მსოფლიო ეკონომიკა კრიზისის მოლოდინში
მოამზადა ეკა წირღვავამ
ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ამერიკის ეკონომიკა ძალიან სერიოზული კორექციის ზღურბლზეა უმდიდრესი ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი თვლის, რომ აშშ-ის ეკონომიკა მნიშვნელოვანი კორექციის ზღურბლზეა.
“ჩვენ ავიღეთ უამრავი ვალი და ეხლა ისინი უნდა გადავიხადოთ – აცხადებს ჯ. სოროსი. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის გამო ამერიკა რელსებიდან გადავიდა.
როცა ჯ. სოროსს ჰკითხეს აშშ-ის ეკონომიკური ვარდნის გარდაუვალობის თაობაზე, მან განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელია და ეს იქნება იმაზე ძლიერი ვარდნა, ვიდრე ამას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე ვარაუდობს.
ჯ. სოროსმა უარი თქვა რაიმე პროგნოზის გაკეთებაზე, რადგან მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა აისახება მსოფლიო ვალუტების კურსებზე, მათ შორის დოლარზეც. “მე ვიცი როგორი იქნება ვალუტების მდგომარეობა, მაგრამ არ მინდა ამაზე ვილაპარაკო – განაცხადა მან. ჯ. სოროსს სავალუტო ბაზარზე მცოდნე მოთამაშის რეპუტაცია აქვს. 1992 წელს მას ფუნტ სტერლინგზე სპეკულაციურმა შეტევამ მილიარდი დოლარი მოუტანა, რამაც ფუნტის ევროპის გაცვლითი მექანიზმიდან გასვლა გამოიწვია.
მსოფლიოს ახალი ფინანსური ძვრები ელოდება
კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში მსოფლიო საფინანსო სისტემა მოიცვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთელი რიგი საინვესტიციო ბანკებისა და ქვეყნების შემდგომი კეთილდღეობა, შესაძლოა ფინანსურ სამყაროს ახალი ძალით მოევლინოს. მთავარი მსოფლიო ვალუტა – აშშ დოლარი ვარდნას განაგრძობს, რაც შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მსოფლიოს ბევრი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნისთვის.
დოლარის კურსის ვარდნის მთავარი მიზეზია აშშ-ის ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების პესიმიზმი. ეჭვებს იწვევს ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლო მინიშნებებიც, რომ ის სააღრიცხვო განაკვეთის შემცირებას აღარ აპირებს, მაგრამ ახალი რეცესიების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ბერნანკეს უწყებას სხვა გამოსავალი არ ექნება.
შესამჩნევი ვარდნის ნიშნები აღინიშნება ასევე აშშ-ის საბინაო სექტორში, რომელიც ღრმა კრიზისშია. საბინაო-იპოთეკურ სფეროში არსებული სიტუაცია მიმდინარე წლის საფინანსო ბაზრის კრიზისის მიზეზი გახდა. მაგრამ მხოლოდ ახლაა შესაძლებელი იმ დანაკარგების შეფასება, რომელიც მიადგა იმ უმსხვილეს კომპანიებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ მსოფლიო ინვესტიციის უდიდესი ნაწილი. მაგალითად, Citigroup-მა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებულ ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციებით 8-11 მლრდ დოლარით იზარალა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გადადგომა გამოიწვია. ასევე თავისი თანამდებობის დატოვება მოუწია საინვესტიციო ბანკ “Merril Lynch-ის პრეზიდენტს სტენლი ონილს. როგორც Citigroup-მა, ასევე Merril Lynch-მაც უდიდესი დანაკარგი განიცადა.
კრიზისით დაზარალდნენ არა მხოლოდ ამერიკული კომპანიები. მნიშვნელოვანი დანაკარგის შესახებ შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა UBშ-მაც გააკეთა განცხადება. ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2007 წლის III კვარტალში, მისმა ზარალმა 830 მლნ შვეიცარიული ფრანკი (495 მლნ ევრო) შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მას 2,2 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (1,31 მლრდ ევრო) მოგება ჰქონდა.
