ბიზნესში განათლების სისტემის პრიორიტეტები
თემურ ხომერიკი, პროფესორი
ქართულ სინამდვილეში ლიდერებს და ინტელექტუალებს ყოველთვის პატივს სცემდნენ. წინათ ინტელექტუალები, უმეტესწილად, დაქვემდებარებულის ან მრჩევლის როლში გვევლინებოდნენ. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაზღვრულად იცვლება აღნიშნული თანაფარდობა და მენეჯერ-პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური სოციალური ფენის შემადგენლობაში სულ უფრო მნიშვნელოვნად იმკვიდრებენ ადგილს საუნივერსიტეტო აკადემიური განათლების მქონე კადრები.
აღნიშნული საშუალო ფენა წარმოადგენს საზოგადოებრივი სტაბილურობის გარანტს, რადგან პოლიტიკურად დაბალანსებულია და არ ექვემდებარება არცერთი მიმართულების ექსტრემიზმის გავლენებს. ევოლუციური განვითარება მათი თვითრეალიზაციის საშუალებაა, რადგან მატერიალური მოთხოვნილებების გარდა, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული ფასეულობებიც. ამ პირობებში საერთაშორისო დონის მენეჯერთა პროფესიული მომზადება-დაოსტატება საზოგადოებრივი განვითარების პრიორიტეტად იქცა.
საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში კადრების მომზადება წარმოებს მრავალ უმაღლეს სკოლაში, რომელთაგან უკვე გამოირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის, მენეჯმენტის ევროპული სკოლის, ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის და სხვათა ბიზნესის მართვის საგანმანათლებლო პროგრამები. საქართველოში ასევე იკიდებს ფეხს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბებული ბიზნეს-სკოლები. ყველაზე დიდი კონკურსი მაღალქულიან აბიტურიენტებს შორის, როგორც წესი, იმართება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სპეციალობებზე, სადაც ბაკალავრიატში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტუდენტების ჩარიცხვა ბოლო ორი წელია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის # 633 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალობების ჩამონათვალის მიხედვით – სპეციალობა ეკონომიკა (სოციალური მეცნიერების ბაკალავრი) და ბიზნესისა და მართვის მიმართულების სპეციალობებით (ბიზნესის მართვის ბაკალავრი): საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე; საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, აუდიტი; ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; მარკეტინგი; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; ტურიზმი.
ზემოაღნიშნული სასწავლებლების მენეჯერული პროფილის პროგრამებს ახასიათებს ორი უკიდურესობა: ტრადიციულ უნივერსიტეტებში უმეტესწილად ყურადღება გამახვილებულია აკადემიურ მომზადებაზე და სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვნადაა გადატვირთული თეორიული კურსებით; ამის საპირისპიროდ, ახლადშექმნილი ბიზნეს-სკოლები უპირატესად ეყრდნობიან მენეჯერთა კადრების გადამზადების უცხოეთში დამკვიდრებულ სტანდარტულ პროგრამებს მცირედი მოდიფიკაციით. ამდენად, აღრეულია მენეჯერთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. ამის შედეგად კი, ერთ შემთხვევაში ვიღებთ “ყოვლისმცოდნე თეორეტიკოსებს აკადემიური ხარისხით, ხოლო მეორე შემთხვევაში – კვლევით უნარს- მოკლებულ, მაგრამ არსებულ პრაქტიკასთან უფრო ადაპტირებულ კადრებს. არადა, დასავლური პროგრამები თანაბრად მოიცავს აკადემიური და პროფესიონალური მომზადების ელემენტებს, თეორიულ სწავლებას ეფექტურად ეხამება სწავლების აქტიური მეთოდები და პროფესიული სტაჟირება. უწყვეტი განათლების ფარგლებში სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები ბიზნეს-განათლებას იღებენ ტრენინგებზე, სემინარებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მოკლევადიანი კურსებით და უშუალოდ სამსახურში არსებული გადამზადების სისტემის ფარგლებში.
ხშირად საუნივერსიტეტო განათლების მქონე ბიზნეს-ადმინისტრატორები ძნელად პოულობენ სამსახურს, ხოლო ბიზნეს-სკოლების კურსდამთავრებულები ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იწყებენ მუშაობას დაბალი რგოლის სპეციალისტებად, ძირითადად იმის წყალობით, რომ ამ სასწავლებლებში დიდი ყურადღება ექცევა უცხოური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლებას. რაც შეეხება შემდგომ კარიერულ წინსვლას, საშუალო და ინსტიტუციონალური დონის მენეჯერებს შორის ჭარბობენ სწორედ კლასიკური საუნივერსიტეტო განათლების მქონენი, რადგან ზოგადთეორიული მომზადება და ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის უნარი, სათანადო პრაქტიკული ჩვევების გამომუშავების შემთხვევაში, საშუალებას აძლევს მათ სწრაფად აუღონ ალღო დინამიკურ გარემოს და მეტი შესაძლებლობაა მმართველობითი იერარქიის კიბეზე აღმასვლისათვის.
ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის კლასიკური პროგრამები ევროპაში გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა DBA (Doctor of Business Administration), MBA (Master of Business Administration), BBA (Bachelor of Business Administration) და სხვა სახით, თუმცა ისინი უშუალოდ არ უკავშირდება ბოლონიის პროცესს და ამ პროგრამათა აკრედიტაციას ახდენენ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-სკოლების შესაბამისი ასოციაციები. მთელ მსოფლიოში ზემოაღნიშნული პროგრამები მოიცავს დღის (full-time), საღამოს (part-time) და დისტანციური სწავლების ფორმებს. ამერიკაში 700-მდე ამგვარი პროგრამაა, ხოლო ევროპაში მათი 300-მდე მოდიფიკაცია ხორციელდება. ძირითადად საუნივერსიტეტო პროგრამები ბაკალავრებისთვის ოთხწლიანია, ხოლო მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის – 2-3-წლიანი. საქართველოს კანონმდებლობით, ბაკალავრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს 240 კრედიტ-საათი, მაგისტრანტმა – 120 კრედიტ-საათი, ხოლო დოქტორანტმა – 180 კრედიტ-საათი.
ბიზნესის ადმინისტრირების საუნივერსიტეტო პროგრამები მოიცავს დიპლომამდელი (ბაკალავრიატი) და დიპლომისშემდგომი (მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სწავლების საგანმანათლებლო პროგრამებს და ეფუძნება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ სტაჟირებას. კურსდამთავრებულები იღებენ ბიზნესის ადმინისტრირების დარგში შესაბამის აკადემიურ ხარისხს და მენეჯერის პროფესიულ კვალიფიკაციას. თეორიული მომზადება მენეჯერებს მიღებული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციებში გამოყენების უნარის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მენეჯერთა მომზადების მოქმედ საუნივერსიტეტო პროგრამებში ჭარბობს სააუდიტორო თეორიული სწავლების ელემენტი, ხოლო გარემოს მოთხოვნებისადმი მეტი ადაპტაციით გამოირჩევა გადამზადების პროგრამები. ახალ პროგრამებში საჭიროა უფრო ფართოდ იქნეს გათვალისწინებული მენეჯმენტის ინტერდისციპლინური ხასიათი (მენეჯმენტი, როგორც მეცნიერული კვლევის სფერო და თეორია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ, მათემატიკურ და მეცნიერების სხვა დარგებთან) და მისი პრაქტიკული ასპექტები (მენეჯმენტი თანამედროვე პირობებში, ესაა ორგანიზაციებში ადამიანთა და მათი ქცევის მართვა, რომელთა ძალისხმევის კოორდინაციით მენეჯერი, მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის შედეგად, აღწევს დასახულ მიზნებს, რაც ოპერაციათა ეფექტიან მართვასთან ერთად, მოითხოვს სხვათა ხელმძღვანელობის ხელოვნებასა და სტრატეგიული მიდგომის უნარ-ჩვევებს).
მენეჯმენტის სწავლება და მენეჯერთა პროფესიული მომზადება არ თავსდება ლექტორი – სტუდენტის ტრადიციულ ურთიერთობებში, როცა ლექტორი გადასცემს სტუდენტს მხოლოდ ცოდნას, რადგან ამ სპეციალობით კადრების მომზადებაში გამოცდილებასა და თვითმომზადებას უდიდესი როლი ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია, მომავალი მენეჯერის პირადი თვისებები, ლიდერული ამბიციები, ეთიკურ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობა და კულტურული ფასეულობები. ზემოაღნიშნულის განვითარებისათვის აუცილებელია სწავლების აქტიური მეთოდების: საქმიანი თამაშების, დისკუსიების, ქეის-სთადების (კონკრეტული სიტუაციების განხილვა-ანალიზი), სემინარული პრეზენტაციების, ექსპერიმენტირების, საშინაო დავალებების, თვალსაჩინოებათა ჩვენების, რეზიუმირებისა და სხვ. გამოყენება, ასევე, პროფესიული სტაჟირება. მენეჯმენტის პროფილის დისციპლინათა შესწავლის შემდეგ, ფართოვდება მსმენელთა ცოდნის არეალი, ყალიბდება მათი შეხედულებების სპექტრი, გამომუშავდება ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები და სტილი, ვითარდება თვითშეფასებისა და თვითმენეჯმენტის სისტემა. აუცილებელია სწავლების მონაწილე მხარეები თანაბრად იყვნენ დაინტერესებული სწავლების შედეგებით, ხოლო მოტივაციის საფუძველს ქმნის პროფესიული სტაჟირების ეტაპზე მომავალი დასაქმების პერსპექტივების გაჩენა.
