კლასტერების როლი რეგიონების ინოვაციურ განვითარებაში
რევაზ სანდროშვილი, ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მაძიებელი კობა სანდროშვილი, სსიპ ახალციხის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი
ეკონომიკური განვითარების ვექტორი სულ უფრო მეტად ინაცვლებს რეგიონებში, რადგან სწორედ რეგიონებში ყალიბდება ბიზნესს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობათა განსაკუთრებული ფორმები.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ევოლუციურ პროცესში უწყვეტად გენერირდება ინოვაციები, მათ შორის ინსტიტუციონალური ნიშნისაც. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ძველდებიან და იცვლებიან ნოვაციებით. ამ პროცესზე ვერ ვიმსჯელებთ ერთი თეორიული კონცეფციის მუდმივი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინოვაციური კლასტერების კონცეფციის განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში.
სპეციალურ ლიტერატურაში იშვიათად გამოიყენება ცნება “ინოვაციური კლასტერი”, მაგრამ უცხოელი სპეციალისტები ინოვაციური, მათემატიკური ანალიზისა და სტატისტიკის სფეროებში თავიანთ გამოკვლევებში ფართოდ იყენებენ ამ ცნებას. უფრო მეტიც, საზღვარგართულ სტატისტიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ მიმოხილვებში სისტემატურად არის მონაცემები რეგიონულ, ინოვაციურ და სხვა კლასტერებზე.
ინოვაციური აქტიურობის კლასტერში იგულისხმება დროის გარკვეულ მონაკვეთზე და გარკვეულ ეკონომიურ სივრცეში ბაზისური სიახლეების ერთობლიობა. ინოვაციური კლასტერი არის სხვადასხვა ორგანიზაციების, სამრეწველო კომპანიების, საკვლევი ცენტრების, სამეცნიერო დაწესებულებების, სახელმწიფოს მმართველი ორგანოების, პროფკავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვათა გაერთიანება.
“ინოვაციური კლასტერის” ანალოგის სახით შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეულ ტერიტორიაზე ინოვაციურად აქტიური ფორმების დარგთაშორისი განსაკუთრებული ორგანიზაციის ცნება ან ტერმინი “ინოვაციური სტრატეგიული ქსელები”. ინოვაციური კლასტერის სტრუქტურას უფრო ცხადად ბიოტექნოლოგიური კლასტერის ჩამოყალიბების პროცესი ასახავს.
ბიოტექნოლოგიური კლასტერის ჩამოყალიბებისას ეკონომიკური სისტემის კოორდინაციის საშუალებათაგან ორს – შიდასაფირმო იერარქიასა და საბაზრო მექანიზმს – უპირატესობა აქვს ახალი ცოდნის უფრო სწრაფად და ეფექტურად გავრცელების, მეცნიერულ აღმოჩენათა და გამოგონებათა საქმეში. ამ შემთხვევაში ინოვაცია ხდება უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფირმის ან ერთი კვლევითი ინსტიტუტის პროდუქტი და ურთიერთკავშირის ქსელით რეგიონულ ეკონომიკურ სივრცეში ვრცელდება.1
ვერტიკალური სპეციალიზაცია საშუალებას იძლევა ცალკეულ ოპერაციაში გამოიყოს პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები და ამით გაღრმავდეს შრომის განაწილება, გაფართოვდეს შიდა კავშირების მრავალფეროვნება. ამასთან, ინოვაციაში გამოგონებათა ეფექტური ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს პირობას კლასტერის ყველა მონაწილეს შორის მყარი კავშირების ქსელის ფორმირება წარმოადგენს. ეკონომიკურ ლიტერატურაში ურთიერთკავშირების ასეთ სისტემას “ტექნოლოგიურ ქსელს” უწოდებენ.
კლასტერის განმასხვავებელი თავისებურებაა მის ჩარჩოებში რიგი დადებითი ეფექტების წარმოქმნა, პირველ რიგში, ეს წარმოების მასშტაბის ეფექტს ეხება. დადებითი ეფექტებია ჩაბმის ეფექტი, ასევე სინერგიის ეფექტი, რომელიც პროდუქციის საერთო სტანდარტიზაციის შემთხვევაში იქმნება.
