საშუალო კლასი საქართველოში: მისი სოციალურ-ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა
იოსებ არჩვაძე
საშუალო კლასის (ფენის) სიდიდეზე, პოზიციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი ქვეყნის განვითარების ვექტორი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ფონი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბოლო წლებში საზოგადოება და მეცნიერები აშკარად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მის შესწავლას. გასაგები მიზეზების გამო აქცენტი საშუალო კლასში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული ანალიზიდან გადატანილ იქნა საზოგადოებაში სიღარიბის შესწავლისა და დაძლევის, ზოგადად ეკონომიკური ზრდის საკითხებზე.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სოციალურ სტრატიფიკაციას ოპტიმალურობის აღიარებული პროპორციები აქვს. ასეთი ეკონომიკის პირობებში საშუალო კლასის წილად უნდა მოდიოდეს მოსახლეობის 60-65 პროცენტი, მდიდრების წილად – 20 პროცენტამდე და ღარიბებისა – არაუმეტეს 15-20 პროცენტი. დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის ამგვარი “სამფენოვანი” სტრატიფიკაცია, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, საკმაოდ შორსაა ხსენებული პროპორციებისაგან.
რატომაა საჭირო საშუალო კლასის კვლევა და რა კრიტერიუმები არსებობს ამ ფენომენისადმი ცალკეული ადამიანის, ოჯახის, შინამეურნეობის მისაკუთვნებლად?
საშუალო კლასის გნოსეოლოგიური, პოლიტიკურ-ეკონომიკური კვლევა და შესწავლა მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ეს კლასია ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი საზოგადოების დანარჩენ ორ დიდ (ფაქტობრივად პოლარულ) ჯგუფს – მდიდრებსა და ღარიბებს შორის.
ადამიანის (ოჯახის) საშუალო კლასისადმი მიკუთვნებისათვის აუცილებელია მისი მატერიალურ-ქონებრივი, საშემოსავლო მდგომარეობის, სოციალურ-პროფესიული სტატუსისა და თვითიდენტიფიკაციის გარკვეული თანხვედრა. ამასთან, საზოგადოების წინსვლა, ეკონომიკური აღმავლობა დადებით კორელაციურ კავშირშია საშუალო კლასის სიდიდესთან, მის წილთან მთელ მოსახლეობაში.
სამწუხაროდ, მთელ რიგ მიზეზთა გამო ეკონომიკური ტრანსფორმაციის, რეფორმების, ტოტალური განსახელმწიფოებრიობის, პრივატიზაციის პროცესებმა საშუალო კლასზე მეტად მდიდრებისა და ღარიბების ფორმირებასა და რიცხოვნულ ზრდას შეუწყო ხელი. უფრო მეტიც, აღნიშნულ პერიოდში სწორედ საშუალო კლასის “ძველი წარმომადგენლების” ხარჯზე მიიღეს მდიდრებმა და ღარიბებმა მნიშვნელოვანი “შევსება”. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი ხნის განმავლობაში სიმდიდრის დაგროვება საქართველოში მნიშვნელოვანწილად სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა ხორციელდებოდა, ამ საქმეში ყველაზე “წარმატებული ფენა” განაწილების ბერკეტებთან მყოფი ნომენკლატურა იყო. რეალური საბაზრო ურთიერთობების პირობებში ბიზნესის წარმოების პრაქტიკული გამოცდილების უქონლობამ, ეკონომიკის “საბჭოურ” სტრუქტურაზე აღმოცენებული ნეკროეკონომიკამ პრივატიზებულ საწარმოთა დიდი ნაწილი ჯართად დაშლისა და ჯართის ფასად გაყიდვისთვის გაწირა. ამან მეტნაკლებად “გადაარჩინა” ასეთი “პრივატიზატორების” მიმდინარე მოხმარებისა და კეთილდღეობის დონე – სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად, ამგვარი ქონების კაპიტალიზაციის განუხორციელებლობის ხარჯზე.
ბოლო წლებში საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა შეამცირა მასობრივი კორუფციის მასშტაბები, თუმცა ამას რაიმე არსებითი გავლენა მოსახლეობის საერთო კეთილდღეობაზე, ისევე როგორც რაოდენობრივად საშუალო კლასის ზრდაზე, არ მოუხდენია. ამ ხნის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირება თითქმის თანაბარზომადი მასშტაბების იყო. გაიზარდა საშუალო ნომინალური და რეალური ხელფასი, შემოსავლები უფრო გამჭვირვალე და “სუფთა” გახდა, მაგრამ, ამავე დროს, მკვეთრად შემცირდა შემოსავლები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან1. ამ პერიოდში სისტემური ტრანსფორმაციისა და რეფორმების გამო დაახლოებით 140 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, გახდა უმუშევარი ან მოუწია საქმიანობის პროფილის შეცვლა. აღნიშნულის გამო მოსახლეობის შემოსავლებში, ანუ, “მოვიგეთ ხარისხში, მაგრამ ჯერჯერობით არა რაოდენობაში”. ოფიციალური სტატისტიკით, მოსახლეობის კეთილდღეობის დონე, მსყიდველობითუნარიანობა, ფულადი ხარჯები 2006 წელს რეალურ განზომილებაში (ინფლაციის გათვალისწინებით) სამი წლის წინანდელის დონეზე დარჩა.
“საშუალო კლასი” არაა ის მოსახლეობა, რომელიც “საშუალოდ” მოიხმარს და “საშუალო შემოსავალი” აქვს. ზოგადად ეს მოხმარებისა და კეთილდღეობის გარკვეული სტანდარტიცაა. ამიტომ საშუალო კლასისადმი მისაკუთვნებლად შემოსავლების, სიმდიდრისა და კეთილდღეობის საშუალო დონე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ საბაზრო ეკონომიკა იმდენადაა განვითარებული, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა 20 პროცენტს არ აჭარბებს, ხოლო თავად ეს საშუალო დონე საარსებო მინიმუმს 3-6-ჯერ აღემატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური შემოსავლები და შემოსავლები, რითაც ინდივიდი, შინამეურნეობა შეიძლება მიეკუთვნოს საშუალო კლასს, ერთი და იგივე არ არის – ისევე, როგორც ერთი და იგივე არ არის საარსებო მინიმუმისა და სიღარიბის ზღვრის ცნებები2. საქართველოში, მაგალითად, შინამეურნეობათა საშუალო შემოსავალი დაახლოებით 400 ლარია, შემოსავლების სიდიდე კი, რომელთა მიხედვითაც შინამეურნეობა შეიძლება საშუალო კლასს მიეკუთვნოს, მასზე სამჯერ მეტი3. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში შინამეურნეობათა 3/4-ის და მეტის საშუალო შემოსავალი არა თუ სჭარბობდა, არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საარსებო მინიმუმს. ამჟამადაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვს ყოველი ხუთიდან ორ შინამეურნეს. სიღარიბის სიღრმე კი, ანუ ღარიბი ოჯახების სიღარიბის ზღვრამდე დაშორების წილი მთელი მოსახლეობის სიღარიბის ზღვრის დონეზე ჯამური მოხმარებიდან, დაახლოებით 20 პროცენტია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდამავალმა პერიოდმა მნიშვნელოვანი ასიმეტრია განაპირობა მოსახლეობის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ორი ნიშნით (დაგროვილი ქონებითა და მიმდინარე შემოსავლებით) განსაზღვრაში. 1990-იანი წლების შუახანებისათვის შინამეურნეობათა უმეტესობა (დაახლოებით 3/5) დაგროვილი ქონების ელემენტებით საშუალოსა და საშუალოზე მაღალ სოციალურ ჯგუფს ეკუთვნოდა, ხოლო მიმდინარე შემოსავლებით – საშუალოზე დაბალს, ან პირიქით. მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტი იყო ორივე ნიშნით – შემოსავლებითა და დაგროვილი ქონებით – ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი4.
ამჟამად, ჩვენი შეფასებით, თბილისში საშუალო კლასისადმი მისაკუთვნებლად საშუალო (ფაქტობრივად ოთხსულიან) ოჯახს უნდა გააჩნდეს ბინა/სახლი – დაახლოებით 90-100 კვადრატული მეტრი, 4.5-9.0 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი წლიური მიმდინარე შემოსავალი და არანაკლებ 45-50 ათასი აშშ დოლარის დაგროვილი ქონება (ბინის გარდა), საიდანაც სულ ცოტა, 1/5-1/4 სავალუტო დანაზოგი, დეპოზიტი ან სხვა მაღალლიკვიდური ქონებრივი ელემენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშუალო კლასისადმი იდენტიფიცირება გულისხმობს პიროვნების (ოჯახის) გარკვეულ ფინანსურ-ეკონომიკურ სიმყარეს, რომელიც არ შეიცვლება მისი დასაქმების სტატუსისა თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო, საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არანაკლებ 9-12 თვე). მაგალითად, სამუშაოს შეცვლა, სამსახურებრივი წინსვლა ან ჩამოქვეითება არ უნდა წარმოადგენდეს საშუალო კლასში გადასვლის ან მისი დატოვების ავტომატურ საფუძველს. თუ ადამიანი მიეკუთვნება საშუალო კლასს თავისი საქმიანობის მანძილზე, ასეთივედ უნდა დარჩეს იგი პენსიაზე გასვლის შემდეგაც5.
