ვალი დღეს, ვალი ხვალ
ქეთი ბეჟიაშვილი
საქართველოს პარლამენტმა აზრთა სხვადასხვაობის, ოპოზიციის მიერ დარბაზის დემონსტრაციული დატოვების, მძაფრი უარყოფითი ემოციების ფონზე, ტაშის ცემით მიიღო “ნულოვანი ვარიანტი”, რამაც ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა მისცა პარიზის კლუბში ვალების რესტრუქტურიზაციისთვის მიეღწია. ამ საკითხების გარშემო წამოჭრილი კითხვები კვლავ აზრთა მწვავე სხვადასხვაობას იწვევს. რა არის ეს, მართლაც მიღწეული დიდი წარმატება თუ მსოფლიო პოლიტიკის დაფაზე წინასწარ გათვლილი სვლა, რომლის შედეგსაც მომავალი დაგვანახებს. ფაქტია – “პარიზის კლუბმა” უკვე განსაზღვრა სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას ვალს გადაუვადებენ.
თავრობის მხრიდან დიდ წარმატებად ჩაითვალა “პარიზის კლუბში” მიღწეული შეთანხმება. შეთამხმება კი ასეთია: 4%-იანი განაკვეთი, რომელსაც საქართველო ორწლიანი შეღავათიანი პერიოდის დროსაც გადაიხდის. ამ პერიოდს შესაძლებელია, დაემატოს ერთი წელი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდება, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხელისუფლების გარდა, ორ წელიწადში ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არც მოსახლეობასა და ოპოზიციას არ სჯერა. საქართველოს კომერციულ ვალს 18 წლით, ხოლო არაკომერციულს 20 წლით გადაუვადებენ. პარიზში ფინანსთა მინისტრმა თან ვალების გადავადების რამდენიმე ვარიანტი წაიღო. მოდელი, რომელსაც უპირატესობა მიანიჭეს, ჰიუსტონის სახელითაა ცნობილი. სანამ ამ მოდელის შინაარსს განვიხილავდეთ, აღსანიშნავია, რომ “პარიზის კლუბის” მოღვაწეობის მეთოდები, პრინციპები და შესასრულებელი პროცედურები არ ფორმდება რაიმე კონკრეტული სახის დოკუმენტში. არსებობს ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც განსაზღვრავენ კლუბის მოღვაწეობას: 1. “პარიზის კლუბის” მიერ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ მას არ ეთანხმება ყველა კრედიტორი ქვეყანა (რამაც გამოიწვია საქართველოსთვის ასე გახმაურებული “ნულოვანი ვარიანტის” მიღება, რომელიც რუსეთის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა იყო); 2. კლუბის მოთხოვნაა, რომ არც ერთი კრედიტორი არ შეეცადოს, დებიტორისგან მიიღოს სხვა კრედიტორისგან განსხვავებული და უკეთესი პირობები; 3. იგი ეთანხმება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დებიტორულ ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა; 4. “პარიზის კლუბში” მონაწილე კრედიტორს არა აქვს უფლება, ნაკლებად მისაღები პირობები მოითხოვოს, ვიდრე ეს პარიზის კლუბთან დადებულ მრავალმხრივ შეთანხმებებში არის გათვალისწინებული; 5. “პარიზის კლუბის” მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კრედიტორ ქვეყანასთან მიმართებაში უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის შეფასებას. ამ პრინციპების გათვალისწინების შემდეგ ხდება “პარიზის კლუბში” შეთანხმება და მოდელის ამორჩევა. ჩვენთვის შერჩეული ჰიუსტონის მოდელი ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომელთა შემოსავლებიც საშუალოზე ნაკლებია. ამ სქემის მიხედვით არ ხდება ვალების ჩამოწერა. ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობდა შესაძლებელ ვალების ჩამოწერაზე, რომელიც არ მოხდა. ვალების ჩამოწერას მეორე სქემა ითვალისწინებდა, რომელსაც ნეაპოლის მოდელს უწოდებენ და ამ მოდელის განხორციელება ხდება მაშინ, როდესაც საგარეო ვალი აღემატება მთლიან შიდა პროდუქციას. აქ არის ერთი მთავარი ნიუანსი, რომელმაც შესაძლებელია, განსაზღვრა ძირითადი დამოკიდებულება ჩვენი მთავრობისა ამ მოდელის მიმართ, რადგან ნეაპოლური ვარიანტის მიღებისას შეიზღუდებოდა საქართველოსთვის ახალი კრედიტების გამოყოფა. “პარიზის კლუბის” სქემით, საქართველოს ისღა დარჩენია, თავის კრედიტორ სახელმწიფოებსა და საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმება გააფორმოს. საქართველოს მართებს ვალი რუსეთის, თურქმენეთის, ავსტრიის, გერმანიის, იაპონიის, ჩინეთის, სომხეთის, ირანის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის. საქართველოს საგარეო დავალიანება პერიოდულად იზრდებოდა – 1995 წლისათვის 1,14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 1999 წლის ბოლოსთვის ვალების ოდენობამ პიკს მიაღწია და 1,630 მილიონი გახდა. ყველა კრედიტორ ქვეყანას საქართველო ერთნაირ პირობებში უნდა მოემსახუროს. ამ უცვლელი პირობების გარანტი თვით პარიზის კლუბია, რომელიც აკანონებს, რომ არც ერთი კრედიტორი ქვეყანა არ უნდა ეცადოს, რომ მიიღოს დებიტორისგან სხვა შედარებით უკეთესი პირობები. მაგრამ თურქმენეთს არ სურს, დაეთანხმოს “პარიზის კლუბის” სქემით საქართველოსთვის ვალების რესტრუქტურიზაციას. საქართველოს თურქმენეთის 400 მილიონი დავალიანება მართებს, რომელიც 1993-94 წლებში თურქმენეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის საფასურის გადაუხდელობის შედეგად წარმოიშვა.
“პარიზის კლუბში” მიღწეულ შეთანხმებას, “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირების ხარჯზე, ოპოზიცია მძიმედ აღიქვამს და მთავრობის ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას იხსნის. ოპოზიცია მთავრობას არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს და თვლის, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი სავარძლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ. რაც შეეხება აღებულ და გახარჯულ სესხებს, ისინი, მათი აზრით, ხალხის კეთილდღეობას არ მოხმარებია, არამედ არსებული ხელისუფლების კეთილდღეობისთვის გაიხარჯა.
ნოდარ ჯავახიშვილი. პარლამენტარი – “პარიზში მოხდა ის, რაც შეიძლება მომხდარიყო ხელისუფლების არყოლის შემთხვევაში. Pპრაქტიკულად, არაფერი არ მომხდარა და ამ არაფერის ქვეშ არის ის, რომ “პარიზის კლუბის” წევრებმა ჩვენ გადაგვივადეს ვალების ის ნაწილი, რომლებიც 2001-2002-წლებში უნდა გადახდილიყო. ის ვალი, რომელიც რუსეთისთვის 2003 წელში უნდა გადაგვეხადა, პატარა მოცულობისაა და, დაახლოებით, 40 მილიონს შეადგენს. მისი მომსახურება ჩვენ იგივე პერიოდში გვიწევს, პრაქტიკულად, რესტრუქტურიზაციის გარეშე. ამას არ ჰქვია არანაირი წარმატება, იმის მიუხედავად ექნებოდა თუ არა მას სხვა თანმდები პროცესები. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს პროცესები მივიღეთ “ნულოვანი ვარიანტის” ნაცვლად, სატირალი რომ არ იყოს – სასაცილოა, მით უმეტეს, არაერთხელ გაიჟღერა პრესაში, რომ “ნულოვანი ვარიანტიდან” მისაღები სიკეთე არც ჟურნალისტებს დაუთვლიათ და არც ჩემნაირ ეკონომისტებს და პარლამენტარებს. თვითონ ქვეყნის პრეზიდენტმა “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებამდე ორი თვით ადრე განაცხადა, რომ 8 მილიარდი დოლარი გვეკუთვნის და ამის ფონზე, 22 მილიონის გადავადება და არა ჩამოწერა, უბრალოდ, სასაცილოა. ხაზი კიდევ ერთ რამეს უნდა გაესვას, რომ პარიზში წასვლამდე, ანუ ხელების გადაგრეხვით “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებამდე პრეზიდენტიც და უმაღლესი თანამდებობის პირებიც საკმაოდ უტიფრად აცხადებდნენ, რომ პარიზის კლუბში ისეთ წარმატებულ მოლაპარაკებებს გამართავდნენ, რომ ისინი სესხის გარკვეულ ნაწილს ჩამოგვაწერდნენ. პარიზიდან დაბრუნებულმა ფინანსთა მინისტრმა კომიტეტის სხდომზე ზედმეტი გულუბრყვილობით, გულგახსნილობით აღიარა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო. ხაზი გაუსვა, რომ პარიზში წასვლის წინ ჩვენ მოგვატყუეს, რათა რატიფიკაცია გაგვეკეთებინა. თურმე ჩვენს ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ტყუილი სჭირდება.
ჩემი აზრით, საქართველოს იმის შანსი ჰქონდა, რომ ვალების ჩამოწერა მომხდარიყო. პირველ რიგში, მე არ მესმის რა მთავრობა ხარ თუ 8 მილიარდ დოლარში 160 მილიონი ვერ გაგიცვლია. ამ შემთხვევაში შევარდნაძის ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. ვერც რუსეთის ვალი გავცვალეთ და ვალების ვერანაირი ნაწილი ვერ ჩამოვწერეთ. არსებულ სიტუაციაში, როგორც ნოღაიდელი, ასევე სხვა ხელისუფალნი აცხადებენ, რომ მათ არც კი სჭირდებოდათ ამ ვალების ჩამოწერა, რადგამ შემდგომში ისინი ახალი სესხების აღებას ვეღარ შეძლებდნენ. როდესაც აღარ გვექნებოდა სესხების აღების შესაძლებლობა, ეს ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ხალხისთვის გენიალური მიღწევა იქნებოდა. ჩვენ შევარდნაძის ხელისუფლების დამყარების დღიდან, სესხი არ აგვიღია, რომელიც ხალხს მოხმარდა. ამ შემთხვევაში, რამდენს მოიგებდა ხალხი, არსებული ვალი ჩამოგვეწერებოდა ანუ არამწარმოებლური ხარჯები, თუ გნებავთ საპროცენტო სესხის მომსახურება საპროცენტო გადასახადების სახით, ძალიან მნიშვნელოვნად შეგვიმცირდებოდა და არსებული ხელისუფლება ახალს ვეღარ მიიღებდა ჩვენი შვილთაშვილების ხარჯზე. რასაკვირველია, ესენი ამაზე არ წავიდოდნენ, რასაც არც მალავენ. რაც შეეხება ვალების 18-20 წლით გადავადებას, ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ნორმალურია. ამას გეუბნებით როგორც ბანკირი. მთელი მსოფლიოს ეკონომიკა სესხებზე მუშაობს, იმიტომ, რომ ნორმალური სესხი კარგი მსესხებლისთვის გაცილებით უკეთესი რესურსია, ვიდრე სესხის ნაცვლად საკუთარი ფულის დაბანდება და, რაღა თქმა უნდა, ეს სესხი სწრაფად უნდა ატრიალო. ამ შემთხვევაში, ეს საჭირო ამოსუნთქვაა, მაგრამ მთავარია ვიყენებთ კი ამ ამოსუნთქვას ქვეყნის აღმშენებლობისთვის? ჩვენი ამოსუნთქვა არის გაძლიერებული ტაციაობა და იტაცებენ არა მარტო პირდაპირ ბიუჯეტურ ფულს, არამედ ყველა სახის სესხს, მათ შორის, როგორც მსოფლიო ბანკიდან, ასევე ევრობანკიდან მიღებულ სესხებს. ეს ამოსუნთქვა იქნება ხელისუფლების ძალიან ვიწრო წრისთვის და არა ხალხისთვის”.
ჯონდი ბაღათურია, საკრებულოს ფრაქცია ედპ-ის თავმჯდომარე – “ეს იყო სახელმწიფო ინტერესების და საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის შელახვა. საკითხი ეხებოდა 7 მილიარდი დოლარის ქონების უსასყიდლო გადაცემას რუსეთისთვის. მართალია, იყო საუბარი, რომ ამ ქონებას არ მოგვცემდნენ და ვერ განვკარგავდით, მაგრამ ვერც რუსეთი ვერ მოიხმარდა. ამ თანხმობით რუსეთს მივეცით 7 მილიარდი დოლარის განკარგვის საშუალება და ამაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერაფერი. ეს რომ რაიმეში გაცვლილიყო ან პოლიტიკურ ან ფინანსურ საკითხში, მაშინ პრობლემა სხვაგვარად დადგებოდა. ამ დროს აღნიშნული თანხა არც ჩამოიწერა, არც გაიცვალა, მხოლოდ ორი წლით გადაიდო და ამიტომაც, ეს იყო არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება”.
“პარიზის კლუბში” მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწოზრებლად ორი წელი მიეცა, რის შემდგომაც უნდა დავიწყოთ ვალების მომსახურება. რას მოგვცემს ეს ორი წელი, შევძლებთ თუ არა ამ ორ წელიწადში იმის მიღწევას, რაც წლების მანძილზე ვერ შევძელით? საკითხი ასე დგება – აქვს კი მთავრობას განსაზღრული პროგრამა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ამ ორი წლის მაქსიმალურად, დადებითად გამოყენება… კითხვების ნაკადი არ წყდება, რადგანაც სასწორზე ორწლიანი გადავადების საფასურად “ნულოვანი ვარიანტი” დაიდო. დრო ჩართულია და მომავალი თვალნათლად დაგვანახებს, მთავრობა როგორ გრძნობს დროს და იმ ფაქტს, რომ დრო ფული და საქართველოს მომავლის ბარომეტრია. . . რას გააკეთებს ხელისუფლება და როგორ გამოიყენებს ძვირად შესყიდულ ორ წელიწადს? ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას თავისი გამოკვეთილი და უიმედო შეფასებები გააჩნია.
ნოდარ ჯავახიშვილი: – “გასული ორი წლის მანძილზე ხელისუფლება ყველაფრისგან თავისუფალი იყო. ხელისუფლებას ქვეყნის აღმშენებლობისთვის ეს წლები არ გამოუყენებია და არ მესმის ამ ორ წელიწადს რატომ გამოიყენებს უკეთესად… იმის მიუხედავად, რომ შინაგანად ოპტიმისტი ვარ, მე ყოველთვის მაინც მაკვირვებს ადამიანების ოპტიმიზმი, მაშინ როდესაც არსებობს შესანიშნავი მწყემსი ბიჭის ზღაპარი და გამოცდილება – ჩვენთან რამდენიც უნდა იძახო მგელი, მგელიო, ხალხი იმდენჯერ გამოიქცევა. საქართველოს ორი წლის წინ არც სავალუტო ფონდის პროგრამა და არც არარესტრუქტურებული ვალი არ ჰქონდა. რასაც ახლა გადავიხდით, ამაზე მეტს არაფერს არ ვიხდიდით და მაინც, ქვეყანა ვერ ავაშენეთ. წარმოუდგენელია, რომ ისინი ახლა შეიცვალონ და ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა ორშაბათიდან დაიწყონ”.
ჯონდი ბაღათურია – “ხელისუფლების მხრიდან არანაირი შანსი არ არის, რომ იგი ორი წლის განმავლობაში ეკონომიკას გააუმჯობესებს და შემდგომ უკეთესი ბიუჯეტი გვექნება. ამ ქმედებით მთავრობამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობის ვადა. გადაწყვეტილება არა საზოგადოებრივი არამედ პირადი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე გამოიტანეს, დღეს სრული რეგრესი მიდის და ამ ფონზე, არაფრის გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს ხელისუფლება არ შედგება იმ ნივთიერებისგან, რომელიც შეძლებს რაიმეს გამოსწორებას. შევხედოთ წლევანდელ ბიუჯეტს. რის იმედს გვაძლევს? ბიუჯეტი კორუმპირებულია. ამ ბიუჯეტში ჩანს, თუ რა თვალით უყურებენ მაფიოზური კლანები სახელმწიფოს. აქ ბალანსი ასეთია – 75 პროცენტი არის მაფიოზური კლანების, 25 პროცენტი სახელმწიფოსი. ტენდენციაც კი არ ჩანს რაიმეს გამოსწორებისა. მინდა, რომ ჩემი ვარაუდი, შეცდომა იყოს, რომ ხელისუფლება გაკეთილშობილდეს, მაგრამ ასეთი ფოკუსების არ მჯერა. ალბათ, ჩვენ შვილებს მოუწევთ ამ ვალების გადახდა, მაგრამ ვატყობ, ეს ჩვენს შვილებსაც აღარ მოუწევთ, არამედ ჩვენს “უფროს ძმას”. ისეთივე “პრინციპულები” იქნებიან მაშინაც, როდესაც ეს საკითხი დადგება. როგორც ვატყობ, ამ ფონით მზადდება ის, რომ ხვალ გვითხრან, მეტი გამოსავალი აღარ არის გარდა იმისა, რომ რუსეთ-ბელორუსიის კავშირს უნდა შევუერთდეთ… და ყველაფერი ამგვარად დამთავრდება”.