მენეჯმენტის საუნივერსიტეტო სკოლის მსოფლმხედველობრივი საფუძველი დამოკიდებულია არა მხოლოდ სასწავლო პროგრამების შინაარსსა და სწავლების მეთოდიკაზე, არამედ სასწავლო დაწესებულებაში დამკვიდრებულ ორგანიზაციულ კულტურასა და მენტალიტეტზე. სწავლების აქტიური მეთოდები წარმოუდგენელია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე. სწავლების დიალოგური რეჟიმის დროს მსმენელთა ყურადღების გასამახვილებლად აუცილებელია სადემონსტრაციო მასალებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, აგრეთვე, ემოციური განწყობის შესაქმნელად – სათანადო ესთეტიკური გარემო. მენეჯმენტის დაუფლება შესაძლებელია სხვადასხვა გზით: სამუშაო გამოცდილების მიღებით, მოწინავე მენეჯერთა მუშაობის მეთოდის გაცნობით, წარმატებულ ორგანიზაციებში სასწავლო ტურების მოწყობით, პროფესიონალთან სტაჟირებით და სხვ., მაგრამ აკადემიური მომზადებისთვის კვლავაც უმთავრესია მენეჯერთა სააუდიტორო სწავლება.
მენეჯმენტში ტიპური სასწავლო პროგრამები იმგვარადაა შედგენილი, რომ შესაძლებელია ინტერდისციპლინური სწავლების გაღრმავება. კერძოდ, დამატებითი სპეციალობის (მინორ) ფარგლებში ზოგადეკონომიკურ მომზადებასთან (ეკონომიკის საფუძვლები, მიკროეკონომიკა, ინსტიტუციური ეკონომიკა, ბიზნესის სტატისტიკა და სხვ.) ერთად, სათანადო ყურადღება ეთმობა ბიზნეს-სამართლის სწავლებას; გადაწყვეტილებათა მიღების ტექნოლოგიის შესწავლამდე სტუდენტებს გავლილი აქვთ სათანადო მომზადება რაოდენობრივ ანალიზსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ასევე ნასწავლი აქვთ უმაღლესი მათემატიკა და ალბათობის თეორია; ბიზნეს-გარემოში უკეთესი ადაპტაციისთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგადასახადო საქმეს, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტის და სხვ. საკითხებს; ადამიანური რესურსების მენეჯმენტის შესწავლასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბიზნესის ეთიკის, მართვის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის, Pღ ტექნოლოგიებისა და სხვა საკითხების შესწავლას; მენეჯერული ეკონომიკის გაღრმავებულ შესწავლასთან ერთად სტუდენტები სწავლობენ მაკროეკონომიკურ რეგულირებასა და სახელმწიფო მართვას; მენეჯმენტის ზოგად კურსებთან (ზოგადი მენეჯმენტი, მართვის თეორია, მენეჯმენტის საფუძვლები და ა.შ.) ერთად წარმოებს მენეჯმენტის კონკრეტული ასპექტების (სტრატეგიული მართვა, პროექტების მართვა, ოპერაციათა მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, კორპორაციული მართვა, ანტიკრიზისული მენეჯმენტი, რისკ-მენეჯმენტი და სხვ.) სწავლება.
მენეჯმენტში სამაგისტრო (MBA) და სადოქტორო პროგრამები (DBA) ეფუძნება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებისა და დოქტორების აკადემიურ სწავლებას, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და პროფესიულ მომზადებას. ბიზნესის ადმინისტრირების ანუ ბიზნესის მართვის, ე. ი. მენეჯმენტის კლასიკური ამერიკული პროგრამები აკადემიურ ხარისხთან ერთად პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა (MBA) და მეცნიერების მაგისტრის (MS – Master of Sciences) აკადემიური ხარისხი ენიჭება პირებს, რომლებიც დიპლომამდელი განათლებითა და პრაქტიკული მოღვაწეობით მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა დარგის (სპეციალობის) მუშაკებს და სურთ ორ-სამწლიანი სწავლებით აიმაღლონ კვალიფიკაცია. სხვადასხვა ბიზნეს-სკოლები განსხვავებულად აგებენ სწავლების მეთოდიკას. ჰარვარდის, სტენფორდის, ვარტონისა და სხვა სკოლები მეტ ყურადღებას უთმობენ სიტუაციურ მართვასა და პრაქტიკულ საკითხებს, ხოლო სლოუნის სკოლა, კარნეგი-მელონის სკოლა, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და სხვა მეტ ყურადღებას აქცევენ აკადემიურ სწავლებასა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ევროპისა (ბარსელონა, ლონდონი, გრენობლი და ა.შ.) და ამერიკული (მაგალითად, ჩიკაგოს) მენეჯმენტის სკოლები აქტიურად იყენებენ როგორც ერთ, ასევე მეორე მიდგომას. თუმცა, ქეისების ნაცვლად ხშირად უპირატესობა ენიჭება კორპორაციებში პრაქტიკულ მუშაობას (Internship).
როგორც წესი, მაგისტრატურის ამერიკულ პროგრამებზე ჩასართველად, ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, მოეთხოვებათ ტესტების ჩაბარება, მაგალითად, GMAT (General Management Admission Test), SAT (Scholastic Aptitude Test), GRE (Graduate Record Examination), TOEFL (Test of English as a Foreign Language) და სხვ. მათი ნაწილი ზოგადი ხასიათისაა, ხოლო ნაწილი (magaliTad SAT da GRE) მოიცავს როგორც ზოგად საკითხებს, ასევე კონკრეტულ საგანში ცოდნის გამოსავლენ კითხვარებს.
სადოქტორო აკადემიური სწავლება მენეჯმენტში მიზანშეწონილია წარიმართოს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის (DBA) პროგრამების შესაბამისად. DBA წარმოადგენს ბიზნეს-განათლების დარგში უმაღლეს აკადემიურ ხარისხს, რომელსაც უმეტესწილად ანიჭებენ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც გადიან სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ კურსს და ამასთან აქვთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ევროპასა და ამერიკაში ხშირად იცავენ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს (PhD Doctor of Philosophy) მენეჯმენტის თემატიკაზე. აღნიშნული პროგრამები შედგება სასწავლო ბლოკისაგან, დოქტორანტის დამოუკიდებელი სამუშაოებისა და სადისერტაციო ნაშრომის მომზადება-დაცვისაგან. თანამედროვე თემატიკა ეხება ლიდერობას, ორგანიზაციულ ქცევასა და განვითარებას, ეფექტურ მენეჯმენტს, პროექტ-მენეჯმენტს, ხარისხის მენეჯმენტს, მარკეტინგის მართვას, პროკურმენტ-მენეჯმენტს, საერთაშორისო მენეჯმენტს, ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტს, ტურიზმისა და სპორტის მენეჯმენტს, ოპერაციულ მენეჯმენტს, სოციალურ მენეჯმენტს და ა.შ. სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს სამი აკადემიური წელი, რომელთაგან პირველი სამი სემესტრი დაეთმობა აკადემიურ სწავლებას, ხოლო დარჩენილი პერიოდი – პრაქტიკულ გამოკვლევებსა და პროფესიულ სტაჟირებას, სემინარულ პრეზენტაციებს, დისერტაციის თეორიულ მომზადებას, კვლევის შედეგების აპრობაცია-გამოქვეყნებას და სადოქტორო ნაშრომის გაფორმება-დაცვას. მეორე კურსიდან დოქტორანტები ეწევიან პედაგოგიურ მუშაობას მეცნიერ-ხელმძღვანელის მეთვალყურეობით. სადოქტორო ნაშრომების დაცვა ხდება შესაბამის საბჭოებზე უნივერსიტეტში დადგენილი წესით.
დოქტორანტურაში მოსახვედრად, გარდა მაგისტრის დიპლომისა, კანდიდატებს მოეთხოვებათ სათანადო რეკომენდაციები, ხოლო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში (მაგალითად, შვეიცარიაში) – ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. როგორც წესი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ძირითადად სწავლობენ ტოპ-მენეჯერები. მათთვის ადგენენ სპეციალურ პროგრამებს (Executive MBA da Corporate MBA). განსაზღვრულ შემთხვევებში კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ ზემოაღნიშნული ტესტების ჩაბარება.
ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი განათლების მიერთებით საუნივერსიტეტო ბიზნეს-განათლება უფრო დაახლოვდა ევროპულ პროგრამებთან, თუმცა როგორც ეს პროგრამები, ასევე ამერიკული ანალოგები საჭიროებს სათანადო აკრედიტაციას, რადგან საქართველოში ბიზნეს-განათლების სტანდარტები ჯერ კიდევ შორსაა საერთაშორისო დონისაგან. ამასთან, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაფინანსების საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ ღიაა (უმაღლესი განათლების შესახებ კანონით იგი უნდა დაედგინათ 2007 წლის 1 იანვრამდე). ყველასთვის ცნობილია, რომ ბიზნეს- განათლება ერთ-ერთი ძვირადღირებული სიამოვნებაა და მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება საკმარისი ვერ იქნება. ასევე საკითხავია არის თუ არა მზად ქართული ბიზნესი გაიღოს სათანადო სახსრები მმართველი პერსონალის სწავლებისთვის. დღეისთვის, მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციები თუ აქცევენ ყურადღებას საკუთარი ტოპ-მენეჯერების მომზადებას ბიზნესის მართვის სფეროში. არც მხოლოდ ბიზნეს-სკოლის რეიტინგი განსაზღვრავს წარმატებული მენეჯერის კარიერას: მთავარია მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა.
თანამედროვე ეპოქა ხასიათდება სწრაფი ცვლილებებითა და გარდაქმნებით, ტექნოლოგიური და სოციალური პროგრესით, კონკურენციის გაძლიერებით და შეზღუდული რაციონალობით, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებით. წარმატებული ორგანიზაციები გამოირჩევიან მოქნილობითა და ამ პირობებისადმი ადექვატური ადაპტაციის უნარით, რისთვისაც ისინი ეყრდნობიან სათანადო სწავლებისა და კონსულტაციების გზით გარდაქმნებისადმი მეცნიერულ დამოკიდებულებას. კონსალტინგი არის ინტელექტუალურ-პროფესიონალური მოღვაწეობის სახე, რომლის დროსაც კვალიფიციური კონსულტანტი ობიექტური და დამოუკიდებელი რჩევებით უზრუნველყოფს კლიენტი-ორგანიზაციის წარმატებულ მართვას. ამ პროცესში კონსულტანტები ითავსებენ სხვადასხვა როლს: ექსპერტის, აუდიტორის, მრჩეველის, იდეოლოგის, ტრენერის, ინოვატორისა და ა.შ. თანდათან ხდება კონსალტინგური პროდუქტის დახვეწა და სფეროების სპეციალიზაცია. მმართველობითი კონსალტინგის ფორმებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია საკონსულტაციო მომსახურება ბიზნესის რეორგანიზაციის საკითხებზე, ოპერაციათა და ხარისხის მართვაში. ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაციები კორპორაციულ და ინფორმაციულ სტრატეგიაზე, ბიზნესის განვითარებისა და ორგანიზაციული პროექტირების საკითხებზე, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროში.
მმართველობითი კონსალტინგის ქართული ბაზარი ხასიათდება თავისებურებებითაც:
ფირმები უპირატესად კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტირების პროცესებს აქცევენ ყურადღებას;
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ კონსულტანტებს იშვიათად აქვთ სპეციალური პროფესიული განათლება და გამოცდილება, მათი რჩევები უფრო მისაღებია მოქმედი მენეჯერებისათვის მომსახურების დაბალი ღირებულებისა და ადგილობრივი პირობებისადმი ადაპტირებულობის გამო;
უცხოელი კონსულტანტები ობიექტურად უყურებენ კონსულტანტ-კლიენტის ურთიერთობებს, ხოლო ქართველი კონსულტანტები ხშირად გამოირჩევიან სუბიექტური დამოკიდებულებებით;
უცხოურ პრაქტიკაში მმართველები მეტ ნდობას იჩენენ კონსულტანტებისადმი და ხშირად გადასცემენ მართვას საკონსულტაციო კომპანიებს, რაც ქართულ პრაქტიკაში იშვიათი ფენომენია;
საერთაშორისო კონსალტინგური ფირმები (კონსულტანტები) უპირატესობას ანიჭებენ კონტრაქტით განსაზღვრულ ფორმალურ ურთიერთობებს, ხოლო ქართულ სინამდვილეში პიროვნული ურთიერთობები გადამწყვეტია და ხშირად სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
საერთაშორისო კონსალტინგი უფრო პრაგმატულია და თავისუფალია ემოციური დატვირთვისგან, ვიდრე ქართულ სინამდვილეში.