როდემდე “დავიჭერთ” ლარს
ლევან ასათიანი
ევროკავშირში საბერძნეთის ბედის გაზიარებას ბევრ ქვეყანას უწინასწარმეტყველებენ, რაც ევროს სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. იაპონიისათვის სახელმწიფო ვალები კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება, ბრიტანულმა ფუნტ სტერლინგმა კი, წინასაარჩევნო ვნებათაღელვას ახლახან დააღწია თავი. პარალელურად, პოზიციებს იმყარებს აშშ დოლარი. მართალია, აშშ-საც აქვს პრობლემები ვალებთან და ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით და აქ ეკონომიკის ზრდის ტემპები არცთუ სახარბიელოა, მაგრამ ყველა ეს პრობლემა ევროკავშირსა და იაპონიას გაცილებით მძაფრად აწუხებს, ასე რომ, შეიძლება ითქვას – დოლარი და აშშ კვლავაც ყველაზე საიმედო საყრდენად რჩება ინვესტორებისათვის. ამასათანავე, ექსპერტების ვარაუდით, 2010 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება ევროკავშირსა და იაპონიასთან შედარებით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დოლარი სულ უფრო იმყარებს პოზიციებს მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს დოლარის გამყარება საქართველოზე და როგორ აისახება მსოფლიოს სავალუტო ციებ-ცხელება ქართულ ეკონომიკაზე?
ევრო შესუსტებას განაგრძობს და მინიმუმის ახალ რეკორდებს ამყარებს. ივნისის დასაწყისში ერთიანი ევროპული ვალუტა 1.2 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. რამდენიმე დღეში აზიის ვაჭრობებზე ევრო-დოლარის წყვილი 1.1875 ნიშნულამდე ჩამოვიდა, რაც 2006 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. იაპონურ იენთან მიმართებაში კი, ევროპული ვალუტა 2001 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 108.59 პუნქტზე დაფიქსირდა. გასული წლიდან დღემდე ევრომ საკუთარი ღირებულების 21% დაკარგა. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ის 2,5%-ით გაუფასურდა.
ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომისტები ევროს კურსის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ. მაისში აშშ-ის ფედერალური სისტემის ყოფილმა მეთაურმა, პოლ უოლკერმა განაცხადა, რომ ევროპაში საკრედიტო კრიზისის გაღრმავებამ, შესაძლოა, ევროს გაქრობა გამოიწვიოს. ევროკავშირის მიერ ევროს გადარჩენისთვის 750 მილიარდი დოლარის გამოყოფის შემდეგ ექსპერტები კვლავ სვამენ შეკითხვას: რამდენად მალე გაქრება ევრო? თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ჟან-კლოდ ტრიშე ირწმუნება, რომ ევროს სირთულეების გადალახვა შეუძლია, რასაც ცალკეული ქვეყნების მოსახლეობაზე ვერ ვიტყვით. მაგალითად, გერმანიაში, რომელიც საკვებ პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასებითაა ცნობილი, ზეთის 23%-ით გაძვირებას აპროტესტებენ და არნახულ ინფლაციაზეც საუბრობენ. საბერძნეთის პრობლემებით გამოწვეულმა კრიზისმა ევროკავშირის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო დააეჭვა – გამართლებულია თუ არა ერთიანი ევროპული ვალუტის შენარჩუნება. ყოველი მესამე გერმანელი კი დარწმუნებულია, რომ ევრო ათ წელიწადში გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ევრო არ გამყარდება, გერმანელების 85% კვლავ მარკაზე გადასვლას მოითხოვს. გერმანელები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ მარკის პერიოდს, როდესაც მფლანგველ მეზობლებზე ფიქრი არ უწევდათ.
იტალიის სახელმწიფო ვალმა ტრილიონ 812 მილიარდ ევროს მიაღწია. ეკონომიკური კრიზისის გამო ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 1,8%-ით შემცირდა, რამაც სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის მაჩვენებლით, იტალიის ბიუჯეტის დეფიციტმა მისი მშპ-ის 5,3% შეადგინა. კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, მთავრობამ �მკაცრი ეკონომიის” ზომები მიიღო, რაც საბერძნეთში მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მსგავსია. კრიზისია ფინეთში, უნგრეთსა და ესპანეთშიც. ყოველივე ამის შემდეგ კი, ალბათ, გასაკვირი აღარ არის, რომ ევროს მომავალი გაურკვეველია.
დიდმა ბრიტანეთმა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ევროზონასთან მიერთებაზე ოფიციალურად თქვა უარი და გააუქმა ფინანსთა სამინისტროს ის განყოფილება, რომელიც ამ საკითხებით იყო დაკავებული. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, ევროზე უკეთეს დღეში არც ბრიტანული ფუნტი სტერლინგია, რომელიც განსაკუთრებული არასტაბილურობით წინასაარჩევნო პერიოდში ხასიათდებოდა.