პირველი ეფექტის მიზეზს წარმოადგენს ფირმაში საბაზისო ინოვაციის არსებობა ერთი სახის პროდუქციის წარმოებისათვის ან მომსახურებისათვის, მაგრამ ამავე დროს, იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა სიკეთის საწარმოებლად იმ პირობით, თუ პროდუქციის წარმოებაზე დანახარჯები არ გაიზრდება. ცნობილია, რომ წარმოების მასშტაბების ზრდის შესაბამისად მცირდება ერთეული საქონლის თვითღირებულება. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: სპეციალიზაციის ზრდა, წარმოების უწყვეტობა, ტექნოლოგიური ეკონომიკა. ამ მიზეზების მოქმედების შედეგია წარმოების განვითარება, რომლის დროსაც თითოეულ ერთეულზე ფაქტორების დანახარჯის ზრდა იწვევს წარმოების ზრდას მეტად, ვიდრე ყოველ ერთეულზე. ამ ეფექტის მოქმედება კლასტერული მიდგომის ჩარჩოებში აუცილებელია განვიხილოთ როგორც გარე – ერთეულ საქონელზე დანახარჯების შემცირება ფირმის ჩარჩოებში მთლიანად წარმოების მასშტაბების ზრდის შედეგად, და როგორც შიდა მოქმედება – ერთეულ საქონელზე დანახარჯების შემცირება ფირმის ჩარჩოებში მისი წარმოების მასშტაბების ზრდის შედეგად. განვიხილოთ შემთხვევა, როცა ერთეული ფირმა ნერგავს ინოვაციებს და ეს იწვევს შემოსავლების ზრდას “დანახარჯი – გამოშვების” შესაბამისობის გაუმჯობესების შედეგად. მაგრამ ეს ვერ მიგვიყვანს მასშტაბის ეფექტამდე და ფირმის საშუალო დანახარჯების შემცირებამდე. მასშტაბის ეფექტი მოქმედებას იწყებს, როცა ინოვაციურ განვითარებაზე ერთდროულად რამდენიმე ფირმა გადადის, რომლებიც კლასტერადაა გაერთიანებული. კლასტერის შექმნის შედეგად მაღლდება პროდუქციის გამოშვების დონე და წარმოების ფაქტორებზე გაზრდილი დანახარჯების კომპენსაცია ხდება.
მომცველობის ეფექტი წარმოიშობა წარმოების ფაქტორების არსებობისას, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე სახეობის პროდუქციის საწარმოებლად. ეს ფაქტორი ხასიათდება მრავალფუნქციონალური ბუნებით და დამატებითი ზემოქმედება შეუძლია. მომცველობითი ეფექტი წარმოიშობა, როცა საწარმოები ჯგუფდებიან კომპლექსებად – კლასტერებად. ასეთი დაჯგუფების უპირატესობა ძველი კავშირების გაძლიერება და ახლის შექმნაა. პროდუქციის საერთო სტანდარტიზაციის შემთხვევაში წარმოიშობა სინერგიის ეფექტი. კლასტერის უპირატესობაა ის, რომ ამ სამი ეფექტის (მასშტაბის, მომცველობის და სინერგიის) მოქმედებისას კლასტერის არამომგებიან ფირმებს შეუძლიათ გადალახონ მოგების ნორმის ქვედა ნიშნული სპეციალიზაციის შესაძლებლობის შედეგად, რაც იწვევს შრომის მწარმოებლობის ამაღლებას და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას. ამრიგად, კლასტერის ფირმები კონკურენტულ უპირატესობას აღწევენ.
გარდა ამისა, ინოვაციურ კლასტერში მცირდება ე.წ. ტრიგერული ეფექტის მოქმედება. ის წარმოიქმნება, როცა პირველადი ინოვაციისათვის აუცილებელია მრავალი ძვირადღირებული მეორადი ცვლილებები, რის შედეგადაც საბაზისო ინოვაციიდან მოგება შეიძლება რეორგანიზაციისთვის საჭირო ხარჯებზე ნაკლებიც კი იყოს. ცალკე მოქმედი ფირმა-ინოვატორისთვის ასეთი ეფექტის წარმოქმნის საშიშროება საკმაოდ დიდია. ფირმის კლასტერში არსებობს მეორად ცვლილებებზე ხარჯების მინიმიზირების შესაძლებლობები, რაც მათ სხვადასხვაგვარი ინოვაციების დანერგვის საშუალებას აძლევს.