ყოველივე ამის გამო, ასევე, დაგროვილი ქონების, შემოსავლებისა და ხარჯების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, დღევანდელ საქართველოში საშუალო კლასის წარმომადგენლების რაოდენობა ოპტიმალურ დონესთან შედარებით დაახლოებით 8-ჯერ დაბალია. საქართველოში თავისი ფაქტობრივი მოხმარებით, კეთილდღეობით საშუალო კლასს ამჟამად შეიძლება მიეკუთვნოს მოსახლეობის არაუმეტეს 8-9 პროცენტი, ანუ დაახლოებით 320-350 ათასი ადამიანი, რომელთაგან თითქმის ნახევარმა ეს სტატუსი “ბაზრამდელი” (საბჭოთა) პერიოდიდან შეინარჩუნა, დანარჩენნი (“ახალი საშუალოები”) კი ამ კატეგორიაში ბოლო 15 წლის განმავლობაში განვითარებული პროცესების შედეგად “ჩაეწერნენ”. შესაბამისად, დღეისათვის საქართველოს შინამეურნეობათა 86 პროცენტი ღარიბია, ხოლო 5 პროცენტი – შეძლებულები და მდიდრები6. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღარიბ-ღატაკთა (საშუალო კლასს ქვემოთ მყოფთა) რაოდენობა 17-ჯერ აღემატება შეძლებულთა და მდიდართა (საშუალოზე ზემოთ მყოფთა) რაოდენობას. ამავე დროს უმდიდრესი 5%-ის შემოსავლები 63-ჯერ აღემატება უღარიბესი 5%-ის შემოსავლებს.
საქართველოში ბოლო 15-20 წლის მანძილზე “ბაზრამდელი” საშუალო კლასის შემადგენლობიდან ამოვარდა დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 1/3-მდე გავიდა ქვეყნიდან. აქ დარჩენილთაგან კი თავისი ძველი, “საშუალო სტატუსი” შეინარჩუნა მხოლოდ ყოველმა მეათემ, გამდიდრდა – 5-6 პროცენტამდე, დანარჩენებმა ღარიბთა რიგები შეავსეს… სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნულ პერიოდში საშუალო კლასის აბსოლუტური და შეფარდებითი შემცირება თავისი დატვირთვით და შედეგიანობით ფაქტობრივად იმავე მასშტაბისა იყო, როგორიც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლების მიჯნაზე (კულაკობის სოციალური გაქრობისათვის წარმოებული კომპანია).
ამჟამად ფაქტობრივად, ხელახლა ხდება საშუალო კლასის ფორმირება. 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ საქართველოში შეინიშნება საშუალო კლასის წილის ზრდის (თუმცა ზომიერად ნელი) ტენდენცია – ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში საშუალოდ 0.4-0.5 პროცენტული პუნქტით7, რაც, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ანალოგიური მატების ტემპზე თითქმის ოთხჯერ დაბალია.
რატომაა საშუალო კლასის წილი ასეთი დაბალი საქართველოში?
