თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ისევ იგვიანებს
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს ქალაქებში ინდუსტრიული ზონების მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ქალაქთა ჩამონათვალში პირველივე ფოთი მოხვდა. ფოთელებს დიდ ხანს მოუწიათ ლოდინი. მისი გახსნა მაისის ბოლოსათვის იგეგმებოდა, თუმცა ვადებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად, ერთი თვით გადაიწია. ფოთის ინდუსტრიული ზონის გახსნის თარიღად ახლა ივნისის ბოლო სახელდება. ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სავარაუდოდ, ამ დროს ამოქმედდება კიდეც და დაპირებისამებრ, ათიათასობით ქართველი დასაქმდება.
ცვლილება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის N72 დადგენილებაში შევიდა. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყების ვადად 2009 წლის 15 დეკემბერი იყო განსაზღვრული. ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 31 მარტამდე ზონის მფლობელს შპს რაკ საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”-ს საქართველოს მთავრობასთან უნდა გაეფორმებინა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ” ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება.
ამ პროექტს, მთავრობის წინასწარი გათვლებით, ათასობით საქართველოს მოქალაქის დასაქმება უნდა მოეტანა. რაკ საქართველოში” კი ამბობენ, რომ ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყება აგვისტოს ომმა შეაფერხა. მენეჯმენტის ინფორმაციით, ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყებამ ზუსტად იმ ვადით გადაიწია, რა დროც ტერიტორიის განაღმვას დასჭირდა. ამასთან, მათი განცხადებით, ომმა ინვესტორები დააფრთხო და მათ გარკვეული დრო დასჭირდათ იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთი ომს ისევ არ დაიწყებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობაზე ამ დროისათვის უკვე 25 მილიონი დოლარია დახარჯული.
რამდენიმე წლის წინ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფოთში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მთელ შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი იქნებოდა და იგი არა მარტო სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებს, არამედ მთელ საქართველოს მოემსახურებოდა. იმ დროინდელი გეგმის მიხედვით, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უკვე უნდა მოქმედებდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით თითქმის არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არაბებმა ფოთის პორტი საკმაოდ იაფად იყიდეს.
კომპანია რაკ ინვესტმენტს” ფოთის პორტის 51% და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობები, მათზე დამაგრებული 304 637 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა, რაშიც არაბულმა კომპანიამ 90 მილიონი დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, არაბები ფოთის პორტის ერთადერთი მფლობელები გახდნენ. სახელმწიფომ დარჩენილი 49%-იანი წილიც გაყიდა. მასში არაბებმა 65 მილიონი დოლარი გადაიხდეს. არაბული რას-ელ-ჰაიმი” ფოთის პორტში 500 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს. თანხა უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდ “რაკიას” მეშვეობით გადაირიცხება. რეკონსტრუქცია მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. შემდეგ კიდევ ერთი პორტის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომლის ღირებულებაც 300 მილიონი დოლარია.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება უკვე 15-მა კომპანიამ მოიპოვა თურქეთიდან, უკრაინაიდან, გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და საქართველოდან. წლის ბოლომდე მათი რიცხვის გაზრდას 50-მდე ვარაუდობენ. კომპანიები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფილისაა: წარმოება (ნებისმიერი სახის), სავაჭრო, სერვისული და საკონსულტაციო სფერო. ზონის ტერიტორიაზე ავეჯის, ქიმიური ნაწარმის, ლითონისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოება ამუშავდება. პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის თქმით, უკვე განსაზღვრულია, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია LG-იც დაიწყებს საქმიანობას.
გარდა ამისა, ფოთში ამიერკავკასიის მასშტაბით, უმსხვილესი აეროპორტის აშენებაც იგეგმება. მას არაბული კომპანია რას-ელ-ჰაიმი” ააშენებს. რას-ელ-ჰაიმა ინვესთმენთ აუთორითი ჯორჯიამ” აეროპორტის აქციების 98,26%-ში, სავარაუდოდ, 1 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, მას ექნება ვალდებულება, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აეროპორტი ექსპლოატაციაში 2012 წლის გაზაფხულზე უნდა შევიდეს, სადაც ევროპიდან ჩარტერული რეისები შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ”” კანონპროექტის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში უნდა შეიქმნას. ქუთაისში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება, ხოლო თბილისში, ბათუმსა და ფოთში – ერთი. აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონში ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად ინვესტორს ეძებენ. როგორც ყოველთვის, მთავრობაში ამჯერადაც აცხადებენ, რომ ერთადერთი პირობა, რომელსაც ინვესტორს წაუყენებენ 2 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა.