კლასტერის შესწავლა მისი რეორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით გვიჩვენებს, რომ კლასტერის შიდა ურთიერთკავშირების სისტემა განსაკუთრებულ პირობებს ქმნის ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებისთვის. ის განსაზღვრავს შრომის ფუნქციონალურ სპეციალიზაციას და ასახავს რეგიონის დარგების განვითარებას. წარმატება აიხსნება რეგიონული ეკონომიკის ყველა სეგმენტზე სიახლეების ეფექტური გავრცელებით. კავშირის ასეთი სისტემის განვითარების საფუძველს წარმოადგენს რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული ბიზნესის სისტემა.
ეს პროცესი ყველა დარგისათვის ტიპურია. ბევრი დარგი ხასიათდება მოქნილობის დაბალი ხარისხით, რაც აფერხებს მათ სწრაფ გადასვლას ახალი ნაწარმის გამოშვებაზე. ეს მჭიდრო კავშირშია კაპიტალის შეცვლის სექტორთშორის პროცესთანაც. შეფერხება ძველ ინდუსტრიულ დარგებში შეიძლება აიხსნას წარმოების სტრუქტურითაც. ინოვაციური განვითარების ტემპებზე მოქმედებს რეგიონულ გარემოზე მსხვილი კომპანიების დომინირებული ზემოქმედება. ზოგიერთი ასეთი კომპანია დომინირებდა და ახლაც დომინირებს შრომის ბაზარზე ინფრასტრუქტურითა და რეგიონის ინსტიტუტებით, ხოლო მცირე ფირმები ასეთ დარგებში დიდი საწარმოების მოსამარაგებლად დაფუძნდა. ქსელის ასეთ ტიპს “დამავალი” ქსელი ეწოდა. სწორედ დამავალ ქსელს უკავშირდება თითქმის ყველა ფაქტორი, რომელიც ტრადიციული დარგების გაჩერების ახსნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინოვაციური “ზრდის წერტილების” ფორმირების შესაძლებლობათა დასაბუთებისთვის აუცილებელია ჩამოყალიბებულ საწარმოთა სტრატეგიის გათვალისწინება. საჭიროა მათი შეცვლა – მასობრივი წარმოებიდან მოქნილ სპეციალიზაციაზე გადასვლით. საბოლოოდ, ფირმების დიდი გაერთიანებისა და მიმწოდებელთა ჰორიზონტალური ტიპით (სწორედ ასეა ორგანიზებული ურთიერთკავშირთა სისტემა კლასტერში), გაერთიანებული ქსელები მოქნილი სპეციალიზაციის გამოყენების საშუალებას იძლევა, აიოლებს კონტრაქტების დადებას და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სიახლეების გავრცელებას.
ცხადია, რომ ინოვაციურ კლასტერებს შეუძლია გახდეს ის საფუძველი, რომელზეც რეგიონის ინოვაციური სისტემა ჩამოყალიბდება, რამდენადაც ინოვაციური კლასტერები ხელს უწყობს “ინოვაციურობის” გადაცემას სამეურნეო ურთიერთობათა ერთი სუბიექტიდან მეორეზე: კლასტერის საქმიანობის შედეგს ინოვაციური დიფუზიის აქტივობა წარმოადგენს.
ინოვაციური კლასტერების განვითარებასა და სრულყოფაში დადებით როლს თამაშობს ინოვაციური გარემო – “საარსებო” გარემო, ინოვაციური კლასტერების ფუნქციონირება. ინოვაციური გარემო ქმნის პირობებს ინოვაციური კლასტერების შექმნისა და ფორმირებისათვის. ეს ნიშნავს, რომ იგი უზრუნველყოფს ინოვაციური კლასტერების (საკუთარი ელემენტების მეშვეობით) მხარდაჭერას რესურსებით. ინოვაციური კლასტერების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ასეთ სპეციფიკურ რესურსებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგალითად, ადამიანური კაპიტალი (მაღალკვალიფიციური სპეციალისტები).
