საბანკო სექტორის ინტრიგა
ნინო არველაძე
საქართველოში შეინიშნება: 1. სამომხმარებლო კრედიტის გაძვირების ტენდენცია, გაიზარდა იპოტეკური კრედიტების რაოდენობაც; 2. ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შერწყმაც, ბანკი მომხმარებელს ყველა ოპერაციას აზღვევინებს, რაც კრედიტს აძვირებს. პრობლემაა ნებისმიერ ბანკში დოკუმენტაციის მომზადების სირთულეც – საკრედიტო ხელშეკრულება და გირავნობა უნდა დაამტკიცოს ნოტარიუსმა, რეესტრიდან ცნობის ასაღებად თანხაა გადასახდელი, ანუ საერთო ჯამში სერიოზული თანხა გროვდება.
კრედიტის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში ბანკებს 1%-დან 3%-მდე ჯარიმა აქვთ დაწესებული. ბანკებში აცხადებენ, რომ 15-16%-იან სესხებს გასცემენ, მაგრამ ანგარიშის გახნისთვის თანხაა გადასახადი, ანგარიშიდან ნაღდი ფულის გამოსატანად კი 0.5%-ია გადასახადი, შემდეგ გირავნობის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება და ჰიპოტეკა ნოტარიუსმა უნდა დაადასტუროს, ანუ კრედიტის აღებისთანავე კლიენტი თანხას კარგავს და 15%-იანი ბიზნეს კრედიტი ან იპოთეკა 18-19% გამოდის.
საქართველოში ბანკები მსხვილდება, ქართული ბანკი ლონდონის ბირჟაზე გავიდა და ეს რევოლუციის ტოლფასი მოვლენაა. ბანკები ყალიბდება სპეციალიზაციის მიხედვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში კრედიტი ძვირდება. ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ გვასალია:
– საერთოდ ძვირდება ის, რაზეც მაღალი მოთხოვნაა. კრედიტის გაძვირება რეესტრისა და ნოტარიუსების გამო იმით არის გამოწვეული, რომ იგი ერთმნიშვნელოვნად არის მიბმული საბანკო სტრუქტურაზე. ყველამ იცის, რომ მის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ ძვირდება მომსახურეობები და ხდება მათზე ზედმეტი ფასის დადება. არის კიდევ ერთი სიახლე, კერძოდ, მოძრავ ქონებაზე არაფერია საჭირო ნოტარიუსის მიწერილობის გარდა, ანუ მოძრავი ქონების გაყიდვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ბიუროკრატიული მომენტები “მიტმასნილია” კრედიტის აღებასთან, მათ გვერდს ვერ აუვლი, ამიტომ ფასი მათზეა დამოკიდებული. კრედიტზე ფასმა ბუნებრივად აიწია და დიდია იპოთეკური დატვირთვა, მალე ძალაში შევა “კომერციული ბანკების კანონში” პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია კლიენტსა და ბანკს შორის იპოთეკური დავა ოცი დღის ვადაში განიხილოს, ხშირად ეს პროცესები წლების განმავლობაში იწელებოდა. ამის შესახებ არაფერი იყო თქმული საპროცესო კოდექსში, აღნიშნული ცვლილება კი ბევრად გაადვილებს ამ პროცესს. მაგრამ არსებობს საშიშროება, ხომ არ მოუბრუნდება ცუდად მოსახლეობას ამდენი კრედიტი. აშშ-ში დასაქმებული მოსახლეობის 80%-ზე მეტი ბანკიდან აღებულ კრედიტზეა დამოკიდებული, მაგრამ მათ სტაბილური სამსახური აქვთ – ამის გარეშე კრედიტის აღება შეუძლებელია, სამსახურის დაკარგვა კი შეიძლება ოჯახისთვის დიდ ტრაგედიად იქცეს, რადგან ისინი სახლის, მანქანისა და სხვა საჭირო ნივთების გარეშე რჩებიან. საქართველოშიც ნელ-ნელა საკრედიტო დაწესებულებებზე ვხდებით დამოკიდებულნი, მაგრამ ჩვენთან არ არის სტაბილური სამსახური და ხელფასებიც დაბალია, ამიტომ ბანკებს მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ისინი არ აფინანსებენ კაზინოში დასაქმებულებს და იშვიათად გასცემენ სესხებს რესტორნებსა და ბენზინგასამართ სადგურებში მომუშავე პერსონალზე. იხსნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მაგალითად, “ქართულმა კაპიტალმა”, 400 000 აშშ დოლარი თვეზე ნაკლებ დროში დააბანდა, ანუ სამომხმარებლო კრედიტზე მოთხოვნა არის. საქართველოს საბანკო სექტორში შემოვიდა უცხოური ინვესტიციები, პირადად ჩემი აზრით, ეს კონკურენციას გაამძაფრებდა, დაიწევდა საკრედიტო განაკვეთები და დეპოზიტებზე პროცენტები აიწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. “პროკრედიტ ბანკი 6%-იან კრედიტს აცხადებდა, შემდეგ გახდა ჯერ 9%, შემდეგ 12% და ახლა ის სხვა ბანკების მსგავსად გასცემს კრედიტებს.
ეროვნული ბანკი ყველა ბანკიდან 40 მსხვილი დეპოზიტარის სიას ითხოვს. ჩვენი ძალისხმევით, ფიზიკურ პირებზე აღუნიშნავი ნიშნები დაისმევა, ხოლო იურიდიული პირები მითითებულნი იქნებიან.
– რისთვის სჭირდება ეროვნულ ბანკს ეს მონაცემები?
– ეს მონაცემები ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საჭიროა, ეროვნული ბანკი საკუთარ თავზე იღებს ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას. მისი საშუალებით შეიძლება დადგინდეს მოსახლეობის რა პროცენტია ბანკებში მსხვილი დეპოზიტარი, ხშირად ერთსა და იგივე პიროვნებას სხვადასხვა ბანკში აქვს დეპოზიტი. ეროვნული ბანკი ამ მონაცემებით ადგენს – ელოდება თუ არა საშიშროება დეპოზიტებს. შეიძლება ერთმა დეპოზიტარმა ბანკიდან მსხვილი თანხა გაიტანოს, ან შეიძლება მან ყველა ბანკიდან გაიტანოს თანხა. 200-ლარიანი კუპიურის გამოშვების მიუხედავად, მოსახლეობაში ლარს ჯერ არ შეუძენია დაგროვების ფუნქცია, რადგან მათ არ აქვთ მაღალი შემოსავალი, სამაგიეროდ მოსახლეობა კრედიტებს იღებს.
– საქართველოში რამდენი მოქმედი ბანკია? არ იგულისხმება დახურვის პროცესში მყოფი ბანკები.
– ამჯერად საქართველოში 17 მოქმედი ბანკია და ყველა საბანკო ასოციაციის წევრია.
– რომელი უცხოური ბანკები მუშაობენ საქართველოში?
– ეს ბანკებია: “ზირათ ბანკი”, აზერბაიჯანის “კავკასიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, რომელსაც აზერბაიჯანში ბაზრის 46-47% უჭირავს და ის ერთადერთი ბანკია, რომლის პრივატიზებაც არ მომხდარა და დღემდე სახელმწიფო ბანკად რჩება, სავალუტო ფონდი მუდმივად ახორციელებს მასზე ზეწოლას, რათა მოხდეს მისი აქციონიზაცია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი უცვლელად რჩება.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიქმნა, დამკვიდრდნენ თუ არა ისინი ქართულ ბაზარზე?
– წარმატებულად მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კონსტატა”, ეხლა შეიქმნა “ქართული კაპიტალი”. “თბილბიზნეს ბანკი” საფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა.
– რა თავისებურებებით გამოირჩევიან ისინი?
– ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ UშAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროექტთან, ახლა მათი მხრიდან მიმდინარეობს საუბრები საკრედიტო ხაზების შექმნის თაობაზე.
– მათ უნდა მოიზიდონ დეპოზიტები და დააბანდონ კრედიტში?
– მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დეპოზიტების მოზიდვა და წმინდა საბანკო ოპერაციების, გადარიცხვების შესრულება არ შეუძლიათ. მათსა და ბანკებს შორის ეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. მსგავს ორგანიზაციებში არის დამფუძნებლების კაპიტალი, შეიძლება მისი კრედიტად გაცემა და შემდეგ მისი პროცენტებით დაბრუნება. მათ შეუძლიათ სხვა ადგილიდან კრედიტის აღება.
– არის თუ არა მათი კრედიტი უფრო ძვირი, ვიდრე ბანკებისა?
– მათი კრედიტი შედარებით ძვირია, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კრედიტის გამოტანა, ბანკთან შედარებით, ბევრად ადვილია. მათ ისეთი სეგმენტები უკავიათ, რომლებიც ბანკებს დიდად არ აინტერესებთ.
– რა ტენდენციებია საბანკო სფეროში? უდავოა, რომ გაგრძელდება ბანკების გამსხვილება, რა არის საბანკო სექტორის მთავარი ინტრიგა დღეს?
– სხვა შემთხვევაში ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ. “თი-ბი-სი ბანკს” იზრაელის ბანკ “ლეუმთან” აქვს მოლაპარაკებები და შეიძლება მას ბანკის 25% მიყიდონ.
