როგორც ლენინი ბურჟუაზიას
შოთა მაქაცარია
განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესმენთა ფენა მემარცხენე მასმედიის მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქვეშაა. ეს ბუნებრივიცაა იმათთვის, ვინც კომუნისტურ და სოციალისტურ პოსტულატებს ეყრდნობა. ამ კუთხით რომ გადავხედოთ ჩვენს პრესას, ის თითქმის მთლიანად წითელ-ვარდისფერი მოგვეჩვენება. მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით, ფერები იმღვრევა, იშლება და სულ უფრო ჭარბად დომინირებს ყველაზე მყვირალა – ყვითელი.
ნაცნობმა ბიზნესმენმა ინტერვიუში დაასახელა თავისი წლიური შემოსავლის რაოდენობა, ჩვენი მასშტაბებით საკმაოდ შთამბეჭდავი. გაზეთმა გამოაქვეყნა და ღვარძლიანი კომენტარი გაუკეთა: ალბათ, ყველაფერი არ გამოაჩინა… მაგრამ წარმოგიდგენიათ რამხელა ქონებაა ასეთი სიღატაკის ფონზე?!
პარტიული – საბჭოთა პრესის დოგმატი სიცოცხლისუნარიანი და ნაყოფიერია. თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში გარდაისახა, მაგრამ დამკვიდრდა.
მკითხველო, გძულდეს მდიდარი, მათგან მოდის ყველა ბოროტება. შენ ღარიბი ხარ იმიტომ, რომ ვიღაც გამდიდრდა შენს ხარჯზე. ქვეყანაც იმიტომაა ღარიბი, რომ მასში გაჩნდნენ მდიდრები.
პრესა ურტყამს ოლიგარქებს. ეს უცხო არ არის. ცოტა ხნის წინ ჩაარტყეს მაიკროსოფტს და მთელი ამერიკა გულს იოხებდა. ასე მოუხდება არამკითხე ბილის. იგივე კატეგორია “ატკბობდა” სხვა ბილის, პრეზიდენტს. ამას ვერსად გაექცევი, მეშჩანური მოთხოვნილებაა – მიწაზე ნახო ის, ვინც გუშინ ცხენზე იჯდა. შესაძლოა მთლად მიწაზე არა, მაგრამ რაც შეიძლება შორს ზეციერიდან, ახლოს ორდინართან.
სამწუხაროდ, ოლიგარქებით არ შემოიფარგლებიან. ხვდება ყველას, ვინც თვალსაწიერში მოხვდება – ვალუტით და წვრილ მოვაჭრეებსაც. ხშირად გაისმის მათი მისამართით ნათქვამი ფრაზა – სპეკულიანტები!
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ მასმედიის ბიზნესისადმი ეჭვმიტანილ-ნეგატიური დამოკიდებულება ავხსნა მარტო ახლო წარსულის გადმონაშთებით, მარტო ატავისტური ფსიქოლოგიით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩვენი აზრით, არის დღევანდელი ქართული მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის არაკომპეტენტურობა. სამწუხაროდ, ეს ბუნებრივია. იმდენი გაზეთი, ტელე და რადიოკომპანია გაჩნდა, რომ მათ, უბრალოდ, კვალიფიცირებული პროფესიონალი ჟურნალისტები არ ყოფნით. მედიაში, ხშირ შემთხვევაში, მოდის ხალხი ყველანაირი სპეციალური მომზადების გარეშე, გამოუცდელნი და უცოდინარნი. მიაქციეთ ყურადღება თუნდაც ჟანრის სიმწირეს. ინტერვიუ, ინტერვიუ, ინტერვიუ… უმრავლესობამ არ იცის და არ შეუძლია დაწეროს: ნარკვევი, სტატია, ფელეტონი… ისე, უბრალოდ, შეეკითხები – გიპასუხებს, შეეკითხები – გიპასუხებს.
