21-ე საუკუნის კინემატოგრაფია სპეცეფექტებზე იქნება დაყრდნობილი
ავთო ჩიტიძე
სინემატოგრაფია მეოცე საუკუნეში ჩაისახა, განვითარდა და პიკსაც მიაღწია. თავდაპირველად მოძრავი მატარებლის ფარდაგზე გამოჩენამ ფრანგი საზოგადოება შოკში ჩააგდო, რომელიც მალე კინომანიის დასაწყისი გახდა. მატარებლის გამოჩენით, კინემატოგრაფში სპეცეფექტების ხანა დაიწყო. შემდგომ პერიოდში კინოში ფართოდ გავრცელდა გულისამაჩუყებელი სასიყვარულო ისტორიების ამსახველი ფილმების ტენდენცია, რომელმაც პირველი სპეცეფექტი, გარკვეულწილად, უკანა პლანზე გადაიტანა, მაგრამ სულ მალე ჰოლივუდში განგსტერებისა და ვესტერნების ბუმი დაიწყო, რამაც სპეცეფექტების მიმართ ინტერესი კვლავ გააღვივა და მის მყარ დამკვიდრებას დასაბამი მისცა.
განგსტერების თემაზე შექმნილი ფილმების უზადო პოპულარობამ პროდიუსერები ბევრ რამეზე დააფიქრა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სპეცეფექტები ყველაზე კარგი სატყუარა იყო მაყურებლებისათვის. მიხვდნენ, რომ მელოდრამები ფინანსურად წამგებიანი გახდა და მორიგ ფინანსურ ინექციად სპეცეფექტების დიდი დოზა მიიჩნიეს. ერთ-ერთმა ნოვატორმა რეჟისორმა, ალან სმიტმა განაცხადაL “დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფილმში გამოყენებული სპეცეფექტი, რომელიც 1000 დოლარი დაჯდა, გაქირავებაში გარანტირებულ მილიონ დოლარს მოიტანს. ფილმში სპეცეფექტების გაზრდა ჩემს ინტერესებშიც შედის. რამდენ სპეცეფექტსაც გამოვიყენებ, ფილმის ჩავარდნის შემთხვევაში, იმდენი მილიონი გარანტირებული მექნება. საერთოდ, როდესაც ფილმის პრემიერის რეკლამა კეთდება, პროდიუსერები კლიპისათვის არჩევენ სპეცეფექტების ეპიზოდებს. მაყურებელი ამგვარი რგოლის ნახვის შემდეგ, ყოველთვის ინტერესდება ფილმით და მის სანახავად ფულსაც არ იშურებს. კრიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია მხატვრული ფილმისათვის დამღუპველია. მე ასე არ ვფიქრობ, რის საბაბსაც მაყურებლით გადატენილი დარბაზი მაძლევს”. კინემატოგრაფია, რომ ილუზიების სამყაროა არავისთვის უცხო არ არის, კინოს მოყვარულები განწყობილნი არიან იმისათვის, რომ კინოთეატრში არარეალური სურათი ნახონ. ერთ-ერთი ფსიქოლოგი აცხადებს: “მაყურებელი როდესაც კინოთეატრში მიდის, განწყობილია იმისათვის, რომ ცოტა ხნით მაინც გაექცეს რეალურ სამყაროს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ზღაპრული შინაარსის ფილმები ხიბლავთ, უბრალოდ, მათი ქვეცნობიერი სურვილია სინამდვილეს ისე გაექცნენ, ნაცნობ სამყაროს არარეალური ფანტაზიით უყურონ”.
მაყურებელს ყველაზე მეტად მოსწონს ისეთი ეფექტები, რომლებიც გრანდიოზულ ნგრევასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც 1998 წელს ფილმი “დამოუკიდებლობის დღე” გამოვიდა უმალ დიდი წარმატება ხვდა წილად და 1998 წლის ერთ-ერთ მომგებიან ფილმად აღიარეს. სოციოლოგებმა მაყურებელი გამოკითხეს და გაარკვიეს, თუ რა იზიდავდათ ამ ფილმ-კატასტროფაში. გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად თეთრი სახლის ნგრევამ მოხიბლა. ფილმ “ტიტანიკში”, სადაც კარგად არის გამდმოცემული ტრაგიკული სიყვარული ამბავი, კოლოსალური მოგების მიზეზი, თავად გემის დამსხვრევის მომენტი აღმოჩნდა. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფილმის “ვარსკვალვური ომები. ეპიზოდი პირველი”-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჰოლივუდის ფილმეიკერებმა განაცხადეს: “თუ მომავალშიც ასეთი კომპიუტერული ეფექტების ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ კინოსტუდიებში მომუშავე პერსონალი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. მათ ადგილს კომპიუტერები დაიკავებენ”.
