მიმდინარე ანგარიშების მზარდი დეფიციტი საფრთხეს უქმნის ლიტვის ეროვნული მეურნეობის განვითარებას

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ბუნებათმცოდნეთა დაკვირვებით, თუ გალიაში დიდხანს გამომწყვდეულ კურდღელს ერთ მშვენიერ დღეს გამოუშვებენ, გახარებული გაიქცევა და იმდენს ირბენს, ვიდრე გული არ გაუსკდება… დაახლოებით ამგვარი ასოციაცია წარმოიშვება ხოლმე ჩემს გონებაში, როდესაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების (მათი აბსოლუტური უმრავლესობის) ისეთ პრობლემაზე ვფიქრობ, როგორიც არის საგადამხდელო ბალანსი.

თითქმის ყველა მათგანს (გარდა ორიოდე მათგანისა, რომელთაც აუარება რაოდენობის ბუნებრივი რესურსები აქვთ და რომლის რეალიზაციიდან მიღებული სოლიდური სავალუტო შემოსავლებითაც ისინი ახერხებენ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დარეგულირებას) გააჩნია საგადამხდელო ბალანსის უდიდესი უარყოფითი სალდო. ამის ახსნა თითქოს ადვილია, მაგრამ მეორე მხრივ, რთული.

ადვილია იმიტომ, რომ სოციალისტური ქვეყნების მოქალაქეები, ადრე მონატრებული მაღალხარისხიან, ათასგვარი სახის საქონელს, რომელიც დეფიციტად იყო ქცეული, საზღვრების გახსნისას დაეხარბნენ და ბოლო კაპიკსაც კი (ბოლო თეთრს, ბოლო გროშს და ა.შ.)მის შესაძენად იღებდნენ. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ, როგორც ამის შესახებ პოლონელი ექსპერტი წერს, მაგალითად, პოლონელები ყვავილებისათვის მიწას გერმანიიდან შემოტანილს ხმარობდნენ. რაღა შორს წავიდეთ, საქართველოშიც კი, ამ ბოლო დროს, ადგილობრივ ყვავილებს აღარ კადრულობენ და ჰოლანდიიდან ჩამოტანილს იძენენ.

ცხადია, როდესაც იმპორტულ საქონელს იძენ, რაღაც თავადაც უნდა გქონდეს გასაყიდი, ანუ ექსპორტი. ასეთი საექსპორტო პოტენციალი კი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ნაკლებად იქმნება. როგორც ჩანს, საექსპორტო პროდუქციის წარმოება უჭირთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიც ბალტიისპირეთის ქვეყნებია და, მათ შორის, პოლონეთსაც (საგადამხდელო ბალანსის უარყოფითმა დეფიციტმა ამ ქვეყანაში თითქმის მშპ-ის 8%-ს მიაღწია, რაც ფრიად საგანგაშოა).

ანალოგიური საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოში, რაც გვავალდებულებს, რადიკალური ღონისძიებების გატარებას როგორც ქვეყნის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ისე იმპორტის დარეგულირების მიმართულებით (ზოგიერთ საქონელზე საბაჟო ტარიფების გაზრდა, კონტრაბანდის აღკვეთა და ა.შ.).

ლიტვას, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ბალტიისპირეთის დანარჩენ ორ რესპუბლიკას, შეეხო 1998 წლის რუსეთის კრიზისი. სახელდობრ, ამ მიზეზის გამო, შემცირდა აქ წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (იხ. გრაფიკი #1).

1
ეს განსაკუთრებით იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ქვეყანას სრულიადგანსხვავებული საგარეო ვაჭრობის სტრუქტურა აქვს, ვიდრე ლატვიას ან ესტონეთს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ლიტვის ექსპორტში გადამწყვეტი ხვედრითი წილით არის წარმოდგენილი გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქცია, რომელიც, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნებში იყიდება, მაშინ, როდესაც ორი დანარჩენი ბალტიისპირეთის რესპუბლიკა ძირითადად რუსეთის ნედლეულის დასავლეთში რეექსპორტზე სპეციალიზირდება. რუსული რუბლის დევალვაციის შედეგად ლიტვის ექსპორტი აღმოსავლეთში პრაქტიკულად მოიშალა (იხ. გრაფიკი #2).