“ტაო ბანკი” უკრაინის უმსხვილესმა ბანკმა შეიძინა, ხოლო უახლოეს ხანებში მოხდება “ბაზის ბაკის” შერწყმა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან რამოდენიმე წვრილ ბანკთან ერთად.
– საქართველოში ბანკები მსხვილდება, იზრდება მათი კაპიტალიზაცია, კრედიტზე მოთხოვნაც და ამასთანავე იზრდება პროცენტები კრედიტზე. რას უნდა ველოდოთ ბანკების გამსხვილებისგან?
– ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კრედიტზე პროცენტის დაწევას უნდა ველოდოთ, მაგრამ ბანკები აცხადებენ, რომ კრედიტზე პროცენტს მაღალი რისკის გამო არ წევენ.
– ბანკი 15% დეპოზიტის მიღებასაც აცხადებს, ხომ არ ნიშნავს ეს, საქართველოში ფულის “შიმშილს”? ერთი მხრივ, საქართველოში უცხოური ბანკები შემოდიან და მათ ინვესტიციაც შემოაქვთ, მაგრამ გამოდის, რომ საქართველოში საკმარისი დეპოზიტები არ არის.
– ჩვენ გვქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდთან და დაახლოებით ერთ თვეში ბანკებში რეზერვების შექმნა მოზიდული ვალუტების მიხედვით მოხდება, ადრე რეზერვების ფორმირება ლარებში ხდებოდა. ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული, თუ რა პროცენტი დაერიცხება დარეზერვებულ დოლარს, ევროსა და ლარს. ეროვნული ბანკი შემდეგ თვითონ ანთავსებს ამ ფულს სხვაგან – ღია ბაზარზე უცხოეთში.
– ანუ ეროვნული ბანკი დილინგცენტრს აყალიბებს? და ღია საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციებს იწყებს? უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც აუცილებელ რეზერვებს პროცენტი დაერიცხება, არა?
– ადრე ინფლაციის გამო ლარებზეც არიცხავდნენ პროცენტს.
– ცხადია, რომ ბანკებს კიდევ დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ, მაშინ რამ განაპირობა დეპოზიტების დეფიციტი, რატომ იზრდება დეპოზიტზე დარიცხული პროცენტი – 6-7%-დან 15%-მდე, ზრდა გაორმაგებაზე მეტია, მეორეს მხრივ, სამომხმარებლო კრედიტზე პროცენტი თითქმის 17-30%-მდეა, რამ გამოიწვია კრედიტის გაძვირება? კრედიტზე მოსახლეობაში მაღალი მოთხოვნაა და ხომ არ არსებობს ბანკებს შორის კარტელური შეთანხმება გააძვიროს კრედიტი?
– გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. პირადად მე იმ დახურული შეხვედრების მონაწილე და ინიციატორი ვარ, სადაც საკმაოდ დაძაბული საუბრები მიმდინარეობდა, მაგრამ მოლაპარაკება მაინც შედგა. ბანკებს პრეტენზიები ერთ-ერთ ბანკთან ჰქონდათ.
– ეს, ალბათ, “საქართველოს ბანკია”, რადგან ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს?
– დიახ, მან ბევრი კლიენტი მიიზიდა, რაც სწორი მართვის პრინციპმა განაპირობა.
– ანალოგიურად მოიქცა “თი-ბი-სი ბანკი” წლების წინ.
– “საქართველოს ბანკი” ანგარიშებსა და ნაშთებზეც კი პროცენტებს არიცხავს. სხვა ბანკები მიიჩნევენ, რომ ზარალის გარეშე ეს მოქმედება ვერ ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფენომენის ახსნას ითხოვენ. თუმცა “საქართველოს ბანკი” ამ საიდუმლოს ახსნაზე უარს აცხადებს, მაგრამ თანახმაა ეროვნულმა ბანკმა შეამოწმოს და ნახოს, რომ ბანკი ამ ნაბიჯით არ ზარალდება. “საქართველოს ბანკში” მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ ბანკი გამოცოცხლდა და სერიოზულად ამუშავდა, მან საქართველოში ბანკირების სტერეოტიპი დაამსხვრია და ბანკის მართვის სტილი შეცვალა.
– დეპოზიტეპზე და კრედიტებზე პროცენტების ზრდა ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება. დღეს ყველაზე დიდი მოგება და ფული ბანკებს მოაქვთ, საწარმოში თანხის ჩადებას ყველა ბანკში დეპოზიტის დადებას ამჯობინებენ, საიდანაც გარანტირებულ 15%-ს აიღებენ და სადაც რისკი ნაკლებია, ან თითქმის არ არის.