ფინანსური დანაკარგები არა ერთადერთი და უმნიშვლოვანესი დანაკარგია უმსხვილესი მსოფლიო ბანკებისთვის, რაც მათ იპოთეკური კრიზისის გამო მიადგათ. ამის შედეგად, წამყვანი სარეიტინგო კომპანიების მიერ მათი რეიტინგის დაწევა დაიწყო, რამაც მათი ნდობის შესუსტება გამოიწვია. Citigroup-ის მრავალმილიარდიანი დანაკარგის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. საფინანსო ბაზრის ძირითადი მონაწილე ამერიკული კომპანიების ზარალის გამოთვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დასახელებული ციფრი წარმოუდგენლად დიდია. JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს ციფრი 60 მლრდ დოლარია, სხვა ექსპერტების გამოთვლებით კი – 1 ტრლნ დოლარამდე.
ბანკების მიერ მიყენებული ზარალის მოცულობის საკითხში გაურკვეველი ვითარება დაძაბულობის ახალი ტალღის პროვოცირებისა და ახალი კრიზისული მოვლენების შესაძლებლობის ძირითადი ფაქტორია. ამერიკული აქტივები სულ უფრო არამიმზიდველი ხდება, რაც ინვესტორებს მათგან განთავისუფლებას აიძულება. მეორეს მხრივ, დოლარის კურსის შესუსტება სხვა მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ამ ქვეყნების ეკონომიკებზე ახდენს ზეგავლენას. პირველ რიგში ეს პრობლემა ევროსაბჭოში შემავალ იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა საექსპორტო პროდუქცია ევროს გაძლიერების გამო კონკურენტუნარიანობას კარგავს.
ხორბლის ფასის ზრდის მიზეზები
მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება ისევე, როგორც ენერგომატარებლებზე. ჩვენ თბილისში ჩავატარეთ 1000 რესპოდენტის გამოკითხვა. გამოკითხულთა უმრავლესობა საშუალო და დაბალშემოსავლიანი ფენა იყო, ვკითხეთ უპირატესობით რომელი პროდუქტი გამოირჩეოდა მათ სამზარეულოში, ხუთეული ასე ჩამოყალიბდა:
1. პური
2. კარტოფილი
3. ზეთი
4. ბურღულეული
5. შაქარი
6. ხორცი
თუ განვიხილავთ იმპორტის კალათას, იქ პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები; მეორეზე – გაზი; მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები, ანუ მედიკამენტები; მეოთხეზე – ხორბალი და შაქარი. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, მისი მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია სხვა მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტის მაჩვენებლის მაღალი დონით. აქედან გამომდინარე გამოკითხვის შედეგები ოფიციალურ სტატისტიკას ემთხვევა.
ამ კატეგორიის მოსახლეობისათვის პურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მასზე სამომხმარებლო კალათის ღირებულების საშუალოდ 15-25 % მოდის, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ფასი ექნება მას. გარდა ამისა, როცა სამომხმარებლო კალათაში იზრდება პურზე ხარჯი, სამომხმარებლო აქტივობა მცირდება სხვა სასაქონლო ჯგუფის მიხედვით და 2007 წლის მე-3 კვარტალში სამომხმარებლო აქტივობის ინდექსმა 5-6%-ით იკლო, მთლიანად საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობამ კი – 10-%-ით.
რისგან შედგება პურის ფასი?
ხორბლის ღირებულება;
ხორბლის ტრანსპორტირება;
ხორბლის გარეცხვა (წყლის ღირებულება);
ხორბლის დაფქვაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
ცხობის დროს დახარჯული ენერგომატარებლების ღირებულება;
დისტრიბუციის დროს დახარჯული საწვავი;
წამყვან ქვეყნებში ხორბლის მარაგების ზრდა.
ჩვენ სპეციალურად არ ჩამოვთვალეთ მუშებისა და მენეჯმენტის ხელფასი, გადასახადები და ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი შევიყვანეთ ფიქსირებულ ხარჯებში და ახლა ეს აქტუალური არაა. მარტო იმ მუხლებს შევეხეთ, სადაც გაძვირება მოხდა და მის მიზეზებზე გვსურს ვისაუბროთ.
ხორბლის ღირებულება მთელს მსოფლიოში გაიზარდა და ის ტონაზე 210 დოლარიდან (ყაზახური ხორბალი) 330-მდე მერყეობს. ეს არ არის ბოლო ნიშნული. რატომ გაიზარდა ღირებულება?
