სამომხმარებლო ფასების ცვლილება

რედაქციისაგან

2008 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე, ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა. 2007 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0,6%-ით იყო გაზრდილი. შესაბამისად, აგვისტოში წლიური ინფლაცია გასულ თვეში დაფიქსირებული 9,8%-დან 12,8%-მდე გაიზარდა. საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აგვისტოში 0,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11,2%-ს მიაღწია.

აგვსიტოში ფასების დონის ასეთი ზრდა ივლისთან შედარებით, ძირითადად, ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე ფასების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული. კერძოდ, გაძვირდა მწვანილი, ფოთლოვანი კომბოსტო, ატამი, ვაშლი, რაც ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების გამო პროდუქციის ერთი რეგიონიდან მეორეში ტრანსპორტირების გართულებამ და შედეგად – ბაზარზე აღნიშნული საქონლის მიწოდების სიმცირემ გამოიწვია. რაც შეეხება თვის საბაზო ინფლაციებს, აგვისტოში ორი სტანდარტული გადახრის ფარგლებში მოხვედრილი პროდუქტებისათვის (მთელი კალათის 94%) 0,9%-ს შეადგენს.
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები 8,9 და 8,4 პროცენტია, რაც, შესაბამისად, ორი და ერთი სტანდარტული გადახრის ფარგლებში არსებული პროდუქტებისთვის. აგვსიტოში ზრდა დაფიქსირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვითაც, თუმცა, საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები მაღალი არ არის და 8%-ის ფარგლებში მერყეობს.
როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 12,8%-ით გაიზარდა. ტანსაცმლის ჯგუფზე ფასის 3,9%-იანი, ხოლო “ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს” ჯგუფის კომპონენტებზე ფასების 0,2%-ით შემცირებაა დაფიქსირებული. “კავშირგაბმულობის” სექტორში კი ფასები 4,5%-ით გაიზარდა. ფასების მნიშვნელოვან მატებას აქვს ადგილი სამომხმარებლო კალათის შემდეგ ჯგუფებზე: “სურსათი და უალკოჰოლო სასმელები” (18 პროცენტი), “საოჯახო ნივთები” (19.5 პროცენტი) და “ჯანმრთელობის დაცვა” (17 პროცენტი). სასაქონლო ჯგუფზე – “საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები”, ფასებმა 7 პროცენტით მოიმატა. 2008 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასების საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში1 (17.1 პროცენტი), რაშიც უმთავრესი წვლილი ქალაქის შიგნით ავტობუსით, მიკროავტობუსითა და ტაქსით მგზავრობის საფასურის ზრდამ შეიტანა. 2008 წლის აგვისტოში იმპორტირებული საქონლის წლიური ინფლაცია მცირედით შემცირდა და 15.9 პროცენტი შეადგინა.
იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდის ასეთი ტემპი ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი) არსებული მაღალიინფლაციით აიხსნება. აგვისტოში გაიზარდა ადგილობრივი საქონლის ინფლაცია და11.6 პროცენტს მიაღწია, რაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების ზრდამ გამოიწვია. როგორც ვხედავთ, საქართველოში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად განაპირობებს ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან. საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ, ივლისთან შედარებით, 2008 წლის აგვისტოში ფასები შემცირდა საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე – შესაბამისად, 0.5 და 0.2 პროცენტით. საანალიზო პერიოდში ფასების ზრდა 2007 წლის დეკემბერთან შედარებით (2008 წ., იანვარ-აგვისტო) მომსახურებაზე ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ხანმოკლე მოხმარების საქონლის ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა.
სხვადასხვა ხანგრძლივობის მოხმარების საქონელს შორის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია ხანმოკლე მოხმარების საქონლისათვის (15.1 პროცენტი). ასევე მაღალია მომსახურებისათვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი (10.9 პროცენტი). 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ხანმოკლე მოხმარების საქონლის ფასები 32.5 პროცენტით, ხოლო მომსახურებაზე ფასები იმავე პერიოდში 29.2 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასებს, მათზე აღნიშნულ პერიოდში ფასის, შესაბამისად, 5.3- და 2.6-პროცენტიანი შემცირებაა დაფიქსირებული.