რა როლი აკისრია საქართველოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში?
რედაქციისაგან
საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის საკვანძო რგოლს წარმოადგენს. აღნიშნული დერეფნის განვითარება არა მხოლოდ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, არამედ მთელ რიგ ენერგეტიკულ პროექტებსაც, რომლებიც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას ისახავენ მიზნად. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოძებნოს ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროები, რაც მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების მიზნით არ ხორციელდება – ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა.
22 მარტს სასტუმრო “შერატონ-მეტეხი-პალასში” ჩატარდა ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის – GIOGIE -ის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კონფერენციაGIOGIE-ის წარმატებული ღონისძიებაა, სადაც თავს იყრიან კავკასიის და კასპიის რეგიონების ენერგეტიკული ინდუსტრიის სპეციალისტები. კონფერენციის თემებია: სტრატეგიული განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს ენერგოსექტორში, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება საქართველოში, რეგიონული ენერგეტიკის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის განვითარება, საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ადგილობრივი ექსპლუატაციისა და წარმოების განვითარება.
კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ენერგოპოლიტიკის გაზიარების თვალსაზრისით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექვსი წლის წინ საქართველოს ენერგოსექტორსა და ეკონომიკაში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ამიტომ ბევრი მიიჩნევდა, რომ GIOGIE-ის კონფერენცია წარმატებული ვერ იქნებოდა, მაგრამ საქართველოს ენერგოსექტორში ბევრი რამ შეიცვალა და განვითარდა. ექვსი წლის წინ საქართველოს მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, ეს არა მხოლოდ ნავთობსა და გაზს ეხებოდა, არამედ ელექტროენერგიასაც. ენერგეტიკის სექტორის უპირველესი პრობლემა კი კორუფცია იყო. 2002 წელს, როდესაც GIOGIE-ს კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა, საქართველოს ელექტრ- ოენერგიის ერთადერთ წყაროს რუსეთი წარმოადგენდა. ენერგეტიკის სექტორისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო ქვეყანაში დასაქმების დაბალი მაჩვენებელი იყო, რაც ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა, ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხებათ. მაგრამ 2006-2007 წლის ზამთრის მონაცემების მიხედვით, ნათელია, რომ ქვეყანაში საკმარისი ელექტროენერგიაა და საქართველოს მისი ექსპორტიც კი შეუძლია. ენერგოსექტორი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სექტორს წარმოადგენს. საქართველო ააშენებს ახალ დამაკავშირებელ ხაზს სომხეთთან, აზერბაიჯანსა და შესაძლოა თურქეთთანაც. 2002-2003 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირით მხოლოდ “გაზპრომი” ამარაგებდა, ხოლო უკანასკნელი თვეების მანძილზე საქართველომ არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების სტრუქტურა შეცვალა. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მომწოდებელი “გაზპრომი” აღარ არის, ქვეყანას ამჯერად გაზის სამი მომწოდებელი ჰყავს – “შახდენიზი”, აზებაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია “აზერიგაზი” და “გაზპრომი”. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ბუნებრივი აირის 3 მომწოდებელი კარგი მაჩვენებელია. საქართველო არა მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრია რეგიონში, არამედ გაზსადენის ტრანზიტული მარშრუტიც, რომელიც რუსეთსა და სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს, უახლოეს მომავალში საქართველო იქნება ტრანსკასპიური მილსადენის გამტარებელიც ევროპისკენ და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპისენერგო უსაფრთხოებასა და კავკასიისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებში. პროექტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთოებებისა და შემდგომი განვითარებისათვისაც. იგივე შეიძლება ითქვას ნავთობის შემთხვევაშიც. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენების მშენებლობა იწყებოდა, სკეპტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ პროექტი წარმატებულად ვერ დასრულდებოდა, მაგრამ BP-ის, კონსორციუმის, ქვეყნისა და კარგი პარტნიორების დახმარებით პროექტი წარმატებულად დასრულდა. ამ ქვეყნების პარტნიორობის ძალისხმევით შესაძლებელია ნებისმიერი პრობლემის გადალახვა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საერთაშორისო კომპანიებსა და ინვესტორებს, ასევე რეგიონს, რომ ის სანდო პარტნიორია. საქართველომ უკანასკნელ 6 წელიწადში განვითარების მნიშვნელოვან დონეს მიაღწია და ის რეგიონის ენერგოსექტორის ცენტრი გახდება.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა კომპანია SOCAR-ის გენერალური დირექტორი საქართველოში მაჰირ მამადოვი. მან აღნიშნა, რომ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ბაქო-თბილისი-ჯეიხანისა და შახდენიზ-თბილისი-ერზრუმის გაზსადენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მ. მამადოვმა ნავთობპროდუქტებისა და სხვა ტვირთის გადაზიდვის სფეროში რკინიგზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ამ მხრივ დიდი პროექტის შესრულება აქვთ მიზნად დასახული, რაც უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი. სტრატეგიული თვალსაზრისით ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე და ბაქო-თბილისი-ერზერუმის, ე.წ “სამხრეთის” გაზსადენზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – ნავთობი და გაზი შესაძლოა 40-50 წლის განმავლობაში ამოიწუროს, რეგიონალური რკინიგზა კი მსოფლიო მნიშვნელობას დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს.
მ. მამადოვმა ისაუბრა აზერბაიჯანში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რომლებიც წელიწადში 15 მლნ ტონის სიმძლავრით მუშაობენ. აზერბაიჯანში ბენზინისა და თხევადი გაზის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების კომპლექსის – “ოქსიმ-პროს” მშენებლობაც იგეგმება, რომლის პრეცენდენტიც ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები ძირითადად საქართველოში, ირანში, თურქეთსა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე (იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, ისრაელი) ექსპორტირდება. დაგეგმილია ექსპორტის გაფართოება ევროზონის ქვეყნებში. აზერბაიჯანში სახმელეთო საბადოების დასამუშავებლად 10 ერთობლივი საწარმო არსებობს.