პურის მწირი მოსავალი მთელს მსოფლიოში ყაზახეთის გარდა, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში და კანადაში ევროპასთან ერთად. 2007-2008 წელს ექსპერტული გათვლებით მარცვლეულზე მოთხოვნა მსოფლიოში 620-630 მლნ ტონას შეადგენს, ხოლო მათ შორის ფქვილისათვის ვარგისი მარცვლეულის მოცულობა – 445 მილიონს, ასევე გაიზარდა ხორბლის მარაგები 120 მლნ ტონამდე. ბოლო 32 წლის განმავლობაში ექსპერტთა აზრით, ეს ფასების მატების ყველაზე მაღალი დონეა. დეკემბრის ფიუჩერსი აშშ-ის წამყვან ბირჟებზე იყიდება ბუშელზე (25 კგ) 9.51-10 დოლარად, ხოლო პარიზის ბირჟაზე ტონის ფასმა 268,3 ევროს მიარწია.
მოხმარების ზრდაა ინდოეთსა და საქართველოში. აზიურ ქვეყნებში ხორბლის წარმოებაც გაიზარდა და მოხმარებაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდოეთის მაჩვენებელია, სადაც მოხმარების ზრდამ 6% შეადგინა. საქართველოში კი – 3%.
ბიოლოგიური საწვავის წარმოების ზრდა აშშ-ში ხორბლიდან, რამაც ხორბალზე მოთხოვნა გაზარდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდება 2008 წლის მესამე კვარტალამდე.
ცალკე მსჯელობის თემაა ხორბლის ტრანსპორტირება, რადგან საქართველოში ხორბალი რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდიოდა. რუსეთის ემბარგოს გამო ტრანსპორტირება მესამე ქვეყნის გავლით ხდება, რაც აძვირებს მის ფასს. ტრანსპორტირება ასევე ხდებოდა ძირითადად პატარა პარტიებით – 1000-3000 ტონობით, დასავლეთიდან გემით შემოტანის შემთხვევაში ეს 30 000-ტონიანი გემით უნდა მოხდეს, რათა ტრანსპორტირება იაფი დაჯდეს. ჩვენს ხორბლის სფეროში ბიზნესმენებს კი ასეთი თანხა არა აქვთ, რათა ერთბაშად 8-10 მილიონი გადაიხადონ ან თუნდაც ხუთიდან ერთ პარტიაში. ასეთი საბრუნავი სახსრები მათ განკარგულებაში არაა და არც რომელიმე ბანკი მისცემს, თუ მისცემს, საბანკო პროცენტი კიდევ უფრო აძვირებს ხორბლის ღირებულებას.
ერთადერთი იმედი ყაზახეთია, საიდანაც პატარა პარტიების იმპორტირება მატარებლით არის შესაძლებელი, მაგრამ ყაზახეთის ხორბლის შესყიდვა დასავლეთმაც დაიწყო და რაოდენობის მხრივ სერიოზული კონკურენციაა.
წყლის ღირებულების გაზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, რადგან ელევატორებში ხორბლის ხარისხიანად გარეცხვას საკმაო რაოდენობის წყალი სჭირდება. კომერციული სტრუქტურებისათვის კი მ3 წყლის ღირებულება 4,5 ლარი გახდა, რაც ასევე ზრდის ფქვილის ფასს.
ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი და საწვავის ღირებულების მაღალი დონე ის ძირითადი შემადგენელი ნაწილია რომელიც მოქმედებს პურზე ფასების გაზრდაზე.
საქართველოში პურის მოხმარება ტრადიციულად 800 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს წლიურად. თვეში დაახლოებით 65-78 ათასი ტონა სჭირდება ადგილობრივ ბაზარს, სადაც შიდა მოსავალმა 120 ათასი ტონა შეადგინა. ეს ბევრად მაღალია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ჩვენთან ხორბლის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე ბევრად დაბალია, ვიდრე წამყვანი ხორბლის ქვეყნებში და თუნდაც რუსეთში. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 2,5-3 ტონაა, როცა რუსეთში 10-დან 25 ტონამდეა და კანადაში – 50 ტონაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოში ერთადერთი მოკავშირე ყაზახეთის ბაზარია, სადაც შეძენილი 210 დოლარიანი ხორბალი საშუალებას იძლევა ამერიკულ ხორბალთან შერევით შეჩერდეს ფასების ზრდა პურზე. ასევე სამომავლოდ საჭიროა ახალი, ნაკლებად ენერგოტევადი წისქვილებისა და საცხობებისათვის საგადასახადო სისტემის გადახედვაც. ერთი რამ ცხადია, რომ უნდა შემუშავდეს ერთიანი სასურსათო სტრატეგია ეკონომიკური და ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორში ხორბლის ახალ ჯიშებზე გადასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხორბალსა და შესაბამისად ფქვილზე მაღალ ფასებს, 2008 წლის მეორე კვარტალამდე ფასების ზრდის ტემპი შენარჩუნდება და იაფიანი პურის ხანა, სამწუხაროდ, ჯერ არ დადგება. შესაბამისად მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში მისი ხვედრითი წონა მოიმატებს სხვა პროდუქტების ხარჯზე, რაც სამომხმარებლო კალათის გაძვირების საფუძველი იქნება.
მსოფლიოში მცენარეულ ზეთზე ფასები იზრდება
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთიდან დაწყებული და ჩინეთით დამთავრებული, კვების პროდუქტებზე ფასები იზრდება. ეს გამოიწვია მარცვლეულსა და რძის პროდუქტებზე ფასების რეკორდულმა ზრდამ. მაგრამ როგორც ექსპერტები აცხადებენ, უახლოეს დროში ამ სიას ზეთიც შეემატება. ეს ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე აისახება, სადაც მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი საკვებზე მიდის. ანალიტიკოსები უკვე ზოგიერთ რეგიონში პროდუქტების დეფიციტსაც ვარაუდობენ.
ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სანელებლებსა და სუნელებზე ფასების ზრდა.
მცენარეული ზეთი ყოველთვის ითვლებოდა, როგორც ალტერნატიული საწვავი. ნავთობზე ფასის ზრდის ფონზე გასაგებია, თუ რატომ დაინტერესდა ბევრი ქვეყანა სოიოსა და პალმის ზეთით. მსოფლიო ბაზრებზე არსებული რთული ვითარება უფრო მიმზიდველს ხდის ამ სექტორს, სადაც ინვესტორების უმრავლესობა იმედოვნებს ინფლაციისა და დასუსტებული დოლარისგან თავის დაცვას. სოიოსა და პალმის ზეთზე ფასები, მსოფლიო მარაგის შემცირებისა და მოთხოვნილების ზრდის ფონზე, რეკორდულისგან შორს არ არის.
ამასთან დაკავშირებით ჩქარი ტემპებით იზრდება ფასი კვების პროდუქტებზეც. კერძოდ, აშშ-ში 2006 წელთან შედარებით, კვების პროდუქტების ფასი 4%-ით გაიზარდა, ეს ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომისტები თვლიან, რომ ასეთი რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მაღალი ფასებისა, ზეთზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. საერთოდ, ფასების ასეთმა მკვეთრმა ზრდამ წარმოების მოცულობაც უნდა გაზარდოს, მაგრამ აქ ჩნდება ერთი პრობლემა, კერძოდ, რაიონებში სოფლის მეურნეობის არასაკმარისი წარმოება და მარცვლეული კულტურების კონკურენცია. 2008 წლის გაზაფხულზე ამერიკელი ფერმერები სოიოს კულტურების პლანტაციების გაფართოებას გეგმავენ, მაგრამ მალაიზიასა და ინდონეზიაში (ქვეყნები, რომლებიც პალმის ზეთის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერები არიან) ნარგავების მოცულობა, თავისუფალი ნაკვეთების უკმარისობის გამო, უმნიშვნელოდ გაიზრდება.
ყოველივე ამის მიუხედავად, ექსპერტები თვლიან, რომ ძირითადად სუსტმა დოლარმა, ნავთობის მაღალმა ფასებმა და მარაგების შეზღუდულმა რაოდენობამ განაპირობა ზეთი. ფასები გაიზრდება მანამ, სანამ ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარი არ გახდება – აცხადებენ ექსპერტები.
ფერადი მეტალურგიის ბაზრის
განვითარების მდგომარეობა და პროგნოზები
მსოფლიო ბაზარი
2007 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ამ სფეროში სტაბილური განვითარება გრძელდება, რასაც ამტკიცებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ჩატარებული ღონისძიებები მოძველებული სიმძლავრეების შესამცირებლად და ძირითადი პროდუქტების რეგულირების მიზნით საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება.
ფერად მეტალურგიაში სულ უფრო მეტად გამოიკვეთა მეორადი წარმოების კრიზისის ტენდენცია, ძირითადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ფერადი ლითონების წარმოების მთლიანმა ზრდამ 2007 წლის პირველ ნახევარში 25,7% შეადგინა.
ტყვია – იზრდება ამ ლითონზე მოთხოვნილება და შესაბამისად დეფიციტიც, რაც მასზე ფასის ზრდას იწვევს.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში პერიოდში გადაუმუშავებელი ტყვიის წარმოება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,4%-ით გაიზარდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში ტყვიის მოპოვება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23%-ით გადიდდა, წარმოება – 3,48%-დან 7%-მდე გაიზარდა (1,3531 მლნ-დან 1,758 მლნ ტონამდე, მოხმარება – 21%-ით. ტყვიის ექსპორტი 50,8%-ით შემცირდა, იმპორტი კი შიდა მარაგების შემცირების გამო 1,2%-ით გაიზარდა.
2007 წელს ჩინეთში ტყვიის ფასი 106,7%-ით გაიზარდა.
თუთია – ბაზარი სტაბილური არ არის, რადგან ბოლო 6 თვის მანძილზე მერყეობის მაღალი ამპლიტუდის მიუხედავად, თუთიის ფასის კლების ტენდენცია შეიმჩნევა. ლითონის წარმოების ზრდის ტემპი მოთხოვნილების ტემპს აღემატება.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში გადაუმუშავებელი თუთიის წარმოება 1,4%-ით შემცირდა.
ჩინეთში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თუთიის მოპოვება 19,6% -დან 23%-მდე გაიზარდა, წარმოება – 1,8097 მლნ ტონამდე, ექსპორტი – 38,7%-ით (236,972 ათას ტონამდე). თუთიის ნედლეულის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი შედის თუთიის უდიდესი მარაგის მქონე ქვეყნების ხუთეულში, შიდა მარაგების შემცირების გამო 28,9%-ით გაიზარდა. ამასთან ლითონის იმპორტი 46,9%-ით (201,998 ათას ტონამდე) შემცირდა.
სპილენძი – 2007 წლის იანვარ-აგვისტოში მოპოვება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,6%-ით გაიზარდა, წარმოება – 14,7%-ით (4,28 მლნ ტონამდე).
ბოლო 6 თვის ფასების დინამიკა მკვეთრად გამოხატული არ არის, მათი მერყეობის ამპლიტუდა მაღალია, მაგრამ გასულ წელთან შედარებით სპილენძის ფასი 88%-ით გაიზარდა და ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.
ჩინეთში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში სპილენძის კონცენტრატის იმპორტი 35,8%-ით (3,19 მლნ ტონამდე) გაიზარდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო თვითონ ლითონის – 15,6%-ით (2,2 მლნ ტონამდე).
კალა – რიგი ფორსმაჟორული გარემოებების, კონცენტრატის დეფიციტისა და ჩინეთის ელექტრომწარმოებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდის გამო ბაზარი არასტაბილურია. აღნიშნული ფაქტორები ლითონზე ფასის ზრდას იწვევს.
ჩინეთის ლითონის კონცენტრატის დეფიციტი და მაღალი მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს და ეს ფასები მნიშვნელოვნად აღემატება ლონდონის ბირჟის ფასებს. ამ ფაქტორების ფონზე, 2007 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში კალა 65,3%-ით გაძვირდა, კალისა და მისი შენაერთების ექსპორტი 45,4%-ით (19,134 ათას ტონამდე) შემცირდა.
ოქრო – ბოლო 6 თვის განმავლობაში, ოქროს მსოფლიო ფასის ზრდის აღმავალი ტენდენცია შეინიშნება.