ავიღოთ თემა, ღრმად და ყოველმხრივ გამოვიკვლიოთ, გადმოვცეთ ობიექტურად და ამასთანავე, ვიფიქროთ პრობლემის გადაწყვეტაზე… რატომ და როგორ კეთდება ეს? რედაქტორები დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროა სენსაციები, მაინტრიგებელი სათაურები, ენამოსწრებული მეტსახელები. ალბათ, შენიშნავთ, როგორ არის აჭრელებული ტელე და საგაზეთო პუბლიკაციები გამონათქვამებით: “გაგონილია”, “ამბობენ”, “შეუმოწმებელი მონაცემებით”… ეს ისე, ყოველი შემთხვევისათვის, იმიტომ, რომ თავლაფდასხმულმა სასამართლოში არ იჩივლოს.
სხვა მიზეზი – შედარებით დელიკატური, ხშირ შემთხვევაში, წმინდა ეკონომიკურია. გაამათრახონ იმათი დაკვეთით, ვინც იხდის. საიდუმლო არ არის, რომ კალამს და მიკროფონს არცთუ ისე იშვიათად ყიდიან და ყიდულობენ. ამა თუ იმ ფირმის განადგურება ყოველთვის არ არის კონკურენციის შედეგი. არა და არა! ამ შემთხვევაში ბიზნესმენები მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით გაცილებით წმინდანები არიან. ხშირად შეკვეთები პოლიტიკოსთა წრიდან მოდის. ეკონომიკური თემების, კომერციული დავებისა და კონფლიქტების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა – აბა, როგორ შეიძლება არ იქნეს გამოყენებული პრესა ამ მიზნისათვის. ამისათვის შეიძლება გრანტის ლობირებაც, ბიუჯეტიდან რაღაცის გამორჩენა და პარტიული სალაროდანაც შეიძლება (რა თქმა უნდა, არა “თეთრი”) რაღაც მიუგდონ.
ზოგიერთი “გამომააშკარავებელი” ისე ერთობა, რომ მათი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსს სცილდება. ირეკება ზარი წინადადებით – დადებითად გაშუქდეს ფირმის ან ბიზნესმენის მუშაობა. რა თქმა უნდა, არა უფასოდ. უარის შემთხვევაში თავაზიანად ემშვიდობებიან. ხოლო შემდეგ კადრში (ფურცელზე) ნაჩვენებია ოფისი ან მფლობელის საცხოვრებელი სახლი და წავიდა… გახსოვთ: ურტყი მდიდრებს. ძალზე გასაოცარია, რომ ხანდახან მასმედიის წარმომადგენლებს აქვთ დემოკრატიისა და საჯარისობის არჩევითი აღქმის უნარი. მაგალითად, საკმარისია სასამართლომ დააჯარიმოს რომელიმე გაზეთი ან ტელეკომპანია ცილისწამებისათვის, მაშინვე იწყება ხმაური სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შელახვის წინააღმდეგ. ხოლო, როდესაც რეპორტიორები კამერით უვარდებიან სახლში ბიზნესმენებს, თუნდაც ეჭვმიტანილ-კორუმპირებულებს თუ არალეგალური შემოსავლებით მცხოვრებ ჩინოვნიკებს, ის მათ დობერმანს მიუქსევს (მე ცალსახად უკანასკნელის მხარეზე ვარ). მან (დობერმანმა) მთლიანად გაიცნობიერა დემოკრატიის პრინციპი: საცხოვრებლის ხელშეუხებლობა და კერძო საკუთრების დაცვის უფლება ასევე უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც შეეცადა აეხსნა სიტყვის თავისუფლების რეინჯერებისათვის.
დღეს დიდი გამბედაობა არაა საჭირო, რომ ვისაც გინდა იმას კრა წიხლი, ლაფი დაასხა. ცოტა ვინმე თუ გაბედავდა ამას 1992-1995 წლებში, როდესაც გამეფებული იყო შურისძიება და სრული განუკითხაობა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმდროინდელი ქართული მედიით, შეიძლება ზედმეტად რომანტიკულით, გარკვეულწილად იდეალისტურით, მაგრამ მოაზროვნით, უკომპრომისო და კონსტრუქციულით.
და კიდევ ერთი: ის არც ბითუმად იყიდებოდა და არც საცალოდ. შეიძლება ამიტომაც გაქრა.
კაპიტალიზმი სასტიკი რამაა და იქ იდეალისტებს არ ეცხოვრებათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით…