გაზი – პოლიტიკური ფასი პოლიტიკური გმირობები საქართველოს გაზის ბაზარზე
ნინო არველაძე
მთელი წლის განმავლობაში, გასული წლების მსგავსად, ენერგომატარებლების ბაზარი დიდი ყურადღებით სარგებლობდა (ის, რომ “გაზპრომი” მონოპოლისტის უფლებებს ბოროტად იყენებს საიდუმლო აღარ არის): გაზაფხულზე ირანისა და რუსეთის გეგმა გაზის კარტელის შექმის თაობაზე, შემდეგ რუსეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკება ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზრის შექმნისა და გაზის ექსპორტირების საკითხებზე, თურქმენული გაზის გაძვირება, გაზის სკანდალი მოსკოვსა და მინსკს შორის, ვილნიუსის სამიტი, ახალი პროექტები, ერთი სიტყვით, ენერგომატარებლების ბაზარს არც სიახლეები აკლია და არც სკანდალები. მიმდინარე წლის დასაწყისში გაზის რუსმა მონოპოლისტმა “გაზპრომმა” დსთ-ის ქვეყნებისთვის საბაზრო ფასები გამოაცხადა, რომელსაც საქართველოს მთავრობა იმით გამოეხმაურა, რომ სასწრაფოდ შეუდგა ალტერნატიული წყაროს ძებნას.
საქართველომ “გაზპრომის” 1000 კბმ გაზი 235 დოლარად შეიძინა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთი ლიდერობას არავის უთმობს. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ოდესა-ბროდი-პლოცკი-ფოთის გაზსადენის პროექტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა რუსეთი გაზის სატრანსპორტო სისტემის შენარჩუნებას ყველა საშუალებით ცდილობს.
“გაზპრომის” მიერ შეთავაზებული ძვირადღირებული გაზის გამო უკმაყოფილება არც საქართველოს დაუფარავს და არც აზერბაიჯანს. საქართველოს მთავრობამ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ფასს პოლიტიკური უწოდა, ხოლო პოლიტიკურ გმირობად მოინათლა აზერბაიჯანის გადაწყვეტილება საქართველოსთვის 1000 კბმ ბუნებრივი აირის 120 დოლარად მიყიდვის შესახებ.
“გაზპრომის” ფასები, სხვა ქვეყნებისთვის 2006 წლის ბოლოს: ბელორუსია- 110, უკრაინა – 130, აზერბაიჯანი, საქართველო – 230, სომხეთმა “გაზპრომის” გაზის მიღება 110 დოლარად მოახერხა. თუმცა რუსეთის გადაწყვეტილება დსთ-ის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდის თაობაზე უცვლელია. 2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პირველი პირები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთთან მოლაპარაკებას შეძლებდნენ და კასპიის ზღვის აუზიდან შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან მიღებული გაზის მოცულობაც გაიზრდებოდა.
რუსეთის მონოპოლიით შეშფოთებული ევროპა ენერგომატარებლების ალტერნატიული მარშრუტებისათვის ზრუნვას შეუდგა. საქართველოს მნიშვნელოვან ქვეყნად აღმოსავლეთის ქვეყნებიც განიხილავენ.
საქართველოს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ხეთაგური:
– ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება გვესაუბრეთ გაზის დივერსიფიცირების საკითხებზე, რომელიც “გაზპრომის” ცნობილი განცხადების შემდეგ საქართველოსთვის აუცილებელი გახდა. ამჯერად გაზის რამდენი მომწოდებელი ჰყავს საქართველოს?