ამის ძირითადი მიზეზი ეკონომიკის საერთო განუვითარებლობა, მასში საშუალო და მცირე ბიზნესის დაბალი წილია. საქართველოში საშუალო ბიზნესის წილად მოდის მთელი გამოშვების მხოლოდ 15 პროცენტი, მაშინ როდესაც EU-27-ში – დაახლოებით 2/5. ევროკავშირში ერთი ამდენივე უკავია მსხვილ ბიზნესს (საქართველოში – 3/4), ხოლო საშუალო ბიზნესის წილად დაახლოებით 1/5 (საქართველოში – 1/10). გამოდის, რომ მსხვილი ბიზნესის წილი საქართველოში ევროკავშირისას თითქმის 2-ჯერ აღემატება, სამაგიეროდ, საშუალო ბიზნესის წილი 2-ჯერ, ხოლო მცირე ბიზნესის წილი საქართველოში თითქმის სამჯერ დაბალია შესაბამის ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, ბოლო წლებში არა თუ არ გაზრდილა ასეთი ბიზნესის წილი, არამედ რამდენადმე შემცირდა კიდეც, რაზეც დანართში მოტანილი ცხრილი 2 ადასტურებს. არადა, მცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი სამუშაო ადგილები, მასობრივი დასაქმება, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა, კეთილდღეობის განსაზღვრული დონე… ასეთი ბიზნესის განვითარების გარეშე რეალურ პროგრესზე და კეთილდღეობის არსებით ზრდაზე საუბარი წარმოუდგენელია. საქართველოში ასევე მცირეა იმ მეწარმეთა რაოდენობა, რომლებიც დაქირავებული პირების შრომას იყენებენ. დღეისათვის, ოფიციალური სტატისტიკით, მათი რაოდენობა 20 ათას კაცს – თვითდასაქმებულთა 1.8 პროცენტს – არ აღემატება. თვით აშშ-ში, მსხვილი კაპიტალის ამ “სახელმწიფო-ნაკრძალშიც” კი სახელმწიფო შეკვეთების დიდი ნაწილი, მართალია, როგორც წესი, მსხვილ კომპანიებს მიეცემა, მაგრამ შემდეგ ესენი შეკვეთის ღირებულების 70%-ს ქვეკონტრაქტების სახით გადასცემენ სხვა, უფრო წვრილ და მობილურ კომპანიებს. ეს ზრდის ეკონომიკის, ნებისმიერი მოცულობის ბიზნესის ცხოველმყოფელობას და კონკურენტულ გარემოში საკუთარი ნიშის შენარჩუნების შესაძლებლობას. ამიტომ, სახელმწიფომ საშუალო კლასის რაოდენობის ზრდას ორი მიმართულებით უნდა შეუწყოს ხელი: ჯერ ერთი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, საგადასახადო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციით და მეორეც, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების ამაღლებით. ეს ორი მიმართულება მჭიდროდ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რადგან საზოგადოების მდგრადობა მთლიანობაში მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ გარემოებათა თანხვედრით მიიღწევა.
საბაზრო ეკონომიკაზე ტრანსფორმაციის პროცესში საშუალო კლასის ჩამოყალიბების, მისი როლის, სოციალური და ეკონომიკური წონის განსაზღვრის, შესწავლის პროცესს არა აქვს მხოლოდ წმინდა შემეცნებითი დატვირთვა. თუ რამდენად მრავალრიცხოვანია საშუალო კლასი და რამდენად მაღალია მისი წილი მოსახლეობაში, იმდენად ძლიერია მისი გავლენა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასა და განვითარების ვექტორზე. ამით ამ კლასს გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური და ისტორიული მისიაც აკისრია: არ დაუშვას ხელისუფლებაში მარგინალური შეხედულებების პოლიტიკური ძალები, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სტაბილურობა.. ეს პრინციპი ირღვევა იქ, სადაც ადგილი აქვს საშუალო კლასის ისტორიული როლის დაკნინებას და, ფაქტობრივად, იგნორირებას. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს, რომ რევოლუციები, როგორც წესი, (მო)ხდება იმ ქვეყნებში, სადაც დაკნინებულია საშუალო კლასის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფუნქცია, სადაც მისგან წამოსული საზოგადოების განვითარების ვექტორი, ან შესაბამისი სიგნალი სუსტია, “არ ესმით” სხვა ძალებს და შედარებით ადვილია მისი “ჩახშობა”, იგნორირება, მანიპულირება… გარკვეულწილად ეს მოხერხდა 1930-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში, როდესაც დემოკრატიულ ძალთა დაქსაქსულობამ ხელი ვერ შეუშალა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლას. ამის საპირისპიროდ, საშუალო კლასი და საზოგადოება მთლიანად აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე საფრანგეთში, როდესაც მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებში 2002 წელს არავითარი შანსი არ დაუტოვა ულტრანაციონალისტ ლე პენს და მემარჯვენე-ცენტრისტი შირაკი აირჩია. უფრო მეტიც, საფრანგეთის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3/4-ზე მეტი სწორედ ცენტრისტული ძალების წარმომადგენლებმა (სარკოზი, რუალი, ბაირუ) მიიღეს.
იმ კატაკლიზმებისა და რევოლუციური ცვლილებების გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სინამდვილეში 1990-იანი წლების შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საშუალო კლასი საქართველოში ჯერაც ჩამოყალიბებისა და კუთვნილი ობიექტური ისტორიული ადგილის ძიების პროცესშია, თუმცა შესაბამისი ტრადიციების დეფიციტის გამო საზოგადოებას სერიოზული პრობლემები ექმნება დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისა და ამ უკანასკნელთა დაცვის თვალსაზრისით.8 ამიტომ საშუალო კლასის ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში მისი წილის “ევროსტანდარტებამდე” აყვანას უკავშირდება საბაზრო ეკონომიკაზე ჩვენი ქვეყნის გადასვლის ისტორიული შანსი და პერსპექტივები…