2
ლიტვის საწამოები მოუმზადებელნი შეხვდნენ მსოფლიოს და განსაკუთრებით, რუსეთის ბაზრებზე მდგომარეობის ასეთ მკვეთრ ცვლილებებს. ეს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო მცირე და საშუალო სიდიდის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მომხმარებელთათვის მუშაობდნენ. რუსეთის კრიზისის გამო საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე საერთოდ შეწყდა დასავლეთიდან რუსეთის ბაზრებზე ნახმარი ავტომანქანების რეექსპორტის ოპერაციები. თუ რა დიდ დარტყმას მიაყენებდა ეს ლიტვის ეროვნულ მეურნეობას, იქიდანაც ჩანს, რომ რუსეთის კრიზისამდე ამ სფეროში 200 ათას ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

ყოველივე ამან გამოიწვია ლიტვის საწარმოების დავალიანებათა მკვეთრი ზრდა, რაც, თავის მხრივ, გახდა იმის მიზეზი, რომ შემცირებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და დაცემულიყო მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა იმან, რომ მთავრობას გაუჭირდა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების დასახვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 1999 წელმა ლიტვას განვითარების 2 წელიწადზე მეტი დააკარგვინა.

წარმატებები ინფლაციის სფეროში
ეჭვგარეშეა, რომ ლიტვამ რეფორმების შედეგად ნამდვილად დიდ წარმატებებს მიაღწია ინფლაციის დარეგულირების სფეროში. კერძოდ, ფასების ზრდა, 1996 წელს 13,1%-ს შეადგენდა, 1999 წელს კი 0,3%-ს გაუტოლდა.

ინფლაციის დარეგულირების საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებამ ლიტის დოლართან მკაცრად მიბმის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება 1994 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში.

3

4
თუმცა, ინფლაცია დარეგულირებულ იქნა, მაგრამ, როგორც ამას მრავალი ლიტველი ეკონომისტი აღნიშნავს, მყარი ეროვნული ვალუტის გამო, ლიტვის ექსპორტმა კონკურენტუნარიანობა დაკარგა დასავლეთის ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ნათლად გამოიკვეთა დღეს, როდესაც ლიტვის ყველაზე სერიოზული დასავლეთელი პარტნიორები ანგარიშსწორებას აწარმოებდნენ ევროში და იმის გამო, რომ ევროსთან მიმართებაში დოლარი თანდათან ძლიერდება, მათთვის ლიტვური საქონელი ძვირდება.

სიტუაციიდან გამოსვლის უმთავრესი სირთულე იმაშია, რომ არავინ იცის, თუ როგორ შეიძლება საფინანსო ბაზრებზე პანიკის ატეხვის გარეშე მდგომარეობიდან გამოსვლა.

5
უმუშევრობა და პრივატიზაცია
ლიტვაში ძალზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს შრომითი რესურსების დასაქმებაც. ეს პრობლემა კი მოგვარების ნაცვლად, თანდათან რთულდება. კერძოდ, თუ 1996 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი შეადგენდა 6,25%-ს, 1999 წელს მან 10,5-ს გადააჭარბა. უმუშევრობის აღნიშნული დონე შენარჩუნებულია ასევე 2000 წლის პირველი ნახევრის მიხედვითაც.

ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ლატვიასა და ესტონეთში. კერძოდ, ლატვიაში უმუშევრობის მაჩვენებელი შეადგენს 8,4%-ს, ხოლო ესტონეთში იგი კიდევ უფრო დაბალია და 5 პროცენტს არ აღემატება (იხ. გრაფიკი #6 და #7).

6

7
დასაქმების მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ლიტვის სოფლებსა და მცირე ქალაქებში, სადაც აგრარული სფეროს გარდა არ არსებობს დასაქმების რაიმე სექტორი. უმუშევართა შორის განსაკუთრებით დიდი ხვედრითი წილით არის წარმოდგენილი ახალგაზრდობა, რომელთა რიცხოვნობაც ყოველწლიურად მატულობს.

ლიტვის კონსერვატორული მთავრობის მიერ გატარებულმა დაჩქარებულმა და ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ საზოგადოებაში ძალზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი პერიოდი მთავრობამ ისიც კი მოინდომა, რომ ჰიპერინფლაციის შედეგად მოსახლეობის დაკარგული დანაზოგების კონპენსირება მოეხდინა. ამ მიზნით მან საჩქაროდ, და როგორც ექსპერტები წერენ, ჩალის ფასად, გაყიდა, ალბათ, რესპუბლიკის ყველაზე სარფიანი საპრივატიზაციო ობიექტი – ლიტვის ტელეკომუნიკაცია. გარდა ამისა, რომ იგი გაყიდული იყო მეტისმეტად იაფად, საზოგადოების შეხედულების თანახმად, ამ ობიექტის გაყიდვიდან ამოღებული თანხა არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. სამაგიეროდ, მოსახლეობამ აშკარად იგრძნო ტარიფების მკვეთრი ზრდა ამ სახის მომსახურეობაზე. ყოველივე ამის შედეგად, და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, ლიტვის საზოგადოება პრივატიზაციისადმი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი.

ლიტველი ექსპერტების შეხედულებით, ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების მიზნით, აუცილებელია განხორციელებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

ატარდეს ენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაცია;
დაფუძნდეს და ამოქმედდეს კერძო საპენსიო ფონდები;
მთავრობამ თავისი მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადოს აგრარული სექტორის განვითარება.

აქვე ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ამ მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ.
ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ლიტვაშიც აგრარულ სექტორში ფუნქციონირებდნენ ძალდატანებით შექმნილი კოლმეურნეობები. მიუხედავად ამისა, მათ ერთი უპირატესობა მაინც გააჩნდათ: ისინი მსხვილ, არცთუ ისე ზარალიან მეურნეობებს წარმოადგენდნენ. მას შემდეგ, რაც ამ სფეროში რეფორმა გატარდა, მსხვილი მეურნეობები დაიშალა ურიცხვ წვრილ მეურნეობებად, რომლებიც თითქმის უკლებლივ, ყველა ზარალიანია.

ამიტომ არის, რომ ახლა უკვე თითქმის აღარავინ მოითხოვს ლიტვაში მიწის ნაკვეთს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიტვაში სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის თითქმის მესამედი, ლიტველი გლეხების დასაქმების პრობლემასა და მათი მეურნეობის რენტაბელურად გადაქცევის საკითხს ძალზე დიდი ყურადღება ექცევა.

ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათა შორის უნდა აღინიშნოს სოფლად საკრედიტო კავშირების შექმნა და ამისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დამუშავება.

ლიტვაში კანონი საკრედიტო კავშირების შესახებ 1995 წლის თებერვალში მიიღეს. შექმნილია ასევე საკრედიტო კოოპერატივების კავშირიც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათი საქმიანობა ჯერჯერობით დიდ გავლენას ვერ ახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე.

ლიტვაში გარდა საკრედიტო კოოპერატივებისა, იქმნება სპეციალიზირებული საკრედიტო ინსტიტუტები სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო, საფინანსო ბაზრის ურთიერთობის და ეგრეთ წოდებული განვითარების ფონდების სახით.

აგრარულ სექტორში არის დაახლოებით ისეთი ფონდები, როგორც მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფონდები მრეწველობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა სახის სპეციალიზირებული საკრედიტო ინსტიტუტები გარკვეული ნაკლოვანებებით ხასიათდება. კერძოდ, ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეხმარება სახელმწიფო, რაც ქვეყანაში კონკურენციის პირობების დარღვევას, და შესაბამისად, ეროვნული მეურნეობის გარკვეულ შეფერხებას იწვევს.

