დასრულდა თუ არა დეფლაციის ხანა საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.5 პროცენტით გაიზარდა. 2012 წლის დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი -0.3 პროცენტს შეადგენდა. შედეგად, საანგარიშო პერიოდში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით იმატა და 2.4 პროცენტი შეადგინა.
სამომხმარებლო ფასების საერთო დონე სურსათზე, თვის ბაზაზე 5.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ბოსტნეულზე ფასების მატების შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო კალათაში შემავალი სურსათიდან, სამომხმარებლო ფასების საერთო დონის მატების ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ჯგუფში და 31.7 პროცენტი შეადგინა.

პარალელურად, საანგარიშო თვეში, სამომხმარებლო ფასების 3.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა „ხილისა და ყურძნის“ კატეგორიაში. უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქციაზე ფასები 0.1 პროცენტით, ხოლო „ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს“ შემთხვევაში 0.3 პროცენტით შემცირდა. დეკემბრის თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ფასებმა მცირედით იმატა „საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების“ და „ტრანსპორტის“ ჯგუფების საქონელსა და მომსახურებაზე. საპირისპიროდ, „ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის“ და „სასტუმროების და კაფეების“ კარეგორიაში, ფასების საერთო დონემ იკლო.

ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ 0.9 პროცენტი შეადგინა, რაც კვლავაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის სისუსტის მანიშნებელია.

11

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2013 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 2.4 პროცენტით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ფასებმა წლიურად იკლო სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა გაზის საწვავი, ბენზინი და დიზელის საწვავი. წინა წლის დეკემბრის თვესთან შედარებით ფასების კლებამ აღნიშნულ პროდუქციაზე შესაბამისად, 3.4 პროცენტი, 2.1 პროცენტი და 1.8 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასების საერთო დონე გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ სამი კატეგორიის, „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“, „რძის, ყველისა და კვერცხის“ და „თევზეულის“ შემთხვევაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ „ბოსტნეულის და ბაღჩეულის“ კატეგორიის კვების პროდუქტების ფასების წლიური ზრდა საკმაოდ მაღალი, 44.0 პროცენტი იყო, რაც უმთავრესად კარტოფილის და მწვანილის გაძვირების შედეგია. აღნიშნული ჯგუფების გარდა, ყველა დანარჩენ სასურსათო-სასაქონლო ჯგუფში, დეკემბრის თვეში, წლიურ ბაზაზე, სამომხმარებლო ფასებმა დაიკლო. „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 0.9 პროცენტით შემცირდა. საპირისპიროდ, ფასები 8.1 პროცენტით გაიზარდა „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში, რაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდამ განაპირობა.

რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფებს, დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა „საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების“, „სასტუმროების და კაფეების“ და „ჯანმრთელობის დაცვის“ კატეგორიებში შემავალ საქონელსა და მომსახურებაზე და შესაბამისად, 3.9 პროცენტი, 2.3 პროცენტი და 1.5 პროცენტი შეადგინა.

121

საანგარიშო თვეში, წლიურ დონეზე ფასების კლებას ჰქონდა ადგილი რამდენიმე კატეგორიაში. მათ შორის, აღსანიშნავია “ტანსაცმლის და ფეხსაცმლის“ და „ტრანსპორტის“ სასაქონლო ჯგუფებში შემავალი საქონელი და მომსახურება, რომელთა ფასები წლიურად შესაბამისად, 5.5 პროცენტით და 1.7 პროცენტით შემცირდა. შედარებით მცირე იყო კლება „ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა-შეკეთების“ და „კავშირგაბმულობის“ კატეგორიების შემთხვევაში.

13

2013 წელს, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დინამიკის პარალელურად, მცირდებოდა იმპორტირებული ინფლაციაც. უფრო მეტიც, ივნისის თვიდან, იმპორტირებულ საქონელზე ფასები კლების მიმართულებით წავიდა. ეს ტენდენცია საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა, თუმცა კლების ტემპი შედარებით შენელდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2013 წლის დეკემბრის თვეში, დეფლაციამ იმპორტირებულ სამომხმარებლო საქონელზე 1.2 პროცენტი შეადგინა.

14

ადგილობრივ საქონლზე ინფლაციამ 2.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, ვაჭრობად საქონელზე ფასების დონემ წლიურად 2.2 პროცენტით, ხოლო არავაჭრობად საქონელზე 2.1 პროცენტით იმატა. საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2013 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონე 2.7 პროცენტით გაიზარდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ხანმოკლე მოხმარების საქონელზე. ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე და 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელსა და მომსახურებას, აქ ფასების საერთო დონემ თვის ბაზაზე შესაბამისად, 0.7 პროცენტით და 0.2 პროცენტით იკლო. საქონლის სხვადასხვა ხანგრძლივობის მოხმარების მიხედვით წლიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგია: დეკემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაწეულ მომსახურებაზე ფასების საერთო დონე გაიზარდა. მატების ტემპმა 3.4 პროცენტი შეადგინა. წლიურ დონეზე ფასების საერთო დონე გაიზარდა ასევე ხანმოკლე მოხმარების საქონლზე (2.8 პროცენტით). საპირისპიროდ, ხანგრძლივი და საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასებმა იკლო, შესაბამისად, 4.3 პროცენტით და 3.6 პროცენტით.

წყარო: www.nbg.gov.ge