იცით რას მიირთმევთ და რატომ იხდით ძვირს იაფფასიან პროდუქტში?

ნინო არველაძე

საქართველო ევროპის სტანდარტებთან გათანაბრებას თითქმის ყველა ასპექტში ცდილობს, მაგრამ ზოგჯერ საკანონმდებლო ბაზა, ან მისი არარსებობა ჩვენს ევროპელობას საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს.
მთლიანი ეკონომიკის რეფორმირების პაკეტში დარეგულირების პრობლემა ერთ-ერთი ძირითადია. ის ეხება იმას, თუ რას მოვიხმართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და რას ვაგზავნით ფარგლებს გარეთ. ამ საკითხთა გასარკვევად და პრობლემების დაძლევის გზების საძიებლად გასულ წელს ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკამ” და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტმა” სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონზე, საქართველოში არსებული სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, სერთიფიცირებისა და ლაბორატორიების აკრედიტაციის პრობლემების შესახებ მრავალთვიანი სამუშაოები ჩაატარა, რასაც გასული წლის აპრილში კონფერენციაც მიეძღვნა და შედეგად გამოიცა რეკომენდაციათა კრებული – “სტანდარტიზაციის, სერთიფიცირების, მეტროლოგიის (ასევე, სურსათის უვნებლობის და ხარისხის) რეფორმების პრობლემები (ინსტიტუციონალური, ნორმატიული რეფორმირების დროს წარმოშობილი პრობლემები, მსოფლიო გამოცდილება და ტენდენციები და გადაწყვეტის გზები)”. ექსპერტები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში ხარვეზებს აღნიშნავდნენ და მომავალი გაუგებრობების თავიდან აშორების მიზნით, მათ შესწორებას ითხოვნდენ. ის, რომ კანონი დასახვეწია დავის საგანი არ არის, მაგრამ მის დახვეწამდე მომხმარებელთა უფლებები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. ბაზრობებზე, ქუჩებში თუ სუპერმარკეტებში ხშირად ვყიდულობთ საქონელს, რომელსაც ქართულენოვანი ეტიკეტი არ აქვს ან არასათანადო პირობებში ინახება. პრობლემის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელი დარჩა და ჩვენ საკანომდებლო ცვლილებებით შევეცადეთ ბევრი მათგანის უბრალოდ გადავადება. ვნახოთ, თუ რა ცვლილებები შევიდა საქართველოს “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში და რას პირდება ქართველ მომხმარებელს საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი სოზარ სუბარი.
გავიხსენოთ, რომ 1991 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია: “სახელმძღვანელო პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად”, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის რვა ძირითად პრინციპს მოიცავს:
უსაფრთხოების უფლება;
ინფორმირების უფლება;
არჩევნის უფლება;
მოსმენის უფლება;
ანაზღაურების უფლება;
ჯანსაღი გარემოს უფლება;
ძირითად მოთხოვნათა უფლება.
ამ რვა ძირითადი პრინციპით სარგებლობს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი უზრუნველყოფს, კონსტიტუციის საფუძველზე დაცულია მომხმარებელთა უფლებები სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს კანონებით “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.
არსებული საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად, საქართველოში ყველა პროდუქციისა და მომსახურეობის სფეროში არ ჩამოყალიბებულა საზედამხედველო ორგანო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი.
ვინ გააკონტროლებს ბავშვთა კვების ბიზნესს და რატომ გადაუვადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობაზე კონტროლი 2008 წლის ივნისამდე?
რა ახალი საკანომდებლო ცვლილებები განხორციელდა იანვარში?
2006 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს უნდა ამოქმედდეს. კანონში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1. “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 26-ე მუხლს, სადაც განსაზღვრულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში დაემატოს შემდეგი შინაარსის “თ” ქვეპუნქტი:
“თ”. ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოების ყველა საფეხურზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და კონტროლი.
2. ამოღებულ იქნეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, სადაც ვკითხულობთ, რომ ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) წარმოების ყველა საფეხურზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და კონტროლი არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება სურსათის უვნებლობის სფეროში.
3. 36-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც გარდამავალ დებულებებს ეხება და სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს:
გ) საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება- ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.
