მცირე და საშუალო ბიზნესის წარუმატებლობის საიდუმლო
Doing Business-ის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და 189 ქვეყანას შორის მე-8-ე ადგილზე დასახელდა. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში ბიზნესი მძიმედ ვითარდება. შედეგად, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები. ცნობილი სტატისტიკაა, რომ მსოფლიოში ათი სამუშაო ადგილიდან ცხრას კერძო სექტორი ქმნის. ასევე, მსოფლიო მასშტაბით, ფირმების 90%-ს მცირე, საშუალო და მიკრობიზნესი შეადგენს.
განვითარებული ეკონომიკებში ამ ტიპის ბიზნესს მშპ-ში შესაბამისი წვლილი – 60% – შეაქვს. საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა – მხოლოდ 19%. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს 95% უჭირავს, 5%-ია მსხვილ ბიზნესი. მიუხედავად ამისა, ძალიან დაბალია პროდუქტიულობისა (19%) და დასაქმების მაჩვენებელი (43%). ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მცირე ბიზნესმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-თვის არნახული მნიშვნელობა შეიძინა. მცირე საწარმოთა ძირითადი მასა არიან კომპანიები, სადაც 20 კაცზე ნაკლებია დასაქმებული. ახალი სამუშაო ადგილების 2/3-ის ფორმირებას სწორედ მცირე საწარმოები უზრუნველყოფენ.
მცირე საწარმოები ეფექტიანობას ავლენენ არა მარტო სამომხმარებლო სფეროში, ასევე მრეწველობის გადამამუშავებელ დარგებში, როგორც ცალკეული მცირე მექანიზმების, დეტალების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებლები, რომელთა გამოშვება არარენტაბელურია მსხვილი საწარმოებისათვის. აღნიშნული საფუძვლად უდევს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებში მცირე საწარმოების განსაზღვრის და მათი როლის მიმართ სისტემურ მიდგომას. ბოლო წლებში, მიუხედავად კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციისა რიგ ქვეყნებში, არ მომხდარა მცირე და საშუალო ბიზნესის მასშტაბების შეზღუდვა, რამდენადაც მათ სიცოცხლისუნარიანობის არნახული უნარი გამოავლინეს.
განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ეროვნული მთავრობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასეთ საწარმოებს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი მოსახლეობაში საშუალო კლასის ფორმირების საფუძველია, რომელიც ეკონომიკის სტაბილური განვითარების ბაზას წარმოადგენს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაქმებს.
საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა საქართველოში მცირე მეწარმეების დასახმარებლად ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა ბიზნესის ეს სექტორი, განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად მცირდება. შემცირებულია საშუალო ზომის საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. საქართველოს ეკონომიკაში როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წილი რეგისტრირებულ სუბიექტებში ბევრად ნაკლებია.
საქართველოში ბიზნესს მოსახლეობის 4% ფლობს, ევროპაში – 6%, განვითარებად ქვეყნებში კი – 15%. საქართველო დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობას არ უჩივის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიკრო, საშუალო და მცირე ფირმების რაოდენობა არ იზრდება. მეტიც, ბევრი ფირმა დაარსების წელსვე ეთიშება ბაზარს. გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ 222 418 ახალი საწარმო შეიქმნა და აქედან 13-14%-მა მოახერხა საქმიანობის გაგრძელება, ანუ ყოველი 10 დარეგისტრირებული საწარმოდან 7-8 დაიხურა. 2013 წელს ბევრი ახალი საწარმო შეიქმნა: იანვარში 3 347; თებერვალში – 3 962; მარტში – 4 344; აპრილში – 4 739; მაისში – 3 805; ივნისში – 3 892; ივლისში – 4 310; აგვისტოში – 3 644; სექტემბერში – 4 313; ოქტომბერში კი 3 881 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. უცნობია, ვთქვათ, იანვარში დაფუძნებული, გნებავთ, მომდევნო თვეებში ბიზნეს-სუბიექტების ბედი, მსგავსი სტატისტიკა საქართველოში არ იწარმოება.
ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა მსოფლიო ბანკის კვლევამ: საქართველოს მასშტაბით 300 მცირე, საშუალო და მიკრო საწარმო გამოიკითხა.
გამოკითხულთა 63%-მა ბიზნესის დაწყების მიზეზად ის დაასახელა, რომ ვერ იშოვა სხვა სამსახური. მცირე და საშუალო კომპანიების დამფუძნებელთა 31,8%-ს ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. მაგისტრის ხარისხის მქონე მცირე ბიზნესის დამფუძნებელი 17,7%-ია.
ექსპერტთა ნაწილი ამ ტენდენციას ბუნებრივ მახასიათებლად მიიჩნევს ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საბაზრო ურთიერთობები ახლა ყალიბდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ”სტარტაპების” ბედი არც განვითარებულ ქვეყნებშია სახარბიელო. ზოგიერთი მონაცემით, ”სტარტაპების” 75 პროცენტი უცხოეთშიც ქართული საწარმოების ბედს იზიარებს.
