ცენტრალური ბანკები ასპარეზზე გამოდიან

რედაქციისაგან

საკრედიტო ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბანკებს 348.7 მლრდ ევრო საბაზრო კურსთან შედარებით იაფად მისცა. ის ხუთი ცენტრალური ბანკიდან ერთ-ერთია, რომელსაც სავალუტო ბაზარზე მილიარდობით ნაღდი ფული შეაქვს.

მოქმედების მიზანი ნათელია: უნდა შემცირდეს საცალო და კომერციულ ბანკებს შორის სესხებზე ფასები, რომლის ზრდის ტენდენციაც ბოლო კვირეებში შეინიშნება. ევროპის ცენტრალური ბანკისგან კაპიტალს ყველა ის ბანკი იღებს, რომლებსაც საკმარისი გირაოს ჩადება შეუძლიათ.
ევროპის ცენტრალურ ბანკს სურს დამატებითი ნაღდი ფული ბაზარზე გაუშვას, რათა საშობაო პერიოდი საკრედიტო ბაზარზე უარყოფითად არ აისახოს და ყველა ბანკს საკმაო მოცულობის ნაღდი ფული ჰქონდეს.
ევროპაში იმედი აქვთ, რომ ბანკთაშორისი დაბალი განაკვეთები ბანკებს კაპიტალის დაგროვების და კომპანიებისა და ინდივიდუალური პირებისთვის იაფი კრედიტების გაკეთების საშუალებას მისცემს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც ბანკებს ერთმანეთთან სესხების გაცემის სურვილი არ ჰქონდათ, აშშ-ის იპოთეკური ბაზრის კრიზისია. ამის გამო ბევრი ბანკი იძულებული გახდა თავისი საბინაო ინვესტიციების ღირებულება შეემცირებინა, ამიტომ ისინი საფრთხეს ხედავენ და თვლიან, რომ შესაძლებელია დანაკარგის დასაფარად ნაღდი ფული დასჭირდეთ.
ცენტრალურმა ბანკებმა საბანკო სექტორში ლიკვიდურობაც გაზარდა და ცდილობს ბანკები დაარწმუნოს, რომ ბიზნესებს კვლავ შესთავაზოს კრედიტები.
დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა აუქციონზე 20 მლრდ დოლარი გამოიტანა, თუმცა ოფიციალურად არავის განუცხადებია, თუ რამდენმა ბანკმა შეიძინა დამატებითი ფული.
დეკემბერში ინგლისის ბანკი 10 მლრდ გირვანქა სტერლინგის გასესხებას გეგმავს. ცენტრალური ბანკების გეგმაში ჩაბმულნი არიან ინგლისის ცენტრალური ბანკი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი, ევროპის ცენტრალური ბანკი და კანადისა და შვეიცარიის ცენტრალური ბანკები.
თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თუ ბანკები მათი პოტენციური ზარალის ნამდვილ სკალას არ აჩვენებენ, ცენტრალურ ბანკებს არ ექნებათ მათი დახმარების შესაძლებლობა.