გაზი – დაპირისპირების აპოგეა
მოამზადა ეკა წირღვავა
რუსეთისა და ირანის გეგმებს გაზის კარტელის შექმნასა და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მის კოზირად გამოსაყენებლად პრობლემები ექმნება, მაგრამ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, გაზის საკითხი კვლავ უმწვავესია. რა ხდება ამ ბაზარზე შინ და გარეთ და რა შეიძლება ითქვას მის პერსპექტივაზე?
2007 წლის პირველ კვარტალში, როცა რუსეთმა საქართველოსათვის მილსადენის რემონტის მოტივით გაზის მიწოდების შეწყვეტაზე განცხადება გააკეთა, დოჰაში თითქმის ჩავარდა კარტელის შექმნის საკითხი, ხოლო საქართველო ემზადებოდა 51-თეთრიანი ტარიფისათვის, რუსეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო გაზის ექსპორტირების მარშრუტი და ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზრის შექმნა, ერთობლივი კოსმოსური პროგრამების რელიზაცია და საერთოდ ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის ორგანიზაცია.
რუსეთის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზრის შექმნა, ერთობლივი კოსმოსური პროგრამების რელიზაცია და ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის ორგანიზაცია.
ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა დსთ-ში. გასულ წელს ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 13 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2005 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. დღეს რუსეთის საწარმოები აქტიურად თანამშრომლობენ ყაზახეთში. “მაგალითად, შესანიშნავად მუშაობს “კამაზი, კაზანის ვერტმფრენების ქარხანა, ყაზახეთის ბაზარზე აქტიურად მუშაობენ ბაშკირეთის ნავთობისა და ქიმიის საწარმოებიც – აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მ. ფრადკოვმა.
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს დამატებით აქტს, რომლის თანახმადაც 2002 წლის 7 ივნისის შეთანხმებას ნავთობის ტრანზიტის შესახებ კიდევ 5 წლის ვადით გააგრძელებს. ეს ეხება ტრანზიტის მოცულობასა და მიმართულებას ნავთობსადენ “ატირაუ-სამარას გავლით, სადაც ყოველწლიურად გადაიქაჩება 15 მლნ ტონა ნავთობი და “ტიხორეცკ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენს სადაც ყოველწლიურად დაგეგმილია 2,5 მლნ ტონა ნავთობის გადაქაჩვა. რუსეთი დაინტერესებულია, გარანტირებული ჰქონდეს ყაზახური ნავთობის მიწოდება, ხოლო ყაზახეთს სჭირდება მუდმივი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორი. სამომავლოდ ყაზახეთი სთავაზობს “ატირაუ-სამარას ნავთობსადენით ტრანზიტის 20-25 მლნ ტონამდე გაზრდას, ხოლო თვით ასტანა ელექტროენერგეტიკაში რუსეთის ინვესტიციის მოზიდვაზე ამყარებს იმედს. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, ეს ორ ქვეყანას შორის ძლიერი კოოპერაციის შექმნის შესაძლებლობაა, მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია სატრანსპორტო დერეფნებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების საკითხების განხილვა.
რუსეთი გეგმავს ყაზახეთთან საომარ-ტექნიკური თანამშომლობის განვითარებას. “დღეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის საქონელბრუნვის სტრუქტურაში ჭარბობს ნედლეული, ენერგორესურსები და ლითონები, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ უფრო ღრმა საომარ-ტექნიკური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულყოფს საქონელბრუნვას მაღალტექნოლოგიური ექსპორტით – განაცხადა მ. ფრადკოვმა. რუსეთსა და ყაზახეთს დაგეგმილი აქვთ ყაზახეთის ტერიტორიაზე ქიმიური და ნავთობქიმიური ერთობლივი საწარმოების შექმნა. “ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და ყაზახეთს სრული უფლება აქვთ საქონელბრუნვის სტრუქტურის გაუმჯობესების იმედი ჰქონდეთ – აცხადებს მ. ფრადკოვი.
ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთის სხვა მეტოქეები თურქმენეთში
თურქმნეთის გაზი სამი გეოპოლიტიკური ცენტრის – მოსკოვის, ვაშინგტონის და პეკინის დაძაბული ყურადღების არეალში რჩება. ნათელია, რომ ნავთობის საბადოებში შეღწევა ამ ქვეყნებს ავალდებულებს გააგზავნონ აშხაბადში თავისი წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა შეურჩიონ ტაქტიკა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს. აშხაბადში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე სტივენ რ. მანი იმყოფებოდა. ის შეხვდა თურქმენეთის ახალ პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუხამედოვს, რათა თურქმენეთისთვის შეეთავაზებინა სათბობ-ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში ვაშინგტონის დახმარება. შეხვედრის დეტალები, როგორც ყოველთვის, “კადრს მიღმა დარჩა. ს. მანი მხარს უჭერს თურქმენეთში ჯანმრთელობის და განათლების სფეროში ორმხრივ აქტივიზაციას. აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს თურქმენეთს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაშინგტონის განზრახვას – ჰქონდეს აშხაბადთან უფრო ახლო ურთიერთობები, ვიდრე ს. ნიაზოვის დროს იყო.
თურქმენეთში ხელისუფლების შეცვლა დაემთხვა ევროპაში მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მოვლენებს, როცა 2007 წლის დასაწყისში გაჩაღდა გაზის სკანდალი მოსკოვსა და მინსკს შორის, ამასთან, უკრაინის ერთი წლის წინანდელმა მოვლენამ ნათელი გახადა რუსეთის ფედერაციის როლი ევროპაში თურქმენეთიდან გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხში. ამ სიტუაციაში აშხაბადი ავტომატურად ხდება მთავარი მოთამაშე პოსტსაბჭოურ სივრცეში. ამას გაითვალისწინებს თურქმენეთის ახალი ლიდერიც და რეგიონში გეოპოლიტიკური ზემოქმედებისათვის მებრძოლი – აშშ, რუსეთი და ჩინეთი.
იანვრის ბოლოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ ბაუჩერმა, რომელიც სამხრეთ და ცენტრალურ აზიას კურირებს, განაცხადა, რომ აშშ-ი დაინტერესებულია თურქმენეთის ენერგომატარებლების ექსპორტის მარშრუტი მრავალფეროვანი გახდეს. “ჩვენ გვინდა ვნახოთ ისეთი თურქმენეთი, რომელიც შესძლებს განავითაროს თავისი ნავთობის და გაზის რესურსები, დაადგინოს საბაზრო ფასები თავის პროდუქციაზე – განაცხადა მან. მისი აზრით, “მრავალფუნქციური გაზსადენების იდეა არის ქვეყნის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტი. ამასთან, რ. ბაუჩერმა განაცხადა, რომ თურქმენეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის აქტივიზაცია არ ისახავს მიზნად რუსეთთან კონფრონტაციას. მაგრამ ნათელია, რომ ვაშინგტონის სურვილი იპოვოს თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირების სხვა ალტერნატივები, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსკოვის ინტერესებს. ამ რეგიონში აშშ დიდი ხანია ლობირებს მილსადენის პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს თურქმენეთიდან ავღანეთის გავლით პაკისტანსა და ინდოეთს მიაწოდოს გაზი. გასაგებია, რომ ავღანეთში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ეს პროექტი საფრთხეს არ უქმნის “შუა აზია-ცენტრის მაგისტრალურ მილსადენს, რომლის მეშვეობითაც ხდება გაზის ტრანსპორტირება რუსეთის გავლით, მაგრამ ამერიკელები რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვენ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში აშხაბადს შესთავაზონ ისეთი წინადადება, ენერგეტიკის სფეროში, რაზედაც უარის თქმა ძნელი იქნება.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს თურქმენეთის გაზთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი მეტოქე – ჩინეთი ჰყავს, სადაც ს. ნიაზოვმა თავის გარდაცვალებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე გააქტიურა ურთიერთობები გაზის სფეროში. 2006 წლის გაზაფხულზე ს. ნიაზოვის პეკინში ვიზიტის დროს გაჩნდა იდეა – მილსადენის მშენებლობაზე თურქმენეთიდან პეკინში. მისი მარშრუტი ზუსტად განსაზღვრული არ ყოფილა, მაგრამ ორმხრივ შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ სწორედ ჩინეთის მხარე გადაწყვიტავს, თუ ვინ იქნებიან ამ პროექტის ტრანზიტული პარტნიორები. ამასთან ს. ნიაზოვმა განაცხადა, რომ ის მზად იყო ჩინეთისთვის ყოველწლიურად 30 მლრდ მ3 გაზი მიეწოდებინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის თურქმენეთში მოპოვებული გაზის ნახევარი. აქედან ნათელია, რომ თუ თურქმენეთმა არ გაზარდა გაზის მოპოვების მოცულობა, ჩინეთის მილსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თურქმენეთის გაზის რუსეთში მიწოდების საკითხი ჰაერში რჩება.
რუსეთის პრემიერის მ. ფრადკოვის თურქმენეთში ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერმა მას პირობა მისცა, რომ გაზის სფეროში ის ყველა შეთანხმებას შეასრულებდა, 2007 წელს თურქმენეთმა რუსეთს 60 მ3, ე.ი. თითქმის მთელი მოპოვებული გაზის მოცულობა უნდა მიაწოდოს, ხოლო ახლო მომავალში ეს რაოდენობა 80 მლრდ.მ3-მდე უნდა გაზარდოს. ეტყობა ახალმა პრეზიდენტმა გააგრძელა წინამორბედის ტრადიცია – არავის არ უთხრას გაზზე უარი. ახალახანს გ. ბერდიმუხამედოვმა განახცადა, რომ ის მზად არის შეასრულოს აშხაბადის ყველა საერთაშორისო ვალდებულება და ასევე დაადასტურა, რომ უკვე 2 წელიწადში აშენდება მილსადენი, რომლითაც ჩინეთს მიაწოდებს გაზს.
ამასთან გ. ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში დაიწყება მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს – “სამხრეთ იოლოტანის სამრეწველო დამუშავება – 7 ტრლ მ3 მარაგით.
თურქმენეთის გაზისათვის ბრძოლაში, რომელიც სავარაუდოდ ჩინეთს უნდა მიეწოდოს, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი მეტოქე – ყაზახეთიც ჩაერთოს. ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს ასტანა აქტიურად ლობირებს ამ იდეას, რომელიც სრულიად ნათელია ქვეყანას არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, არამედ პოლიტიკურ დივიდენდებს როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეში, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონში.
ამგვარად, რა შანსები აქვს რუსეთს? შესაძლებელია, აშხაბადისთვის მიმზიდველი იქნეს თუ რუსეთი საწვავზე შესასყიდ ფასს გაზრდის. დღევანდელ ფასს – 100 დოლარს მ3-ზე საბაზროს ვერანაირად ვერ უწოდებთ. თურქმენეთის გაზზე ფასის მომატება გაართულებს მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობას არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ პოლიტიკურ სფეროშიც. თუ უკრაინა კიდევ განაწყენდება რუსეთზე გაზზე მაღალი ფასის გამო, მოსკოვი ევროსაბჭოსთან კონფლიქტის შემდგომ გაღრმავებას ვერსად წაუვა.
ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ თურქმენეთის გაზზე პრეტენდენტებიდან რომელს აქვს მეტი გავლენა და შანსი. ერთი კი ნათელია, მთავარი ბრძოლა ამ ფრონტზე ჯერ კიდევ წინაა და რუსეთს არა აქვს გარანტირებული ის კონკურენტული უპირატესობა, რაც ს. ნიაზოვის დროს ჰქონდა.
საქართველო კუთხეში მიიმწყვდიეს. როგორ “შეყრის ბაზარზე” “გაზპრომი” 2007 წელს დანარჩენ პარტნიორებს?
“გაზპრომმა ქართველ კოლეგებთან კონტრაქტი დადო, ამავე დროს არ შეუმცირებია ადრე გამოცხადებული ფასი – ათას მ3-ზე 235 დოლარი – განაცხადა გაზპრომექსპორტის უფროსმა ალექსანდრე მედვედევმა. ასეთი გახდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი “პოლიტიკურ შანტაჟში და დაემუქრა რომ საერთოდ უარს იტყოდა რუსეთის გაზზე. ეხლა კი საქართველო იძულებულია რუსეთის გაზისთვის ორჯერ მეტი გადაიხადოს – ადრე ეს თანხა ათას მ3-ზე 110 დოლარს შეადგენდა.
როგორც “გაზპრომის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რუსულმა მონოპოლიამ 3 ქართულ საწარმოსთან მოაწერა ხელი კონტრაქტს. ეს საწარმოებია: საქართველოს ენერგეტიკული კომპანია, “ყაზტრანსგაზ თბილისი და კომპანია “მტკვარი. მისი თქმით, “გაზპრომი საქართველოს 300 მლნ მ3-ს გაზს მიაწვდის კვარტალში, წლიური გაანგარიშებით კი – 1,1 მლრდ მ3-ს. 2007 წელს საქართველოში შემოსული გაზის მოცულობა 1,8 მლრდ მ3 იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ “გაზპრომს საქართველოს გაზის ბაზარზე “ლომის წილი შეხვდება, როგორც ადრე იყო.
წლის დასაწყისში, როგორც კი გაზის მონოპოლისტმა ყველასთვის გაზის საბაზრო ფასი გამოაცხადა, საქართველო მაშინვე ალტერნატიული წყაროს ძებნას შეუდგა, ამასთან ქვეყნის ლიდერმა გამოაცხადა, რომ “გაზპრომის ფასი გაუმართლებლად მაღალია. ალტერნატივის სახით ირანი და აზერბაიჯანი გამოჩნდა. მაგრამ მათთან ურთიერთობა ასე ადვილი არ აღმოჩნდა. პირველი ის არის, რომ ისლამის რესპუბლიკა არ აპირებს ვინმეს და მათ შორის საქართველოს მიყიდოს გაზი დისკაუნტით, მეორე კი – მაჰმუდ ახმადინეჯადის რეჟიმთან “კავშირი თბილისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ ურჩია.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, საქართველოს იმედი ჰქონდა მიერთებულიყო აზერბაიჯან-თურქეთის მილსადენს, რომლიდანაც გაზი კასპის საბადო “შახ-დენიზიდან მოდის, მაგრამ ამ საბადოდან გაზის დიდ ნაწილს თურქეთმა დაადო ხელი, აზერბაიჯანსაც არ აქვს გაზზე ფასდაკლების დიდი სურვილი. საქართველო ყველაფერს აკეთებდა რათა თურქეთისთვის შახ-დენიზის გაზის ნაწილი დაეტყუებინა, მაგრამ ცნობილი გახდა მარტო ის, რომ “კასპის საბადოს გაზის მიწოდება გადაიდო რამდენიმე კვირით “ტექნიკური მიზეზების გამო.
“გაზპრომმა გაიგო თუ არა საქართველოს და აზერბაიჯანის შესაძლო შეთანხმების შესახებ, ქართულ კომპანიებს აცნობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ეცნობებინათ 2007 წელს შესასყიდი გაზის მოცულობა. ამაზე ქართველების მხრიდან პასუხი არ ჩანდა. როგორც “გაზპრომის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს დუმილი ქართული მხრიდან პარტნიორობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ზუსტად მაშინ გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო აზერბაიჯანთან შეთანხმება წელიწადში 1,25 მლრდ მ3 გაზის მიწოდებაზე. ხოლო აზერბაიჯანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გაზზე ფასების მომატება ქვეყანაში ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს.
ასეა თუ ისე, საქართველო და “გაზპრომი შეთანხმდნენ, ეხლა მთავარია თუ როგორ შეძლებს საქართველო კონტრაქტის მიხედვით ანგარიშწორებას. შეათანხმების მიხედვით, 1,1 მლრდ მ3 გაზზე გადასახდელი თანხა დაახლოებით 250 მლნ დოლარს შეადგენს. ეს სრულიად მისაღები ფასია საქართველოს ეკონომიკისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა განაცხადა, ქვეყანა იპოვის სახსრებს, რომ გაზში “გაზპრომის მოთხოვნილი ფასი გადაიხადოს.
მაგრამ საქმე მარტო საქართველოს როდი ეხება. ბოლო წლებში “გაზპრომი საბაზრო ფასებზე გადასვლის განსაზღვრულ სტრატეგიას ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ახორციელებს. ჩვენ გვახსოვს უთანხმოება უკრაინასთან, როდესაც საბაზრო ფასებზე გადასვლის საკითხი ძნელად, მაგრამ მაინც კომპრომისით დასრულდა. იმ პერიოდში რუსეთი ყოველგვარი ხმაურის გარეშე და ეფექტურად დებდა კონტრაქტებს სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან.
გაზის ფასი საქართველოსთვის 2007 წელს განსაზღვრულია – საშუალო საბაზრო ფასიდან გამომდინარე.
შეიქმნება თუ არა გაზის OPEC, გახდება თუ არა რუსეთი გაზის ამ გიგანტური ონკანის მარეგულირებელი
(ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვედრა გაზის კარტელის შექმნის იმედებს აფერმკრთალებს)
9 აპრილს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოში უმსხვილესი გაზის მწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ენერგეტიკული კარტელის – გაზის OPEC-ის შექმნის შეთანხმებისთვის მოეწერათ ხელი. მოსკოვი მხოლოდ დაესწრო შეხვედრას, მაგრამ ახალი ენერგეტიკული ორგანიზაციის შექმნაში მონაწილეობას არ აპირებდა. კერძოდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ ხრისტენკომ, რომელმაც გამოთქვა თავისი აზრი გაზის OPEC-ის შექმნის თაობაზე.
ყატარში ჩატარებულმა GECF-ის ფორუმმა, ადრე გამართული ფორუმებისაგან განსხვავებით, დიდი ხმაური გამოიწვია. სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთში, ბოლო დროს მხოლოდ იმას ამტკიცებდნენ, რომ ახლა უკვე “გაზის ქვეყნები ნამდვილად შეთანხმდებიან და შექმნიან გაზის კარტელს. ის გახდება ნავთობის გაერთიანების -OPEC-ის ანალოგი, რომელიც არეგულირებს მსოფლიო ფასებს ნავთობზე და მისი მოპოვების კვოტებს. რუსეთს, როგორც გაზის უმსხვილეს მწარმოებელს, ამ “შეთქმულებაში ორგანიზატორის როლი შეურჩიეს, ხოლო თვით კარტელის იდეას “გლობალური გამომძალველობა და რეკეტი (მომხმარებლებთან მიმართებაში) უწოდეს.
ჯერ კიდევ ფორუმის გამართვამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვ. ხრისტენკომ განაცხადა, რომ რუსეთი კატარში “გაზის OPEC-ის” შექმნის თაობაზე არანაირ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს და ასეც მოხდა. ფორუმის მონაწილე მსოფლიოს 14 ქვეყნის წარმომადგენლები, ყოველგვარი ფორმალური ჩანაწერების გარეშე შეთანხმდნენ, რომ შექმნან “ჯგუფი უმაღლეს დონეზე (რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ენერგეტიკული უწყებების მინისტრები).
დოჰაში შეკრებილმა მსოფლიოს გაზის უმსხვილესმა მწარმოებლებმა გაზის კარტელის სათანადოდ შეფასება ვერ შეძლეს და ამის ნაცვლად ბაზრის შეფასების მიზნით, კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. მსოფლიოში გაზის უდიდესი მარაგის მფლობელი ქვეყნის – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვ. ხრისტენკომ, განაცხადა, რომ საჭირო არ არის OPEC-ის მსგავსი გაზის კარტელის სასწრაფოდ შექმნა. კატარის ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა, რომ მიღწეული შეთანხმების თანახმად, შეიქმნება ტექნიკური საბჭო რუსეთის ხელმძღვანელობით, რომელიც გაზის ბაზარს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს შეისწავლის. აღნიშნულ შეთანხმებას წინ უსწრებდა დელეგატთა შეხვედრა, სადაც კარტელის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმი (GECF) უცვლელი დარჩება და ის კვლავ განაგრძობს არსებობას. “მან არსებობა უნდა განაგრძოს და შეინარჩუნოს ტრანსფერულობა და პოზიციები მომხმარებელი ქვეყნების მიმართ”, – განაცხადა რუსეთის მინისტრმა. მისი აზრით, GECF-ი მართებულად იკვლევს ბუნებრივი აირის ფასებს და შეთანხმების თანახმად, ის კვლავ განაგრძობს ამ საქმიანობას. კატარის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, GECF-ი გაზის კარტელის საკითხს განიხილავს, მაგრამ ფორუმმა წინადადების მხარდაჭერა შეაჩერა. ფორუმს საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა და ის ბუნებრივი აირით მდიდარ 15 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორისაა რუსეთი, ირანი, კატარი და ალჟირი, რომლებიც ერთობლივად მსოფლიო გაზის მარაგების 70%-ს და წარმოების 40%-ს ფლობენ.
მომხმარებელ ქვეყნებში ამ ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია – “გამოდის რომ გაზის ფასებიც აიწევს – აი რა იყო მათი შიშის მიზეზი. მაგრამ ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ – რუსეთს ბევრ ქვეყანასთან ხანგრძლივი კონტრაქტები უკვე დადებული აქვს, სადაც შესაბამისად დაფიქსირებულია გაზის ფასები და მათი შეცვლაც შეუძლებელია – განაცხადა ნავთობისა და გაზის მწარმოებლების კავშირის თავმჯდომარემ გენადი შმალმა. რაც შეეხება მომავალ კონტრაქტებს, რომლებსაც ზემოთაღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს, სარეკომენდაციო და არა აუცილებელი ხასიათისა იქნება, ისევე როგორც ნავთობის OPEC-ის შემთხვევაში.
ამგვარად, არანაირი კარტელი არ შექმნილა, არც საერთო შეთანხმება მიღწეულა. იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებები, მაგრამ დროებითი. ფორუმზე წარმოჩინდა ბაზარზე მუშაობის კოორდინაციის სურვილი. ენერგოუზრუნველყოფის მსოფლიო სისტემა ცოცხალ ორგანიზმს დაემსგავსა, სადაც ერთი ნაწილის სისუსტე მთლიან მდგომარეობაზე მოქმედებს და ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთიანი ცენტრის შექმნა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ყველა ორგანოს მუშაობას. ნიშნავს თუ არა კატარში მიღწეული შეთანხმება ასეთი ცენტრის შექმნას და გახდება თუ არა რუსეთი გაზის ამ გიგანტური ონკანის მარეგულირებელი, ამას დრო გვიჩვენებს.
9 აპრილამდე კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: რუსეთი მიესალმებოდა ენერგეტიკის ირგვლივ დიალოგის წარმოების ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ მას არ მიუღია რამე შეთავაზებები გაერთიანების შესაძლო ფორმისა და სტრუქტურის შესახებ.
ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკმა განაცხადა, რომ “გაზის OPEC-ი საინტერესო იდეაა და ის მხარს უჭერს ასეთი ორგანიზაციის შექმნას”. ენერგეტიკის ბაზრის უმსხვილესი მონაწილე – ვენესუელა ასევე დაინტერესებულია გაზის კარტელის შექმნით და მასში რუსეთისა და ირანის ჩართვით. 2007 წლის იანვარში ირანის ლიდერმა რუსეთის ფედერაციას შესთავაზა გაზის OPEC-ის შექმნა. ამასთან მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგის ნახევარი რუსეთსა და ირანშია. “ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ ურთიერთშემავსებელი პარტნიორები ეკონომიკის, პოლიტიკის სფეროში და რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში – აღნიშნა ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენენიმ. ამრიგად, თეირანმა, როგორც იტყვიან, პირდაპირ შესთავაზა მოსკოვს არა მარტო ენერგეტიკული “მეგობრობა, არამედ პოლიტიკური სტრატეგიული კავშირი. ეჭვს არ იწვევს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მისთვის იქნება ბრძოლა, მაგრამ არა მარტო კონკურენტულ-ეკონომიკური. ნათელია, რომ თეირანში გაზის OPEC-ის შექმნა განიხილება როგორც მსოფლიოში თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერების, ასევე თავის მთავარ მტერზე – აშშ-ზე ზეწოლის ინსტრუმენტი. ამასთან რუსეთს როგორც ჩანს, არც ისე შესაშური – ვაშინგტონის დამატებითი გამღიზიანებლის მისია აკისრია. ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად მას შეუძლია ურთიერთშეთანხმებული წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს, მისი აზრით, ამ ორი ქვეყნის რეგიონალურ საკითხებში აქტიური თანამშომლობა, შეიძლება ეფექტური იყოს აშშ-ის ამბიციური გეგმების ჩასაშლელად. თეირანის კადნიერი საქციელი ამ საკითხში შთამბეჭდავია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ დღეისათვის ირანი გაზის უმსხვილეს ექსპორტიორს არ წარმოადგენს, რადგან მთელ მოპოვებულ გაზს ის ქვეყნის შიგნით მოიხმარს. ამიტომ ირანის ზემოქმედება გაზის სფეროში მსოფლიოში მთლიანად განსაზღვრულია, ნავთობისგან განსხვავებით.
მოსკოვში ხვდებიან ირანის ინიციატივის ნამდვილ მიზნებს და ამიტომ რუსეთი გაზის OPEC-ის შექმნის ირგვლივ პოლემიკაში ფრთხილად მოქმედებს. ირანის ლიდერთან შეხვედრის დროს ს. ივანოვმა განაცხადა, რომ გაზის OPEC-ის შექმნის თაობაზე არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ის, რომ ის ამზადებს რაიმე “კარტელურ შეთქმულებას საერთაშორისო გაზის მწარმოებლებთან. 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის საექსპერტო სამმართველოს თავმჯდომარემ არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ინიციატივა აიღოს მსგავსი სტრუქტურის შექმნის დროს. ეს შეიძლება ჩაითვალოს კრემლის პასუხად ნატო-ს მოხსენებაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვი აპირებდა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის შექმნას. სამხედრო ალიანსის შეშფოთების წყაროდ შესაძლებელია მიჩნეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მჭიდრო ურთიერთობები გაზის რესურსის უმსხვილეს მფლობელებთან, უპირველეს ყოვლისა, ალჟირთან. გასული წლის ზაფხულში, დიდი რვიანის სამიტის დასრულებისთანავე, სადაც ნათლად წარმოჩინდა რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის ენერგეტიკულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა, კომპანია “გაზპრომმა დადო ხელშეკრულება ალჟირის კომპანია “Sonatrach-თან თანამშრომლობაზე. სწორედ ეს შეთანხმებები დასავლეთში ბევრმა ჩათვალა გაზის OPEჩ-ის შესაქმნელად გადადგმულ პირველ ნაბიჯად. ამის თაობაზე ევროპაში განგაში ატყდა, რადგან ხვდებოდნენ, რომ რუსეთსა და ალჟირს შორის კარტერული შეთანხმების ნებისმიერი ფორმა ევროსაბჭოს ენერგეტიკულ ბაზარს რუსეთის პოლიტიკაზე დამოკიდებულს ხდის. მართლაც, ევროპა იმპორტირებული გაზის 70%-ს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, ხოლო 20%-ს – ალჟირიდან.
ევროპა აგრძელებდა მოსკოვის “დაკითხვებს გაზის OPEC-ის შექმნის გეგმების თაობაზე. რუსეთი, როგორც ცნობილია, უარყოფდა ამ სფეროში რაიმე მოლაპარაკებებს. ასე გრძელდებოდა 12 თებერვლამდე, სანამ რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა კატარში ვიზიტის დროს არ განაცხადა, რომ OPEC-ის შექმნა საინტერესო იდეაა და მასზე დაფიქრება ღირს.
აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ლიდერმა არა მხოლოდ უარყო რუსეთის მაღალჩინოსნების ყველა ადრინდელი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ წარმოაჩინა მოსკოვის დაინტერესება ახალი ალიანსის შექმნის თაობაზე მას შემდეგ, რაც ეს იდეა ირანმა წამოაყენა. მაგრამ ბოლო თვის მანძილზე მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბუშერაში ატომური სადგურის მშენებლობის პროექტის თაობაზე მოლაპარაკებების სრულმა ჩავარდნამ შეიძლება დააფიქროს რუსეთი – გააანალიზოს და შეაფასოს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები, რაც მთავარია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა როლს შეასრულებს გაზის OPEC-ის შექმნის საკითხში.
გასაგებია, რომ როგორც გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის წევრი, რუსეთი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო დოჰაში ჩატარებულ შეხვედრაზე, მაგრამ ჯერ გაუგებარია მოინდომებს თუ არა მოსკოვი კარტელის შექმნის იდეის “პრივატიზებას და ირანისთვის ამ საკითხში ლიდერის როლის წართმევას.
OPEC-ის შექმნის იდეა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის ბაზაზე არც ისე ცუდია და პერსპექტიული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფორუმის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ მსოფლიოში გაზის მოპოვებისა და მისი მილსადენებში მიწოდების 40%-ს და აკონტროლებენ მსოფლიო ბუნებრივი აირის 80%-ს. რუსეთი, რომელზეც მოპოვებული მსოფლიო გაზის 21,6% და მსოფლიო გაზის მარაგის 26,6% მოდის, ამ ორგანიზაციის გავლენიანი წევრია.