გარდა ამისა, ახალშექმნილ ინოვაციურ გარემოში კლასტერები, როგორც წესი, არ არის. კლასტერების არსებობა გამოხატავს ინოვაციური გარემოს განვითარების ახალ, უფრო მაღალ ეტაპს. ასეთ გარემოში კლასტერები აყალიბებენ რეგიონული ინოვაციური აქტივობის საფუძველს.
ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკაში შესაძლებელია ინოვაციური კლასტერების ტერიტორიული ერთეულების სამეცნიერო ქალაქის “დე ფაცტო” სტატუსის მიხედვით იდენტიფიცირების შეთავაზება. ეს, ჯერ ერთი, ასეთი სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის მონომოღვაწეობის იდენტიფიცირების, და, მეორეც, ასეთი ტიპის ინოვაციური კლასტერების რაოდენობრივი შეჯამების შესაძლებლობას იძლევა.2
შეფასების ძირითადი პარამეტრებია საერთოეკონომიკური და სოციალური კატეგორიები: ინოვაციური აქტივობა, ინვესტიციური აქტივობა, მოსახლეობის დასაქმება, განათლების სფეროს განვითარების დონე.
სამწუხაროდ, დღესდღეობით, საწარმოთა ინოვაციური მოღვაწეობის ობიექტური შეფასება და ანალიზი, მით უმეტეს, რეგიონისა და ქვეყნის, შეუძლებელია. ინოვაციურ მოღვაწეობაზე შეგროვილი ინფორმაციის მოცულობა სრულიად არასაკმარისია, რაც მთელი რიგი ისეთი მიზეზებით აიხსნება, როგორიცაა: სტატისტიკური კომიტეტის ფინანსური სირთულეები, საწარმოთა ხელმძღვანელობის უდისციპლინობა და დაუინტერესებლობა, ზოგიერთ საწარმოში ისეთი სპეციალისტების არარსებობა, რომელთაც ინოვაციაზე ანგარიშის ფორმის სწორად შევსება შეუძლიათ და ა.შ.
ამიტომ “ინოვაციური” ინფორმაცია რეგიონის მთელ მრეწველობაზე არ ვრცელდება, რადგან მისი დიდი მოცულობა უცნობი რჩება. არსებული ინფორმაციის გამოყენება ინოვაციურ მოღვაწეობაში კორექტულ გადაწყვეტილებათა მისაღებად ძალზე პრობლემურია. ქვეყნის რეგიონებს შორის ინოვაციური მოღვაწეობის შედეგების უბრალო შედარებაც კი ასეთ პირობებში საკმაოდ არაკორექტულია.
დღესდღეობით ინოვაციური მოღვაწეობის დაფინანსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
საწარმოთა ინოვაციური მოღვაწეობის დაფინანსების ძირითადი წყაროები საკუთრივ საწარმოთა სახსრებია. ამასთან, ინოვაციური მოღვაწეობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არასაბიუჯეტო ფონდებიდან დაფინანსება თანდათან მცირდება. სამაგიეროდ გამოჩნდა დაფინანსების ახალი წყარო – უცხოური ინვესტიციები. ასეთი სიტუაცია სამართლიანად ვერ ჩაითვლება, რადგან საკუთარი სახსრების უქონლობა საწარმოებს ხელს შეუშლის ინოვაციურ პროცესში.
მონაცემების თანახმად, შეიძლება თვალი მივადევნოთ საწარმოთა ინოვაციური მოღვაწეობის მიზნების ევოლუციას. საწარმოთა ინოვაციური მოღვაწეობის გამოვლენილი მიზნებია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, გასაღების ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება, გასაღების ახალი ბაზრების შექმნა, გამომუშავების გადასახადზე დანახარჯის შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. სხვადასხვა წლებში ეს მიზნები სხვადასხვაგვარია. მაგალითად საწარმოების ინოვაციური მოღვაწეობის ძირითადი მიზანი შეიძლება იყო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ახალი ბაზრების შექმნა და ა. შ.
ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთ შემთხვევაში რეგიონში ინოვაციური გარემო არსებობს, მაგრამ იმ ზომით ჯერ არ ჩამოყალიბებულა, რომ ფართო ინოვაციურ განვითარებას და ინოვაციური კლასტერების ხელსაყრელ ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი. ამის რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება.
ჯერ ერთი, ეს როგორც რეგიონულ, ასევე საერთოეროვნულ დონეზე დეპრესიული სტაბილიზაციის შედეგია. მეორე მხრივ, ეს ეკონომიკური ჩამორჩენილობაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ძირითადი საბაზრო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ბოლომდე ჩამოუყალიბებლობაა. მესამე მხრივ, ეს რეგიონის ფსიქოლოგიური მოუმზადებლობაა, რომელიც აგრეთვე, ისეთი აზროვნების არასაკმარის ფორმირებას ამჟღავნებს, რომელიც თავისუფლების, თანსწორობისა და საკუთრების აღიარებაზე იქნება დაფუძნებული.
ჩამოთვლილი მიზეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, რაც ცალკე გამოკვლევის საგანია. უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციურ გარემოს არა იმდენად ადმინისტრაციული და ეკონომიკური ღონისძიებები აყალიბებს, რამდენადაც თავად ინოვაციური გარემო განსაზღვრავს იმ ზომების გატარებას, რაც აუცილებელია რეგიონში მისი გაფართოებისა და განმტკიცებისათვის.
კიდევ ერთხელ შევჩერდეთ რეგიონის ინოვაციური გარემოს განმსაზღვრელ ძირითად მაჩვენებლებზე. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ინვესტიციური აქტიურობა: ინვესტიციები წარმოადგენს აუცილებელ ფინანსურ საშუალებებს, მიმართულს ინოვაციების სფეროსკენ.
მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს დასაქმების დონე და განათლების განვითარების დონე: ინოვაციური გარემო წარმოაჩენს აუცილებელ ადამიანურ რესურსებს (სპეციალისტებს), სწორედ ისინი, თავის მხრივ, ქმნიან ინოვაციებს. რეგიონის ინოვაციურ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვადასხვა დონის სპეციალისტებმა.
მესამე მხრივ, აღსანიშნავია რეგიონის ინოვაციური განვითარება. ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საკმაოდ დაბალ დონეზეა. მიუხედავად ამისა, ინოვაციური აქტიურობის ტემპების დაჩქარება ინოვაციური კლასტერებისა და მათ შორის ურთიერთკავშირების შექმნისა და სრულყოფისათვის აუცილებელი პირობების ჩამოყალიბებაზე მეტყველებს.
ზემოთქმულის შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციური გარემო ნამდვილად ქმნის პირობებს ინოვაციური კლასტერების ფუნქციონირებისათვის, თუმცა, სადაც იგი არასაკმარისად არის განვითარებული, დაბალანსებული, იქ ინოვაციური კლასტერების მულტიპლიკატური ეფექტი სუსტად ვლინდება.
საყურადღებოა ინოვაციური კლასტერების განსაკუთრებული როლი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ამიტომაც სახელმწიფოს წინაშე დგას ამოცანა – ჩამოყალიბდეს ხელსაყრელი ინოვაციური გარემო ინოვაციური კლასტერების განვითარებისათვის. შეიქმნას აუცილებელი პირობები მათი ურთიერთქმედებისათვის.
ჩვენი აზრით, სხვადასხვა ინოვაციური კლასტერების ურთიერთკავშირის განვითარების უმნიშვნელოვანესი საზომია:
უცხოური ფირმებისა და საზღვარგარეთის ინვესტორების მონაწილეობის სტიმულირება ქვეყნის ტექნოლოგიის კომერციალიზაციაში;
ქვეყნის ტექნოლოგიების (ტექნოპარკები, “ინკუბატორები”, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსები, მეცნიერთა ქალაქები, უცხოურ ფირმებთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციურ-ტექნიკური სტრუქტურების) კომერციალიზაციის ზონების შექმნა;
საზღვარგარეთ ინოვაციური ფირმების შექმნის მხარდაჭერა;
რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის მონიტორინგის გამართვა.
ამრიგად, ინოვაციურ გარემოს დროთაშორისი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინსვლითი მოძრაობის გარანტიისა და წყაროს სახით გვევლინება: ის საშუალება და შედეგია. ინოვაციური გარემოს ასეთი გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება ვისაუბროთ ინოვაციურ წინსწრებაზე (ინოვაციური კლასტერების მულტიპლიკაციური ეფექტის შედეგი), როგორც პოსტინდუსტრიული განვითარების სპეციფიკურ შედეგზე. მხედველობაში გვაქვს არა კონკრეტული, ერთეული სრულყოფა, არამედ ტრანსფორმაციული “შლეიფი”. ეს შესაძლებელი ხდება საკუთრებისა და კომერციული საიდუმლოს უფლებების დაცვის წყალობით, რაც ზღუდავს ინოვაციური პროდუქტების მისაწვდომობას კანონით დადგენილ პერიოდში, ე.ი. გარკვეულ ეკონომიურ სუბიექტებს აძლევს ახალი ტექნოლოგიური და ორგანიზაციული გადაწყვეტილების გამოყენების განსაკუთრებულ უნარს. ასეთი სარგებლის ამოღების უფლება ჩნდება, როგორც ერთგვარი კომპენსაცია იმ რესურსებისთვის, რაც ინოვაციური გადაწყვეტის შემუშავებასა და ათვისებაზე დაიხარჯა. ეს სარგებელი აუცილებელ პირობას წარმოადგენს საწარმოს, რეგიონისა და ქვეყნის საზოგადოებრიობის შემდგომი ინოვაციური აქტივობისათვის.
სუბიექტის ინტელექტუალური უფლებების დაცვის საზღვრები შეიძლება საკმაოდ გაფართოვდეს: ცალკეული მეცნიერიდან, ფირმიდან, საკონსტრუქტორო ბიუროდან რეგიონთაშორის გაერთიანებამდე ან ტრანსნაციონალურ კორპორაციამდე. ამ შემთხვევაში ასეთი სუბიექტის მიერ მიღებული სარგებელი შეიძლება არ გადანაწილდეს ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მაგრამ იქნება რა იგი სინერგეტიკული ეფექტის შედეგი, ირიბად უზრუნველყოფს ენდოგენურ ელემენტებს უპირატესობით გარემოსთან შედარებით. ასეთი მიკროკლიმატი ქმნის კეთილსასურველ პირობებს თანამშრომლობისათვის, რაც მოცემული რაიონის რესურსების არაეფექტური განაწილების თავიდან აცილებით მისი გამოყენების ოპტიმიზირების საშუალებას იძლევა.
ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ ინოვაციურ გარემოს შეუძლია ბევრად დააჩქაროს არსებული საწარმოო მატერიის რესტრუქტურიზაციის პროცესი, კერძოდ, ტრანსაქციული დანახარჯების გადალახვისა და შემცირების ხარჯზე, რაც დაკავშირებულია საინფორმაციო ველთან, აგრეთვე, საკუთრების უფლების დაცვასთან და გაფრთხილებასთან ოპორტუნისტული საქციელის შესახებ, რაც ასე ხშირია არასტაბილურ ეკონომიკაში.
ეს შესაძლებელია რეგიონული ეკონომიკის ინოვაციური თანამშრომლობის პერმანენტულ სივრცედ გადაქცევის წყალობით, რაც დამყარებულია ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ ინტეგრაციაზე, შიდასაწარმოო სინერგიაზე, უზრუნველყოფილია ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებით.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ინოვაციური გარემოს როლი რიგი პრობლემების გადაწყვეტაში. ინოვაციური გარემოს შექმნით ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სტრუქტურულ წონასწორობაში მოვიყვანოთ ეროვნული ეკონომიკა, გაერთიანებისა და ინტეგრაციის გზით მოვიცილოთ შიდა დისპროპორციები.
ინოვაციური გარემო განსაზღვრავს ინოვაციური კლასტერების, როგორც რეგიონის ინოვაციური აქტიურობის მულტიპლიკატორების ფუნქციონირების შესაძლებლობას, იგი არის ინოვაციური კლასტერების განვითარებისათვის საჭირო რესურსების მიმწოდებელი, მაგრამ ამავე დროს ზღუდავს მის მოღვაწეობას.