“პროკრედიტ ბანკი, საქართველო” საკრედიტო ხაზს იღებს

რედაქციისაგან

ფინანსური კრიზისის გამო ბანკები, მსოფლიო მასშტაბით, სერიოზული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდნენ. საერთაშორისო წყაროების ამოწურვის გამო საკრედიტო ხაზის მოპოვება რთულია. ამა თუ იმ ბანკისთვის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ჯერ სერიოზული დაფიქრება სჭირდება.

გერმანიის განვითარების ბანკის KfW და ავსტრიის განვითარების ბანკისგან OeEB “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს იღებს.
2008 წლის დეკემბერს “პროკრედიტ ბანკი, საქართველომ” და გერმანიის განვითარების ბანკმა KfW საკრედიტო ხელშეკრულება დადეს 47.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ფილიფ პოტმა და KfW-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და კავკასიის რეგიონებში როლანდ ზილერმა. გაცემული კრედიტის თანხის ნახევარზე “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” თავდებად დაუდგა ავსტრიის განვითარების ბანკი OeEB. ეს უკანასკნელი წარმოდგენილი იყო დირექტორთა საბჭოს ორი წევრით – ქ-ნი ანდრეა ჰაგმანით და ბ-ნი მაიკლ ვანკატათი, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაში. ავსტრიის განვითარების ბანკი OeEB საქართველოსთან პირველად ამყარებს ფინანსურ თანამშრომლობას და აპირებს, ქვეყნისათვის ასეთ რთულ პერიოდში, KfW-ს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გვერდით ადგილი დაიმკვიდროს, როგორც სანდო პარტნიორმა.
აღნიშნული კრედიტი 2009 წლის დასაწყისში ხუთი წლის ვადით გაიცემა. ეს ყველაზე დიდი კრედიტია, რომელმაც “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” ოდესმე მიუღია. იგი მოხმარდება საქართველოში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისათვის გათვალისწინებული 2009 წლის საკრედიტო პორტფელის გაზრდას.
ფილიპ პოტი, “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” გენერალური დირექტორი: “საკრედიტო ხაზი, რომელსაც ხელი მოეწერა KfW-სა და OeEB-სთან ერთად დამატებითი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც გვჭირდება მომავალ წელს ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის გათვალისწინებული საკრედიტო პორტფელის ზრდისათვის. კრედიტის ასეთი შთამბეჭდავი თანხა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ბანკს, ჩვენს კლიენტებს და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკას ნდობას უცხადებენ.”
როლანდ ზილერი, KfW-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და კავკასიის რეგიონში: ” KfW მოხარულია, რომ გარკვეული წვლილი შეაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებასა და მისადმი ნდობის გამყარებაში. მით უმეტეს, იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც საქართველო და მთლიანად მსოფლიო აღმოჩნდა. “პროკრედიტ ბანკი, საქართველოსთან” KfW-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და აფასებს ბანკს, როგორც უაღრესად სანდო და საიმედო პარტნიორს იმ ერთობლივ ძალისხმევაში, რაც საქართველოს ურბანულ და სამიწათმოქმედო რეგიონებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობას გულისხმობს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ OeEB-სთან თანამშრომლობა ძალზე მტკიცე საფუძველს ჩაუყრის სამომავლო ურთიერთობებს საქართველოს და გარდამავალ ეტაპზე მყოფი სხვა ქვეყნების სასიკეთოდ.”
ანდრეა ჰაგმანი, OeEB-ის დირექტორთა საბჭოს წევრი: “პროკრედიტ ბანკი, საქართველოსთვის” KfW-სა და ჩვენ მიერ ერთობლივად გამოყოფილი საკრედიტო ხაზი წარმოადგენს ჩვენს სასტარტო პროექტს ამ რეგიონში და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას ბევრი პროექტი მოჰყვება. მსოფლიოსა და საქართველოს ფინანსურ სექტორში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, გვჯერა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენც, ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობის კრედიტით გვინდა აქტიურად შევუწყოთ ხელი აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას.”