საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებები გლობალიზაციის პირობებში
რამაზ ფუტკარაძე , ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი
თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკა და ვაჭრობა ერთიანი გლობალური ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც მონაწილეობს მოსახლეობა, სახელმწიფოები, ინტეგრაციული გაერთიანებები, ტრანსნაციონალური კომპანიები და ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციები და ა.შ. ყველა საერთაშორისო ეკონომიკის მონაწილე დაკავშირებულია ერთმანეთთან სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური, საფინანსო, სავალუტო-საკრედიტო და საანგარიშსწორებო ურთიერთობებით.
საერთაშორისო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო გადამწყვეტი როლი ენიჭება საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე.
მსოფლიოში XXI საუკუნის დასაწყისში ორასზე მეტი სახელმწიფოა, მათ შორის არ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა სახის თანამშრომლობა არ ჰქონდეს. სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ყოველდღიურად ვითარდება და ფართოვდება. მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს საგარეო ეკონომიკური კავშირების გარეშე არ შეუძლია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თვით აშშ-ის, იაპონიის, გერმანიის და მით უფრო ისეთი პატარა სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამას უპირატესად განაპირობებს ამ ქვეყნების მზარდი ტექნოლოგიური დამოკიდებულება განვითარებულ ქვეყნებზე. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების და მათი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს.
თანამედროვე ეტაპზე ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება იზრდება ინტეგრაციული პროცესების განვითარების საფუძველზე. სწორედ ინტეგრაციული პროცესები წარმოადგენს ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის საფუძველს. ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება მათი ეკონომიკური განვითარების ამაღლების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, რასაც ნათლად ადასტურებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია და თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობას ხელს უწყობს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომლებიც სწორედ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინირებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში სავაჭრო წესრიგის დამყარებაში. ისინი მხარს უჭერენ თავისუფალი ვაჭრობის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობს: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო 25 წლის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციათა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც თვალნათლივ მიუთითებს თანამედროვე პირობებში2 საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები ხელს უწყობს სახელმწიფოთა ეკონომიკური საზღვრების გახსნილობას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ქვეყანათა შორის სავაჭრო ტარიფების შემცირებას და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმების განაწილების პრინციპი “ერთი ქვეყანა – ერთი ხმა” მოქმედებს მხოლოდ გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში,3 უფრო მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა საშუალებებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა როგორც საგარეო, ისე საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაში ერევიან. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოთშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით, საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციით, პირველ ყოვლისა, დაინტერესებული და შესაბამისად მოგებულიც არიან განვითარებული ქვეყნები, მაგრამ სავაჭრო კავშირების გაღრმავება ასევე განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ინტერესებშია.
საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმებში ისტორიული განვითარების თვალსაზრისით წამყვანი ადგილი საგარეო ვაჭრობას ეკავა და შესაბამისად, სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი თეორიები ძირითადად საგარეო ვაჭრობას უკავშირდება. საგარეო ვაჭრობა, თავისი მხრივ, შორეულ წარსულში ჩაისახა, ვითარდებოდა მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის დროსაც, მაგრამ მაშინ საერთაშორისო სფეროში მიმოიქცევოდა წარმოებული პროდუქციის მცირე ნაწილი, ძირითადად ფუფუნების საგნები. კაპიტალისტური ურთიერთობების ზრდამ და შესაბამისად, ნატურალური მეურნეობიდან სასაქონლო-ფულად ურთიერთობებზე გადასვლამ, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის განვითარებას.
სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის მნიშვნელობისა თუ თეორიული საფუძვლების კვლევა ახალი ფენომენი არ არის. მის სხვადასხვა ასპექტებს იკვლევდნენ მეტ-ნაკლებად როგორც ანტიკური პერიოდიდან ფიზიოკრატებამდე, ისე კლასიკოსებიდან მოყოლებული თანამედროვე პერიოდში. ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თეორიული დასაბუთების მცდელობას ჯერ კიდევ მერკანტილისტების ეკონომიკურ მოძღვრებაში ჰქონდა ადგილი.
მერკანტილიზმის ძირითადი პრინციპები საყოველთაოდ ცნობილია და მოიცავს შემდეგ ასპექტებს: ოქროსა და სხვა ნებისმიერი სახის განძეულს, როგორც სიმდიდრის გამოხატვის არსს; საგარეო ვაჭრობის რეგულირებას ქვეყანაში ოქროსა და ვერცხლის შემოდინების უზრუნველსაყოფად; იაფი ნედლეულის იმპორტის მეშვეობით ადგილობრივი მრეწველობის ხელშეწყობას; სამრეწველო საქონლის იმპორტზე პროტექციონისტულ ტარიფებს. ექსპორტისა და განსაკუთრებით კი მზა პროდუქციის ექსპორტის წახალისებას4. მერკანტილისტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის საჭიროა ვაჭრობის სახელმწიფო მონოპოლია, იმპორტის შეზღუდვა და ექსპორტის სტიმულირება. იმპორტის ცალმხრივი შეზღუდვა ართულებდა საერთაშორისო ვაჭრობას, ამიტომ დაიწყო ახალი თეორიების დამუშავება.
წარმოების სფეროს კვლევა პირველად ფიზიოკრატებმა დაიწყეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ერთადერთი სიმდიდრის წყარო სოფლის მეურნეობა არის5. მართალია, ფიზიოკრატების კვლევის სფერო მხოლოდ სოფლის მეურნეობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მათი დიდი დამსახურებაა, რომ სიმდიდრის წყაროს ისინი სამართლიანად ეძებდნენ წარმოებაში და არა ვაჭრობაში. ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევა უფრო სიღრმისეულად განახორციელეს სმიტმა, რიკარდომ და კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის სხვა წარმომადგენლებმა. ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის და თავისუფალი ვაჭრობის საყოველთაოდ ცნობილი იდეები აგებულია აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული თეორიები ბოლომდე ვერ წვდებიან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მრავალსახეობას და მხოლოდ მისი საგარეო-სავაჭრო კომპონენტით იზღუდებიან.
ა. სმიტისა და დ. რიკარდოს შეხედულებები შემდგომში განავითარეს რ.მალთუსმა, ჟ.ბ.სეიმ, ჯ.ს.მილმა ე.ჰეკშერმა, ბ.ოლინმა, ვ.სტოლპერმა, პ.სამუელსონმა, ვ.ლეონტიევმა და სხვებმა. ეს მეცნიერები ხაზს უსვამენ ქვეყნებს შორის ყოველგვარი შეზღუდვისაგან თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვა კონცეფციებიც, რომლებშიც ყურადღება ეროვნული მრეწველობის დაცვაზე, ე. წ. პროტექციონიზმზეა გამახვილებული.
სახელმწიფოთაშორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გერმანელ ფრიდრიხ ლისტის (1789-1846) შეხედულებები იცავდა პროტექციონისტულ პოლიტიკას და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გატარების წინააღმდეგი იყო. ფ. ლისტი გერმანიის გაერთიანებისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველს ქვეყნის მრეწველობის განვითარებაში ხედავდა. იგი ასევე ამართლებდა სხვადასხვა რეგიონებში კოლონიური დაპყრობის იდეას.
ფ. ლისტის აზრით, გერმანიის გაერთიანებისა და აყვავების გზაა მრეწველობის ზრდა, გერმანიის მრეწველობას კი სჭირდება ძლიერი უცხოური კონკურენციისაგან დაცვა მაღალი საიმპორტო ბაჟებითა და სავაჭრო პოლიტიკის სხვა საშუალებებით.6 XIX საუკუნეში, ინგლისთან შედარებით, კონტინენტური ევროპის ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, საკუთარი მრეწველობის განვითარების ნაკლები შანსი გააჩნდათ. ეკონომიკური განვითარების დონით გერმანია ჩამორჩებოდა როგორც ინგლისს, ისე საფრანგეთს.
ფ. ლისტის შეხედულებები აქტუალურია თანამედროვე ეტაპზეც, მაგალითად, ფ. ლისტი მართებულად მიიჩნევდა, რომ “შეიძლება მივიღოთ წესად, რომ ერი მით უფრო მდიდარი და მძლავრია, რაც უფრო მეტ სამრეწველო ნაწარმს გაიტანს საზღვარგარეთ და რაც უფრო მეტ ნედლეულს შემოიტანს”. ფ. ლისტმა გაილაშქრა ა.სმიტის წინააღმდეგაც, მისი აზრით, ა. სმიტმა არ გაითვალისწინა ცალკეული ქვეყნების ეროვნული თავისებურებები და აღნიშნავდა, რომ თავისუფალი ვაჭრობა კარგია ინგლისისათვის, მაგრამ სამართლიანი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისათვისაც.
თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერ-ეკონომისტთა ნაშრომების უმრავლესობაში მოცემულია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობის დასაბუთება და აუცილებლობა, მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგორი მენქიუ ეკონომიკის ათი პრინციპიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად მიიჩნევს იმას, რომ ვაჭრობას შეუძლია ყველას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობა არ ჰგავს ომს, რომელშიც ზოგი ქვეყანა იმარჯვებს, ზოგი კი მარცხდება. ვაჭრობა ყველა ქვეყანას მეტი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებას აძლევს.7
მილმა შეიმუშავა თეორია ორი ქვეყანის ვაჭრობაში არსებულ გაცვლით შეფარდებაზე, რომლის მიხედვითაც ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობებით მიღებული “საერთო მოგება” ორივე ქვეყანაზე თანაბრად უნდა განაწილდეს.8
თანამედროვე ეტაპზე განვითარებადი ქვეყნების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, რაც გამოწვეულია საკითხის აქტუალობით. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის შესახებ თეორიებში გამოყოფენ ორ მიმართულებას: არაეკონომიკურსა და ეკონომიკურს.9
არაეკონომიკური მიმართულება განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობას ხსნის კლიმატური პირობებით, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ხშირი წვიმა ან გვალვა, რაც ხელს უშლის ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. მართლაც, განვითარებადი ქვეყნების უმეტესი ნაწილი ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში ან ეკვატორთან ახლოს მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობა უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე მშპ-ის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. განვითარებულ ქვეყნებს სჭირდება როგორც ნედლეულის შესყიდვა, ისე ბაზრები საკუთარი სამრეწველო საქონლის სარეალიზაციოდ და სხვა. აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების აღორძინების გზაა განვითარებულ და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა. ჩვენც მივიჩნევთ, რომ განვითარებადი ქვეყნების განვითარების გასაღები არის ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, ეს არის კაპიტალის მოზიდვა, ძვირადღირებული ტექნოლოგიების შემოტანა, რაც ხელს შეუწყობს როგორც საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ისე საკუთარ ბაზარზე დამკვიდრებას და ა.შ.
საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებისა და მიმართულებების განსაზღვრისათვის საჭიროა სტატისტიკური მონაცემები. აღსანიშნავია, რომ პირველი სანდო სტატისტიკური მონაცემები 1830 წლით თარიღდება. საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა 1870-1913 წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 3.4%-ით იზრდებოდა. 1913 წლის შემდეგ ვაჭრობაზე უარყოფითად იმოქმედა ტარიფების ზრდამ, რაოდენობრივმა შეზღუდვებმა და ომებმა, რის შედეგადაც ვაჭრობის მოცულობის ზრდა 1913-1950 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 1%-ს არ აღემატებოდა რაც 1973 წლამდე გაგრძელდა. 1973 წლიდან 80-იანი წლების შუამდე ვაჭრობის ზრდის ტემპი მე-19 საუკუნის მიწურულის მაჩვენებლამდე დაეცა, რაც წელიწადში მხოლოდ 3.6%-ს შეადგენდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე წამყვანი ექსპორტიორები იყვნენ დიდი ბრიტანეთი და გერმანია, რომელთა ექსპორტის მოცულობა ორჯერ აღემატებოდა აშშ-სა და საფრანგეთს10″.
საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის ტენდენციები XX საუკუნის ბოლოს წარმოდგენილია ცხრილ #1-ში. მსოფლიო იმპორტის 28% მოდის ამერიკაზე, 44% – ევროპაზე, აფრიკაზე – 2% და აზიაზე – 26%, ხოლო მსოფლიო ექსპორტის 21% მოდის ამერიკაზე, 47% -^ევროპაზე, აფრიკაზე – 2% და აზიაზე – 30%.
თუ ომისშემდგომ პერიოდში კაპიტალისტური სამყაროს ლიდერის როლში აშშ გამოდიოდა, ამჟამად ჩამოყალიბდა სამი ძირითადი ცენტრი: აშშ, დასავლეთ ევროპა და იაპონია. ამასთან სულ უფრო ძლიერდება ბრძოლა გასაღების ბაზრებისათვის, კაპიტალის გამოყენების სფეროებისათვის, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წამყვან დარგებში უპირატესობის მისაღწევად11. მიგვაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიების ფლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ლიდერობას საერთაშორისო ვაჭრობაში. თანამედროვე ეტაპზე განვითარებულ ქვეყნებზე მოდის ტექნოლოგიების გაყიდვების 80%-ზე მეტი.
XX საუკუნის 90-იან წლებში საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა 5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო წარმოება. 15 ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ექსპორტის 70%-ზე მეტი. განვითარებად ქვეყნებს კი მსოფლიო ვაჭრობაში მცირე წილი უჭირავს. განვითარებული ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში მერყეობს დაახლოებით 70-80%-ის ფარგლებში და მათი საგარეო-სავაჭრო რეჟიმი ხასიათდება სრული ლიბერალიზაციით. მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნებია აშშ, გერმანია, იაპონია, ჩინეთი, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. აშშ-ს გააჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, მაგრამ აშშ-ს უცხოეთში გააჩნია უმსხვილესი “მეორე ეკონომიკა” tnk-ების სახით, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საერთაშორისო ვაჭრობაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ თანამედროვე მსოფლიოს ლიდერია თავისი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალით, თითქმის ყველა ძირითადი მიმართულებით. “აშშ-ის განვითარების საგარეო ფაქტორებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო ვაჭრობაა. ამასთან აღსანიშნავია, სახელმწიფო მტკიცედ ეძებს ექსპორტის მხარდაჭერის ეროვნული მეწარმეების საგარეო კონკურენტუნარიანობის დაცვის ოპტიმალურ გზებს.”12 აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყანაა საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობაში (იხ. ცხრილი #1, 2).
აშშ-ის საქონლის ექსპორტმა 2006 წელს შეადგინა 904.4 მლრდ აშშ დოლარი და მსოფლიო ექსპორტის 8.7%-ს შეადგენს, მას უსწრებს გერმანია, რომლის ექსპორტია 969,9 მლრდ დოლარი და მასზე მოდის საქონლის მსოფლიო ექსპორტის 9.3%. აშშ-ის საქონლის იმპორტმა შეადგინა 1732.4 მლრდ დოლარი, მსოფლიო იმპორტის – 16.1%, ხოლო გერმანიის იმპორტია 773.8 მლრდ დოლარი მსოფლიო იმპორტის – 7.2%. აღსანიშნავია, რომ გერმანია ერთ სულ მოსახლეზე როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობით უსწრებს აშშ-სა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ასევე გერმანიას გააჩნია სტაბილური დადებითი საგარეო სავაჭრო ბალანსი და ქვეყანაში ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი ექსპორტზეა დამოკიდებული, ასე, რომ ათ მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის მხოლოდ ექსპორტი. აშშ-ის ექსპორტის სტრუქტურაში ჭარბობს მზა სამრეწველო პროდუქცია, განსაკუთრებით მანქანათმშენებლობის პროდუქცია. კანადაზე მოდის აშშ-ის ექსპორტის 23.4%, მექსიკაზე – 13.5%, იაპონიაზე – 7.2%, დიდ ბრიტანეთზე – 4.7%, გერმანიაზე – 4% და ა. შ., ხოლო აშშ-ის იმპორტის 17.4% მოდის კანადაზე, ჩინეთზე – 12.5%, მექსიკაზე – 10.5%, იაპონიაზე – 9.3%, გერმანიაზე – 5.3% და ა. შ
საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვნად იზრდება ჩინეთის როლი და მნიშვნელობა. ჩინეთი მესამე ადგილზე საერთაშორისო ვაჭრობაში როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობით. ჩინეთის ექსპორტის ზრდამ 2006 წელს წინა წელთან შედარებით შეადგინა 28% (აშშ 10%, გერმანია 7%), ხოლო იმპორტის ზრდამ 18% (აშშ – 14%, გერმანია – 8%). ამრიგად, შესაძლებელია უახლოეს 10 წელიწადში ჩინეთმა ექსპორტ-იმპორტის მოცულობით გადაინაცვლოს პირველ ადგილზე და გაუსწროს როგორც გერმანიას, ისე აშშ-ს. ჩინეთში იაფფასიანი პროდუქციის ექსპორტი ქვეყნიდან ჭარბი მოსახლეობის გადინებასაც უწყობს ხელს. საინტერესოა ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის გეოგრაფიული სტრუქტურა. 1999 წელს ჩინეთის იმპორტის (ჰონკონგისა და ტაივანის მონაცემების გარეშე) 15.4% მოდიოდა ევროკავშირის, 13.3% – NAFTA-ს, 0.2% – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, 3.2% – დსთ-ს, 1% – MERCOSUR, 9% – ASEAN-ს და 58% სხვა ქვეყნებზე, ხოლო ჩინეთის ექსპორტის 15.5% მოდიოდა ევროკავშირის, 23.2% – NAFTA-ს, 1% – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, 1.1% – დსთ-ს, 0.8% – MERCOSUR, 6.2% – ASEAN-ს და 52.1% სხვა ქვეყნებზე. ბოლო წლებში ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში იზრდება განვითარებული ქვეყნების წილი. 2004 წელს ჩინეთის ექსპორტის 21.1% მოდიოდა აშშ-ზე, 17.4% – ჰონ-კონგზე, 13.6% – იაპონიაზე, 4.6% -სამხრეთ კორეაზე, 4 % – გერმანიაზე და ა. შ.
გლობალიზაციის მასშტაბების გაფართოება საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურაში მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების სექტორის წილს. მსოფლიოში ვაჭრობაში მომსახურებით ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განვითარებულ ქვეყნებს. განვითარებული ქვეყნებიდან მომსახურების ექსპორტის მოცულობა უფრო ჩქარი ტემპით იზრდება, საქონლის ექსპორტთან შედარებით. 2006 წელს მსოფლიო მომსახურების ექსპორტმა შეადგინა 2415,0 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტმა – 2345,0 მლრდ დოლარი (იხ. ცხრილი #4). აშშ მსოფლიოს მომსახურების უმსხვილესი ექსპორტიორი (14.7%) და იმპორტიორი (12%) ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ 20 განვითარებულ ქვეყანაზე მოდის მსოფლიო მომსახურების ექსპორტის 74,7% (1797,6 მლრდ. დოლარი) და იმპორტის 72.8% (1710,8 მლრდ დოლარი).
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ვაჭრობის ძირითადი ტენდენციების და განვითარების მიმართულებების მოკლე მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იზრდება, მაშინ როცა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს განვითარებად და საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ქვეყნებში. განვითარებადი ქვეყნების საექსპორტო პოტენციალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რესურსების ექსპორტს. მართალია, ძირითადი რესურსების მარაგი თავმოყრილია განვითარებად ქვეყნებში, ხოლო გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს გააჩნია უზარმაზარი შემოსავალი რესურსების იმპორტიდან, ვიდრე მათ მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებს. ამრიგად, გლობალიზაციის პირობებში რესურსების ფასი მსოფლიო ბაზრებზე უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე მზა პროდუქციის ფასი. ამიტომ განვითარებული ქვეყნებისათვის რესურსებით ვაჭრობა, მათი ექსპორტი არამომგებიანია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საერთაშორისო ვაჭრობაში მათი როლისა და ადგილის გაზრდას.