თუმცა, ერთია, მთავრობის დაპირებები და მეორე, ინვესტორების მიერ რეალურად განხორციელებული ინვესტიციები და მათი შედეგები. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის დადგენილებით უკვე შეიქმნა. მისი ფუნქციონირების ვადად 99 წელი განისაზღვრა. ქუთაისის ინდუსტრიული ზონის მოწყობა ეგვიპტურ კომპანია ფრეშს” დაევალა. შარშან მთავრობამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ კომპანია ქუთაისში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა, ხოლო წელს 1,2 მილიარდსაც დაამატებდა. თუმცა, კომპანია “ფრეშმა” ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჯერ მხოლოდ 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისის ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ 12 ქარხანა იმუშავებს.
ფრეშის” ვიცე-პრეზიდენტის, მოჰამედ რაფაატის ინფორმაციით კი, ქარხანამ ჯერ 2009 წლიდან დაწყებული 2012 წლით დამთავრებული განვითარების სამი საფეხური უნდა გაიაროს. მისი თქმით, 2010 წლის ბოლოს, ქარხანამ უნდა შეძლოს გაზქურების, გამაცხელებლებისა და ღუმელების დამზადება. 2011 წლისთვის იგეგმება სარეცხი მანქანების და ვენტილატორების, ხოლო 2012 წელს კი, ავტომატიზირებული სარეცხი მანქანების და მაცივრების წარმოების დაწყება. შარშან, მთავრობაში იმასაც აცხადებდნენ, რომ 2009 წლის ბოლოსთვის, მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2 500 ადამიანი დასაქმდებოდა. ეგვიპტური კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით კი, ამჟამად ქარხანაში მხოლოდ 60-მდე ქართველია დასაქმებული.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში რიგით მეორე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ამჯერად ჩინური კომპანია ჰანგლი ინდასთრი”” შექმნის. მინისტრის თქმით, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა და ქუთაისში ახალი ინდუსტრიული ზონის შექმნა საბოლოოდ უახლოეს მომავალში გადაწყდება. მთავრობის ინფორმაციით, ჰანგლი ინდასთრი” ინდუსტრიული ზონის პროექტში 20 მილიონი დოლარის დაბანდებას გეგმავს. ჩინელებმა ქვისა და ხის დამამუშავებელი ორი ახალი ქარხანა უნდა აგვიშენონ.
თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა იგეგმება თბილისში და რუსთავშიც. ვიდრე სააკაშვილი ბათუმის თიზ-ზე გააკეთებდა განცხადებას, საუბარი იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რუსთავის ტერიტორიაზე შექმნასთან დაკავშირებითაც, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა. მაშინ საუბარი იყო რუსთავის ყოფილი ქიმ-ბოჭკოვანი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ესტონურმა ბიზნეს ჯგუფმა ჯერ კიდევ 2007 წელს შეიძინა, რათა იქ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაეკეთებინა. ცნობილი იყო ისიც, რომ 60 ჰექტარ ფართობზე ის საწარმოები განთავსდებოდა, რომლებიც კვების მრეწველობით დაწყებული, მსუბუქი მრეწველობით დამთავრებული, ყველა სახის პროდუქციის წარმოებას დაიწყებდნენ.
ახალი ინდუსტრიული ზონების შექმნას ექსპერტთა ერთი ნაწილი დადებითად აფასებს და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიული ზონების შექმნა სტრატეგიული გათვლების გარეშე კეთდება და ეს სასიკეთო შედეგამდე არ მიგვიყვანს. ექსპერტთა ნაწილი აღ-ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამდენი თავისუფალი ინდსუტრიული ზონის არსებობის შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტი სხვა გათვლებით უნდა იგეგმებოდეს.