მენეჯერი პრობლემების მარწუხებში

რედაქციისაგან
წარმატება წარუმატებლობის მეორე მხარესაა ჩასაფრებული
კორპორაცია IBM დევიზი
არაფერია იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ამოქმედებული უმეცრება
გოეთე
კრიზისული მოვლენები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა ბოლო პერიოდში, მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების სუბიექტურ თუ ობიექტურ შეცდომებზე არ დაიყვანება – ნაწილობრივ ის მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგიცაა.
მსოფლიო კრიზისების ეპოქაში შევიდა (ეკონომიკურ, სავალუტო, ეკოლოგიურ და სხვ.), საიდანაც გამოსავალი არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს წლებში). ბუნებრივია, საზოგადოებაში გროვდება უკმაყოფილების, ურთიერთბრალდებების უარყოფითი მუხტი, რომელშიც, ასე განსაჯეთ, წვლილი ყოველ ჩვენთაგანს შეაქვს (ყველა იძლევა რჩევას, მიტინგებს, ხმაურიან საქმის გარჩევებს თუ სასამართლო პროცესებს ბოლო აღარ უჩანს…).
სამყაროში, სადაც ადამიანთა უმეტესობას ეშინია იყოს ნაკლებ წარმატებული, ვიდრე მათი შეძლებული მეზობელი თუ კოლეგა, ცხოვრებისეულ სიძნელეებს ბოლო არ მოეღება. აგრესია, მრისხანება, ამბიცია და თავდაჯერებულობა მსოფლიოს აურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბინძურების წყაროებია. ამასთან მათი გამოვლენა არაკონსტრუქციულია, არ ცვლის არაფერს და პირიქით, გვტოვებს ადამიანების სიყვარულის გარეშე (ყველა რელიგიაც ხომ ამას გვასწავლის). ჩვენი მოლოდინების, ოცნებების შესრულების ალბათობა მცირეა და საჭიროა ამის შეგუება. გულგაცრუება ხომ სწორედ მოლოდინებს მოსდევს.
ცხოვრება განვითარების სხვადასხვა ეტაპებისგან, თეთრი და შავი ზოლების მონაცვლეობისგან შედგება. კრიზისული შავი ზოლები ერების, ადამიანების განვითარების აუცილებელი ეტაპია, რომლის დროსაც გამოთავისუფლდება ახალი ძალები. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სიძნელეებია ცხოვრების განვითარების სტიმული (უფრო ზუსტად, მათი შიში). თავის შინაარსს და ფორმას ცხოვრება ხომ მხოლოდ ბედის დარტყმებით იძენს. სწორედ დანაკარგი ათავისუფლებს ადგილს დიდი წარმატებისთვის. მართალია, დანაკარგებს განვიცდით,მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ, მიუხედავად იმისა, რომ დაცულების გრძნობას ძველი უზრუნველყოფს, ახალი კი – არა. უფრო მეტიც, ის გვაცლის ნიადაგს, რაც გვაიძულებს ვეძებოთ ახალი საყრდენი წერტილი.
დიდი შეცდომაა მიღწეულით კმაყოფილება – თვითკმაყოფილი განწირულია. იოლი ცხოვრებისას სულიც უძლური და მოდუნებულია. სწორედ ამ კომფორტულ სიტუაციაში ჩაისახება მომავალი ტკივილის მიზეზი. თუ მშვიდი ცხოვრების ფაზაში ჩვენ დინებას მივყვებით, კრიზისულ პერიოდებში განვითარების ფაზაში გადავდივართ; ამასთან, პირველი, ძნელი, ახლისკენ მიმართული ნაბიჯებით. ნამდვილი ცხოვრება კი სწორედ ასეთი ნაბიჯებისგან შედგება. კრიზისი წარმოიშობა მაშინ, როცა გვეშინია აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის და ამიტომ აღარ ვართ ჩვენ თავთან ჰარმონიაში, როდესაც არას ვეუბნებით მომენტს, სინამდვილეს.
მართლაც, უფსკრულს, რომელიც ჩვენს წინაა, ერთი ნაბიჯით ვერ გადალახავ, ნახტომს კი განარბენი სჭირდება, რასაც უკან დახევის გარეშე ვერ შევასრულებთ. ჩვენ სწორედ ეს უკან დახევა გვთრგუნავს. განსაკუთრებით, თუ ის ისე გრძელია, რომ დაღლილობისგან ნახტომისთვის ძალა აღარ გვყოფნის. სწორედ აქაა საჭირო სიბრძნე, რათა განვსაზღვროთ უკუდახევის ოპტიმალური მანძილი.
პრობლემის პირველადი მიზეზი ისევ ჩვენშია. როგორც პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს, გარემომცველი სამყაროს კრიზისის საფუძველი პიროვნული კრიზისია, ვინაიდან ადამიანები სამყაროს ნაწილი ვართ და გარეგანი სინამდვილე მხოლოდ შინაგანის ანარეკლია…
პიროვნული კრიზისის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: განვითარების, ურთიერთობების, ცხოვრების აზრის და სხვ. პიროვნული კრიზისების&ლოწასტ; მიზეზს რა გამოლევს � თუნდაც �სტრუქტურული ცვლილებების� გამო დაკარგული თანამდებობა, უახლოესი ადამიანის გარდაცვალება, ქრონიკული უმუშევრობა ან ასაკობრივი (�ორმოცწლიანების�) კრიზისი. რადგან ასაკობრივი კრიზისი მენეჯერის კარიერის საუკეთესო წლებს ემთხვევა, ამიტომ ყურადღებას სწორედ მასზე გავამახვილებთ.
საქმე იმაშია, რომ გარკვეულ ასაკობრივ ზღვარს მიღწეული ადამიანი ცდილობს შეაფასოს რისი გაკეთება მოასწრო ახალგაზრდულ იდეალებთან შედარებით. ეს გამოცდა ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში. ის თავის ოცნებებს, ცხოვრებისეულ მიზნებს ყოველდღიურობას, რუტინას უპირისპირებს და როდესაც მიხვდება, რომ კომპრომისებში აქტიური ცხოვრების გზა უკვე განვლო, ილუზიებს ემშვიდობება, იწყებს ფასეულობათა გადაფასებას, გაიაზრებს დარჩენილ მონაკვეთს და თუ შეიგნებს თავის ჭეშმარიტ შესაძლებლობებს, უფრო რეალურად გეგმავს დროს, შემდგომ ცხოვრებას.
კრიზისულ პერიოდში სულიერ გარდატეხას მოსდევს შინაგანი სამყაროს შეცნობა. მუდმივი ძიების და ანალიზის შედეგად ადამიანი გადადის შინაგანი ცხოვრების ახალ, შედარებით უფრო მაღალ დონეზე.
დეპრესიის კარგი წამალია ადამიანებისადმი კეთილგანწყობა, შემოქმედებითი მუშაობა, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვამჟღავნოთ ნიჭი, უნარი.
ამრიგად, მენეჯერის საშუალო ასაკი გარკვეულ შინაგან პატიოსნებას, ვაჟკაცობას, გონებრივ და სულიერ მოქნილობას, ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ ალღოს აღებას, სიმტკიცეს, თავშეკავებულობას, ახალი იდეებისადმი ნაკლებ სიმკაცრეს და რაც მთავარია, საკუთარი ღირსების გრძნობის შენარჩუნებას მოითხოვს. უფრო ფართო თვალსაწიერით კი შეიძლება დავასკვნათ, რომ მენეჯერის, საქმიანი ადამიანის კარიერა დაიყვანება კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის ხელოვნებაში.