საბანკო სექტორი რევოლუციური ცვლილებების წინ

რედაქციისაგან

სასაბანკო სექტორიბანკო სექტორში 2007 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად სწრაფი ტემპით გაიზარდა.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77.6 პროცენტით გაიზარდა და 6.7 მლრდ ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 3.8 მლრდ იყო); სააქციო კაპიტალმა მოიმატა 109.2 პროცენტით და 1 მლრდ 294 მლნ ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 618.8 მლნ ლარი იყო); სესხები 64.9 პროცენტით, 4.19 მლრდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.5 მლრდ ლარი იყო); სესხები ეროვნული ვალუტით 61.6 პროცენტით გაიზარდა და 1 მლრდ 100 მლნ ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 680.5 მლნ ლარი იყო).
სესხები უცხოური ვალუტით გაიზარდა 73.9 პროცენტით 1.86 მლრდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 1.07 მლრდ აშშ დოლარი იყო); დეპოზიტები (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) გაიზარდა 67.3 პროცენტით და 2.76 მლრდ ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.65 მლრდ ლარი იყო); დეპოზიტები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 95.1 პროცენტით 975.9 მლნ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 500.1 მლნ ლარი იყო);
დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 62.4 პროცენტით და 1 მლრდ 74 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 661.1 მლნ აშშ დოლარი იყო); დეპოზიტების დოლარიზაცია 5.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.6 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 69.7 პროცენტი იყო);
საბანკო სისტემის წმინდა მოგება გაიზარდა 35.1 პროცენტით და 88.5 მლნ ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 65.5 მლნ ლარს შეადგენდა).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
2006 წლის 18 ივლისს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარა ცხრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, საიდანაც სამი რეგისტრირებულ იქნა 2006 წლის, ხოლო ექვსი – მიმდინარე წლის განმავლობაში.
გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისა, საქართველოში უკვე 10 წელია ფუნქციონირებს მიკროსა-ფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც თავის დროზე რეგისტრაცია გაიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ჩამოყალიბდნენ, როგორც არაკომერციული ფონდები. ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 ივლისს მიღებული საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები, 2007 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 33 670 058 ლარის ტოლია. მათ მიერ გაცემულია 22.2 მლნ ლარის მოცულობის სესხი, რაც მათი მთლიანი აქტივების 67 პროცენტს შეადგენს. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი უმთავრესად სამომხმარებლო სესხებისგან შედგება (პორტფელის 54 პროცენტი), მაგრამ თანდათან იზრდება მცირე ბიზნესისათვის გაცემული მიკროსესხების ოდენობაც.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიკროკრედიტების ძირითად არეალს წარმოადგენს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების დაფინანსება. ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზე მოდის გაცემული მიკროსესხების 30.5 პროცენტი.
სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი წინა კვარტალთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ მცირეა – მათი წილი 4.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო გაცემული მიკროსესხებიდან 10 პროცენტი სხვა დარგებზე მოდის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა უდიდესი ნაწილი ინდივიდუალური პირები არიან. იურიდიულ პირებზე მოდის მათ მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 6 პროცენტი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებად გასაცემი სახსრების მოპოვების ორ ძირითად წყაროს წარმოადგენს საკუთარი კაპიტალი, რომლიდანაც მთლიანი აქტივების 32 პროცენტი ფორმირდება და ნასესხები საშუალებები, რომლებიც მთლიანი აქტივების 55.5 პროცენტს აბალანსებს. ამასთან, აღსანიშნავია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიერ საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვება. მათი წილი პასივებში ჯერ ძალიან მწირეა და აბსოლუტურ ციფრებში მხოლოდ 340 ათას ლარს შეადგენს.
გასული წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმატებულ მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ გრანტებით ან შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტებით უზრუნველყოფენ.
თუმცა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ეს წყარო ჯერ-ჯერობით გამოყენებული არც ერთს არა აქვს, გარდა რიკო ექსპრესისა, რომელსაც არარეზიდენტი იურიდიული პირისგან გრძელვადიანი კრედიტი აქვს აღებული.

სავალუტო ბაზარი
2007 წლის სექტემბერში ლარის აშშ დოლარის მიმართ ნომინალური გაცვლის კურსის თანდათანობითი გამყარების ტენდენცია გაგრძელდა. 2007 წლის აგვისტოსთან შედარებით, ლარის აშშ დოლარის მიმართ ნომინალური კურსი, თვის ბოლო მონაცემებით, 0.3 პროცენტით, ხოლო თვის საშუალო მონაცემებით, 0.2 პროცენტით გამყარდა. სექტემბერში ლარის ნომინალური გაცვლის კურსი გამყარდა (თვის საშუალო მონაცემებით) აზერბაიჯანული მანათის, უკრაინული გრივნის, სომხური დრამისა და აშშ დოლარის მიმართ. ამასთან, ლარი გაუფასურდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის, შვეიცარული ფრანკისა და ევროს მიმართ. შედეგად, 1.2 პროცენტით გაუფასურდა ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი.
2006 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ლარის საშუალო თვიური ნომინალური გაცვლის კურსის აშშ დოლარის მიმართ 4.7 პროცენტით გამყარების მიუხედავად, ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.9 პროცენტით გაუფასურდა.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესის შეცვლის შედეგად, კომერციულ ბანკებს 2007 წლის განმავლობაში ყოველთვიურად უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების სულ უფრო მეტი წილის შენახვა მოეთხოვებათ აშშ დოლარით. ბუნებრივია, რომ ეს კომერციული ბანკების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. მიუხედავად ამისა, თვის მანძილზე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტის მიწოდება კვლავინდებურად სჭარბობდა მოთხოვნას.
აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული 20 ვაჭრობიდან 17-ში მიიღო მონაწილეობა და აქედან 16-ჯერ, როგორც უცხოური ვალუტის შემსყიდველმა. ამ ვაჭრობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, 100.26 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 8.85 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ძირითადად, მიმართული იყო გაცვლის კურსის მკვეთრი გამყარების თავიდან აცილებისაკენ.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე აგვიტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე ლარის აშშ დოლართან გაცვლის კურსი 1.6625-დან, თანდათანობით, 1.6580-მდე შეიცვალა. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე, კურსის გამყარება შესაძლოა უფრო ძლიერი ყოფილიყო.
2007 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 0.9 პროცენტით, ხოლო 2006 წლის სექტემბერთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაუფასურდა. ამ ერთი წლის განმავლობაში (სექტემბრიდან სექტემბრამდე) ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.9 პროცენტით გაუფასურდა. ერთი წლის განმავლობაში არც ნომინალური ეფექტური და არც რეალური ეფექტური გაცვლის კურსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც საქართველოში მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით მეტ ინფლაციაზე მიუთითებს. კერძოდ, ინფლაცია სამ პროცენტზე დაბალია ევროპის ქვეყნებსა და სომხეთში. საქართველოსთან შედარებით დაბალია ინფლაცია თურქეთში (7.1 პროცენტი). თუმცა, ზოგიერთ სხვა ქვეყნებში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 9.0 პროცენტზე მაღალი იყო: რუსეთში – 9.5, უკრაინაში – 14.4, აზერბაიჯანში -15.9 პროცენტი.
ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლის კურსები უმნიშვნელოდ არის შეცვლილი 2005 წლის დეკემბრის შემდეგ. კერძოდ, 2007 წლის სექტემბერში, 2005 წლის დეკემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 0.3 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 2.5 პროცენტით გაუფასურდა.