მსოფლიოს ყველაზე მოქნილი საგადასახადო სისტემები
რედაქციისაგან
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კვლევის შედეგად, მსოფლიოში ყველაზე რთული და ჩახლართული საგადასახადო სისტემა უკრაინასა და ბელორუსიაშია. ეს კვლევა მსხვილი პროგრამის – “ბიზნესის მოხერხებულად წარმოების” ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 178 ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის კომფორტულობის შეფასებას ითვალისწინებს.
ბელორუსიაში ყველა – 124 გადასახადის გადასახდელად (მსოფლიოში ყველაზე მეტი გადასახადი) 1188 საათია საჭირო. უკრაინაში, მართალია, სულ 99 სახის გადასახადს იხდის მეწარმე, მაგრამ ეს ისეთი რთული პროცესია, რომ მათ გადახდაზე 2085 საათი (260 სამუშაო დღე) არის საჭირო. სხვა სიტყვებით, იმისთვის, რომ სრულიად დაემორჩილოთ უკრაინის საგადასახადო კანონმდებლობას, ბუღალტერმა მთლიანად უნდა მიუძღვნას თავი საგადასახადო საქმეების მოგვარებას, სხვა არაფერზე მას დრო არ დარჩება. უკრაინაში მთლიანი საგადასახადო განაკვეთი 57,3%-ია, ხოლო ბელორუსიაში მეწარმემ ყველა გადასახადის დასაფარად თავის ჯიბიდან უნდა დაამატოს: მთლიანი საგადასახადი განაკვეთი, რომელიც ამ ქვეყანაში 144,4%-ია.
რეიტინგის მონაწილეებს შორის, რომელთა მთლიანი საგადასახადო განაკვეთი 100%-ზე მეტია, ბელორუსიისა და არგენტინის გარდა, არის აფრიკული ქვეყნები, მათ შორის ლიდერია გამბია, სადაც მეწარმემ უნდა გადაიხადოს თავისი შემოსავლის 286,7%. გადასახადების გადახდისათვის საჭირო დროში უკრაინას უსწრებს ბრაზილია – 2600 საათი (325 სამუშაო დღე) ყოველწლიურად. რუსეთის საგადასახადო სისტემა აუტსაიდერებთან შედარებით ნორმალურია – 22 სახის გადასახადი და წლიურად ამ გადასახადების გადახდისთვის საჭირო დრო 448 საათია, საგადასახადო განაკვეთი – 51,4% (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50,8% იყო).
მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი – 8,4% კუნძულ-სახელმწიფო ვანუატუშია. რეიტინგის ლიდერი, ტურისტებისთვის საყვარელ მალდივიის კუნძულებში მხოლოდ ერთი გადასახადია და იგი შემოსავლის 9,1%-ს შეადგენს, მისი გადახდისთვის წელიწადში სულ 1 საათია საჭირო.