არის თუ არა “გაერთიანებული ტელეკომი” მონოპოლისტი?
ნინო არველაძე
საქართველოს სატელეკომუნაციო ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ამ პირობებში გადარჩენა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. “გაერთიანებულმა ტელეკომმა” კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქტიური მუშაობა დაიწყო.
ამჟამინდელი მფლობელების ნაცვლად “გაერთიანებული ტელეკომის” (ყოფილი “ელექტროკავშირის”) პოტენციურ ინვესტორად ამ სფეროში ცნობილი ერთ-ერთი ამერიკული კომპანია მოიაზრებოდა, რომელმაც ტენდერის ჩატარებამდე 3 თვით ადრე საფუძვლიანად შეისწავლა “გაერთიანებული ტელეკომის” საქმიანობა. მან პრიორიტეტად კომპანიის ტექნიკური გადაიარაღება და სრულყოფილი თანამედროვე მენეჯმენტი მიიჩნია. მაგრამ მოულოდნელად, მავანის ძლიერი ლობის შედეგად ტენდერში, თითქმის ბოლო წუთებში გამარჯვებული ყაზახურ-ქართული ინვესტორთა ჯგუფი აღმოჩნდა.
კომპანიის მდგომარეობის განხილვისას წარმოჩინდა, რომ “გაერთიანებული ტელეკომი” ინტერნეტპროვაიდერებს ტარიფებს უძვირებს, მაგრამ რა არის ამ გაძვირების რეალური მიზეზი? “გაერთიანებულ ტელეკომს” საკუთარი ინტერნეტი აქვს და სექტემბრიდან აგრესიული კამპანიის დაწყებას გეგმავს, ანუ კონკურენცია უფრო მაღალ დონესაც მიაღწევს. 3.5 ლარიდან 15 ლარამდე ტარიფის გაძვირებას არ შეწინააღმდეგებიან მცირე ინტერნეტპროვაიდერები, თუმცა 1997 წელს დაარსებული “კავკასუს ონლაინის” მესვეურებმა “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ მოთხოვნილი ტარიფი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, 15-ლარიანი ტარიფი კი აბონენტს დაეკისრა. “კავკასუს ონლაინს” საქართველოში ინტერნეტ აბონენტების 90% ეკუთვნის. “გაერთიანებულ ტელეკომში” აცხადებენ, რომ მათი ხარჯები და შემოსავალი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. ამ მოსაზრებების მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ მოსახლეობას “გაუგებარი ტარიფის” გადახდისგან თავის შეკავება ურჩია და მარეგულირებელ კომისიას საქმის გარკვევა უბრძანა. რაც შეეხება საქართველოში ინტერნეტის დაბალ ხარისხს, ეს შეიძლება ინტერნეტ-პროვაიდერისა და “გაერთიანებული ტელეკომის” ცოდვებიც იყოს, რადგან საზღვარგარეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან ინტერნეტრესურსს ინტერნეტ-პროვაიდერისთვის “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ მისთვის მიქირავებული დაბალხარისხიანი კაბელიც დაემატა.
“გაერთიანებულ ტელეკომს” ხშირად იმის გამო ექმნება პრობლემები, რომ მოსახლეობას ტარიფების ცვლილების შესახებ მწირ ინფორმაციას აწვდის. “გაერთიანებული ტელეკომის” კომერციული დირექტორი ბატონი ივა მარტიაშვილი აცხადებს, რომ კომაპნია დღეს მომგებიანია და ინვესტორს პრობლემები არ აქვს, თუმცა მასთან საუბრის შემდეგ რამდენიმე პრობლემა ნათლად გამოიკვეთა.
– თუ შეიძლება ავუხსნათ მომხმარებელს რატომ გახდა საჭირო იმ ახალი ტარიფის შემოღება, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია?
– კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ იგი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ანუ ტენდერის შედეგად გამარჯვებული აქციონერთა ჯგუფი გახდა, მან 90 მლნ დოლარი გადაიხადა. კომპანია საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო – თბილისში და განსაკუთრებით რეგიონებში მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხები, შენობა-ნაგებობები და კაბელების ინფრასტრუქტურა. დაიწყო მძიმე მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის ღონისძიებები და გაუმჯობესებისაკენ გარდაქმნა. რა თქმა უნდა, ყველაფრის შეცვლა ადვილი არ არის, ის დიდ საკადრო რესურსს და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს მოითხოვს. ჩვენს კომპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით 4 700 თანამშრომელი მუშაობდა. ჩვენი საზოგადოებაც, თანამშრომლებიც და აქციონერებიც ჩვენგან ბევრ ცვლილებას მოითხოვენ და შეიძლება ითქვას, ამ მხრივ დიდი ზეწოლა გვაქვს. წინა წლებშიც იმის გამო, რომ “გაერთიანებული ტელეკომი” სახელმწიფო კომპანია იყო, ყოველთვის ხდებოდა მისი უფლებების და მოთხოვნების უგულებელყოფა და დახმარებები ყოველთვის სხვა კომპანიებისკენ იყო მიმართული. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო ეს ეხება მობილურ ოპერატორებთან დადგენილ ტარიფსაც, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა, რომ ფიქსირებულ ტელეფონს დოტაციაზე ჰყავდა მობილური ქსელი – ის მას უხდიდა 18.8 თეთრს ერთ წუთში ზარის დასრულებაზე, მობილური ქსელი კი ზარის დასრულებაზე მხოლოდ 4 თეთრს გვიხდიდა. ეს არის მობილური ქსელის დოტაცია. იგივე ეხება სხვა კომპანიებისა და ინტერნეტპროვაიდერების ტარიფებსაც. გარდა იმისა, რომ ინვესტიციას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ინფრასტრუქტურის აღსადგენად ბაზარზე არსებული ტარიფების დაბალანსება და დარეგულირება გვინდა. ის ჩვენს რეალურ ხარჯებს უნდა შეესაბამებოდეს, და მინიმუმ უნდა ფარავდეს. მარეგულირებელ კომისიასთან DშL წყვილის ტარიფის გაზრდის მიზნით მოლაპარაკებები დავიწყეთ,DSL წყვილში დღეს ინტერნეტპროვაიდერები 3.5 ლარს გვიხდიან, მოვითხოვეთ ამ ტარიფის გაზრდა და მათი მისადაგება კომპანიის რეალურ ხარჯებთან.
– თუ შეიძლება ნათლად აგვიხსენით, რატომ გახდა აუცილებელი ინტერნეტპროვაიდერებისთვის ტარიფის გაზრდა?
– ინტერნეტპროვაიდერები ჩვენგან იჯარით იღებენ სახაზო-საკაბელო წყვილს, რომელსაც მაღალსიხშირული რესურსისთვის იყენებდნენ, ისინი ჩვენს სადგურში დგამენ დანადგარს, აბონენტთან სახლში ტელეფონის ხაზზე აერთებენ გარკვეულ მოდემს და აბონენტი იღებს ინტერნეტმომსახურებას. ამ ტარიფს გვიხდის ინტერნეტპროვაიდერი, ხოლო ინტერნეტპროვაიდერს საკუთარ ტარიფში ჩვენთვის თითოეულ წყვილზე გადახდილი გადასახადი ხარჯში აქვს ასახული და აბონენტს ახდევინებს. ჩვენი მხრიდან ტარიფის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტპროვაიდერმა ინტერნეტის ფასები უნდა გააძვიროს, რადგან მას თითოეულ აბონენტზე ძალიან დაბალი დანახარჯები აქვს. როცა თითოეული აბონენტი 50 ლარს იხდის, ინტერნეტპროვაიდერის მოგების მარჟა დაახლოებით 30 ლარია. ჩვენ მოვითხოვეთ 3.5 ლარის ნაცვლად 15 ლარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტარიფების გაზრდა გვსურს და მონოპოლისტები ვართ. აღნიშნული თანხით თითოეულ წყვილს უნდა მოვუაროთ, ჩვენ მხოლოდ თბილისის ცენტრში მდებარე წყვილებს კი არა, რეგიონებში არსებულ მთლიან ინფრასტრუქტურას ვუვლით, რისთვისაც დიდი ხარჯებია საჭირო. ინტერნეტპროვაიდერები მხოლოდ ერთ კაბელს იღებენ იჯარით და ის არ შეიძლება 15 ლარი ღირდეს, მაშინ როდესაც მან არ იცის, რომ მას ემსახურება დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურა – დაწყებული სადგურიდან, დამთავრებული კანალიზაციის არხებითა და კარადებით, რომლებიც ამ კაბელებს კილომეტრობით აერთებს. ყოველოივე ეს დიდ დანახარჯებს მოითხოვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვალდებულნი ვართ ყველა წყვილს მოვუაროთ. თუ ინტერნეტპროვაიდერებს ნებისმიერ სხვა რეგიონში წყვილის იჯარით აღება და აბონენტებისთვის ინტერნეტმომსახურების მიწოდება მოუნდებათ ჩვენ ამის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. პირადად მე ვთვლი, რომ ყველაფერი მარეგულირებელ კომისიაზეა დამოკიდებული და მისმა გადაწყვეტილებამ კომპანიის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და ჩვენს მიერ წარდგენილი ხარჯების მიხედვით ფინანსური კალკულაციის საფუძველზე დაგვიდგინოს ის ახალი ტარიფები, რომლის გადახდაც ყველა ოპერატორის მოვალეობა იქნება.
– ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა “კავკასუს ონლაინის” განცხადება, სადაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ “გაერთიანებული ტელეკომი” მონოპოლისტია. ვერსად გავექცევით ეკონომიკური განვითარების მინისტრ გიორგი არველაძის გამოსვლასაც, რომელმაც თქვენ წინააღმდეგ ისაუბრა. ამჯერად რა ურთიერთობა გაქვთ მარეგულირებელ კომისიასთან და მოლაპარაკება რა დონეზეა?
– მინისტრს ჩვენ წინააღმდეგ არ უსაუბრია.
– მან გამოიყენა ფრაზა – “გაუგებარი ტარიფი”.
– მინისტრს კარგად ესმის ამ ტარიფის მნიშვნელობა. ტარიფის დამტკიცებამდე ის ყველას შეუთანხმდა, ყოველ შემთხვევაში – მარეგულირებელ კომისიას, 15 ლარზე. გადამწყვეტი სიტყვა მარეგულირებელ კომისიას ეკუთვნის. მინისტრმა უბრალოდ განაცხადა, რომ ტარიფის ზრდა ცუდია აბონენტისთვის. პირადად მე მესმის ეკონომიკის მინისტრის პოზიცია, მან ქვეყნის და ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას მაგრამ როდესაც “კავკასუს ონლაინის” გარდა ყველა ინტერნეტპროვაიდერი ახალ ტარიფზე დღგ-ის ჩათვლით 13.5 ლარს გვიხდის და კმაყოფილია ამ ტარიფით, უბრალოდ გაუგებარია რატომ არ უნდა გადაიხადოს “კავკასუს ონლაინმა” იგივე ტარიფი. ჩვენ შეგვეძლო “კავკასუს ონლაინისთვის” ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი აბონენტების ინტერნეტის გარეშე დატოვება, მაგრამ ამას არ გავაკეთებდით, რადგან საქართველოს ეკონომიკისა განვითარების და მოსახლეობისათვის ინტერნეტის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ამიტომ “კავკასუს ონლაინი” თუ არ იხდის მაშინ ამ თანხის გადახდა აბონენტებს მოვთხოვეთ, ამაში გაუგებარს ვერაფერს ვხედავ. ამ საკითხზე კონსულტაციები მარეგულირებელ კომისიასთან გვქონდა, ის შემდეგაც გაგრძელდა ეკონომიკის სამინისტროს ჩარევით. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია კეთილ ნებას გამოიჩენდა და დაამტკიცებდა ახალ ტარიფს, რომელიც “კავკასუს ონლაინს” უნდა გადაეხადა, ამასთან დაკავშირებით კი ეკონომიკის სამინისტროსგან სრული მხარდაჭერა გვქონდა.
– რას იტყვით იმაზე, რომ მონოპოლისტად გთვლიან, ეს ხომ კონკურენციის კანონის დარღვევაა?
– მონოპოლისტები ალბათ ვართ, რადგან ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა და დიდი რაოდენობის სატელეფონო წყვილები, მაგრამ ქუთაისში შეიძლება “ახალი ქსელები” იყოს მონოპოლისტი და არა ჩვენ. მონოპოლისტობასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან კანონი არ ირღვევა. მაგალითად, “კავკასუს ონლაინი” ჩვენს ქსელში ყოველკვირეულად 500 აბონენტს რთავს, თითო აბონენტი “კავკასუს ონლაინისთვის” დიდი შემოსავლის მომტანია, ჩვენ კი მონოპოლისტობის მიუხედავად, ამის გამო პრობლემებს არ ვქმნით. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაახლოებით 20-25 ოპერატორია, მათ შორისაა ფიქსირებული და საერთაშორისო ოპერატორები, როგორებიცაა “8-18”, “8-10” და ა.შ არის რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი, ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერნეტი, ისინიც ვითარდებიან და ჩვენც. თითოეული ინტერნეტპროვაიდერი და ოპერატორი ჩვენთვის აბონენტია და მათ შემოსავალი მოაქვს, ამიტომ მე მათი განვითარების მომხრე ვარ, მაგრამ მათ უნდა გადამიხადონ ის თანხა, რომელიც კომპანიის ხარჯებს დაფარავს და შემოსავალს მოგვიტანს.
– საქართველოში ვისზეა დამოკიდებული ინტერნეტის ხარისხი, თქვენ რაზე აგებთ პასუხს და ინტერნეტპროვაიდერები რაზე? დამეთანხმებით, რომ საქართველოში ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალია.
– ინტერნეტის ხარისხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზეც.
– ახალი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ თუ მოხდა ტექნიკური გადაიარაღება, რაც ინტერნეტის ხარისხზე დადებითად უნდა აისახოს?
– რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ტექნიკური გადაიარაღება განვახორციელეთ. მაგრამ ინტერნეტის ხარისხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ინტერნეტრესურსს თავის ფასი აქვს, ის საზღვარგარეთიდან შემოაქვთ. ხაზი, რომელიც დღეს “კავკასუს ონლაინს” ან ნებისმიერ სხვა ინტერნეტპროვაიდერს შემოაქვს, დაბალი ხარისხისაა, რადგან ისინი იაფფასიან ინტერნეტს ყიდულობენ. მაგალითად, “კავკასუს ონლაინს” თავის ინტერნეტი შემოაქვს რადიო-სარელეო ხაზებით, რომელიც ძალიან დაბალხარისხიანია, მისი სიჩქარე ძალიან დაბალია და პიკის საათებში საერთაშორისო ინტერნეტი საერთოდ არ მუშაობს. “კავკასუს ონლაინს” აქვს ლოკალური ინტერნეტი, რომელიც ჩვეულებრივად ვითარდება და მუშაობს, ანუ ინტერნეტის ხარისხი ინტერნეტპროვაიდერებზეა დამოკიდებული, ჩვენგან კი მათ აქვთ წყვილები, რომლებმაც კარგად უნდა იმუშაონ. ინტერნეტპროვაიდერს თუ აქვს ცხელი ხაზი, რომელზეც არავინ პასუხობს, ინტერნეტი ითიშება და ცუდად მუშაობს, ეს მათი ბრალია. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერნეტი და თუ იქ მსგავსი რამ მოხდება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება.
– “ახალ ქსელებთან” რატომ გაძვირდა ტარიფი და რომელ ინდექსებზე მოხდა ეს?
– თბილისის აბონენტების 20% “ახალ ქსელებშია” ჩართული, 80% კი ჩვენი აბონენტია. ჩვენი აბონენტის მიერ “ახალ ქსელებზე” განხორციელებული ზარის დროს თითოეულ წუთში “ახალ ქსელებს” 4 თეთრს ვუხდიდით, აბონენტისგან კი მხოლოდ 2 თეთრს ვიღებდით. გამოდის, რომ ყოველ წუთზე 2 თეთრი კომპანიის ხარჯით უნდა გადაგვეხადა. მოხდა 2 თეთრისა და 4 თეთრის ერთმანეთთან მისადაგება, ამის შედეგად, რასაც კომპანია “ახალ ქსელებს” უხდის, იგივე თანხას იღებს აბონენტისგან, ანუ მოგება არ რჩება. იგივე გააკეთა “ახალმა ქსელებმაც”, ისინიც აფინანსებდნენ თითოეულ წყვილს, მაგრამ მათაც მიუსადაგეს ხარჯები.
– იმ შემთხვევაში, თუ ყველა ისურვებს თქვენი აბონენტი გახდეს, თუ გაქვთ მათი დაკმაყოფილების ტექნიკური შესაძლებლობა?
– დიახ, გვაქვს. გვქონდა ძველი საკანალიზაციო სადგურები, რომლებსაც ციფრულით ვცვლით და წლის ბოლოსთვის ყველა ციფრული სადგური მწყობრში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სატელეფონო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თუ ვინმეს ექნება სურვილი “გაერთიანებული ტელეკომის” მომსახურებით ისარგებლოს, ის აუცილებლად მიიღებს მას.
– რა ღირს ნომრის აღება “გაერთიანებულ ტელეკომში?
– ნომრის აღება 140 ლარი ღირს, მაგრამ გადაიარაღების შემდეგ, ნომრის ასაღებად ნაკლები თანხა იქნება საჭირო.
– საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით თუ არის ცვლილება, რა ღირს ერთი წუთი და შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ დღეს კომპანია მომგებიანია?
– “გაერთიანებული ტელეკომი” საერთაშორისო ბაზარზე ჯერ-ჯერობით აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს, თუმცა სექტემბრიდან მას დაიწყებს. საერთაშორისო ზარები “გაერთიანებული ტელეკომის” მთავარი ბიზნესი არ არის, მთავარი სატელეფონო მომსახურებაა, პრიორიტეტი კი – ტელეფონის გამართული მუშაობა. 1 ივნისიდან ჩვენ ინტერნეტბაზარზე შევედით. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო მომსახურებას კოდით 8-16, მისი ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ჯერ-ჯერობით აქტიური მარკეტინგული კამპანია არ გვაქვს, ამას სექტემბრიდან ვგეგმავთ. რაც შეეხება ტარიფებს, ვერ ვიტყვი, რომ ის ყველა სხვა ოპერატორთან შედარებით დაბალია, მაგრამ მთავარია მომხმარებელს მაღალხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ.
რაც შეეხება იმას, მომგებიანია თუ არა კომპანია – უნდა გითხრათ, რომ იგი მომგებიანია, შემოსავლების დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი გათვლებით, სადგურების შეცვლის შემდეგ ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. კომპანიას დიდი ხარჯები აქვს, ამიტომ პრივატიზაციის შემდეგ, პირველი ორი წელი ჩვენ მოგების გაზრდაზე ორიენტებულნი არ ვართ, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის შეცვლასა და განვითარებაზე ვზრუნავთ, რადგან მომავალში ის დიდ შემოსავალს მოიტანს. დიდი ყურადღება ექცევა ინტერნეტბაზარსაც, რადგან კომპანიას ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეუძლია და ის ამ ბაზარზე აგრესიული იქნება. მერწმუნეთ, რომ მთელ საქართველოში შევძლებთ ინფრასტრუქტურის შეცვლას და იმ დიდი პრობლემის გადაჭრას, რომელიც რეგიონებში ტელეფონის არარსებობას ეხება.
– რეგიონებში ტელეფონის არარსებობა დიდი ხანია სერიოზული პრობლემაა. თქვენი გათვლებით, რა დრო დასჭირდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სრული მომსახურებით სარგებლობას?
– ინფრასტრუქტურის შეცვლა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება, მათ შორის, აჭარაში, კახეთში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში. “გაერთიანებული ტელეკომის” ტექნიკური ჯგუფები ყველგან აქტიურად მუშაობენ და აქტიურად სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, კონსულტაციები გვაქვს საერთაშორისო მწარმოებლებთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები, ამის შემდეგ ჩვენ მოვახდენთ გადაიარაღებას. ვფიქრობ, შემდეგი წლის მეორე ნახევარში ყველა სადგური ციფრულით შეიცვლება. ყველა ადგილობრივ რეგიონალურ აბონენტს საშუალება ექნება განახორციელოს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ზარები და ისარგებლოს ინტერნეტ-მომსახურებით, რადგან რეგიონებში ინტერნეტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რაც დროთა განმავლობაში იზრდება.
– თქვენ ინფრასტრუქტურის შეცვლაზე საუბრობთ, მაგრამ ის ყველა რეგიონში არ არსებობს.
– რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, ანუ არ გვაქვს საკაბელო მეურნეობა, შევდივართ რადიო-სარელეო ხაზებით. მომხმარებლისთვის უკაბელო მომსახურების შეთავაზების მიზნით უკვე შევიძინეთ CDMA800 ლიცენზია.
– უკაბელო მოსახურება განსხვავებულ ტარიფს ითვალისწინებს?
– ფასებში სხვაობა არ იქნება, აბონენტს შეიძლება უფრო იაფი ფასებიც შევთავაზოთ. ის რეგიონებზეა გათვლილი, ანუ პატარა სოფლებსა და ქალაქებზე, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ადგილებში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, ამიტომ რეგიონებიდან დიდ შემოსავლებს არ ველოდებით, მაგრამ აუცილებელია აბონენტმა გადაიხადოს გადასახადი სატელეფონო მომსახურებისათვის.
– ამ მხრივ დიდ პრობლემებს თუ ელით, რადგან რეგიონებში უნდა დაიდგას ანძა, ამისთვის საჭიროა მიწა, მიწის გაცემა კი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია.
– კომპანიის განვითარება სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, ამ მხრივ მხარდაჭერა ყოველთვის გვექნება, რადგან ქვეყნისთვის ტელეკომუნიკაცია ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია. ყველა რეგიონში ტელეფონი უნდა მუშაობდეს და იქ მცხოვრებთ დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა შეეძლოს ტელეფონით დაკავშირება. ვფიქრობ, რეგინალური მთავრობის წარმომადგენლებიდან და გუბერნატორებიდან სრული მხარდაჭერა გვექნება, მათთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით პრობლემები არ გვაქვს.
– ამბობენ, რომ “გაერთიანებულ ტელეკომს” გაურკვეველი ინვესტორი ჰყავს.
– “გაერთიანებულ ტელეკომს” ინვესტორების კონკრეტული და კარგი ჯგუფი ყავს, ეს არის ქართულ ინვესტორთა კონსორციუმი, მათ კონსულტაციები გაიარეს ყაზახურ ბანკ “ტურან ალენთან”, რომელიც რეალურად მათი დამფინანსებელია და ინვესტორთა ჯგუფს კრედიტი გამოუყო. მხოლოდ ერთი ინვესტორი არ არსებობს, არის საინვესტიციო ფონდი და მასში შედის ბევრი ყაზახური კომპანია და ბევრი ქართველი პიროვნება, მაგრამ მათ ინვესტიციები მხოლოდ საკომუნიკაციო სფეროში არ აქვთ განხორციელებული, მათ ინვესტიციები ჩადეს უძრავ ქონებაშიც, ტურიზმის განვითარებაშიც და ა.შ
– აპირებს თუ არა “გაერთიანებული ტელეკომი” IPO-ს ჩატარებას?
– ერთი-ორი წელი ამას ნამდვილად არ აპირებს. ჩვენი ყურადღება და რესურსი კომპანიის გაძლიერებისკენ, სრული რესტრუქტურიზაციისკენ და ინფრასტრუქტურის განახლებისკენაა მიმართული. IPO-ის ჩატარების შესახებ ფიქრი დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ შეიძლება, მანამდე კი ეს ნაადრევი ნაბიჯი იქნება.
– თქვენს წინაშე ყველაზე მეტად რომელი პრობლემა გამოიკვეთა?
– ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჩვენი კომპანია ბევრ საკითხში, მათ შორის, ინტერნეტპროვაიდერებსა და ოპერატორებთან დაკავშირებით მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც თავის დროზე აუცილებლად მოგვარდება.
– თქვენს ოფისში ერთი სართულით ქვევით “ახალი ქსელების” ოფისია, ეს არ გიქმნით პრობლემას? “ახალი ქსელები” ხომ თქვენი ბაზის და ინფრასტრუქურის ხარჯზე შეიქმნა?
– შენობა-ნაგებობები კომპანიას მთელ საქართველოში აქვს, ჩვენი თანამშრომლებისა და აპარატურისთვის ადგილი საკმარისია. “ახალი ქსელები”-ს განვითარება იმან განაპირობა, რომ ჩვენ ხელთ არსებული კომპანია ნორმალურად ვერ ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ის ჩვენი კონკურენტია, აბონენტებს სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს ძირითადად თბილისში და რამდენიმე სხვა რეგიონში.