ლიტვის ეკონომიკის უმთავრესი პრობლემა: მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ლიტვის სახელმწიფოს წინაშე დგას, არის საგადასახდელო სფეროს მიმდინარე ანგარიშების თანდათან მზარდი უარყოფითი სალდო. საერთოდ, ფინანსურ წრეებში მიჩნეულია, რომ თუ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი მშპ-ის 8%-ს გადასცილდა, ქვეყანაში უკვე საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნის ვალუტას დეპრეციაციის სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამ დონეს კი ლიტვაში არსებული მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გადასცილდა. კერძოდ, 1996 წელს ეს მაჩვენებელი უდრიდა მშპ-ის 9,2%, ხოლო 1999 წელს კი იგი 11%-ს აღემატებოდა (იხ. გრაფიკი #2.).

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ლიტვაში უკვე დიდი ხანია, ტრაგიკულად გამოიყურება, აქ სავალუტო კრიზისი არც ადრე ყოფილა და არც ამჯერად არის. თუმცა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ზემოაღნიშნული ეკონომიკური კანონი აქ არ მოქმედებდეს. უბრალოდ, ლიტვას აქამდე შეეძლო (და საკმაოდ შედეგიანად იყენებდა კიდეც ამ შანსს), უცხოური ფინანსური სახსრების მოზიდვა. იმის გამო, რომ ლიტვა ამ სახსრებს, ძირითადად, ადრე აღებული სესხების გასასტუმრებლად იყენებდა, მისი ამგვარი ფინანსური საქმიანობა თანდათან ასაფეთქებლად გამზადებულ ბომბს ემსგავსება.
მიმდინარე ანგარიშების მზარდ უარყოფით სალდოს იწვევს დეფიციტური საგარეო ვაჭრობა. საზღვარგარეთის ქვეყნები ლიტვას აწვდიან საქონელს და გამოუყოფენ კრედიტებს, რათა ლიტველებმა ეს საქონელი შეისყიდონ. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალიც არსებობს: საჭიროა, სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსება, კრედიტის ხარჯზე მოხმარების შეზღუდვა, კერძო დანაზოგების გაზრდა, საპენსიო და ასევე საინვესტიციო ფონდების შექმნა, საბანკო სექტორის გაძლიერება, მთავრობის შეზღუდვა უცხოეთში სესხების აღების სფეროში, შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპების შენელება და ა. შ.

მომავალი არც ისე პესიმისტურია
საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის სასტარტო პირობები ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. ახლა კი იგრძნობა, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის კეთილდღეობის დონე სრულიად განსხვავებულია. კერძოდ, ამჟამად გაცილებით იაფია ესტონეთში ცხოვრება, უფრო ძვირი ლატვიაში. ლიტვა კი სადღაც შუაშია. თუ ხელფასების დონესაც გავითვალისწინებთ, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი გახდება. კერძოდ, ესტონეთში საშუალო ხელფასი შეადგენს $284-ს, ლიტვაში $264-ს, ხოლო ლატვიაში – $241-ს. ყოველივე ეს იწვევს მკვეთრ დიფერენციაციას საზოგადოების ცალკეულ ფენებს შორის და მათ ფენებად დაყოფას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ლიტვაში.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ლიტვაში არცთუ ისე უნუგეშო მდგომარეობაა შექმნილი. რუსეთის კრიზისმა მკაცრი გაკვეთილი ჩაუტარა ამ ახალგაზრდა რესპუბლიკას. როგორც ლიტველი ექსპერტები აცხადებენ, მართალია @2001 წელს მშპ-ის ზრდის ტემპები ქვეყანაში არ იქნება ისე მაღალი, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეკონომიკის ზრდას ექნება ადგილი. ლიტვის პარლამენტის საბიუჯეტო – საფინანსო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მშპ-ის ზრდა 2001 წლისათვის @2-2,5 პროცენტის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, განსხვავებით 3,3%-ისა 2000 წელს, იგი 2001 წელს 1,4 პროცენტს არ გადასცდება.

როგორც ჩანს, ლიტვის სახელმწიფოს უნარი შესწევს დასძლიოს სიძნელეები, რაც დადებითად იმოქმედებს დამოუკიდებელი ლიტვის რესპუბლიკაზე.