რა ღირს დასვენება საქართველოში?
რედაქციისაგან
საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად ტურიზმი მიიჩნია. პირველმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა და ბათუმში პირველი კოლხი ქალის – მედეას ქანდაკება დაიდგა. მომდევნო ნაბიჯი უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეების საჩივრების საპასუხოდ გადაიდგა, რაც საქართველოში მომსახურების დაბალ დონეს შეეხებოდა – კერძოდ, ქობულეთში გაიხსნა პირველი ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც დამლაგებლებს აღზრდის. ქვეყანაში ამ ტიპის კიდევ 11 ახალი სკოლის გახსნა იგეგმება.
ზღვის სეზონის მოახლოებას დამსვენებლები და აჭარის მოსახლეობა ერთნაირად ელიან, აჭარლების წლიური შემოსავლის დიდი ნაწილი ზღვის სეზონზე მოდის, მაგრამ წელს მათ ერთი პრობლემა გაუჩნდათ – ბათუმის მთავრობის ინიციატივით აჭარის ბინების გამქირავებლებს სალარო-აპარატების გამოყენება დაევალებათ, რასაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქტიურად აპროტესტებს. დასაქირავებელი ბინების ფასებს სომხეთიდან ჩამოსული დამსვენებლებიც აძვირებენ – მოარული ხმების თანახმად აჭარლები ბინის ქართველებზე მიქირავებისგან თავს იკავებენ და სომეხ მუშტარს ელიან.
ბათუმსა და ქობულეთში საცხოვრებელი სახლის ქირა 15-20 ლარიდან იწყება, თუმცა მათი ხარისხი საეჭვოა, ხოლო კომფორტული სახლის ქირის საწყისი ფასი 20 დოლარიდან უნდა ვივარაუდოთ. სასტუმროების ფასი 50 დოლარიდან იწყება და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად იზრდება. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას აჭარაში, უნდა ითქვას, რომ აჭარის სასტუმროებთან შედარებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეც მისაღები ფასებია, ხოლო გარუჯვის მოყვარულები ყოველ დილას მოსალოდნელი ღრუბლიანობის, წვიმისა და შტორმის შესახებ არასოდეს ღელავენ. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია უცხოელმა დამსვენებელმა ხმელთაშუა ზღვის უღრუბლო სანაპირო აჭარის ცვალებად ამინდებზე გაცვალოს.
წელს ურეკში დამსვენებელთა დიდ ნაკადს ელიან, იქ 20-ზე მეტი პანსიონი და სასტუმრო ფუნქციონირებს, სასტუმროს ფასები 50 დოლარის ფარგლებშია. ჭარბადაა სასტუმროს ტიპის მცირე ზომის დასასვენებელი სახლები, სადაც შედარებით დაბალი ფასებია – 15 დოლარიდან დაწყებული. თუმცა საცხოვრებელ ადგილებს მოსახლეობაც გააქირავებს.
შედარებით იაფად დაისვენებთ შეკვეთილში, თუმცა ფასებში დიდი სხვაობა მაინც არ იქნება. იგივეს თქმა შეიძლება გრიგოლეთზეც, საცხოვრებელი სახლის ფასის საწყისი თანხა 30-40 ლარია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლეთში ხალხის დიდი ნაკადი არ არის და არც ელიან, თუმცა იქ პატრიოტთა ბანაკია. იქ 100 კვადრატული მეტრი ფართის ფასი 300-500 დოლარის ფარგლებშია, ხოლო პრესტიჟულ ადგილებზე კი – 1000 დოლარი ღირს.
სურამში დამსვენებელთათვის: ბინის დაქირავება დღეში 15-20 ლარიდან იწყება და 50 ლარს აღწევს, ბორჯომის წყლების მოყვარულებს 10 დღე ბინის დაქირავება 250 ლარიდან დაგიჯდებათ, მაგრამ ბინის მყუდროებისა და ქირის ფასი ერთნაირად გაიზრდება. ბორჯომის სასტუმროებში კი დასვენება დღეში 50-100 ლარი ღირს.
ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე კიკეთში დასასვენებლად სახლის დაქირავება 200-2000 ლარი ღირს, კოჯორში კი სეზონად თვე ნახევრიდან ორ თვემდეა მიჩნეული და საცხოვრებელი სახლის ფასი სეზონზე 300-3000 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება წყნეთის შესანიშნავ ჰაერს, თუ მისით ფილტვების დატკბობა გსურთ, სეზონზე 400-დან 5000 დოლარამდე უნდა გადაიხადოთ.
გუდაურის სასტუმრო “მარკო-პოლოში” ფასები დღეში 173 ლარიდან იწყება და ოჯახურ პაკეტზე ფასდაკლებებია გათვალისწინებული. უცხოელებს შესანიშნავად შეუძლიათ სასიამოვნოსა და სასარგებლოს ურთიერთშერწყმა, “მარკო-პოლო” მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამიტომ ეს სასტუმრო ბევრი უცხოელის საქმიანი შეხვედრების რჩეული ადგილია.
დასვენება და ტურიზმი 2007
ყველა ვფიქრობთ ამ გაგანია სიცხეში სად დავისვენოთ, რა დაგვიჯდება და ეყოფა თუ არა ჩვენი მწირი ბიუჯეტი ამ საქმეს. თან აუცელებლად კომფორტი გვინდა ჩვენი პირმშოებისათვის და მეუღლისათვის, გვინდა მეგობრებთან გართობაც და თუნდაც 2 კვირით. არ მინდა ვიცრუო ან ვინმეს რეკლამირება, მაგრამ ივლისში ბათუმში გამოვიარე და ვერ ვიცანი. თბილისში ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული, აქაო და თურქეთი უფრო იაფიაო, არა ბატონებო, ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს ინტურისტის ნომრებიც ყველაზე იაფია – 125 დოლარი ერთი ნომერი და ფანტასტიური ორჯერადი კვება. ნომერში მინიმუმ სამი პიროვნების განთავსება შეიძლება. თქვენ ერთი დღით დასვენება 30-40 დოლარი დაგიჯდებათ. ასეთ ფასებს, ასეთი სერვისით, მართლაც, ვერსად შეხვდებით, ამასთან სრული კომფორტი – ორი აუზით, ბარით და რესტორნით. ახლა საუზმე და ვახშამი უნდა ნახოთ – გემოვნებით შერჩეული მენიუ, უთბილესი მომსახურობა რესტორანშიც, ბარშიც და ნომერშიც, ბევრი ცნობილი სახეები და ზღვის სანაპიროზე მაღალი დონის მომსახურობა და გართობა. ღამის ბარებში ურიცხვი რიგი, ახალი მომღერალი შადრევანი, თავის კაფეებით, სკუტერებითა და კვადროციკლებით. არა, ბათუმში შეუძლებელია წელს მოიწყინოთ და თუ ინტურისტს ვერ შეწვდებით, 12-15 ლარი დაგიჯდებათ კერძო სექტორში ერთი ადამიანის დასვენება, ხოლო დაბალი კლასის სასტუმროებში – 12-18 დოლარი. არ მეგონა სანაპირო ზოლი ასეთი დამშვენებული თუ იქნებოდა, ასე შორს გადაჭიმული და აკვაპარკით დაგვირგვინებული. სრული სიმშვიდე და წესრიგი, არავითარი კრიმინალი და არეულობა, იქვე შეგიძლიათ შაბათ-კვირას 150$-ად სტამბულშიც გაისეირნოთ აია-სოფიას სანახავად ან სულაც იახტით გაისეირნოთ შავ ზღვაზე. არა, საოცარია გარდაქმნილი ბათუმი – ღირს იქ დასვენება, იგი აუცილებლად უნდა ნახოთ.
გარუჯვა სასარგებლოა თუ მავნებელი
XXI საუკუნის დასაწყისში მოდა გარუჯვაზე კოკო შანელმა შემოიღო. მაშინ მხოლოდ ერთეულები თუ ბედავდნენ პლაჟზე გაშიშვლებას. დღეს კი, ალბათ, არ არის ადამიანი, ვინც უარს იტყოდა მზის აბაზანების მიღებაზე. შედეგი კი ის არის, რომ – თუ ადრე კანის კიბოთი უმეტესად 40-45 წლის ასაკში ავადდებოდნენ, დღეს ეს ზღვარი 20-30 წლამდე ჩამოვიდა.
პლაჟზე მზის მწველი სხივების ქვეშ ვგრძნობთ, თუ როგორ იღვრება სასიამოვნო სითბო მთელს სხეულში, გვეწევა გუნება-განწყობილება. ორგანიზმი კი ამ დროს შეუპოვრად ცდილობს თავი დაიცვას. კანი ოფლის წვეთებით იფარება და ამგვარად გაგრილებას ცდილობს. ტვინი კი ბრძანებას აძლევს კანის განსაკუთრებულ უჯრედებს – მელანგოციტებს – დაიწყონ მაშველი ოპერაცია. ისინი გამოიმუშავებენ პიგმენტს – მელანინს, რომელიც როგორც ცეცხლსაქრობი, ახშობს მზის რადიაციის ნაკადს. კანის გაწითლება იმის ნიშანია, რომ მზის აბაზანების მიღება უკვე საკმარისია, ჯანმრთელი გარუჯვისთვის საჭირო ულტრაიისფერი სხივების დოზა მიღებულია აი, შემდეგ იწყება მზის დამწვრობა, იზრდება კანის კიბოთი დაავადების ალბათობა, ვინაიდან ულტრაიისფერი სხივები ამსხვრევს დნმ-ის მოლეკულებს. მართალია, კანის კიბოთი ყველა ის ადამიანი როდი ავადდება, ვინც ირუჯება, მაგრამ არის ერთი არასასიამოვნო მომენტი, რომელიც 100 პროცენტითაა გარანტირებული ყველა მზეზე გარუჯვის მოყვარულთათვის – კანის ნაადრევი დაბერება. “ჩვენზე ზემოქმედებს AA და B სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივება – აცხადებს სან-მარინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი სტელიოს მინარი. B ტიპის სხივები კანს სასურველ ბრინჯაოსფერს ანიჭებს. AA ტიპის სხივები კი უფრო ღრმად აღწევს, იწვევს იმუნიტეტის მკვეთრ დაქვეითებას, აზიანებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს, რომლებიც აყალიბებენ კანის გარსს. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში კანი მოდუნებული, ხორკლიანი ხდება, ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.
რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ მზის სხივებს მხოლოდ ზიანი მოაქვს, ჭეშმარიტების წინააღმდეგ შეცოდება იქნება.
ულტრაიისფერი გამოსხივება კანში ერგოსტეროლს (სტეროიდული ტიპის ნივთიერება) გადააქცევს D ვიტამინად, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კუნთებისათვის. თუმცა D ვიტამინის საჭირო რაოდენობა გამომუშავდება უკვე 20 წუთის დასხივების შემდეგ. მზის სხივები ასტიმულირებს თავის ტვინის ჯირკვლებს, რათა გამოიმუშაოს უფრო მეტი რაოდენობის ტრიპტამინები – ნივთიერება, რომელიც განწყობას ამაღლებს. ამასთან, ინტენსიური გარუჯვის შემდეგ საკმაოდ მცირდება იმუნური სისტემის დამცავი უჯრედების რაოდენობა. მზის დასხივება ხელს უწყობს პროსტატის, მსხვილი ნაწლავის, სისხლის კიბოს განვითარების პროცესების შეჩერებას. საიდუმლო კი კვლავ D ვიტამინშია, რომლის უკმარისობა არღვევს მათ ფუნქციონირებას. თუმცა ულტრაიისფერი სხივების ზედმეტი დოზის მიღებამ შეიძლება დააჩქაროს სარძევე ჯირკვლისა და კანის კიბოს განვითარების პროცესი.