სურათის უკეთ დასახატად, კარგი იქნება თუ სპეეფექტების დამკვიდრებას კინემატოგრაფიაში თანმიმდევრობით მივდევთ. ადრეულ წლებში დეკორაციებს მუყაოსა და ხის თხელი ფირფიტებისაგან ამზადებდნენ, ამგვარად ქმნიდნენ მთელ ქალაქებს, რომელიც იაფი არ ჯდებოდა. ჯერ კიდევ 60-იან წლებში ასეთი დეკორაციები ფილმის ნახევარ ბიუჯეტს ითხოვდა. იმ დროისათვის პროდიუსერებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, რადგან ვარსკვლავები დღევანდელთან შედარებით, მცირე ჰონორარს სჯერდებოდნენ. პირველი მაქსიმალური ჰონორარი ელიზაბეტ ტეილორმა ფილმში “კლეოპატრა” როლისათვის მოითხოვა. მან მილიონი დოლარი მიიღო. ფილმის პროდიუსერები იძულებულები იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ ვარსკვლავის მოთხოვნა. კლეოპატრას როლზე უარი განაცხადეს ჯოანა კოლინზმა და ოდრი ჰეპბერნმა. ფილმის გრანდიოზული დეკორაციები ლონდონის “ჰაინვუდ სტუდიაში” აიგო. როდესაც გადასაღებ მოედანზე მის ტეილორი გამოჩნდა, ყველა დაწყნარდა და იფიქრეს ამით დასრულდებოდა მისი ყველა პრეტენზიები, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანია “მეოცე საუკუნე ფიქსის” ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ კლეოპატრას სახალისა და ალექსანდრას შუქურისათვის მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამას თან დაერთო გრანდიოზული სკანდალი, რაც ელიზაბეტის ავადმყოფობით იყო გამოწვეული. იგი ალბიონის ნესტიანმა ჰავამ დაავადმყოფა. ექიმებმა კი ნახევარწლიანი ძვირად ღირებული სამკურნალო კურსი დაუნიშნეს. ამ თანხის გადახდა ლიზმა პროდიუსერებს დააკისრა, რაც შეძლო კიდეც. ფილმის რეჟისორი იძულებული იყო გადაღებები გაეჩერებინა.
ინგლისურმა ნოტიო ჰავამ ასევე დიდი პრობლემები შეუქმნა ძვირად ღირებულ დეკორაციებსაც. გადასაღები მოედანი მთელი თავისი ატრიბუტებით იტალიაში გადაიტანეს, თუმცა, დეკორაციების გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს. იქ მათ ხელახლა მოუწიათ ეგვიპტის პირამიდებისა და კლეოპატრას სასახლის აგება. ამ ყველაფერმა კი სამ თვეს გასტანა და თითო ჩავარდნილი სამუშაო დღე 45 ათასი დოლარი უჯდებოდათ. ამ თანხაში, რა თქმა უნდა, არ შედიოდა მსახიობების ჰონორარი, რომელიც დროის გაწელვასთან ერთად გადიდდა. დეკორაციებს ამჯერადაც არ გაუმართლდათ. მზიან იტალიას იმ წელიწადს დიდი ქარიშხალი დაატყდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. სტიქიამ დეკორაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. გადამღებმა ჯგუფმა ყოველივე ამის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, მეორედ აღარ გაერისკა მსგავს გრანდიოზულ პროექტებში მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში, კლეოპატრა 44 მილიონი დოლარი დაჯდა, ეს დღევანდელი კურსით 270 მილიონი დოლარის ტოლფასია. ეს თანხა იმ დროისათვის სარეკორდო იყო. მას შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტაბუ დაადეს მაღალბიუჯეტიან ფილმებს.
საბჭოურმა ფილმა “ომი და მშვიდობა” გარკვეულად გადააჭარბა კიდეც “კლეოპატრას”. გრანდიოზული მასობრივი ბრძოლები, 1812 წლის მოსკოვის ხანძარი, რუსი არისტოკრატების სასახლეები… ეს მოკლე ნუსხაა, რამაც ბიუჯეტის მთავარი ნაწილის დახარჯვა გამოიწვია. მე-19 საუკუნის გარემოსა და ანტურაჟის შექმნას მილიონობით თანხა დასჭირდა. ფილმის რეჟისორმა სერგეი ბონდარჩუკმა ოცწუთიანი სცენისთვის 18 მლნ. მანეთი დახარჯა. იმ დროისათვის კი რუსეთში ფილმი საშუალოდ 400 ათას მანეთად კეთდებოდა. ფილმის პროდიუსერებმა გამოიყენეს დეკორაციებისათვის ისეთი გამძლე და მსუბუქი მასალები, რომელთაც ღია ცის ქვეშ დაზიანება არ ემუქრებათ. ფილმისთვის 200-მდე დეკორაცია შექმნეს და უნდა ითქვას, რომ დიდი ეკონომიური გაანგარიშებით, ამ ფილმის მაგალითით მსოფლიო კინემატოგრაფისტებიც დაინტერესდნენ.
ინგლისელმა რეჟისორმა, როდესაც ოსკარის მფლობელ ფილმზე “ინგლისელ პაციენტზე” მუშაობდა, ყველას გასაკვირად ფილმის ბიუჯეტი 28 მლნ. დოლარამდე შეამცირა. რეჟისორმა ენტონი მინგელმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად ნაკლები დეკორაციები გამოეყენებინა და გადაღებებში ადგილი დაუთმო ბუნებრივ ნაგებობებს, მაგალითად, ცნობილი “შეპარ ოტელის” გარემო მან გადაიღო ვენეციაში, სადაც იპოვა ისეთი ადგილი, რომელიც თითქმის იდენტური იყო. ქაიროს ცნობილი ბაზრის სცენები ტუნისში მიტოვებულ სოფლებში გადაიღეს.
ასეთივე დიდი წარმატება ხვდა წილად 25 მლნ-იან ფილმს “შეყვარებული შექსპირი”, რეჟისორმა ჯონ მედენმა იმდენად კარგად აღადგინა შექსპირისეული პერიოდი, რომ თვით ისტორიკოსები და შექსპიროლოგებიც ფილმით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. ამ ფილმმა შვიდი ოსკარი დაიმსახურა. გამოყენებული დეკორაციები ლონდონის მუზეუმს გადასცეს, სადაც სისტემატურად იმართება შექსპირის პიესები, დადგმები. თანამედროვე ფილმეიკერები თვლიან, რომ დროა წარსულს ჩაბარდეს დეკორაციების ხელოვნება და ადგილი დაეთმოს კომპიუტერულ სპეცეფექტებს. თუმცა, გამოცდილი რეჟისორები მიიჩნევენ, უმჯობესია გაერთიანდეს ეს ორი მიმდინარეობა. ასეთ მაგალითს მიმართა ჯეიმს კამერონმა ფილმ “ტიტანიკის” გადაღებისას, თუმცა, ამ ფილმს მცირებიუჯეტიანს ვერ ვუწოდებთ, რადგან მასზე 200 მლნ. დოლარი დაიხარჯა, რომლის 60 პროცენტი სპეცეფექტებზე წავიდა. ფილმმა ოთხ კვირაში ამოიღო მასზე დახარჯული თანხა და დღეისათვის 2 მილიარდი დოლარი მოიპოვა.
ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღება მექსიკაში მიმდინარეობდა. შეიქმნა ტიტანიკის რამდენიმე გრანდიოზული მაკეტი, მათგან ყველაზე დიდი 250 მეტრს შედაგენდა, რაც ნამდვილისაგან განსხვავებით, 26 მეტრით ნაკლებია. სულ პატარა მოდელი 13 მეტრის იყო. ფილმში გამოყენებულია უახლესი მეთოდები და მასალები, რომლებმაც ლითონის ილუზია რეალურად შექმნეს. სცენა სადაც გემის მოტორიანი ნაწილია გადაღებული, ეს ნამდვილი გემის მუშაობის პროცესია. საერთოდ ეს ფილმი სპეცეფექტების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით მის მხატვრულ ღირებულებაზე.
სპეცეფექტების პოპულარობაში უდიდესი წვლილი შეაქვს ოსკარის ცერემონიალს. კრიტიკოსები ამერიკის უმაღლეს კინოაკადემიას მდარე მხტვრულღირებული, ანუ იგივე სპეცეფექტებიან ფილმების ლობირებაში ადანაშაულებს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაყურებლის უფლებები არ ირღვევა.