ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური პოტენციალი
თამაზ შილაკაძე. დავით ბიბილური
ინტელექტუალურ საკუთრებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საკუთრებას, თავისი ღირებულება გააჩნია. წარმოუდგენელია კარგმა მეურნემ არ იცოდეს საკუთრებაში მყოფი აქტივების ღირებულება და არ დაიცვას იგი ფალსიფიკაციისაგან. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება არ არის სათანადოდ დაფასებული და შეფასებული.
დამიანის ყოფისა და საქმიანობის განუყოფელ ნაწილს ოდითგანვე მისი
შემოქმედებითი მოღვაწეობა წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად აქტუალური ხდება ინტელექტუალურ სიახლეთა შექმნა და მათი სამართლებრივი დაცვა.
საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მზარდი როლი ენიჭება ინტელექტუალურ სიახლეთა სამართლებრივ უზრუნველყოფას, რადგანაც წარმოუდგენელია მკაცრი კონკურენციის პირობებში მსოფლიო ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი ისეთმა პროდუქტმა, რომლის წარმოებისას არ იქნება გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიური, ორიგინალური კონსტრუქციული, მოწინავე დიზაინერული გადაწყვეტა ან გარკვეული ნოუ-ჰაუს მატარებელი სარეკლამო-სამარკეტინგო სამუშაოები, რაც, თავის მხრივ, უზარმაზარ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. შედეგად, მოცემული პროდუქტი ან პროდუქტთა ჯგუფი, ერთი მხრივ, დამსახურებულად იკავებს ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს და, მეორე მხრივ, შესაბამისად, მაღალ იმიჯს უქმნის მწარმოებელ კომპანიას. აგრეთვე საყოველთაო აღიარების მოტანა შეუძლია ამ კომპანიის სახელისა და მისი სასაქონლო ან მომსახურების ნიშნისათვის. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, ანუ ჯერ პროდუქტის მაღალი მომხმარებლური თვისებები “მუშაობს” კომპანიის იმიჯის შესაქმნელად და შემდეგ ამ კომპანიის მიერ წარმოებული ყოველი ახალი პროდუქტი სწრაფად პოულობს ადგილს ბაზარზე, რადგანაც იგი მარკირებულია საყოველთაოდ აღიარებული კომპანიის მიმანიშნებელი ატრიბუტებით.
საქართველოში ამჟამად მოქმედმა კონსტიტუციამ და 1997 წელს ამოქმედებულმა სამოქალაქო კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ადამიანის შემოქმედებითი შრომის შედეგების სამართლებრივ დაცვას. ინტელექტუალური საკუთრება დამკვიდრებულია, როგორც საკანონმდებლო ტერმინი და სულ უფრო ხშირი ხდება სასამართლო პრაქტიკაში ისეთი დავების განხილვა, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებს, ანუ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა მონოპოლიური უფლებების დარღვევას. არამართლზომიერი ქმედებების შედეგად, ბაზარზე ჩნდება ფალსიფიცირებული და კონტრაფაქტული საქონელი. საბოლოო ჯამში, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები განიცდიან დიდ მატერიალურ ზარალს და, თავის მხრივ, ზარალს განიცდის ქვეყნის ბიუჯეტი.
სამწუხაროდ, ინტელექტუალური საკუთრება, და განსაკუთრებით, სამრეწველო საკუთრება, ქვეყნის მაკრო და მიკრო ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებაში უმნიშვნელო როლს თამაშობს. ეს გამოიხატება იმაში, რომ გათვალისწინება არ ხდება, იმ უზარმაზარი ფასეულობების, რომელიც არამატერიალური აქტივების სახით გამოიხატება.
კონსალტინგური კომპანიის “Iნტერბრაანდ”-ის 2000 წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ მატერიალური და არამატერიალური აქტივების ხვედრითი წილის თანაფარდობამ, მაგ. კომპანია “Bრიტისჰ Pეტროლეუმ”-ში შეადგინა 29 : 69, კომპანია IBM – 17 : 83, კომპანია ჩოცა-ჩოლა – 4 : 96, თუ გავაანალიზებთ მსოფლიოში ცნობილი ამ რამდენიმე კომპანიის მაგალითზე კაპიტალიზაციაში შემავალ მატერიალური და არამატერიალური აქტივების წილს, ნათლად გამოჩდება, რომ არამატერიალური აქტივები ხშირად მატერიალურ აქტივებს რამდენიმეჯერ აღემატება და გააჩნია ყოველწლიურად ზრდის ტენდენცია.
არამატერიალურ აქტივებს განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრება (პატენტები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ და სხვა), ლიცენზიები (უფლებები ტელე და რადიომაუწყებლობაზე, უფლებები წარმოებაზე და სხვა), გამომცემლობის უფლება და სხვა. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს გააჩნიათ შესაბამისი საბაზრო ღირებულება. ცხრილში მოცემულია “Iნტერბრაანდ”-ის 2000 წლის მონაცემებით მსოფლიოში მოწინავე 10 კომპანიის მხოლოდ სასაქონლო ნიშნების – ბრენდის საბაზრო ღირებულების სიდიდე (იხ ცხრილი).
როგორც ცხრილიდან ჩანს, სასაქონლო ნიშნების ღირებულება ათეულობით მილიარდ დოლარს აღწევს და იგი, როგორც ჩვეულებრივი საქონელი, ყიდვა-გაყიდვის საგანს წარმოადგენს. მაგალითად, საავტომობილო კონცერნმა Fორდ-მა 2000 წელს შეიძინა საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანული საავტომობილო კომპანიის Lენდ ღოვერ-ის ხუთი სასაქონლო ნიშანი, მათ შორის ისეთები, როგორიცაა: ღანგ ღოვერ, Dისცოვერყ, Fრეელანდერ და Dეფენდერ, რომელიც აქამდე ეკუთვნოდა საავტომობილო კონცერნ BMჭ-ს.
ასეთივე დიდ ღირებულებას აღწევს ის პატენტები, ლიცენზიები თუ ნოუ-ჰაუ, რომელსაც ფლობენ მოწინავე კომპანიები და იყენებენ თავიანთი პროდუქციის წარმოებისას.
ერთის მხრივ, სასიამოვნოა, რომ ხშირად, საქართველოს შეფასებისას, გაისმის ეპითეტი, “დიდი ინტელექტუალური პოტენციის ქვეყანა”, მაგრამ ინტელექტუალური პროდუქტის არასათანადო იურიდიული გაფორმების, შეფასებისა და მისი არასწორი მართვის გამო მოგების ნაცვლად შესაძლებელია ზიანის მოტანა. მაგალითის სახით საკმარისია გაანალიზებულ იქნას ტრადიციული ქართული ღვინოებისა და კონიაკის მდგომარეობა. იმის გამო, რომ უმრავლესობას (ხვანჭკარა, ოჯალეში, ქინძმარაული, ენისელი, გრემი, ვარციხე და სხვა) არ გააჩნია იურიდიული დაცვა, იქმნება ქაოსური მდგომარეობა როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე. მფლობელის არარსებობა იწვევს იმას, რომ ფალსიფიკაციის შემთხვევაში არ არსებობს დაინტერესებული კანონიერი სუბიექტი, რომელიც გამოვა ფალსიფიკატორის წინააღმდეგ და სამართლებრივი გზით დაიცავს კონკრეტული მარკის პრესტიჟს. ამის გამო იკარგება ქართული ალკოჰოლური სასმელების გასაღების ისეთი ტრადიციული ბაზრები, როგორიცაა: რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ამ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორც წესი, 95%-ზე მეტი ფალსიფიცირებული პროდუქტი ხვდება და ილახება ქართული სასმელების სახელი. შედეგად, ნამდვილ პროდუქტს უჭირს ადგილის დაკავება. მათი საბაზრო ღირებულება მინიმუმამდეა დაყვანილი და ზარალდება, როგორც მწარმოებელი, ასევე ქვეყნის ბიუჯეტი. ამ ბაზრების დაბრუნებისთვის მრავალი წელი და კაპიტალდაბანდება იქნება საჭირო.
კანონიერი მფლობელი სუბიექტის არარსებობა იწვევს იმას, რომ დღეისათვის არ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების და, მათ შორის, სასაქონლო ნიშნების, ღირებულების შეფასება; ვერ ხერხდება ინტელექტუალური საკუთრების ამ დიდი ფინანსური რეზერვის ამოქმედება.
ინტელექტუალური საკუთრების შეფასების საკითხი ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს. შეიძლება აღინიშნოს, რომ მსოფლიოში იყენებენ შეფასების რამდენიმე მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულ, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ, ისტორიულ და სოციალურ ფაქტორებს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ამის გამო, ამა თუ იმ საწარმოს პრივატიზაციის დროს არ მომხდარა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ღირებულების გათვალისწინება. თუმცა, ბევრ საწარმოს დაგროვილი აქვს მრავალი სამეცნიერო, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო და სხვა ნოუ-ჰაუს ნიშნების მატარებელი არამატერიალური აქტივები, ან გააჩნდა (გააჩნია) საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ან მომსახურების ნიშნები (მაგ. “ბორჯომი”, ლაღიძის წყლები”, “თბილისის დინამო” და სხვა).
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მატერიალური შეფასების გარეშე შეუძლებელი ხდება, არამართლზომიერი ქმედების შემთხვევაში, სწორად იქნას წაყენებული სარჩელი მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე დამრღვევის წინააღმდეგ. ასეთი პროცესის წარმართვა შეუძლებელია. ასეთი პროცესები იშვიათად იმართება და არ არსებობს საკმარისი გამოცდილება და საკმარისი რაოდენობის პრეცედენტი ამ სფეროში, რომ ეკონომიკის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტმა ჯეროვანი ადგილი დაიკავოს.
საინტერესო გამონაკლისს წარმოადგენს ქართველი გამომგონებლის, გ.ხოშტარიას გახმაურებული საქმე მსოფლიოში ცნობილი კონცერნის “დაიმლერ-კრაისლერის” წინააღმდეგ. ამ პროცესის არსებობა ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ტემპებს და მისი შედეგი შეიძლება იქცეს ინდიკატორად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების, ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს, “იპექსი”-ს და სხვა დაინტერესებული პირების ძალისხმევით, შემუშავებულ იქნას ნორმატიული აქტები, რეკომენდაციები და მეთოდური სახის დოკუმენტაცია, რათა მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასება და არამატერიალური აქტივების მაქსიმალური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად. უნდა შეიქმნას ის რეალური ბერკეტები, რომლის დახმარებითაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები რეალურ მატერიალურ სარგებელს მოუტანს როგორც მის მფლობელს, ასევე მთელ ჩვენს ქვეყანას.