ევროპის ბაზრის დაპყრობის შანსი 14-17 ნოემბერს თბილისში
ემზარ ჯგერენაია
საქართველოს ეკონომიკისათვის ევროინტეგრაციის პრობლემა უმთავრესია. ეს უპირველესად მოიცავს:
1. საექსპორტო ბაზრის გეოგრაფიის ცვლილებას;
2. სამუშაო ძალის ექსპორტის და ამით მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას;
3. ახალ ინვესტიციებსა და ტექნოპარკის მოდერნიზაციას;
4. პირდაპირ დახმარებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და საექსპორტო წარმოების მშენებლობაში;
5. მისაწვდომ საფინანსო რესურსებს;
6. სრულყოფილ დემოკრატიულ წყობას და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.
7. ევროპული სტანდარტების და ტექნიკური პირობების დანერგვას.
თავისთავად ევროპული ბაზარი რთული ეკონომიკური მექანიზმია და საქართველოს მასთან ურთიერთობის თემა არ შეიძლება მარტივად, მარტო კეთილგანწყობითგანისაზღვროს, ავიღოთ თუნდაც შეღავათებისა და პრეფერენციების სისტემა – GSP+. საქართველომ ამ შეღავათებისაგან ბევრი სიკეთე ვერ მიიღო, მიზეზი ბევრია და მათგან უპირველესია ის, რომ ჩვენმა მეწარმეებმა არ იციან ევროპული სტანდარტების და შეფუთვის წესები. ამიტომ ასე პირდაპირ გერმანიის ბაზარზე შესვლა ქართულ ბიზნესს და საქონელს, მათ შორის ღვინოს ძალიან გაუჭირდება. აუცილებელია ამ ეტაპზე “ხიდების” გამოყენება, ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ზუსტად გაიარეს ის გზა, რომლის გავლასაც ჩვენ ვცდილობთ – დღეს ქვეყნები არიან ევროსივრცეში. ამ თვალსაზრისით საინტერესო მაგალითია პოლონეთი, რომელმაც ბოლო 3-4 წელიწადში საერთოდ შეცვალა ექსპორტის გეოგრაფია და გახდა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სამრეწველო საქონლის უდიდესი მიმწოდებელი ევროპაში.
ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად 18-20%-ით გაიზარდა. ამის გარდა, აზიური წამყვანი ქვეყნებიც კი პოლონეთს იყენებენ, როგორც პლაცდარმს ევროპის ბაზარზე გასასვლელად და საკმაოდ წარმატებულადაც. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას ძალიან წაადგებოდა:
1. პოლონელ ბიზნესმენთა ერთობლივი საწარმოების შექმნა ევროპის ბაზარზე შესაღწევად, მათ შორის ღვინის სფეროში;
2. მეტად მნიშვნელოვანია პოლონური პროდუქციის ტექნოლოგიების და ნოუ ჰაუების იმპორტი საქართველოში და ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში;
3. პოლონეთის, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სახელისუფლებო შტოების მხარდაჭერა საქართველოში კონკრეტული საკითხეების გადაწყვეტაში და მათი გამოცდილების გაზიარება.
მაგრამ ჩემი აზრით, არის ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისა და კაჩინსკის ურთიერთობა სამაგალითოა და მეტად ინტენსიური ქვედა დონეზე, ეს კეთილგანწყობილი ურთიერთკავშირები ამის მიზეზია ის, რომ პოლონურ ბიზნესს არ იცნობენ ქართველი ბიზნესმენები და საერთოდ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლონეთშიც სუსტად ფლობენ ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს და საქართველოს პოტენციალის შესახებ. აქედან გამომდინარე, პოლონეთის ბიზნესწრეებმა გადაწყვიტეს მთავრობის სტრუქტურებთან ერთად გადადგან პირველი ნაბიჯები და 14-17 ნოემბერს თბილისში ჩატარდება პირველი ფართო პოლონურ-ქართული ბიზნესფორუმი და 50-მდე პოლონური ფირმის პროდუქციისა და ტექნოლოგიის გამოფენა. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა, პოლონეთის მრეწველთა კავშირის თავჯდომარემ განაცხადა, მათი მიზანია უშუალოდ გაიცნონ ქართული ბაზარი, მისი მოთხოვნები და შესაძლებლობები, დაამყარონ პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და ჩამოიტანონ ერთობლივი საქმიანობის წინადადებები. გამოფენაზე წარმოადგენენ დაწყებული რესტორნების და ბარების მოწყობილობებიდან დამთავრებული, სამხედრო მძიმე ტექნიკით და საფერენი აპარატებით.
ყველა ფირმას, რომელიც ნოემბერში თბილისში ჩამოვა, განაცხადა ჩვენთან საუბარში გამოფენის დირექტორმა სლავომირ მაიმანიმ, აქვს ევროპულ ბაზარზე მუშაობის სერიოზული გამოცდილება და მიაღწიეს საექსპორტო წარმოების განვითარებაში წარმატებებს. მნიშვნელოვანი იქნება იმ მეწარმეებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ დაიპყრონ ევროპული ბაზარი, გამოცდილება გაგვიზიარონ და გვასწავლონ თამაშის ის წესები, რომელიც ევროპაშია.
პოლონეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა პიოტრ გრეგორ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ პოლონეთს საექსპორტო წარმოების ხელშეწყობის მთელი სისტემა აქვს, რომელიც ასეთი დინამიური ზრდის ერთ-ერთი საფუძველი იყო. მათ შორის აღსანიშნავია სწორედ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისას დახმარება. კონკრეტულად, თბილისში ან სხვა ქვეყანაში, როცა მეწარმე აწყობს გამოფენას და იქ მონაწილეობს, მთელი საგამოფენო ხარჯების ნახევარს თავის თავზე იღებს. სახელმწიფოს ამისათვის მარტო ამ წელს 52 მილიონი ზლოტი აქვს გამოყოფილი ეკონომიკის სამინისტროსათვის, რომელიც თავის დაქვემდებარებაში მყოფი საინვესტიციო სააგენტოს საშუალებით აფინანსებს საექსპორტო ბიზნესის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.
მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ქართული ბიზნესისათვის აუცილებელი და საშურია, რადგან ჩვენ ჯერ არ გვიცნობს მსოფლიო ბაზარი. ამიტომ მიმაჩნია ეს გამოცდილება ფართოდ უნდა გავიზიაროთ და შეიძლებოდა 70%-ით დაგვეფინანსებინა საქართველოს ბიზნესის გამოფენაში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ევროპის ბაზარზე ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასვლის ძირითადი წინაპირობაა სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ კანონის სრულად ამოქმედება და სტანდარტიზაციის, ტექნიკური პირობების, ჰასაპის ევროპული სისტემის დანერგვა. ჩვენთან ამ კანონის ბევრი მუხლის ამოქმედება გადავიტანეთ შემდგომი წლებისათვის. არადა, ჩვენს ღვინოს და სხვა პროდუქტებს ამის გარეშე არ შეუშვებენ ევროპის ბაზარზე. ისიც გასაგებია, რომ ამ კანონის სრულად ამუშავება დაკავშირებულია სერიოზულ ხარჯებთან და ამის გამოც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ მოზეკ ვოიჟეშიჩი განცხადებამ , რომ პოლონეთმა გადაწყვიტა ეს პრობლემა და სოფლის მეურნეობაში თუ კვების მრეწველობაში ანალოგიური საკონტროლო სისტემა აქვს, როგორც საფრანგეთს და გერმანიას. ეს გახდა პოლონური პროდუქტის ევროპულ ბაზარზე მარშით შესვლის საწინდარი. ჩვენ ახლა გვაქვს თავისუფალი სახსრები ამ სისტემის დასანერგად, რათა დავეხმაროთ საქართველოს, ევროკავშირიც დაინტერესებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის საქონლით და გამოვყოთ სახსრები ამ კანონის სრულად ამუშავების ღონისძიებების დასაფინანსებლად. მან განაცხადა, რომ შეიძლებოდა 30 მილიონამდე თანხის მოძიება და საქართველოსთვის აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, პროდუქტის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება ერთადერთი გზაა ევრობაზრისაკენ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი სექტორის ბევრი ფირმა, რომლებსაც სურთ შეხვედრა საქართველოში ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ ერთობლივი წარმოების შექმნის და ინვესტირების და სადისტრიბუციო ქსელის გაცნობის სურვილი აქვთ. ჩემი თვალსაზრისით, პოლონური მხარის ეს წინადადება მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის განვითარებისათვის და ეს გამოფენა იქნება ევროპის ბაზრისკენ დერეფნის გაჭრის რეალური შანსი და რაც მთავარია, რუსეთის ემბარგოს შედეგების ლიკვიდაციის დასაწყისი.