რაც შეეხება იუანს – ჩინეთის სავალუტო პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე დიდი უკმაყოფილების საგანია, მაგრამ, როგორც ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, იუანის კურსის კორექტირება სახელმწიფოს შიდა საქმეა, რომლის მთავარი მიზანიც ერის კეთილდღეობაა. ჩინეთის სავალუტო პოლიტიკა სწორედ ამ ამოცანის მიღწევისკენაა მიმართული და სხვა ქვეყნების ზრუნვის საგანს ეს არ უნდა წარმოადგენდეს. ასეთი განცხადებით ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე ტორონტოს �დიდი ოცეულის” სამიტის წინ გამოვიდა. ჩინელთა განცხადებით, მთავარი საკითხი, რომელიც სამიტზე უნდა იქნას განხილული, ევროპაში მიმდინარე საკრედიტო კრიზისიდან გამოსვლა უნდა იყოს და არა ჩინეთის სახელმწიფო ვალუტის კურსი და იუანი ის საკითხი არაა, რომელსაც მსოფლიო საზოგადოება უნდა განიხილავდეს.
ეს განცხადება აშშ-ის მიერ ჩინეთზე ზეწოლის ფონზე კეთდება. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება იუანს ხელოვნურად ინარჩუნებს დაბალ ნიშნულზე, რაც ჩინური საქონლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვებს ზრდის და პირიქით – ხელს უშლის ამერიკული პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთში. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი სიტუაცია ეკონომიკაში დისბალანსს, ჩინეთში კი, პროფიციტს იწვევს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ტიმოტი გაიტნერის თქმით, ამგვარი პოლიტიკა მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და ამ სფეროს რეფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ამერიკის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ივნისის დასაწყისში გაიტნერი ამერიკელი კონგრესმენების წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ ჩინეთი, შესაძლოა, ამერიკისთვის გასაღების ყველაზე მსხვილ ბაზრად იქცეს, თუ უსამართლო სავაჭრო ბარიერებს მოხსნის. მინისტრის განცხადებით, აშშ ხელს უწყობს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს ამერიკული ექსპორტის ზრდას და შტატებში სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა, ამავე დროს, ვაშინგტონი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეცვლის პოლიტიკას, რომელიც ამერიკული კომპანიებს არამომგებიან მდგომარეობაში აგდებს.
პრობლემები აქვს იაპონურ ვალუტასაც. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იაპონიის ვალი მშპ-ის 200%-ს აჭარბებს, რაც იენის მომავალს სასიკეთოს არაფერს უქადის. ახლო მომავალში, იაპონია, შესაძლოა, საბერძნეთის მსგავს საკრედიტო კრიზისში აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისთვის საჭირო ზომებს არ მიიღებს და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე არ იზრუნებს. ასეთი შინაარსის განცხადებით ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი გამოვიდა.
პარლამენტის წინაშე თავის პირველ გამოსვლაში იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა მოსახლეობის დაბერების გამო სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. �რთულია იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ვალებისკენაა მიმართული. ერთ მშვენიერ მომენტში ჩვენ, შესაძლოა, ბაზრების ნდობა დავკარგოთ, როგორც ეს საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა და ჩვენ ჩვენს ვალებთან მარტონი დავრჩებით”, – განაცხადა ნაოტო კანმა და გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, რასაც წინა მთავრობები ვერ რისკავდნენ. თუმცა, ახალი პრემიერის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა: იაპონიის ეკონომიკა სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით ნელა იზრდება.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ყველაზე სტაბილურ და მყარ ვალუტად მსოფლიოს წამყვან ვალუტებს შორის აშშ დოლარი სამართლიანად მოიაზრება. შედეგად, დოლარის კურსი მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. გამონაკლისი არც ქართული ლარია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უფასურდება.
4-10 ივნისის პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდგომ საქართველოში პროდუქციაზე ფასები მასიურად გაიზარდა. ამაში გასაკვირი არაფერია. წინა წელთან შედარებით ლარის კურსი დაახლოებით 20 პუნქტით გაუფასურდა. როდესაც ადგილობრივი ვალუტა უფასურდება და უცხოური ვალუტის კურსი მყარდება, ასეთ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება. საქართველოში კი იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აღემატება, მას საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 80% უჭირავს.
ცხადია, რომ როდესაც იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს და იმპორტირებული პროდუქცია ნაყიდია დოლარში, დოლარის გაძვირება იწვევს ავტომატურად პროდუქციის გაძვირებას. ძვირდება ადგილობრივი ნაწარმიც, რადგან ადგილზე წარმოებული პროდუქციის კომპონენტებში ძალიან ბევრი იმპორტირებული ნედლეული შედის. ამიტომ ბიზნესის რეაქცია ლარის გაუფასურებაზე არის აბსოლუტურად ადექვატური, რადგან ბიზნესი მოგების მარჟაზე მუშაობს და თუ მას საქართველოში პროდუქციის შემოტანა უძვირდება, ბუნებრივია, ის ფასებს გაზრდის.
როგორც ქართველ ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, ეროვნულ ბანკს ლარის კურსის რეგულირების ყველაზე დიდი ბერკეტი გააჩნია და მასზეა დამოკიდებული, წლის ბოლომდე რამდენად სტაბილური იქნება ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. სავარაუდოა, რომ მისი ძალიან დიდი გაუფასურება არ მოხდება, გამომდინარე ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობიდან, მაგრამ უახლოეს მომავალში კურსის მყისიერ შემცირებასაც არ უნდა ველოდოთ. ამასთანავე, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის გამყარება ერთჯერადი აქტი არ არის. სავალუტო ექსპანსიით ეროვნულ ბანკს, ბუნებრივია, აქვს გარკვეული ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსი პროგნოზირებადი და მართვადი გახადოს დროის გარკვეულ პერიოდში. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ლარის კურსის დაცემისა და არასტაბილურობის დროს სხვა მიზეზებია, რომლის გადაწყვეტაც საფუძველშია აუცილებელი. წინააღმდეგ შეთხვევაში, ლარის მხოლოდ ერთჯერადი (თუნდაც, სავალუტო აუქციონებზე ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნურად განხორციელებული აქციებით) “დაჭერა” ეროვნული ვალუტის გრძელვადიან სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. ლარის დღევანდელი კურსი და არასტაბილურობა კი შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სარკედ. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთავრი არის ის, რომ სავაჭრო სალდო მეტ-ნაკლებად დაბალანსებული და სტაბილური იყოს, რაც იმპორტის წილის შემცირებას და ექსპორტის ზრდას გულისხმობს. ამჟამად მთავარი ბერკეტი, ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებისა, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ექსპანსიონისტური მონეტარული პოლიტიკაა, მაგრამ საკითხავია, კრიზისული ეკონომიკის ფონზე, ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ამ მეთოდით როდემდე შეძლებს?
უცხოური ვალუტის გამყარების გარდა, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შემოსული ინვესტიციების სიმცირეცაა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს. მისი თქმით, I კვარტლის ინვესტიციების მოცულობა უჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება მოსალოდნელზე ნაკლები იყო. ამან კი, თავის მხრივ, ლარის კურსის დაცემას შეუწყო ხელი. ინვესტიციების შეფერხება გარკვეულწილად ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. როცა ქვეყანაში არჩევნებია მოსალოდნელი, გარე ინვესტორი ამ პროცესის დასრულებას ელოდება და საინვესტიციო გეგმების განხორციელებას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს. ამიტომ ინვესტიციების უფრო დიდ მოცულობას წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ.
ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მიმოქცევაში ჭარბი ფულის მასის გაშვება სახელდება, თუმცა, ექსპერტები ამ პროცესს ლარის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირში არ განიხილავენ. 7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში 1,419 მილიარდზე მეტი ნაღდი ფული ტრიალებს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,9%-ით არის გაზრდილი. მართალია, მიმოქცევაში ნაღდი ფული მასის ზრდა ვალუტის კურსთან არ არის კავშირში, თუმცა, იგი პირდაპირ უკავშირდება ინფლაციის ზრდას.
დოლარი ბევრ ქვეყანაში მყარდება, მაგრამ ეს პროცესი საქართველოს მოსახლეობაზე ძალიან მწვავედ აისახება, ვინაიდან ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის 70-75% კი დოლარში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა დი-დწილად დოლარზეა მიბმული. ექსპერტების ვარაუდით, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს კურსის გასამყარებლად საკმარისი რეზერვი აქვს, თუმცა, ბაზარზე უცხოური ვალუტის ისეთი დეფიციტია, რომ მას კურსის გასამყარებლად მთლიანი რეზერვის გამოყენება დასჭირდება. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეროვნულ ბანკში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 9%-ია, მართალია, ფასებმა მოიმატა, მაგრამ სერიოზული ინფლაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, როდესაც წლიური ინფლაცია ახლოს მივა 9%-იან მაჩვენებელთან, ეროვნული ბანკი რეზერვების გამოყენებასა და კურსის გაჩერებას უფრო აქტიურად შემდეგ დაიწყებს.