად მიიყვანს მონოპოლიურ მდგომარეობამდე და მონოპოლია კვლავ უცხო ქვეყნის კომპანიის ხელში დარჩება. იმისათვის კი, რომ საქართველო სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხოურ კომპანიებზე, იქნება ეს აზერბაიჯანული, რუსული თუ ყაზახური ფირმები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო გაზსადენი პროექტების განხორციელება (“ნაბუკო”, TGI, “თეთრი ნაკადი”), რომელთა შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით და რომელთაგანაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, თავის კუთვნილ გაზს მიიღებს.