ნობელიანტთა ოჯახს სამი ეკონომისტი შეემატა
ამბროსი გრიშიკაშვილი
15 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება სამი ამერიკელი მეცნიერისათვის – ლეონიდ ჰურვიჩის, ერიკ მასკინის და როგერ მეიერსონისათვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე. ისინი დაჯილდოებული არიან ნაშრომისათვის, რომელიც აღინიშნება, როგორც “ეკონომიკური მექანიზმების თეორია” (Mechanism design theory).
როგორც სტოკჰოლმში გაკეთებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ეს თეორია საშუალებას იძლევა “განვასხვავოთ სიტუაციები, რომლებშიც ბაზრები ფუნქციონერებენ კარგად, იმ სიტუაციებისაგან, რომელთა დროსაც ბაზრები ცუდად ფუქნციონირებენ”. აღნიშნული თეორიის კარგად ათვისება ეკონომისტებს საშუალებას მისცემს ზუსტად განსაზღვრონ ბაზრის მექანიზმების მოქმედების არეალი, შეიმუშაონ მათი რეგულირების სქემა და პროცედურები. უკვე დღეს “ეკონომიკური მექანიზმების თეორია” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამეურნეო საქმიანობაში და ასევე პოლიტიკურ მეცნიერებებშიც – ნათქვამია განცხადებაში.
სხვათაშორის, როგორც დასავლეთის პრესაში აღნიშნავენ, 90 წლის პროფესორი ლეონიდ ჰურვიჩი ფრიად გაოცებულია ამ პრემიის მიღებით. “ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო წასულია. თუმცა, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ნობელის კომიტეტის წარჩინებულ მეცნიერთა სიაში ვიყავი, მაგრამ დრო გადიოდა და მეც აღარ ვფიქრობდი იმაზე, რომ ოდესმე ვინმე ამ ღირსეულ ჯილდოს მომანიჭებდა. მით უმეტეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ნაშრომებს კარგად იცნობდნენ, თანდათან მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან. ჩემთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი სასიხარულო ამბავია. ფულიც, რომელსაც მომცემენ, გამომადგება ჩემს პენსიონერულ ცხოვრებაში” – ამბობს მეცნიერი.
ლეონიდ ჰურვიჩი მინეაპოლისის მინესოტას უნივერსიტეტის პენსიონერი პროფესორია. იგი ყველაზე მხცოვანია ეკონომისტ-ნობელიანტებს შორის. მომავალი მეცნიერი 1917 წელს მოსკოვში დაიბადა. მისი მშობლები ვარშავიდან მოსკოვში გადასახლებულან, მამა პოლონელი, ხოლო დედა – ებრაელია. მალე მისი მშობლები კვლავ პოლონეთში დაბრუნდნენ და ჰურვიჩმა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მხოლოდ შემდეგ წლებში დააინტერესა ნობელიანტი ეკონომიკურმა მეცნიერებებმა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იგი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს არ დაბრუნებულიყო პოლონეთში. ჰურვიჩი ამერიკაში გაემგზავრა. “მაშინ მე რომ პოლონეთში დავრჩენილიყავი, ეჭვი არ მეპარება, დამხვრეტდნენ” – ამბობს მეცნიერი.
იგი კვლავ აგრძელებს სწავლას: ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (London School of Economics) – 1938-1939 წლებში, ჟენევაში – Institut des Hautes Etudes Internationales-ში და ბოლოს, ჰარვარდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში. სხვა ჯილდოებთან ერთად ჰურვიჩი ვარშავის სავაჭრო ინსტიტუტის (Szkola Glowna Handlowa) საპატიო დოქტორია (Doktor Honoris Causa).
ძალზე სასარგებლო თეორია
“ადამ სმიტის კლასიკური მეტაფორა “უხილავი ხელის” შესახებ, ისეთ იდეალურ მდგომარეობას გულისხმობს, რომლის დროსაც ბაზარი მწირი საშუალებებით ახერხებს ეფექტურ განაწილებას. მაგრამ პრაქტიკაში, როგორც წესი, კონკურენცია სრულიადაც არ არის ბოლომდე თავისუფალი, მომხმარებელნი არ ფლობენ სრულ ინფორმაციას, ხოლო ცალკეული მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი საქონელი და მოხმარება შეიძლება შეიცავდეს ზედმეტ საზოგადოებრივ დანახარჯებს.
იმავდროულად, მათ შესაძლოა სრულიად განსხვავებული სარგებლობა მოიტანონ.” ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში.
ლაურეატთა კვლევები გვეხმარება გამოვარკვიოთ ეკონომიკური ტრანსაქციის მექანიზმი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მათი დადების დროს. შვედეთის აკადემია აღნიშნავს, რომ “ეკონომიკური მექანიზმების თეორია”, სხვათაშორის, ითვალისწინებს ბაზარზე გასული ცალკეული ინდივიდუუმის მოტივაციას და ასევე მათ განკარგულებაში არსებულ კერძო ინფორმაციას. ეს თეორია შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული ყველა სფეროში, განსაკუთრებით ბოლო ხანებში ესოდენ გავრცელებული ინტერნეტით ვაჭრობის დროს, მაშინ, როდესაც ჩვენ სწორი წარმოდგენა არა გვაქვს, თუ რეალურად როგორ მოქმედებს ეს ბაზარი.
ეკონომისტთა შეფასებით, ნობელიანტის მიერ განხორციელებული კვლევები საკმაოდ მრავალფეროვანია. კერძოდ, მან დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკური პროგრამირების თეორიების შემუშავებაზე, თამაშთა თეორის დამუშავებაზე და ასევე ეკონომეტრიკის თეორიის სრულყოფაზე. 90-იან წლებში, როდესაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკის გარდაქმნის პროცესები დაიწყო, ჰურვიჩი აქტიურად ჩაერთო მასში. მეცნიერს განსაკუთრებით ტრანსფორმაციის მოდელირების საკითხები აინტერესებდა. მის მიერ შემუშავებული თეორია გამოიყენება დამქირავებელთა ურთიერთობისას დაქირავებულებთან და ასევე საგადასახადო სისტემების დამუშავებისას. “კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი თეორიები თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვან მიმდინარეობად იქნა აღიარებული” – განუცხადა მეცნიერმა სააგენტო “ლოომბერგ”-ს.
პრინცენტონის უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ მასკინი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი როგერ მეიერსონი ჰურვიჩის მეცნიერული მემკვიდრეობის გამგრძელებლები არიან.
ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები მიიღებენ ოქროს მედლებს, დიპლომებს და ასევე 10 მილიონ შვედურ კრონას (მილიონ სამას ათას დოლარზე მეტს). დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართება.