რა რესურსებსა და სიმდიდრეს ფლობს საქართველო და რით სეიძლება ვიშოვოთ ფული საქართველოში

თათა თორია, ნინო არველაძე

“დააბანდე წიაღისეულში” – ასე ეწოდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალ პროექტს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ათვისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაარსდა სივრცული ინფორმაციის ცენტრი, რომლის მიზანია წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი, სრულფასოვანი სახელმწიფო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში და კონტინენტურ შელფში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური საქმეების აღრიცხვა-რეგისტრაცია, სივრცული ინფორმაციის ერთიანი სისტემის შექმნა და საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ნიადაგების, ასევე სხვათა შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში თავმოყრა (www.moe.gov.ge).
29 იანვარს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საპრივატიზაციოდ გამზადებული რესუსების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოს ბუნებრივ რესურსებს დიდიმნიშვნელობა ენიჭება და ამ სფეროში მსხვილი ინვესტორების მოზიდვა ეკონომიკაზე დადებითად აისახება (საუბარია ცემენტისა და მანგანუმის საბადოების ინვესტორებზე (იხ. რუქები).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ქართული და უცხოური ბიზნესისათვის ფართო სპექტრისა და საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა. ამჟამად გაჩერებული საწარმოების ამუშავება და ახალი საწარმოების გახსნა, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები, დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა, ეკონომიკის განვითარების სტიმულირება და ახალი გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების დანერგვა მინისტრმა ამ პროექტის მთავარ ამოცანად დაასახელა და განაცხადა, რომ სამინისტრო ახალ პროექტებს უახლოეს თვეებში შემოგვთავაზებს. ჩატარდა საქართველოს 14 მნიშვნელოვანი საბადოს პრეზენტაცია, სადაც დეტალურად წარმოაჩინეს თითოეული მათგანის ფასეულობა და მახასიათებლები, ასევე მათი პირობები, ფასები და აუქციონის გრაფიკიც. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი სამუშაოების შემდეგ საქართველოში შემოვიდა მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი გერმანული ცემენტის საწარმო. პრეზენტაციაზე მისმა რეგიონალურმა დირექტორმა რაიჰარდ ტრუნმა საწარმოს მუშაობის გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ის გერმანიაში დაფუძვნებული საერთაშორისო კომპანიის რეგიონალური მენეჯერია. კომპანია მუდმივად ვითარდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ფილიალები. 90-იან წლებში კომპანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შევიდა, ხოლო 2005-2006 წლებში – ყაზახეთში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის საქართველოში შემოსვლა ეკონომიკაზე დადებითად აისახება და მის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამჟამად კომპანია ორ ქართულ კომპანიასთან – “საქცემენტსა” და “ქართული ცემენტთან” თანამშრომლობს. ფუნქციონირებს ცემენტის ორი ქარხანა – კასპსა და რუსთავში, რუსთავში ერთ ფილიალში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2008 წლისთვის საქართველოში კომპანიას 2 მლნ ტონა ცემენტის წარმოება შეეძლება.
უახლოეს ხანებში გამოცხადდება საერთაშორისო აუქციონი ამ საბადოების გასაყიდად, ვფიქრობთ, წინადადება საყურადღებოა.
ინვესტიციების
განხორციელების წესი
ინვესტიცია არის ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომლის დაბანდება და გამოყენება შეიძლება მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:
– ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
– უძრავი და მოძრავი ქონება � მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა;
– მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კონსეცია), პატენტი, ლიცენზია, “ნოუ-ჰაუ”, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა;
– კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება;
ინვესტორი კი არის ფიზიკური ან იურიდული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ახორციელებს.
უცხოელ ინვესტორად ითვლება � უცხოეთის მოქალაქე; მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე; საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ; იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ; საწარმო, რომელშიც უცხოელი ინვესტორის წილი არანაკლებ 25%-ია, სარგებლობს იმავე უფლებებით, როგორც უცხოელი ინვესტორი.
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერ ფორმაში, რომელშიც ინვესტირება კანონით აკრძალული არ არის.