– ეხლა იწყება დეპოზიტების დაზღვევა, ეს ევროკავშირის დირექტივაც არის. სერიოზულად მუშაობს საკრედიტო ბიუროც, ის საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით 2004 წელს ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, მისი დამფუძნებლები ბანკები არიან, თავიდან მსესხებლებზე მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია გაიცემოდა, ახლა კი პოზიტიური ინფორმაციის გაცვლაც მოხდება.
– ე.ი. შეიქმნა ინფორმაციული ბანკი, სადაც ყველაზე ყოველნაირი ინფორმაციაა?
– დიახ, ასეა. ვისაც 2004 წლიდან ერთხელ მაინც აუღია კრედიტი, მასზე ინფორმაცია არსებობს საკრედიტო ბიუროში. ბანკები პოზიტიური ინფორმაციის გაცვლისგან თავს იკავებენ, რადგან შეიძლება სხვა ბანკმა მას კლიენტი წაართვას.
– საკრედიტო ბიუროს ვინ აფინანსებს?
– ის თავისთავს ინახავს, ყველა გაცემულ ინფორმაციაზე გადასახადია დაწესებული. როდესაც ბანკი პიროვნებაზე კრედიტს გასცემს, მას შეუძლია შეამოწმოს მისი დოსიე და გაარკვიოს ქონდა თუ არა მას პრობლემები სხვა ბანკთან. მას, ვინც საკრედიტო ბიუროს წითელ ხაზში მოხვდება, სესხის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება. ეს მომენტი რისკს კიდევ ერთხელ ამცირებს.
– თქვენი აზრით, როგორი ტენდენცია იქნება 2007 წელს საკრედიტო სადეპოზიტო განაკვეთების მიხედვით?
– 2007 წელს არსებული ბანკების რაოდენობა შემცირდება. 5 ბანკს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შეიძლება მოხდეს მათი შერწყმა ან ერთ მსხვილ ბანკთან გაერთიანება. გააჩნია რას იტყვის ეროვნული ბანკი, რადგან ის მესამე კატეგორიის ბანკების შერწყმას ეწინააღმდეგება. ის თანახმაა მათ შერწყმაზე, მაგრამ უნდა რომ მოიძებნოს პირველი ან მეორე კატეგორიის ბანკი, რომელსაც ეს ბანკები ლოკომოტივად გამოიყენებენ. თუ 5 ბანკი შეერწყმება, მათ ერთი წელი მაინც უნდა ჰქონდეთ ბაზარზე ყოფნის საშუალება, რადგან მყარი პოზიციებიდან შეძლონ რომელიმე დიდ ბანკთან მოლაპარაკების გამართვა. ეს ეროვნულ ბანკსაც გაუადვილებს მდგომარეობას, რადგან ის მესამე კატეგორიის ბანკებს განსაკუთრებულად აკონტროლებს. მთავარია მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, ერთი ბანკის მდგომარეობა დანარჩენმა ოთხმა უნდა იცოდეს, უნდა ჩატარდეს მათი აუდიტი, ამის შემდეგ გადაწყდება 3 ბანკი გაერთიანდება, 4 თუ 5. ვფიქრობ, ყველაფერი ივლისში გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ბანკი გაერთიანდება.
– რომელ ბანკზეა საუბარი?
– თავს შევიკავებ. საქართველოში შემოდიოდა ყაზახური ბანკი “ალიანსი”, მათ ეროვნულ ბანკში განაცხადი გააკეთეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეტი არაფერია ცნობილი. დიდი დაინტერესებაა იტალიური ბანკის მხრიდან, საქართველოში ჩამოსული იყო მათი საფინანსო ჯგუფი და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილიება – ან ბანკს იყიდიან, ან ახალ ბანკს ჩამოაყალიბებენ, ან ფილიალს შექმნიან საქართველოში.
– რას იტყვით საქართველოში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შერწყმის ტენდენციაზე?
– სადაზღვევო კომპანიისა და ბანკის საქმიანობა კანონითაა გამიჯნული, ერთმანეთზე რისკების გადატანა არ შეიძლება. როდესაც “საქართველოს ბანკი” აცხადებს, რომ იგი სადაზღვევო კომპანიის 100%-ს ფლობს, ეს სწორი არ არის, რადგან ჩვენ ჰოლდინგებზე კანონი არ გვაქვს. არც ის არის სწორი, როდესაც ბანკი რომელიმე კომპანიას ყიდულობს. კანონის თანახმად, ბანკს შეუძლია სააქციო საზოგადოების მხოლოდ 20%-ს ფლობდეს, რაც კაპიტალის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
– რატომ არ რეაგირებს ამ საკითხზე ეროვნული ბანკი?
– ერთი რამის თქმა შემიძლია, ამით ხდება ბანკის კარგად შეფუთვა, ანუ ბანკი გასაყიდად მზადდება.