ოქროს რეზერვის მოცულობის მიხედვით მსოფლიო მწარმოებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. Barrik Gold;
2. Newmont Fields;
3. Gold Fields;
5. AhgloGold Ashanti;
6. Harmony Gold;
7. Goldcorp;
8. Kinross Gold;
9. Newcrest Mining;
10. Buenaventura.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოქროს წარმოება 8,3%-ით შემცირდა.
ვერცხლი – ბოლო 6 თვის განმავლობაში ვერცხლის ფასი გაიზარდა.
მსოფლიო ბაზრის პროგნოზი
კრიზისულია მეორადი გადამუშავების მდგომარეობა ძირითადად ლათინური ამერიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. გაიზრდება ჩინეთის ნედლეულისა და წარმოების პოტენციალი.
ფერად მეტალურგიაში არ არის გამორიცხული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ლიდერი გახდეს, კერძოდ, ოქროსა და ტიტანის სფეროში.
ბაზრის აქტიურობის გაზრდა მოსალოდნელია ასევე სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, პოსტსაბჭოურ სივრცეში – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
სამხრეთ კორეა მომპოვებელი აქტივების შეძენას ჩინეთში განახორციელებს.
ტყვია – ახალმა კომპანია Nystar-მა (ბელგიური Umicore-სა და ავსტრალიური Zinfex-ის გაერთიანება) შეუძლია მსოფლიოში მესამე ადგილისათვის იბრძოლოს, თუ წლიურ მოცულობას 200 ათას ტონამდე გაზრდის. გარდა ამისა, Nყსტარ აპირებს ტყვია-თუთიის წარმოების კონსოლიდაციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
თუთია – სავარაუდოდ ამ ლითონზე ახლო მომავალში არც დეფიციტი და არც ფასების მერყეობა არ იქნება.
თუთიის ბაზარზე მეწარმეების გაძლიერების მსოფლიო ტენდენციების ფარგლებში Nystar შეიძლება თუთიის წარმოებაში მსოფლიო ლიდერი გახდეს, თუ წლიური მოცულობა 1 მლნ ტონა ექნება.
2009 წლისთვის პერუში, ბრაზილიური Votorantim Metais-ს ქარხნის Cajamarquilla-ს სიმძლავრე წელიწადში 320 ათას ტონამდე გაიზრდება.
ჩინეთში ლიაონინის ოქროს მომპოვებელი კომპანია 2010 წლამდე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საკუთარ მომპოვებელ ბაზას, საზღვარგარეთ გასვლის მიზნით 16 ათასი ტონის წლიური მოპოვებით.
სპილენძი – ნავარაუდევია ბაზარზე დეფიციტის 2011 წლამდე შენარჩუნება.
ოქრო – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამ სექტორში კაპიტალდაბანდებების ზრდის ფონზე გამორიცხული არ არის მოპოვების დინამიკის ზრდის განახლება.
მსოფლიო ეკონიმიკის მიმოხილვა
ცენტრალური ბანკები – განაკვეთი,
პროგნოზები, კომენტარები
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: 4,75%
ბოლო ცვლილებები 18.09.2007, – 0.50%
სავარაუდო მონაცემები 2007წ. ბოლოსათვის და 2008 წ. დასაწყისისთვის: 4.50%/5.00%
სექტემბერში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბაზური განაკვეთი 0.5%-ით, ანუ 4.75%-მდე შეამცირა. განაკვეთის შემცირება განპირობებული იყო იმით, რომ შესაძლებელი გახდეს იმ ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავება, რამაც შეიძლება თავი იჩინოს აშშ-ის ეკონომიკაში საფინანსო ბაზრებზე არსებული კრიზისის გამო. მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის კიდევ 0.25%-ით, ანუ 4.50%-მდე შემცირება.
აშშ-ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
აშშ დოლარის ინდექსის ცვლილება სხვა ძირითად ვალუტებთან შედარებით
დოლარის კურსი ვარდნას განაგრძობს. გასული კვირის ინფორმაციით, ხდება საბინაო ბაზრის კორექცია, რაც ზეგავლენას მოახდენს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევართა შემწეობის მიღებაზე განცხადებებმა 330 ათასს გადააჭარბა, რაც ასევე არასახარბიელოდ იმოქმედებს შრომის ბაზარზე.
უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა ანალიტიკოსებს იმის ფიქრის საბაბს აძლევს, რომ შემდეგ სხდომაზე ფედერალური სარეზერვო სისტემა კიდევ 0.25%-ით, ანუ 4.50%-მდე დასწევს საპროცენტო განაკვეთს. ასევე საყურადღებოა აშშ-ის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2007 წლის მესამე კვარტალში – 3.1%, როცა მეორე კვარტალში ის 3.8%-ით გაიზარდა.
ევროზონა – ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 4,00%
ბოლო ცვლილებები 06.06.2007, + 0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007წ. ბოლოსათვის და 2008 წ. დასაწყისისთვის: 4.00%/4.75%
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ცვლილების გარეშე, ანუ 4,00%-ზე დატოვა. ლიკვიდურობის კრიზისის გამო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შემდეგ სხდომაზე შეიძლება საპროცენტო განაკვეთი ისევ უცვლელი დატოვოს და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მაგრამ თუ საფინანსო ბაზრებზე ვითარება გამოსწორდება, წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის 0.25%-ით გაზრდა გამორიცხული არ არის.
ევროზონა – ერთიანი ევროპული ვალუტა
ევროს ინდექსის ცვლილება სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში
ევროპულ ვალუტაზე ზეგავლენას ახდენს წარმოების სექტორის აქტიურობის კლება. მეორეს მხრივ კი, სამრწეველო წარმოების სავაჭრო ბალანსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი – ამ სფეროს სტაბილურობა ევროს დაღმავალი დინამიკისათვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას აძლევს.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 5,75%
ბოლო ცვლილებები 05.07.2007, + 0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007წ. ბოლოსათვის და 2008 წ. დასაწყისისთვის: 5.50%/5.00%
ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ცვლილებების გარეშე, ანუ 5,75%-ზე დატოვა. ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის 0,25%-ით, ანუ 5,50%-მდე შემცირება.
მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
ფუნტი სტერლინგის ინდექსის ცვლილება სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში
სექტემბერში გარანტირებული იპოთეკის შემცირების გამო არის ვარაუდი, რომ წლის ბოლომდე ინგლისის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოუწევს. ასევე გასულ კვირას ფუნტის დაღმავალი ტენდენცია – 226 პუნქტამდე – აღინიშნებოდა. ამის მიზეზი გახდა ცენტრალური ბანკის განცხადება იმის შესახებ, რომ კომერციული უძრავი ქონების ბაზარი და საფინანსო სექტორი ჯერ კიდევ მტკივნეულად განიცდის მიმდინარე კრიზისებს, ასევე სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტების მონაცემები ეკონომიკური და ინგლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მომავალ წელსაც შემცირების შესახებ.
აღსანიშნავია ასევე საბინაო ბაზრის მონაცემები – 103 ათასი იპოთეკური სესხების მიღების უზრუნველყოფილი განცხადება, იპოთეკური დაკრედიტების მოცულობა – 9.3 მლრდ ფუნტი-სტერლინგი.
კანადა – კანადის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 4,50%
ბოლო ცვლილებები 10.07.2007, + 0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წ. ბოლოსათვის და 2008 წ. დასაწყისისთვის: 4.50%/4.00%
ოქტომბერში კანადის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, ანუ 4,5%-ზე დატოვა. ბაზარი ელოდება, რომ კანადის ბანკი საპროცენტო განაკვეთს წლის ბოლომდე ცვლილების გარეშე დატოვებს. აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრის კრიზისმა შეიძლება კანადის ეკონომიკაზეც მოახდინოს ზეგავლენა. მომავალ წელს შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ნავთობის ფასის ზრდის ფონზე ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება.
კანადური დოლარი
კანადური დოლარის ინდექსის ცვლილება სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში
ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, კანადური დოლარის ინდექსი აღმავალი ტენდენციით არ გამოირჩევა. ასევე აღსანიშნავია, რომ ასეთი ტენდენციის მიზეზი აშშ-ის ეკონომიკის ნეგატიური ვითარებაა, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებში კანადის ძირითადი პარტნიორია. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის მშპ აგვისტოში 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო ნოემბერში კი – 0,1%-ით. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ შრომის ბაზარს – სექტემბერში დასაქმებულთა რიცხვი 51,1 ათასი იყო, ხოლო ოქტომბერში – 12 ათასი.