ინვესტორს უფლება არა აქვს შესაბამისი უწყების ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ინვესტიცია განათავსოს შემდეგ საქმიანობაში:
– იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება და გაყიდვა;
– სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა და ნივთიერებების დამზადება და გაყიდვა;
– ტყის რესურსებით და წიაღით სარგებლობა;
– კაზინოებისა და სხვა აზარტული თამაშების სახლების შექმნა, რომლებიც თამაშებისა და ლატარეების ორგანიზებას უზრუნველყოფენ;
– საბანკო საქმიანობა;
– საჯაროდ გასავრცელებელი ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
– უმავთულო კავშირგაბმულობით მომსახურება და ტელე-რადიო არხების შექმნა;
– მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები.
ინვესტორმა საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის დასაწყებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ამისთვის უნდა წარადგინოს: ინვესტირების ობიექტების სრული დასახელება; საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მოკლე აღწერა; შესაბამისი საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინვესტიციის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი; სპეციალური ნებართვა, მათ შორის ლიცენზია.
საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოსთვის დადგენილი დოკუმენტების საფუძველზე. განცხადება ყველა საწარმოსთვის სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს:
– საფირმო სახელწოდებას;
– ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;
– ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
– ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია � მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს;
– წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
– პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.
რაც შეეხება წინასწარი ლიცენზიის გაცემის პროცედურას, მისი მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისთვის მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის ან ქმედების განხორციელების უფლება. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა, გარდა სარგებლობის ლიცენზიისა.
ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელბლადაც იგი ითხოვს ლიცენზია/ნებართვას. პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური. ის შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს. ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. ლიცენზია/ნებართვის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისთვის დადგენილი ვადა არ შეიძლება 15 დღეზე ნაკლები იყოს.
ინვესტორს უფლება აქვს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს მიმართოს სახელმწიფო ქონების შეძენის ინტერესის გამოხატვით და პირობების შეთავაზებით. დაუშვებელია ინვესტორისთვის უარის თქმა სახელმწიფო ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქონება პრივატიზებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით ან დადგენილია ამ კანონისგან განსხვავებული ქონების პრივატიზების წესი; ინვესტორს ქონება სჭირდება ისეთი მიზნებისთვის, რომელთა განხორციელება ეწინააღმდეგება ტერიტორიის მიხედვით ზონებად დაყოფას ან იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას.
პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად ინვესტორი ვალდებულია, წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების არანაკლებ 10 პროცენტის ეკვივალენტური თანხა. თუ საინვესტიციო განაცხადის ღირებულება აღემატება საპრივატიზაციო ქონების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამოიანგარიშება საპრივატიზებო განაცხადის ღირებულებიდან. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სახელმწიფო ქონება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვას ექვემდებარება. პირდაპირი მიყიდვა დასაშვებია განსაზღვრული პირობებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულია ამ წესის გამოყენებით მიყიდვის აუცილებლობა და უზრუნველყოფილია მისი საჯაროობა.
ქონების შეძენის შესახებ განაცხადის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში უფლებამოსილი სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანო აცხადებს აუქციონს ან პირობით აუქციონს ინვესტორის მიერ შემოთავაზებული პირობებით, შემდეგ კი მიმართავს საქართველოს მთავრობას კონკურენტული შერჩევის წესით ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
ინვესტორს, რომელიც გეგმავს განახორციელოს ინვესტიცია, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 8 მილიონ ლარს ან ფუნქციონალურად და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უფლება აქვს საქართველოს მთავრობისგან მოითხოვოს მის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხდება. ინვესტორმა აღნიშნული სტატუსი შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ. მის მისაღებად კი საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს საინვესტიციო განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ინვესტიციის განხორციელების დეტალური გეგმა. განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები.
ინვესტორისთვის სტატუსის მინიჭებისთანავე, მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორს შეიძლება დაეკისროს ინვესტიციის განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც ინვესტიციის საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს, ან შესაბამისი (5 პროცენტის) საბანკო გარანტიის წარდგენა.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განსაზღვრული ვადით. სტატუსი უქმდება თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა მემორანდუმის პირობები. თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზია/ნებართვის გაუქმებას.
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტო არის სახელმწიფოს წარმომადგენელი ინვესტორთან ურთიერთობაში. მას უფლება აქვს იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით, ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც წარმომადგენლობის ფარგლებს განსაზღვრავს. აღნიშნული ხელშეკრულებით სააგენტო ინვესტორს უწევს მომსახურებას საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან ნებართვის აღებაში და სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ანაზღაურდება. (ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს კოორდინატები: ტელ +995 32 93-30-95; +995 32 93-30-96)
ინვესტორს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების შექმნა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სააგენტოს შუამავლობით, ასევე მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მის პირობით უფლებებსა და ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის პროცედურებს.
რაც შეეხება ინვესტორის უფლება-მოვალეობებს, ინვესტორი ვალდებულია, საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად.
საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებზე და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს.
ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა სახის ანგარიშები. ასევე აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებულ საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან. აქვს უფლება შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა სახის ფასიანი ქაღალდები. უცხოელ ინვესტორს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებაში საბაზრო კურსით კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება.
ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არ შეიძლება დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რიცხვი. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადაყვანის ან გატანის უფლება აქვს.
საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, �საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.”
დღეს ამ კონსტიტუციურ მოთხოვნას ერთხმად აღიარებენ მთავრობის მესვეურები, ოპოზიციის წარმომადგენლები, დამნაშავეები თუ უდანაშაულოები. თუმცა, თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გადახედავთ, დავინახავთ, რომ კანონის მოთხოვნებს არცერთი მხარე არ იცავს.
როდესაც მთავრობამ, 2002-2003 წლებში თბილისის მაშინდელი პრემიერის, გია შერაძის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული ბინების კანონიერების გადამოწმება დაიწყო, ერთი ხელის მოსმით 70 ოჯახისთვის ბინების ჩამორთმევა გადაწყვიტა. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ ოჯახთა უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყო, მაღაზიაში ან ბაზარში მოკრა ყური. ის ფაქტი, რომ თბილისის მერიამ მოქალაქეებს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, თავისთავად მოწმობს, რომ უხეშად დაირღვა მათი უფლებები.
დღეს უკვე თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და შესაძლებელია მისი გადახედვა – მათ, ვისაც საცხოვრებელი ფართი მართლაც ეკუთვნით, იგი შეუნარჩუნდება. საინტერესოა, რომ არა საზოგადოების და მედიის მხრიდან ასეთი აქტიურობისა, შეცვლიდა თუ არა მთავრობა გადაწყვეტილებას და ბინის გარეშე დატოვებდა ადამიანებს, რომელთაც არც ალტერნატიული ფართი გააჩნიათ და რაც მთავარია, დიდი დამსახურება მიუძღვით ქართული კულტურის და ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ოჯახებს შორის არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ბინების გადაცემა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
ბინის მიღების სიაში მოხვედრილმა მოქალაქეებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. ადმინისტრაციული კოლეგია მათ საჩივარს ორი თვის განმავლობაში განიხილავს და იმედია, რომ სამართლიანი შერჩევის საფუძველზე გადაწყდება, ვის დაუტოვონ საკუთრებაში ბინა და ვის – ჩამოართვან. გაძლიერებული კორუფციისა და მექრთამეობის პერიოდში მოქალაქეები შესაძლებელია, “ფულით ყიდულობდნენ” მშენებლობების ნებართვას ან იღებდნენ ბინებს, მაგრამ ეს ყველაზე არ შეიძლება გავრცელდეს. ყველა ქვეყანაში ერთდროულად ცხოვრობს დამნაშავეც და უდანაშაულოც. ყველა დამნაშავე ცდილობს, თავისი მოქმედება კანონიერი გადაწყვეტილებით შენიღბოს და ამით საფრთხეში აგდებს იმ ადამიანებსაც, ვინც დამსახურებულად იღებს იმას, რაც ეკუთვნის. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი ორგანოები თითოეული მოქალაქის საკითხს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.
დარღვევები შეიძლება აღმოჩნდეს უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებითაც. საინტერესოა რა არგუმენტებს ეყრდნობიან შესაბამისი ორგანოები, როდესაც მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას წყვეტენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის სამართლისა და სოციალურ-ეკონომიკურ საქმეთა სამმართველოს უფროსი, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, “მათი არგუმენტები ხშირ შემთხვევაში სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და სხვის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟის ნებართვა არ გააჩნიათ, რაც აუცილებლად სასამართლოს გადაწყვეტილების სახით უნდა არსებობდეს. მოგეხსენებათ, რომ კერძო საკუთრების განადგურება, ჩამორთმევა ან შეზღუდვა დაუშვებელია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ამიტომ, როდესაც მესაკუთრეები მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ მათ მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება შესაბამისი სამსახურებიდან, ჩვენ საქმის შესწავლას ვიწყებთ. დღემდე თითქმის ყველა შემთხვევაში დგინდება, რომ ეს ადამიანები ნამდვილად მესაკუთრეები არიან, რაც შესაბამისი დოკუმენტითაც დასტურდება. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს წესრიგში არ ჰქონოდა საბუთები. მშნებლობა თავის დროზე კანონის ყველა ნორმის დაცვითაა განხორციელებული, ანუ მათ აქვთ არქიტექტორის მიერ შეთანხმებული პროექტიც, ბრძანება, ექსპლუატაციაში მიღების აქტი და როდესაც ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ამის შემდეგ მივმართავთ ქალაქის მერიას და მივუთითებთ, რომ ეს არის საკუთრება, რომელიც დაცული, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და მისი ხელყოფა ხელაღებით და უაპელაციოდ დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახური დაადგენს, რომ რომ ის არის კანონის დარღვეით აშენებული შენობა-ნაგებობა, ამას თავისი პროცედურა და წესი აქვს, რაც დადგენილების გაცემაში გამოიხატება. ის 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს მხარეს. თავის მხრივ, მფლობელს უფლება აქვს, 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს ეს დადგენილება. თუმცა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ე.წ. უკანონო ნაგებობათა დემონტაჟის დროს ეს პროცედურა უხეშად ირღვევა. შენობათა მესაკუთრეებს არ აბარებენ მათ მიმართ გამოტანილ დადგენილებებს დემონტაჟის შესახებ და შესაბამისად, წართმეული აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავიანთი უფლება. ჯერ არავის მისცემია სასამართლოში დავის საშუალება. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ახლახანს არქიტექტურული საქმიანობის ზედამხედველობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, მაგრამ ეს პროცედურა იგივე დარჩა, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ სასამართლო იღებს.”
როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტები უკანონოდ არ იყო აშენებული და მათ მეპატრონეებს საბუთებიც წესრიგში ჰქონდათ, ამ ნაგებობათა დემონტაჟი მაინც განხორციელდა. ეს ნაგებობებია: მოდულის შენობასთან არსებული ობიექტი (მეპატრონე ზურაბ ტალახაძე); ორთაჭალაში ციხეების წინ მდებარე მაღაზია (მეპატრონე მარინა ბოჭორიშვილი); პუშკინის სკვერში არსებული კაფე-ბარი (მეპატრონე დავით ასათიანი); შენობა ნაძალადებში გადასასვლელ ხიდთან; წერეთლის მეტროსთან მდებარე სავაჭრო ცენტრი; ცისფერი შუშის სახლი ვაკეში (მეპატრონე ირინა ნერგაძე) და ა.შ.
სულ ახლახან კი ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ობიექტის – “ჩემპიონის” და “სახინკლაოს” დემონტაჟი განახორციელა. როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელი ბატონი ლევან ეხვაია ამბობს, �ამ ობიექტების დემონტაჟი მეტროს მიმდებარე ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებული მიწებისა და შენობების მწყობრში მოყვანის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. “ჩემპიონის” შემთხვევაში გაცემული იყო დროებითი ნებართვა, რომლებსაც ადგილობრივი გამგეობები იძლეოდნენ. მსურველ პირებს შეეძლოთ, ამ ტერიტორიაზე დროებით მსუბუქი ტიპის პავილიონები განეთავსებინათ, სახელმწიფოს მოთხოვნისთანავე გათავისუფლების პირობით. იქიდან გამომდინარე, რომ მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორია შედიოდა ჩვენს პროგრამაში, მივმართეთ “ჩემპიონის” მფლობელს, ნებაყოფლობით მოეხდინა შენობის დემონტაჟი. ეს იყო ნოემბერში, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ჩვენი გაფრთხილება და დეკემბერში გამოვეცით დადგენილება დემონტაჟის შესახებ, რომელიც მოქალაქემ არ ჩაიბარა. უკვე იანვარში ჩვენ დადგენილება სისრულეში მოვიყვანეთ.”
რაც შეეხება მეტრო “გოცირიძის” თავზე მდებარე “სახინკლაოს”, მის მეპატრონეებს, “ჩემპიონის” მფლობელისგან განსხვავებით, მიწაც საკუთრებაში ჰქონდათ, რაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება. მესაკუთრეებს მშენებლობის წარმოების ნებართვა 2002 წელს, თბილისის “არქმშენინსპექციამ” და არქიტექტურის სამსახურმა მისცა, პროექტი შეთანხმებული იყო ქალაქის მთავარ არქიტექტორთან. არსებობს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტიც.
პარლამენტარ მანანა ნაჭყებიას თქმით, �მიუხედავად იმისა, რომ 30 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა ობიექტის მეპატრონეებზე გასცა დოკუმენტი, რომ ეს შენობა მიწასთან ერთად კონკრეტული ადამიანების საკუთრებაა, იმავე დღეს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც უკანონოს, მათ დაუნგრია შენობა. ამ ადამიანებს საჯარო რეესტრშიც რომ არ ჰქონოდათ გაფორმებული ქონება ე.ი. იგი უკანონო ყოფილიყო, ამის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი და აქტი თბილისის მერიის რომელიმე სამსახურს, ამ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს ქონების მესაკუთრისთვის არ წარუდგენიათ, რადგან ასეთი დოკუმენტი, როგორც ჩანს, ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ უკვე ოფიციალურად მოვითხოვეთ ასეთი დოკუმენტი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ შესაბამისი სამსახურები წარმოადგენენ მას, ის იქნება შემდეგში შეთითხნილი და არა მანამდე მიღებული დოკუმენტი. საერთოდ, საკუთრების უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და აღიარებული უფლება საქართველოს კონსტიტუციითაც, საერთაშორისო ქარტიებითაც და ყველანაირი საერთაშორისო დოკუმენტითაც. მისი დარღვევის ასეთი უხეში ფაქტები მიუთითებს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს არასტაბილური, არადემოკრატიული ქვეყანა, სადაც არ არის ყველაზე, ფართო გაგებით, დაცული მესაკუთრის უფლებები. ასეთ ქვეყანას კი ეკონომიკური განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.”
როგორც ბატონი ლევან ეხვაია ამბობს, “რადგან მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო, მერიამ იზრუნა, რომ მათთვის იმავე საბაზრო ღირებულების ფართი შეეთავაზებინა, ოღონდ სხვა ადგილას. თუმცა, როგორ მოხდა ამ მოქალაქეებისთვის აღნიშნული მიწის გადაცემა, ამას კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან. აღნიშნულ ობიექტს (შპს “მერითაიმსი”) რვა მეპატრონე ჰყავს. მათგან ექვსს შევხვდით და ჩვენს მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. თუმცა, ეს მიწა მათ საკუთრებაში რჩება და შეუძლიათ, მომავალში ამავე ტერიტორიაზე ააშენონ თანამედროვე, ოღონდ მსუბუქი კონსტრუქციების პავილიონი. მე ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ქალაქის გალამაზებას, მეორეს მხრივ არც ხალხი რჩება ქუჩაში, ისინი სანაცვლოდ კომპენსაციებს იღებენ.”
ყოველივე ეს კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, პირველ რიგში, გარკვეულიყო, ვინ და რა კანონიერების ფარგლებში გასცა აღნიშნული ტერიტორიები მოქალაქეებზე. ისიც ფაქტია, რომ მათი ნაწილი ან წინა ხელისუფლების დროს გადაიცა საკუთრებაში, ნაწილი – ახლანდელის და დაუკვირვებელი თვალიც კი ადვილად შეამჩნევს, რომ ესა თუ ის ადგილი არ უნდა გაყიდულიყო და ტროტუარებზე შენობები არ უნდა აშენებულიყო.
ისე, საინტერესოა, მოტყუებით მითვისებული ქონების ჩამორთმევა უნდა ჩაითვალოს კერძო საკუთრების ხელყოფად?