მიზეზები და გარემოებები, რომლებსაც ექსპერტები ბიზნესის სიცოცოცხლისუუნარობის გამომწვევად მიიჩნევდნენ, ახალი ხელისუფლების პირობებში თითქოს მოხსნილი უნდა იყოს, საუბარია მონოპოლიებსა და სახელმწიფო მანქანის ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლაზე. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი სულაც არ მიიჩნევს, რომ ბაზარი გათავისუფლდა. ყოვნდება ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც, ხელისუფლება ირწმუნება, რომ მისი ჩამოყალიბება გაზაფხულს არ გადააცილებს.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქართული საწარმოებისთვის მთავარი დაბრკოლება საშუალო და გრძელვადიანი დაფინანსების მოპოვებაა. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად საჭირო ფული ხელმიუწვდომელი გახდა. ბანკები, ძირითადად, იპოთეკურ სამომხმარებლო სესხებს გასცემენ და ვაჭრობას აფინანსებენ.
ამ პირობებში ხელისუფლება მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნაზე ალაპარაკდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გახდა. სააგენტოს შექმნა 2014 წელს იგეგმება, მისი სერვისების მიღება კი უკვე მეორე კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. ის სამი წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს. სააგენტოს მიზანი მეწარმეობის კულტურის დანერგვა და მეწარმეობის წახალისება იქნება.
სააგენტოში დამწყები მეწარმეების იდეები ”გაიცხრილება”, კარგი იდეები კი პროფესიონალი თანამშრომლების მიერ ბიზნეს-იდეებად შეიფუთება და მათი დაფინანსების საკითხს საბანკო დაწესებულებები განიხილავენ. ”არიან ახალგაზრდები, რომლებთაც ინოვაციური იდეები აქვთ, მაგრამ ამ იდეების დაფინანსების ინსტიტუციონური მექანიზმები არ გააჩნიათ. არც ერთი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დამწყებ ბიზნესებს არ აფინანსებს. სწორედ ეს საბაზრო ჩავარდნა გვინდა რომ შევავსოთ, შევქმნათ სპეციალური სააგენტო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონ ლარს დახარჯავს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
სპეციალისტები, ზოგადად, კარგი ბიზნეს-პროექტების ნაკლებობას უჩივიან. EBRD-ის მიერ შარშან გაკეთებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჩატარდა OECD-თან, ევროკომისიასა და ტრენინგის ევროპულ ფონდთან ერთად რეგიონის ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩვენმა ქვეყანამ შესამჩნევ წინსვლას მიაღწია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ოპერატიული გარემო, ფინანსების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო შესყიდვები, მაგრამ ნაკლები წარმატება აჩვენა ინოვაციის თვალსაზრისით.
EBRD-ის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელის, იააპ სპრეის განცხადებით, მათ გასული ათი წლის განმავლობაში მხარდაჭერა აღმოუჩინეს 750-ზე მეტ პროექტს იმ კლიენტებთან ერთად, რომლებიც ახორციელებდნენ ადგილობრივი კონსულტანტების ჩართვას და დაახლოებით 50 პროექტს ადგილობრივ კლიენტებთან ერთად, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მრჩეველთან. დასრულებული ერთი წლის შეფასებისას იააპ სპრეი აცხადებს: ”ჩვენი 5 კლიენტიდან დაახლოებით 4 ზრდის თავის ბრუნვას და 3-დან 2-მა კლიენტმა დაიქირავა ახალი თანამშრომლები. იმის გათვალისწინებით, რომ თითო პროექტი ქმნის საშუალოდ 6 სამუშაო ადგილს, ჩვენ ხელი შევუწყვეთ 4,500-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში. ჩვენ კლიენტებს ასევე შეუძლიათ 40 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მოზიდვა EBღD-სა და ადგილობრივი ბანკების მეშვეობით”.
ამ სტატისტკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებელი ”სტარტაპის” ან არსებული ბიზნესის გაფართოების წაუმატებელი მცდელობის მიზეზი, არა მხოლოდ ფინანსური სახსრების არარსებობა ან სხვა რაიმე მიზეზი, არამედ ბიზნესის დამფუძნებლის, დაქირავებული ადამიანური რესურსის სათანადოდ მოუმზადებლობაცაა. თუკი, 5 ბიზნეს-სუბიექტიდან 4-ს შეუძლია კვალიფიციური ადამიანების დახმარებით თავის ბრუნვა გაზარდოს, გამოდის, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან დასმულ ამოცანას.
ჰერბერტ ნ. კესონის თავის ბიზნესის წარმატების #2 წესში წერს, რომ თითქმის ყველა წარუმატებლობის მიზეზი უცოდინარობასა და პრაქტიკული ჩვევების უკმარისობაშია, თუმცა ამის დაჯერება ბევრს არ უნდა. გამოუცდელი ბიზნესმენი გადაჭარბებით აფასებს თავის შესაძლებლობებს, რაც თავის ლოგიკურ შედეგს ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს. მართალია, ბანკი ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი უნდა იყოს და მხოლოდ მევახშის როლში არ გამოდიოდეს, მაგრამ მოუმზადებელი ბიზნეს-გეგმა რომ არადამაჯერებლად გამოიყურება და ამაში ფულს ვერავინ მიიღებს, ესეც ცხადია. სავალალოა ის სტატისტიკაც, რომლითაც სტატია დავიწყეთ: გამოკითხული 300 მეწარმიდან 63%-მა ბიზნესი მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ სხვა სამსახური ვერ იშოვა, ხოლო მაგისტრის ხარისხის მქონე მცირე ბიზნესის დამფუძნებელი მხოლოდ 17,7%-ია. ესე იგი, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია დაქირავებული იყოს და გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდეს, თუნდაც ზრდის გარეშე, ვიდრე საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს და თვითონ იყოს პასუხისმგებელი მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.
ძალიან ბევრი ბიზნესი წინასწარი კვლევის გარეშე ფუძნდება და ქართული კომპანიების უმრავლესობა კვლევისთვის თანხას არ ხარჯავს, არ აწარმოებენ გათვლას, ბაზრის კვლევას, კონკურენტების შესწავლას და სხვა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნეს-საქმიანობისთვის. ბიზნესი, მისი წარმატებული მართვა _ დროული, სწორი ინფორმაცია და დროული და სწორი გადაწყვეტილებებია. ამას კი შესაბამისი უნარ-ჩვევები და ცოდნა სჭირდება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების საფუძველი განათლებაშია. ის კლიშეები, რომლებიც ჩვენ საზოგადოებაში ღრმად არის ჩამჯდარი, მხოლოდ განათლებით შეიძლება დაიმსხვრას. ეკონომიკური განათლების თვალსაზრისით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ქვეყნებმა, რომლებთაც ბოლო წლებში მკვეთრი ეკონომიკური აღმასვლა განიცადეს – ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი – პრიორიტეტად ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა დაისახეს მიზნად. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სადოქტორო განათლების განვითარება. მსოფლიოში დოქტორანტურა სწავლების იმ საფეხურად მიიჩნევა, რომელიც ინოვაციებს ქმნის. სადოქტორო კვლევები გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან ის წარმოადგენს ინოვაციის საფუძველს და ძირითადი ძალაა საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარებისთვის. 2000-2009 წლებში ბრაზილიამ დოქტორანტების რაოდენობა 100%-ით გაზარდა, ხოლო ჩინეთმა 1998-2008 წლებში 400%-ით.
საქართველოში 3727 დოქტორანტია (კვლევა ჩაატარა ტემპუსის ოფისის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმა 2012-2013 წლებში). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუფინანსებს სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.
კონკურსის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან 60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტ-
ორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიაუნი-დან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).
რა როლი აქვს სახელმწიფოს ბიზნესის ხელშეწყობაში, რა შეიძლება მთავრობამ ამ სიტუაციაში მოიმოქმედოს? მსოფლიო ბანკი ურჩევს საქართველოს მთავრობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქვეყანაში თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით. ასეთია, მაგალითად, კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჩამოყალიბება, საკუთრების უფლების განმტკიცება, ინვესტორებისთვის უსაფრთხოების კანონმდებლობის შექმნა, ექსპორტის წახალისება და მხარდაჭერა ბაზრებზე დასამკვიდრებლად. რეკომენდაციებს შორის არის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომის გაადვილება, რაც ხარჯებსაც შეუმსუბუქებთ. რეკომენდაციებს შორის არის გაკოტრების კანონმდებლობის დახვეწა, რათა კომპანიებმა დროულად შეძლონ ბაზრიდან გასვლა და საბანკო სექტორთან ახალი ურთიერთობების დაწყება. რეკომენდაციებს შორისაა მეწარმეობის ცნობადობის ამაღლება წარმატებული მეწარმეების ჩვენებით. მაგალითად, სომხეთსა და უკრაინაში პრაქტიკულად ყოველდღე ქვეყნდება პუბლიკაციები წარმატებულ მეწარმეებზე, განსაკუთრებით IT სფეროში.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი: ”სახელმწიფოს როლი უნდა იყოს კოორდინაცია. უნდა დავიჭიროთ სწორი ბალანსი ტექნიკურ დახმარებასა და ფინანსებთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ფინანსურ ინსტრუმენტებთან და ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს დავნერგავთ, რომლებიც ამ ეტაპზე მიუწვდომელია, თუმცა მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესმენებისთვის. ასევე შევქმნით ინსტრუმენტს, რომელიც წაახალისებს ბიზნესებს იმისათვის, რომ კვლევაში უფრო მეტი ენერგია და სახსრები დახარჯონ. მიდგომა იქნება კომბინირებული”.