მე-8 და მე-10 პუნქტები, რომლებშიც მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა უნდა განხორციელდეს მაღალი რისკის წარმოებაში 2009 წლის 1 იანვრიდან-გარდა:
ა) პირველადი წარმოებისა;
ბ) მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა გადავადდეს 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო
9. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ყველა სხვა სურსათის გადამამუშავებელი წარმოებისათვის 2010 წლის 1 იანვრიდან, გადავადდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
10. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის 2011 წლის 1 იანვრიდან, გადავადდეს 2012 წლის 1 იანვრამდე.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36 I მუხლი:
“მუხლი 36 I
1. ამ კანონის 22-ე (ინსპექტირება), 23-ე (ინსპექტირების ზოგადი პრინციპები) და 30-ე (სამსახურის წლიური გეგმა და ანგარიში) მუხლები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან;
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების სათანადო მომზადებისთვის საჭირო სასწავლო ღონისძიებების ნუსხა, ამ ღონისძიებების ჩატარების თარიღების მითითებით.
3. 2008 წლის 1 ივნისამდე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ცხოველთა დაავადებების სახელმწიფო კონტროლზე, რომელიც განსაზღვრულია “ვეტერინარიის შესახებ” და “მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით.
5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე დაადგინოს სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი და უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის ამოქმედება.”
მომხმარებლის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით 25 იანვარს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “კავშირი XXI საუკუნემ” კონფერენცია მოაწყვეს, სადაც ნათლად წარმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა და მომხმარებელთა ინტერესები კვლავ ისე ილახება, როგორც ამ კანონის მიღებამდე.
ყოველივე ამის შემდეგ ისმის კითხვა – რატომ მივიღეთ ასეთი აჟიოტაჟით და ნაჩქარევად სურსათის უვნებლობის კანონი და რატომ დაიხარჯა ამდენი თანხა ჩვენი ან დონორებისა ამ საქმეზე, თუ არ ვიყავით მზად? საერთოდ რა საჭიროა შეუსრულებელი კანონები და უაზრო მიბაძვა დასავლეთზე?
ანალოგიურ მდგომარეობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის კანონმდებლობა. ეს მეტად ფაქიზი თემა მეტად მნიშვნელოვანია. ის მუდამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. ამ სფეროში ორი წლის წინ დაწყებული რეფორმა ფიასკოთი დამთავრდა .. დრომოჭმული და არქაული გავაუქმეთ, მაგრამ ახალი ვერ დავნერგეთ. არადა, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კვების პროდუქტების, მედიცინის და საოჯახო ქიმიის თუ ჰიგიენის საგნებს, რომლებიც უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. საზოგადოებამ არ იცის, რას ჭამს, რა შემადგენლობის და წარმოშობისას , როგორ წამლებს იყენებს, სამომხმარებლო პროდუქციას არ აქვს ქართულენოვანი წარწერები და შესაბამისი ინფორმაცია სარეალიზაციო საქონელზე. შესაბამისად ეს საქონელი ბევრად ძვირად იყიდება.
სრული გაურკვევლობაა არათავისუფლად მიმოქცევად დარგებში, რეგულირებად სფეროში – გაზი, დენი, სატელეფონი კავშირები. არანაირი პასუხისმგებლობა მომხმარებლებთან, არანაირრი გარანტია მიწოდებაზე, და ფასების მუდმივი ცვლილება, რომლის ანატომიასაც შერლოკ ხოლმსიც კი ვერ მიაკვლევს.
ამ პრობლემებით შეწუხებული არასამთავრობოები და სახელმწიფო ჩინოვნიკები იანვრის ბოლოს სახალხო დამცველთან შეიკრიბნენ.
სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა ქართული ბაზრის უხარისხო პროდუქციით გაჯერებას უარყოფითი შეფასება მისცა და მომხმარებელს აღუთქვა, რომ მათი უფლებების დასაცავად პარლამენტს მიმართავს. მან დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში პროდუქტი ხარისხიანია, მაგრამ ირღვევა მისი შენახვის პირობები, რის გამოც ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ხშირად საფრთხეშია. სახალხო დამცველს არც ეტიკეტების პრობლემა გამორჩენია და აღნიშნა, რომ თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება დაზუსტებით იცოდეს პროდუქტის შემადგენლობა და დასახელება, რასაც ხშირად ქართულენოვანი ეტიკეტის არქონის გამო ვერ ახერხებს.
უფრო კონკრეტული იყო “კავშირი XXI საუკუნის” წარმომადგენლის პაატა გაჩეჩილაძის გამოსვლა. არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ “ევრაზიის” სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს რეგიონალურ პროექტს – “საზოგადოებრივი სამომხმარებლო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გაზრდისათვის.” ამ ეგიდით 2006 წლის ნოემბერსა და 2007 წლის იანვრის თვეებში ორგანიზაციამ ჩაატარა საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი, რომლის შედეგებით ცოტა ვინმე თუ იქნება კმაყოფილი. პაატა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად არ არსებობს ერთიანი პოლიტიკის გამტარებელი სათანადო სტრუქტურა და შედეგსაც ნათლად ვხედავთ. საკითხი იმიტომ რთულდება, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების პრობლემატიკა სხვა საკითხებთანაა მიბმული და მას პრიორიტეტად არ მიიჩნევენ. მან საკვებდანამატებზეც ისაუბრა. საკვებდანამატები არის ბუნებრივი შენაერთები ან ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საკვებ პროდუქტებს მცირე რაოდენობით ემატება საკვები ღირებულების, გარეგნული სახის, ან შენახვის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთ მათგანს უკუქმედებანიც გააჩნიათ, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის დაავადებებს, ან ამ დაავადებების პროვოცირებას იწვევს, ამიტომ მსოფლიო სამეცნიერო ინსტიტუტები ამ მიმართულებით მუდმივ კვლევებს ახორციელებენ. არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საშიში იმ საკვები დანამატების სია, რომლებმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით რაიმე სახის სამუშაოები არ მიმდინარეობს და ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობის გამო საკვები პროდუქტის გამოკვლევა შეუძლებელია და იმპორტირებულ ან საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე მათი აღნიშვნა მეწარმეების სინდისზეა დამოკიდებული.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების და ბაზარზე განთავსების საკითხებს არ არეგულირებს და სავარაუდოდ დღეისთვის საქართველოს ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტები გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს შეიცავს. ამ სფეროში საზოგადოების უფლებები და მოვალეობები შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო არ არის და შემუშავებული პროექტების მიუხედავად, ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში არ განიხილება. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენელმა, ბატონმა ჯემალ მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ყველა სიახლის უარყოფა არ შეიძლება და გენმოდიფიცირებული პროდუქცია მხოლოდ უარყოფითი კუთხით არ უნდა გაშუქდეს, მაგრამ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ნოდარ ხატიაშვილმა კონფერენციაზე წარადგინა ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც, ევროპაში მკაცრად არის შეზღუდული გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების თუ დანამატების გამოყენება (მისი არსებობისას სავალდებულოა ეტიკეტზე აღნიშვნა და დაიშვება პროდუქციაში არაუმეტეს 0.9%), იგივე მდგომარეობაა რუსეთშიც, სადაც თავდაპირველად შეზღუდვა 5%-მდე დაწესდა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა და ევროპის ქვეყნებს გაუთანაბრდა – 0.9%, ხოლო საქართველოსაში პროდუქციის ეტიკეტზეც კი არ აღინიშნება და ამას არავინ ითხოვს.
რა ხდება ამჟამად საქართველოში?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სურსათის სფეროში მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩამოყალიბებული სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, თუმცა მათი აქტიურობა სამომხმარებლო ბაზარზე ძალზე დაბალია. დასტურად წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგის შედეგებს (დანართი 1).
თუ მონიტორინგის წლევანდელ შედეგებს შევადარებთ 2004 წლის მონიტორინგის შედეგებს, სავალალო მდგომარეობას მივიღებთ (იხ. ცხრილი):
როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთადერთი გაუმჯობესება ისაა, რომ შემცირდა რეალიზაციის პირობების დარღვევები (87%-დან 60%-მდე), რაც მრავალი მარკეტინგული კვლევის შედეგია, სადაც რეალიზაციის პირობები მეტ-ნაკლებად შესწავლილია.
ეტიკეტირება
საქართველოს კანონის – “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” მე-6 მუხლის თანახმად “დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ” (პუნქტი1) და “ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე” (პუნქტი 2). იმის წარმოსაჩენად თუ რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, საკმარისია მონიტორინგის შედეგების გაანალიზება.
კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია არაქართულენოვან ეტიკეტიანი პროდუქციით. ყველაზე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ 2004 წელთან შედარებით (როდესაც მცირედად მაინც მუშაობდა საზედამხედველო ორგანოები) 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა სამომხმარებლო ბაზარზე არაქართულენოვანი ეტიკეტიანი პროდუქციის რაოდენობა. აქ გასათვალისწინებელია, რომ მონიტორინგი ჩატარებულია მხოლოდ კვების პროდუქციაზე. თუ ჩვენ გადავხედავთ სამრეწველო-საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, ბავშვთა სათამაშოებს, ტანსაცმელს და სხვა საქონელს, მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა. თითქმის ვერ ნახავთ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და სხვა საქონელზე ქართულენოვან ინფორმაციას, რაც სავალდებულოა.
ჩვენ შევიძინეთ არაერთი პროდუქცია, რომლის სახეობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.
სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის – “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” მე-19 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა სურსათის ეტიკეტირების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დღემდე არ შემუშავებულა (თუმცა არსებული მოთხოვნების დაცვაზეც არ იწუხებენ თავს).

საკვებდანამატები
საკვებდანამატები ბუნებრივი შენაერთები ან ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მცირე რაოდენობით ემატება საკვებ პროდუქტებს მისი საკვები ღირებულების, გარეგნული სახის, თუ შენახვის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად. ამ დადებით თვისებებთან ერთად ზოგიერთ საკვებდანამატებს აქვს უკუქმედებანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებსა, თუ ამ დაავადებების პროვოცირებას. ამიტომ მსოფლიო წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ მუდმივად მიმდინარეობს კვლევა ამ მიმართულებით. არაერთმა ინსტიტუტმა შეადგინა ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში იმ საკვები დანამატების სია, რომლებმაც შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს სხვადასხვა დაავადებებს. მაგალითად მე-2 დანართში მოცემულია საფრანგეთის გამოკვლევების ცენტრის “NATIONAL CENTRE OF SCIENTIFIC RESEARCH (VILLEJUIF)” კვლევის შედეგები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ მიმართულებით არავითარი სამუშაოები არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აკრძალულია ექვსი საკვებდანამატის გამოყენება, იმის გარკვევა, შეიცავს თუ არა ცალკეული პროდუქცია აკრძალულ საკვებდანამატებს, შეუძლებელია, ქვეყანაში ლაბორატორიის არ არსებობის გამო. მაგალითად, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ გადაბრაწული პურის მისაღებად გამოყენებულია საქართველოში აკრძალული E924 საკვებდანამატი – ბრომატი.
გენმოდიფიცირებული პროდუქცია
ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების და ბაზარზე განთავსების საკითხებს. აღნიშნულის გამო ენერგეტიკულად მოდიფიცირებული კულტურები და პროდუქტები იმპორტირდება აღრიცხვისა და კონტროლის გარეშე. ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან დადასტურებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელების არაერთი ფაქტი. საქართველოს ბაზარზე დღეისათვის არსებული საკვები პროდუქტებიც სავარაუდოდ შეიცავს გენმოდიფიცირებულ იგრედიენტებს. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო არ არის განსაზღვრული საზოგადოების უფლებები და მოვალეობები ამ სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულ იქნა არაერთი პროექტი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის ორგანიზმებისა და მისგან მიღებულია პროდუქციის ტრანსასაზღვრო გადაადგილების, გამოყენების რეგულირებასა და კონტროლთან დაკავშირებით, დღემდე საქართველოს პარლამენტში ამ პროექტების განხილვაც კი არ მომხდარა.
სხვა ქვეყნების მაგალითიდან კი აღსანიშნავია, რომ ევროპაში მკაცრად არის შეზღუდული გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების, თუ დანამატების გამოყენება (მისი არსებობისას სავალდებულოა ეტიკეტზე აღნიშვნა და დაიშვება პროდუქციაში არა უმეტეს 0,9%). ანალოგიური რაოდენობა დაუშვა რუსეთმაც (პირველად შემოვიდა შეზღუდვა 5%-მდე, რომელიც შემდგომ შეიცვალა და გაუთანაბრდა ევროქვეყნების მაჩვენებელს – 0,9%-ს). ჩვენთან კი იმის მოთხოვნაც არ არის, რომ ეტიკეტზე იქნეს აღნიშნული მისი არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი უცხოური თუ სამამულო უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის გასაღების ბაზარს წარმოადგენს და საუბარიც ზედმეტია მოქალაქეთა უფლებების კონსტიტუციითა თუ სხვა ნორმატიული აქტებით დეკლარირებული უფლებების დაცვაზე (კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 336, 342-348 მუხლები, კანონი – “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და ა.შ.)
დებატების ზედმიწევნით დეტალურობის მიუხედავად, ექსპერტთა აზრებს და შენიშვნებს, ასევე ანალიზს კატეგორიულად არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლადშექმნილი სტრუქტურის – სურსათის უსაფრთხოების დეპარამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გუგუშვილი. მას ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი არ მოუყვანია, მაგრამ განაცხადა, რომ არსებული რესურსებით შეუძლებელია ამ საკითხების სრული კონტროლი.
მან ყველა მიიწვია მასთან სამუშაოდ, რათა ერთად გადაეწყვიტათ პრობლემები და სადისკუსიოდ შეკრებაც დაიწუნა, თუმცა როგორ უნდა იმუშაონ ერთად სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა, მას ეს არ განუმარტავს. ეტყობა ამ სფეროში პრობლემები კარგა ხანს დარჩება, თუ არ ჩაერევიან საერთაშორისო სტრუქტურები და სახელმწიფოს მხრივ თუ მართვის სისტემის რეორგანიზაცია არ მოხდება.
მანამდე ვიყოთ საკუთარი სიფრთხილისა და ბედის ამარა.