საქართველოს ექსპორტის მდგომარეობა
ლია პიტიურიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი
საექსპორტო პოტენციალის დინამიკა და სრული ათვისება ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემაა, სადაც ეკონომიკური რეფორმის ქვაკუთხედი საექსპორტო საქონლის წარმოების ხელშეწყობის სისტემის შექმნა და მსოფლიო ბაზარში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.
ეროვნული ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა იმითაც დასტურდება, რომ მსოფლიო მეურნეობის მასშტაბით ყველა ქვეყნის ექსპორტი საშუალოდ იძლევა მსოფლიო მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 15-ს. ექსპორტის გაფართოების საერთო დადებითი ეფექტი შემდეგში მდგომარეობს: იზრდება მუშაკთა დასაქმება, პროდუქციის გამოშვება და შემოსავალი; მცირდება კვლავწარმოების კრიზისის შესაძლებლობა; იზრდება სახელმწიფოს მიერ მიღებული თანხა უცხოური ვალუტით; მყარდება სახელმწიფო ფინანსები.
საქართველოს შემოსავლებში საგარეო ვაჭრობის როლი ძალიან დიდია, როგორც წესი, იმპორტი ექსპორტს სჭარბობს (2006 წელს იმპორტმა 3522,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 1930,2 მლნ აშშ დოლარი). საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოს მიხედვით, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შემდეგ ბოლო ადგილზეა. აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად გამოწვეულია საბანკო რესურსების საექსპორტო წარმოებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომობით, საბანკო სექტორში ექსიმბანკის სისტემის ახლად დანერგვით, რასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აშშ-სა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების ეკონომიკის სისტემაში. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, რაც ჩვენს ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციის განვითარების დინამიკას აფერხებს. საგულისხმოა ისიც, რომ საგადასახადო ადმინისტრირების შემოწმების სიხშირე საექსპორტო წარმოების მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ასევე ექსპორტზე ნეგატიურად მოქმედებს დავების განხილვის არასრულყოფილება და სასამართლო სისტემა. ყოველივე ეს ერთად ბიზნესის განვითარებას უამრავ ბარიერს უქმნის, რასაც საბოლოოდ, საარბიტრაჟო სასამართლოს არარსებობაც ამძიმებს. საქართველოში საექსპორტო წარმოების განვითარებას, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პრობლემებიც აფერხებს. ქვეყანაში დაბალ დონეზეა ტრანსპორტის განვითარება, აგრეთვე არასრულყოფილია საექსპორტო დაზღვევის სისტემა, ტექნოლოგიებისა და ნედლეულის იმპორტირებისას საექსპორტო წარმოება იხდის დამატებით ღირებულების გადასახადს და ისედაც დეფიციტური საბრუნავი სახსრები საზღვარზე დიდი ხანი იყინება და ა.შ.
2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართულ პროდუქციაზე ემბარგომ ქვეყნის საგარეო სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვის გამო წარმოქმნილი სიძნელეების ფონზე, სწრაფად მოხდა ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძებნა და არსებულ პარტნიორებთან ვაჭრობის მოცულობის მასშტაბების ზრდა.
2006 წელს საქართველოს ექსპორტი 21,5%-ით გაიზარდა და როგორც აღვნიშნეთ, 1930,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა ექსპორტის ზრდის ტემპი ჩამორჩა როგორც წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს, ისე იმპორტის ზრდის ტემპსაც (39,7%).
ქართული სასმელების, ციტრუსებისა და სხვა პროდუქციის აკრძალვის შედეგად ქართულ ექსპორტს 70 მლნ აშშ დოლარზე მეტი დააკლდა. თუმცა ეს დანაკლისი მნიშვნელოვნად შეავსო ისეთი პროდუქციის ზრდამ, როგორებიცაა ფეროშენადნობები (ექსპორტირებულია 9,6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 12,0%-ით მეტი, ვიდრე 2005 წელს), აზოტოვანი სასუქები (10,8 მლნ აშშ დოლარით, ანუ 30,1%-ით მეტი), ოქრო (14,6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 42,1%-ით მეტი), სპილენძის ჯართი (18,7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 6,2-ჯერ მეტი), სპილენძის მადნები და კონცენტრანტები (43,1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2,2-ჯერ მეტი), კაკალი და თხილი (4-ჯერ მეტი). 2006 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა 1,4-ჯერ ნაკლები იყო 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა თითქმის 2001 წლის დონემდე დაეცა. სულ რუსული ემბარგოს გამო საქართველოს საექსპორტო შემოსავლებს დააკლდა 50 მლნ აშშ დოლარამდე ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების, ხოლო 15 მლნ დოლარამდე – მინერალური წყლების ექსპორტიდან შემოსავლების სახით.
ექსპორტში პირველ ადგილზეა საფრენი აპარატები, შემდეგ მოდის ფეროშენადნობები, ხოლო შავი ლითონის ჯართი, რომელიც წლების განმავლობაში პირველ ადგილზე იყო, მკვეთრადაა შემცირებული და მესამე პოზიცია უჭირავს. ყურძნის ღვინოების ექსპორტს კი – მეოთხე ადგილი (ცხრ. #1).
მომავალში მნიშვნელოვანია საგარეო ვალის გასტუმრების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, საექსპორტო სავალუტო ნაკადების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საექსპორტო ბაზარზე წარმატებისათვის აუცილებელია მწარმოებლების კონსოლიდირება.
საექსპორტო პოტენციალის გამოსაყენებლად სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, მოსაზიდია ინვესტიციები, გადასაიარაღებელია ადგილობრივი ფაბრიკა-ქარხნები, აუცილებელია მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო სახის პროდუქცია.
ჩვენი ქვეყნისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებული შეღავათები საშუალებას აძლევს ჩვენს ექსპორტს შევიდეს ყველასათვის მიმზიდველ ევროპის ბაზარზე, მანამდე კი უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რათა ჩვენი პროდუქცია ევროპისათვის მისაღები იყოს. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს ის პრობლემები, რომელიც ბიზნესს აქვს და რაშიც სჭირდება მას მთავრობის დახმარება.
მიგვაჩნია, რომ ქართულ ეკონომიკაში შექმნილი არანორმალური მდგომარეობის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სტრატეგიული ზომებით, რომელიც მიმართული იქნება საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად. სტრატეგიულ ზომებს შეიძლება მივაკუთნოთ:
– თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე საექსპორტო დარგების კომპლექსური გარდაქმნა;
– საექსპორტო პროდუქციის ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
– ახალი საბაზრო სივრცის ეფექტიანი ათვისება;
– ახალი საექსპორტო დარგების ათვისება, მისი ადეკვატური ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მოძიებული უნდა იქნეს ახალი ბაზრები. თუმცა ეს არ არის მარტივი, რადგან ევროპის ბაზარი რთულია და იქ შეღწევა ძნელია. არსებობს როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები, რაც კიდევ უფრო რთული გადასალახია. ევროკავშირის ბაზარზე ბრენდმა სახელი ისტორიული ფასეულობებით უნდა დაიმკვიდროს.
ექსპერტების აზრით, საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საექსპორტო პროდუქციის წარმოების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ქვეყანამ თავისი ეკონომიკური პოლიტიკა საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტრატეგიაზე უნდა ააგოს. ამისათვის საჭირო და აუცილებელია:
– საექსპორტო პროდუქციის გამომშვებ საწარმოებში გამოიყოს სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებიც დასაქმდებიან საექსპორტო პროდუქციის ბაზრის მოძიებისა და მიწოდების ორგანიზაციით, აგრეთვე ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული ელექტრონული ვაჭრობა;
– პროდუქციის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგების იმ ნაწილის განთავისუფლება ბიუჯეტში შენატანებისაგან, რომელიც მიმართული იქნება პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად.
– შიდა ბაზარზე სურსათის დემპინგურ ფასებში რეალიზაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება;
– საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებისათვის ხარჯების გადიდება მარკეტინგზე.
ჩვენი აზრით, აღნიშნული ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქციის წარმოების გადიდებას და საშინაო ბაზრის დაცვას უცხოური წარმოების პროდუქციისაგან.