ნოემბრის თვის ქართული კულტურული ცხოვრების ქრონიკა
ავთანდილ ჩიტიძე
ელგა ფორჩხიძე
ბელორუსებისათვის ორიგინალურია
ნოემბრის თვის დასაწყისში ქართველმა მომღერალმა ელგა ფორჩხიძემ საზღვრებს გარეთ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. მან მონაწილეობა მიიღო ბელორუსიაში ჩატარებულ ფესტივალზე “ოქროს შლაგერი”, სადაც კონკურსის ლაურეატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ორიგინალური შესრულებისათვის. კონკურსის პირობების თანახმად, მომღერალს ერთი სიმღერა ძველი რეპერტუარიდან უნდა შეესრულებინა.
ელგამ, რომელიც პირველად სცენაზე 1994 წელს გამოჩნდა, ლარისა დოლინას ძველი სიმღერა შეასრულა, რომელიც პუბლიკამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო. ქართველ შემსრულებელს და მის მენეჯერს გამგზავრებისას უამრავი კურიოზი შეემთხვათ. სიმღერის ჩაწერა მოსკოვში დაასრულეს, რასაც სამი სააათი დასჭირდა. ამ ვნებათაღელვამ თავისი შედეგი გამოიღო და ქართულ ესტრადაზე ახლადმოკიაფე ვარსკვლავი სამომავალოდ უამრავ კონკურსზე იქნა მიწვეული.
მომღერლები ზრუნავენ…თქვენ?
დღეს მსოფლიოში შიდსით 38 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ამ დაავადებით 22 მილიონი ადამიანი უკვე გარდაიცვალა. რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს მეოცე საუკუნის ჭირის წინააღმდეგ, ვაქცინა 21-ე საუკუნეშიც არ შეუქმნიათ, ამიტომ მასთან საბრძოლველად არსებობს მხოლოდ ერთი გზა. კაცობრიობას მისი მხოლოდ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლია.
1 დეკემბერს მსოფლიოში XX საუკუნის დაავადების – შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. მსოფლიო აქციაში თბილისიც ჩაება. სპორტის სასახლეში მოეწყო აქცია-კონცერტი სახელწოდებით “მე ვზრუნავ… შენ?, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საპროდიუსერო ცენტრი “ფაიფ ლაინს პროდაქშენი”. აქციაზე მხოლოდ ჯგუფები გამოდიოდნენ. სპეციალურად ამ დღისათვის მოსკოვიდან საკმაოდ პოპულარული ჯგუფი “მიხეი ი ჯუმანჯი” ჩამოვიდა. ქართველებიდან აქცია-კონცერტში მონაწილეობდნენ: “ქუჩის ბიჭები”, “ფლეში”, “სეთი”, “გოგლი-მოგლი”, “სთეისი”, “რონდო” “სეიშენი”, “საუნდი”. ქართველმა ახალგაზრდობამ კარგად იმხიარულა ქართველი და რუსი მომღერლებით, რომლებიც სცენაზე ამტკიცებდნენ, შიდსისაგან თავს იცავენ და ამასვე მოუწოდებდნენ ყველას.
ქართული ესტრადის წმენდა დაიწყება
თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა მისივე დამკვიდრებული და დაფინანსებული ფონოგრამით გამართული კონცერტების აკრძალვა გადაწყვიტა. შეიქმნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეულ კონცერტებზე ფონოგრამით გამოსვლის აკრძალვას. თუმცა, მისი საბოლოო სახე სხვანაირად ჩამოყალიბდა. თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ, დავით ოქიტაშვილის პროექტში მითითებული იყო, რომ არაცოცხალი შესრულება მხოლოდ ფილარმონიაში აიკრძალებოდა, ანუ კანონი შეიქმნებოდა მხოლოდ ერთი საკონცერტო დარბაზისათვის. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამის შემდეგ ფილარმონიის სცენა მომღერლებისაგან დაიცლებოდა. შექმნილი საფრთხის გამო ფილარმონიაში დაბინავებული შოუ-ბიზნესცენტრი “ლომისი?? პირველი დაუპირისპირდა ამ კანონის ავტორებს და პრესასთან ხმაურიანი შეხვედრა გამართა. კახური პირდაპირობით გამორჩეულმა ჯემალ ბაღაშვილმა თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, დავით ოქიტაშვილი დუელში გამოიწია, რომელიც “მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, არ მობრძანდა??. მოპასუხე მხარედ მერიის კულტურის გადარჩენის ხელმძღვანელი, მარინა ბერიძე გამოცხადდა. მერიასა და “ლომისს?? შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავით ოქიტაშვილმა პრესაში განაცხადა, რომ ფონოგრამების საკითხში ძაღლის თავი ფილარმონიაში მარხია. “ძაღლის თავი თბილისის მერიასა და დავით ოქიტაშვილის კაბინეტში მარხია. საშინელებაა, როცა იგი ჩვენ გვადანაშაულებს. ჩვენ მიერ ორგანიზებული კონცერტები ყოველთვის ცოცხლად ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მომღერლები სიცხიანები ყოფილან??, – ამბობს ბაღაშვილი. ბრალდებების საპასუხოდ მარინა ბერიძემ განაცხადა: “რასაც ბატონი ჯემალი აცხადებს, აბსოლუტური სიმართლეა. პირადად მე პროფესიით მუსიკოსი ვარ და, რაც კი მისწავლია, ბაღაშვილისა და ბასილაიასგან ვისწავლე. არც ის შეიძლება ითქვას, რომ თბილისის კულტურის მერიის სამსახური მხოლოდ ფონოგრამიან კონცერტებს აფინანსებს. მათ მიერ დაფინანსებული კონცერტებიდან სამი იყო მხოლოდ ფონოგრამიანი და 12-მდე – ცოცხალი შესრულებით. ამბობენ, რომ მეფარიძის კონცერტისათვის 40 ათასი გადავრიცხეთ, ეს აბსურდია. უბრალოდ, ხშირად მომღერლებს არ სურთ, მათი ვინაობის გამხელა, ვინც კონცერტებში 40-50 ათასს რიცხავს და ყველაფერს თბილისის მერიის კულტურის სამსახურს მიაწერენ”.
საბოლოოდ, მწვავე დებატებისას გამოითქვა აზრი, რომ მკვდარი მუსიკით მომღერლებისთვის ცალკე დარბაზი აშენდეს ან სულაც ცირკში იმღერონ. ბაღაშვილის თქმით, ქართველი “ვარსკვლავები” იმდენად გათავხედდნენ, რომ “გამარჯობასა” და “მადლობასაც” ფონოგრამით ამბობენ. დავა კონსესუსით დასრულდა. თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ბრძანებით, თბილისის ყველა მუსიკალურ დარბაზში ფონოგრამებით სიმღერა აიკრძალა.
“ქუჩის ბიჭებს” და მამუკა ონაშვილს პანკისში იტაცებდნენ
“ქუჩის ბიჭებისა” და მამუკა ონაშვილის დაგეგმილ ტურნეს დასავლეთ საქართველოში თან ხიფათი ახლდა. გასტროლიორებმა ფოთი და ზუგდიდი მშვიდობიანად მოიარეს, ხონში კი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი შუა ქალაქიდან ჯერ გაიტაცეს და შემდეგ გაძარცვეს. თავდამსხმელები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი, თუ ვის ესხმოდნენ თავს. ისინი მსხვერპლს ცინიკურად ეუბნებოდნენ, იმღერეთო. თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ მათ რამდენიმე ჩატარებული კონცერტის ჰონორარი თან ჰქონდათ. სხვათა შორის, ყაჩაღებმა მსხვერპლები ბოლომდე არ გაწირეს, მიკროავტობუსი დაუბრუნეს და პურისა და ბენზინის ფულიც დაუტოვეს. ნაცემ და თავგატეხილ მომღერლებს ტურნე არ შეუწყვეტიათ და არც სამართალდამცავებისთვის მიუმართავთ.
ზურა ხაჩიძე გვიამბობს: “ხონში კონცერტის დასრულების შემდეგ ჩვენს მიკროავტობუსში ხუთი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შემოცვივდა. ერთ-ერთი მათგანი საჭესთან დაჯდა და გაგვიტაცეს ტყიბულის მიმართულებით. ნახევარი საათის განმავლობაში გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. იყო მუქარა, რომ პანკისის ხეობაში მივყავდით. არ ვიცოდით, რა უნდოდათ, სიტყვა არ გვათქმევინეს. არანაირმა მოლაპარაკებამ არ გაჭრა. ჩამოგვყარეს ტყეში, გაგვძარცვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს და გაგვიშვეს. როგორც შეგვპირდნენ, მანქანას ხუთი კილომეტრის მოშორებით დატოვებდნენ. პირობა შეასრულეს, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ. თან დაგვიტოვეს ას ლარამდე ბენზინისა და საჭმლისთვის. კონდახებს ყველას გვირტყამდნენ. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ირაკლი ნოზაძე და მამუკა ონაშვილი, რომლებმაც თავის არეში ღია ჭრილობები მიიღეს. წაიღეს ყველაფერი, საკმაოდ სოლიდური თანხა, ოქროს ნივთები და მობილური ტელეფონები, თუმცა, რამდენიმემ მოვახერხეთ მობილურების მანქანაში ისე დაყრა, რომ მათ ვერ დაენახათ. სანამ არ აღიკვეთება ასეთი ვანდალური აქტები, ყველას ვურჩევ, ამ რეგიონში არ ჩავიდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმერეთის გუბერნატორის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ჩვენზე გული შესტკიოდა. ზესტაფონში ჩასვლისას უკვე გაძლიერებული დაცვა გვყავდა. პოლიციისთვის ჩვენება არ მიგვიცია, რადგან არ გვსურს, ამ ფაქტის გამო ვინმე ციხეში ჩაჯდეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეურაცხყოფილები ვართ. ჩვენვე აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იყვნენ და “გავუსწორდებით”.