მსოფლიო ეკონომიკის ახალი ერა
რედაქციისაგან
დოლარი ეცემა, ხოლო ყველა საქონლის ფასი კი, მატულობს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ეკონომიკა იზრდება. ეს არის ახალი რეალობა საერთაშორისო ეკონომიკური თეორიის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ბანკებმა უზარმაზარი ზარალი განიცადეს იპოთეკური კრიზისის გამო, ნავთობის ფასმა 100 დოლართან დაიდო ბინა და ევრო უაზროდ გამყარდა, არც ევროპის, არც ამერიკის და არც აზიის წამყვან ბაზრებს სტაგნაციის ნიშნები ჯერ არ აქვს. კერძოდ:
ევროზონის მაკროეკონომიკა
2007 წლის III კვარტალში ევროზონის მშპ, II კვარტალთან შედარებით, 0.7%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,7%-ით მეტია.
2007 წლის ნოემბრის მონაცემებით, ევროზონაში ინფლაციამ, წლიური გამოთვლებით, 3.0% შეადგინა. ანალიტიკოსები 2,9%-იან მაჩვენებელს ვარაუდობდნენ. 2007 წლის ოქტომბერში ის 2,6% იყო, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ბოლო 6,5 წლის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია.
წინასწარი მონაცემებით, გერმანიაში ინფლაცია 2007 წლის ნოემბერში წლიური გამოთვლებით 3%-ით გაიზარდა. ამასთან ყოველთვიური გამოთვლებით სამომხმარებლო ფასები 0,4%-ით გაიზარდა. გერმანიაში უმუშევრობის დონე ნოემბერში 0.1%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და 8,6% შეადგინა. ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი ოქტომბერთან შედარებით 53 ათასით შემცირდა და 3,378 მლნ შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)
ევროზონის სამრეწველო წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში 0,7%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით. წლიური გაანგარიშებით 2007 წლის სექტემბერში წარმოება 3,5%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ინფლაცია
2007 წლის ოქტომბერში წლიური გამოთვლებით ევროზონაში ინფლაციამ 2,6% შეადგინა. 2006 წელს ეს მაჩვენებელი 1,6% იყო.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი
ევროზონაში სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოს თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 2,7%-ით.
საგარეო ვაჭრობა
ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი მიმდინარე წლის აგვისტოში 1,3 მლრდ ევრო იყო, ხოლო 2006 წლის აგვისტოში სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო – 5,2 მლრდ ევრო. მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში ექსპორტი 4,9%-ით, ხოლო იმპორტი 2%-ით გაიზარდა.
საცალო გაყიდვები
მიმდინარე წლის სექტემბერში ევროზონის საცალო გაყიდვების მოცულობა, აგვისტოსთან შედარებით, 0,3%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა.
საპროცენტო განაკვეთები
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სააღრიცხვო განაკვეთი ცვლილების გარეშე – წლიურ 4%-ზე დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება ბანკის მმართველობითი საბჭოს სხდომაზე 8 ნოემბერს მიიღეს.
აშშ-ის მაკროეკონომიკა
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2007 წლის III კვარტალში 4,9%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები ანალიტიკოსების პროგნოზზე უმნიშვნელოდ მაღალია, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამერიკის ეკონომიკა მოცემულ პერიოდში 4,8%-ით გაიზრდებოდა. როგორც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის მშპ-ის ზრდა მიმდინარე წლის III კვარტალში ძირითადად დაკავშირებულია სამომხმარებლო ხარჯებისა და მომსახურების, ექსპორტისა და ფედერალური ხელისუფლების ხარჯების ზრდასთან.
აშშ-ის მეორად საბინაო ბაზარზე ბინების გაყიდვები მიმდინარე წლის ოქტომბერში 1,2%-ით შემცირდა ამავე წლის სექტემბერთან შედარებით და 4,79 მლნ ერთეული შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის მეორადი საბინაო ფონდის ბინების გაყიდვების მოცულობა 5,03 მლნ ერთეული იყო. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, ისინი ვარაუდობდნენ, რომ გაყიდვების მოცულობა 4,95 მლნ ერთეული იქნებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ეს ციფრი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით შემცირდა.
2007 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, აშშ-ში ახალი სახლების გაყიდვა 1,7%-ით გაიზარდა და 728 ათასი ერთეული შეადგინა. წლიური გამოთვლებით 2007 წლის ოქტომბერში ახალი სახლების გაყიდვის მოცულობა 23,5%-ით (952 ათასი ერთეულით) ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
სამომხმარებლო ნდობის ინდექსი აშშ-ში 2007 წლის ნოემბერში 7,9 პუნქტით, ანუ 87,3 პუნქტამდე დაიწია. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდექსი 91,6-ზე იქნებოდა. აშშ-ში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა მიმდინარე წლის ოქტომბერში 95,2 პუნქტი შეადგინა.
აშშ-ში სამომხმარებლო შემოსავლების მოცულობა 2007 წლის ოქტომბერში 0,2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზრდებოდა. 2007 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზარდა.
სამრეწველო წარმოება
აშშ-ის სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,5%-ით შემცირდა. წლიური გამოთვლებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 1,8%-ით გაიზარდა. საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი 2007 წლის ოქტომბერში 81,7%-ს შეადგენდა.
სამომხმარებლო ინფლაცია
აშშ-ში 2007 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები სექტემბერთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გარდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით ამაღლდა.
საგარეო ვაჭრობა
აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2007 წლის სექტემბერში 0,5%-ით, ანუ 56,5 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ამ პერიოდში იმპორტის მოცულობა 196,6 მლრდ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი – 140,1 მლრდ დოლარი.
საცალო გაყიდვები
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საცალო გაყიდვების მოცულობა 0,2%-ით გაიზარდა და 380,26 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიური გამოანგარიშებით საცალო გაყიდვები აშშ-ში ნოემბრის თვეში 5,2%-ით გაიზარდა.
პერსონალური ფინანსები
სამომხმარებლო შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში 0,2%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო სესხები
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხების მოცულობამ აგვისტოში 15,4 მლრდ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის სექტემბერში – 3,7 მლრდ, ხოლო აგვისტოში – 15,4 მლრდ დოლარი.
საპროცენტო განაკვეთები
30-31 ოქტომბრის სხდომაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის ოპერაციების კომიტეტმა, ფედერალური ფონდების, ანუ ბანკთაშორისი კრედიტის – ოვერნაიგჰტ-ის 25 პუნქტით 4,50%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. წინა სხდომაზე ეს განაკვეთი 50 პუნქტით შემცირდა.