– 2007 წელი საქართველოს გაზის სექტორისთვის გარდატეხის წელი იყო. 2007 წლის დასაწყისში მოხდა გაზის მიწოდების კომერციული დივერსიფიცირება, ხოლო ტექნიკური დივერსიფიცირება – 2005 წლის ბოლოს. ტექნიკურად აღსდგა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ყველა მილსადენი. მათ შორისაა აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ძველი მილსადენი, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან ამარაგებდა. ტექნიკური დივერსიფიცირების შემდეგ საქართველო ბუნებრივ აირს უკვე სამი მილსადენიდან იღებს, ერთი უკავშირდება რუსეთს, მეორე – აზერბაიჯანს, მესამე კი იყო სამხრეთ-კავკასიური მილსადენია, რომელიც შახ-დენიზის სახელითაა ცნობილი და აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან აკავშირებს და ევროპაში გადის. 2007 წელს მოხდა გაზის მოწოდების კომერციული დივერსიფიცირება, კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს გაზის მაგისტრალურ მილსადენებში დაიწყო შახ-დენიზის გაზის შემოსვლა და მომხმარებელს სხვა დანარჩენ მომწოდებლებთან (აზერბაიჯანული კომპანია “აზერიგაზი” და რუსული კომპანია “გაზექსპორტი”) ერთად შახ-დენიზის გაზიც მიეწოდებოდა. ეს წელი იმ მნიშვნელოვანი მოვლენითაც გამოირჩეოდა, რომ ევროპაში შევიდა აზერბაიჯანული გაზი, შემოდგომაზე გაიხსნა თურქეთ-საბერძნეთის დამაკავშირებელი მილსადენი და მართალია, ჯერ-ჯერობით მცირე მოცულობით, მაგრამ მაინც ევროპაში შევიდა. თურქეთმა და ევროპამ დაინახა ის ალტერნატიული დერეფანი, რომელითაც ბუნებრივი გაზისა და სხვა ენერგომატარებლების ევროპულ ბაზრებზე გატანა რუსეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება.
– საქართველოს პრესაში იბეჭდება ინფორმაცია, რომ საქართველო შახ-დენიზის მილსადენიდან საკმარისი მოცულობის გაზს არ იღებს. თუ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანს არ აქვს სურვილი საქართველოს 1000 კბმ გაზი 120 დოლარად მიჰყიდოს?
– ფაქტი ფაქტად რჩება, აზერბაიჯანული კომპანიები “აზერიგაზი” და “სოკარი” საქართველოს 1000 კბმ ბუნებრივ აირს 120 დოლარად აწვდის, რაც შეეხება შახ-დენიზს, არსებობს მომქმედი კონტრაქტი, ჩვენ წლის განმავლობაში შახ-დენიზის მილსადენიდან, მომქმედი კონტრაქტის შესაბამისად ვიღებთ 250 მლნ კბმ ბუნებრივ აირს, მომავალ წელს მოხდება დამატებით სატრანზიტო გადასახადის სახით გაზის მოწოდება. წელს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით სატრანზიტო გადასახადი 5% რჩება. აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ მიმდინარეობს, საუბარია ხუთწლიან კონტრაქტზე. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ საქართველო აზერბაიჯანის ორი წყაროდან, როგორც შახ-დენიზიდან, ასევე “აზერიგაზიდან” ბუნებრივ აირს იღებს. ჩვენ პარალელურად ვიღებთ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის საფასურს – გატარებული გაზის 10%-ს. დღეს გაზის ყველა მომხმარებელი გაზით უზრუნველყოფილია და ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს.
– საქართველოს გაზის მოთხოვნის რა ნაწილია დამოკიდებული “გაზპრომზე”?
– ჩვენ მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის საფასურს ვიღებთ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ გაზის პოლიტიკურ ფასს – 235 დოლარს 1000 კბმ ბუნებრივ აირზე საქართველო არ იხდის? მაშინ ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ გაძვირდა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი?
– დღესდღეობით საქართველო 235 დოლარიან გაზს არ იღებს, მაგრამ ვიღებდით 2007 წლის დასაწყისიდან მაისის თვის ჩათვლით.
– მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს გაზი გაუძვირა, თურქეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებები ითვალისწინებდა შემდეგს – თურქეთი საქართველოს დაუთმობდა იმ 800 მლნ კბმ ბუნებრივ აირს, რომელიც მას 2007 წელს შახ-დენიზის საბადოდან უნდა მიეღო, 2008 წელს კი საქართველოს იგივე მოცულობის გაზი უნდა დაებრუნებინა თურქეთისათვის. რა მოხდა რეალურად, მიიღო თუ არა საქართველომ 800 მლნ კბმ ბუნებრივი აირი?
– რეალურად ასე არ მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ 2007 წლის განმავლობაში თურქეთი ივლისამდე შახ-დენიზის გაზს არ იღებდა, ჩვენ კი აზერბაიჯანული კომპანია “აზერიგაზიდან” და შახ-დენიზიდან კონტრაქტის შესაბამისად ვიღებდით ბუნებრივ აირს. თურქეთის წინაშე ჩვენ ვალდებულებები აღარ გაგვაჩნია, რადგან საქართველომ აზერბაიჯანული მხარისგან ჩვეულებრივ კომერციულ ფასში შეიძინა ბუნებრივი აირი.
– ირანული მხარე აცხადებს, რომ მზად არის საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის გავლით ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას, მაგრამ ირანთან დამოკიდებულებაში, როდესაც საქართველო გაზის ალტერნატიულ მომწოდებელს ეძებდა, აშშ-მ მკვეთრად გამოხატა პოზიცია და განაცხადა, რომ არ მოეწონებოდა საქართველოს რაიმე სახის დამოკიდებულება ირანთან, იგივე ეხებოდა აზერბაიჯანსაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ირანის უკანასკნელი განცხადების თაობაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო?
– როდესაც რუსეთმა მილსადენები ააფეთქა და საქართველოსთვის პრაქტიკულად არ არსებობდა გაზის მოწოდების წყარო, ჩვენ ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი განვახორციელეთ. ტექნიკურად შეგვეძლო გაზის ირანიდან მიღება და ამას დავთანხმდით, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში ირანული გაზი შემოვიდა. მართალია, დიდი მოცულობა არა, მაგრამ იმ დროისთვის შექმნილი ვითარებისთვის ის მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2006 წელს, აფეთქებული მილსადენების პირობებში, საქართველო თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ იმპორტის განხორციელების წინააღმდეგი არავინ ყოფილა, შესაძლებელია აშშ-ის უარყოფითი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ საკითხი ენერგოუსაფრთხოებას შეეხება, საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირით თითოეული მოსახლის უზრუნველსაყოფად მაქსიმუმს გააკეთებს. ჩვენ გაზის სექტორში დივერსიფიკაცია სწორედ იმ მიზნით გვინდოდა, რომ საქართველოს ყოლოდა გაზის მომწოდებელთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობა, რათა ერთ მომწოდებელზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული და მდგომარეობის გართულების შემთხვევაში “გაზპრომიდან” შახ-დენიზზე არ გადავსულიყავით. ახლა სახელმწიფოს არჩევანის საშუალება აქვს, რაც კონკურენციის განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ერთმა გამყიდველმა იცის მეორის არსებობის შესახებ, ის ფასის დაწევას ცდილობს. რაც შეეხება ირანის განცხადებებს ევროპისთვის გაზის მიწოდების შესახებ, ირანს აქვს თურქეთთან დამაკავშირებელი გაზის მილსადენი. ცნობილი “ნაბუკოს” პროექტი ითვალისწინებს ამ მილსადენის არა მხოლოდ ტრანსკასპიური რეგიონის გაზით შევსებას, არამედ, ირანულისა და ირანის გავლით თურქმენული გაზის გატარებას. არსებობს ირან-თურქმენეთის მილსადენი და ასევე, ირან-თურქეთისა და თურქეთ-ევროპის მილსადენებიც.
– თურქმენეთმა გადაწყვიტა უკრაინას ბუნებრივი აირის ფასი გაუძვიროს, აისახება თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე?
– რა თქმა უნდა, არ აისახება, რადგან ჩვენ თურქმენეთიდან გაზს არ ვიღებთ, ამიტომ ეს გადაწყვეტილემა მხოლოდ უკრაინას ეხება.
– თუ შეგვიძლია პროცენტულად ვთქვათ, რომელი მილსადენიდან რა მოცულობის ბუნებრივ აირს იღებს საქართველო?
– ამ მხრივ ყოველი თვის მონაცემები განსხვავებულია, ეს დამოკიდებულია თუ როგორი დატვირთვები აქვს სისტემას ტექნიკურად.
– როგორი იყო დეკემბრის მონაცემები?
– დეკემბრის დღიური მოხმარება დაახლოებით 5 მლნ კბმ ბუნებრივი აირია. დღეში 1 მლნ კბმ ვიღებთ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის გადასახადს, შახ-დენიზიდან დაახლოებით 1 მლნ კბმ, დანარჩენ 3 მლნ კბმ ბუნებრივ აირს საქართველო აზერბაიჯანის სოკარის “აზერიგაზიდან” იღებს.
– 2007 წელს გაზის ტარიფების დერეგულირება მოხდა, რას ნიშნავს ეს და რა შედეგს მოგვცემს?
– გაზის ტარიფების დერეგულირება მოხდა ახალი მომხმარებლებისთვის. დერეგულირება ეხება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ დამატებულ მომხმარებლებს. გვინდა ამ სექტორში კონკურენციის ნიშნები გაჩნდეს, სანამ მომხმარებელს გაზი ექნებოდა ისინი ალტერნატიულ საწვავად იყენებდნენ თხევად გაზს, შეშას, ნახშირს და სხვა სახის ენერგომატარებლებს, დერეგულირების მიზანია ბუნებრივმა გაზმა და სხვა ენერგომატარებლებმა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიოს და მომხმარებელმა თავად აირჩიოს მისთვის სარფიანი ენერგომატარებელი. რეგულირების პირობებში კი კონკურენციის შეზღუდვა ხელოვნურად ხდება და ჩვენ ამ სისტემის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ვცდილობთ.
– რა კომენტარს გააკეთებდით 11-12 ოქტომბრის ვილნიუსის სამიტზე, სადაც შეთანხმებას პრეზიდენტების დონეზე მოეწერა ხელი?
– საქართველომ უკვე დაიმკვიდრა კასპიური აუზის ზღვის ქვეყნებიდან ნავთობისა და გაზის ძირითადი საექსპორტო კორიდორის სტატუსი. იგი უფრო უნდა განვითარდეს და ჩვენ ამის ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია. რაც უფრო მეტი ნავთობი მოექცევა ამ სატრანზიტო დერეფანში და რაც უფრო მეტი გაზი გაივლის მასში, მით მეტი შემოსავალი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტს და უფრო მეტად გაიზრდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება. ვილნიუსის სამიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას ახალი კომპანია “სარმატეას” დაფუძვნების თაობაზე, რომელიც ხუთი დამფუძნებლისგან შედგება – პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტვა. მომავალში შესაძლებელია შეთანხმებას შემოუერთდეს ყაზახეთიც. აღნიშნული კომპანია პირველ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკურად დაასაბუთებს ახალი მილსადენისა და ახალი დერეფნის აუცილებლობას. მილსადენი გაივლის ოდესა-ბროდი-პლოცკი-გლდანსკს, შემედგ საქართველოდან აზერბაიჯანში არსებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ჩამოყალიბდება ახალი სატრანზიტო კორიდორი. თვითონ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა განხორციელებას შესაძლოა მცირე დრო არ დასჭირდეს, რადგან საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ამის შემდეგ უნდა შედგეს პროექტი და დაიწყოს სათანადო მშენებლობა. ვილნიუსის სამიტს დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რადგან საქართველოში შექმნილი დერეფნის გაფართოება ხდება
– 2007 წელს რას მიიჩნევთ საქართველოს გაზის ბაზრის უდიდეს წარმატებად და ყველაზე დიდ სირთულედ?
– გაზის ბაზარზე საბოლოოდ მივაღწიეთ მიზანს – მოხდა კომერციული დივერსიფიცირება, საქართველო ბუნებრივ აირს სამი წყაროდან იღებს. რთული იყო მოლაპარაკებების პროცესები და ქსელის რეაბილიტაცია.
– თქვენი ვარაუდით, საქართველოში მოქმედ გაზის კომპანიებს თუ ექნებათ გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების საფუძველი?
– გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება არ იგეგმება, სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ეს არარეალურად მიმაჩნია, რადგან ფასები საკმაოდ სტაბილურია, შესაბამისად არ არსებობს გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების საშიშროება.
– დოლარის კურსთან მიმართებაში რა პოლიტიკა არსებობს? როდესაც გაზის ტარიფი დადგინდა დოლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ მაღალი იყო, ახლა მან მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მოსახლეობა გაზის გადასახადს ლარებში იხდის, დოლარის კურსის ვარდნა კი მსოფლიო ტენდენციაა.
– თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ დოლარის კურსს გაზზე ტარიფის დადგენისას, იგივე შეკითხვა შეიძლება პირიქითაც დაისვას – თუ დოლარის გაცვლითი კურსი აიწევს, გაზზე სამომხმარებლო ტარიფიც უნდა გაძვირდეს? ყველაფერი ბალანსდება, ვალუტის კურსი ყველა ქვეყანაში ცვალებადია, ეს ცვალებადობა ერთმანეთს აბალანსებს. მარეგულირებელ კომისიას ტარიფის განსაზღვრის შესაბამისი მეთოდოლოგია აქვს, დადგენილია გარკვეული ზღვარი, რომლის გადამეტების შემთხვევაშიც ხდება ტარიფის გადახედვა, კლების შემთხვევაში კი ყოველდღიური და ყოველთვიური ცვალებადობის დაბალანსების მიზნით, ტარიფი უცვლელი რჩება.
– რა ხდება საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე?
– ეს წელი საქართველოს ელექტროენერგიის სექტორისთვისაც გარდატეხის წელი იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყნად გადავიქეცით, წელს საქართველოს ექსპორტი უმნიშვნელო იყო, დაახლოებით 50 მლნ კილოვატსაათი. მთავარი ის არის, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემასთან აქტიურად, სინქრონულ რეჟიმში მუშაობს. ზაფხულში ელექტროენერგიის გაცემა ხდება, ზამთარში კი – მისი უკან დაბრუნება. ბარტერული ხელშეკრულებები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და რუსეთთან გაფორმებულია, მათთან ჩვენ პარალელურ რეჟიმში მუშაობა შეგვიძლია. 2007 წლის მანძილზე ზაფხულში გაცემული ელექტროენერგია ზამთარში შემოტანილს აღემატება. აქედან გამომდინარე, საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტს ახორციელებს.
– 2006 წელს მოხდა ელექტროენერგიის ტარიფების დერეგულირება…
– მოხდა ელექტროენერგიის ტარიფების ნაწილობრივი დერეგულირება, რაც ზღვრული ტარიფების დადგენას გულისხმობს, ანუ სრული ზედა ზღვარი ელექტროსადგურებზე განსაზღვრულია, ხოლო 10 მეგავატამდე ელექტროსადურები მთლიანად დერეგულირებულნი არიან და შეუძლიათ ელექტროენერგიის რეალიზაცია ნებისმიერი ტარიფით განახორციელონ. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მცირე ელექტროსადგურების განვითარებას და უკვე დაწყებულია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
– დაეხმარება თუ არა შედარებით იაფი ელექტროენერგია საქართველოში წარმოების განვითარებას?
– შეღავათიანი ფასი ბუნებაში არაფერზე არსებობს, ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც რაიმე ფასი აქვს ის მისი სრული ღირებულებაა. შეღავათიანი ფასი გამყიდველს აზარალებს.
– მსხვილი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს ის ელექროენერგიას უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურიდან მიიღებს თუ არა?
– შესაძლებელია, რადგან დერეგულირება მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის მოლაპარაკებასა და ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს, ამიტომ მათ მეტი მოქნილობა გააჩნიათ, თუ მოქნილობაში არ იგულისხმება ტარიფი, შეიძლება იგულისხმებოდეს გადახდა.
– განსაზღვრულია თუ არა პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში რომელი მხარე აგვარებს მას, ვინ ატარებს სარემონტო სამუშაოებს და ინფრასტრუქტურა თუ იძლევა ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობას?
– დერეგულირებული არ არის ინფრასტრუქტურა. გადამცემი ხაზები და გამანაწილებელი ქსელი რეგულირდება და მათ აუცილებლად შეუზღუდავად უნდა გაუტარონ ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ქსელი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ ავარიები გამოირიცხოს და ყველა მომხმარებელი ორმაგად და სამმაგად დაზღვეული იყოს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესია ის, რომ ქსელში მკვეთრად შემცირებულია ავარიების რიცხვი. მიმდინარეობს ქსელის ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური რეაბილიტაცია.
– ჰესების მშენებლობის მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში, რა თანხებით მიმდინარეობს ეს პროცესი?
– ჰესების მშენებლობები მთლიანად კერძო სახსრებით ხდება. სათანადო მემორანდუმებია გაფორმებული ხუთამდე ელექტროსადგურის მშენებლობაზე, გაზაფხულზე ფარავანჰესის მშენებლობა დაიწყება, რომელიც აღნიშნულ ხუთეულში ყველაზე დიდია და 78-მეგავატიანია, გაფორმებულია მემორანდუმი თბილისის მახლობლად 24-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე.
– 2008 წელს როგორი იქნება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი?
– ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება.